საკრებულოს დღევანდელი თავმჯდომარის ბიზნესინტერესები


დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეა… მანამდე იყო მოადგილე… უფრო ადრე ამავე საკრებულოს დეპუტატი და კიდევ უფრო ადრე მილიონერ ზურაბ ტყემალაძის შვილი…

მმართველი ძალა _ „ქართული ოცნება“ რომ ყელამდე ფულში იხრჩობა, ეს უკვე ვიცით, მაგრამ, ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ გიორგი ტყემალაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეობის გარდა, მელუდე გოგი თოფაძესთან, ანუ მამამისის უძველეს ძმაკაცთან, გარკვეული ბიზნესინტერესები აქვს. იკითხავთ, _ აქ უცხო რა არისო?.. უცხო ისეთი არაფერი, პრინციპში… ცოტა გასაკვირია, როგორ ასწრებს თან თბილისზე ზრუნვას და თან ფულის კეთებას?
საჯარო ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძე შპს „ვეტპრეპარატის“ მმართველი დირექტორია. ამ კომპანიის შესახებ ბოლო საბუთები ასეა რეგისტრირებული.

რას წარმოადგენს და რა სფეროს ეხება შპს „ვეტპრეპარატის“ საქმიანობა?..

შეიძლება ითქვას, _ ყველაფერს. რაც ჩანს ისაა, რომ ეს კომპანია მსუყე შემომწირველია „ქართული ოცნების“ საარჩევნო „კასაში“ და ახლა იმედია, აღნიშნული კომპანია თანხებს ჰაერიდან არ კრეფს.
შპს „ვეტპრეპარატი“ სამი პირის საკუთრებაა. სხვა არაერთი ბიზნესკომპანიის მსგავსად, ამ კომპანიის წილშია გოგი თოფაძე და მას ასევე ფლობს დღეში 1000-ლარიანი ხელფასის მქონე (ეს, რაც ოფიციალურად ვიცით) დავით საგანელიძე ძმასთან, გია საგანელიძესთან ერთად.
მათი წილობრივი მონაცემები ასე გამოიყურება:
გიორგი თოფაძე _ 50%;
გია საგანელიძე _ 25%;
დავით საგანელიძე _ 25%.

რაც შეეხება თავად გიორგი ტყემალაძეს, ის ამ კომპანიის დირექტორია, თუმცა შპს „ვეტპრეპარატი“ მისი ბიზნესინტერესის ერთადერთ საგანი არ არის და გიორგი ტყემალაძის საკუთრების ჩამონათვალში შედის, ასევე, შპს „ტე ჯგუფი“. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე აქ 50%-იან წილს ფლობს, ხოლო დანარჩენ ნახევარს მისი ძმა _ ირაკლი ტყემალაძე. ამ კომპანიის მონაცემები ასე გამოიყურება:

რაც შეეხება გიორგი ტყემალაძის ქონებას, ის საჯაროდ ზომიერად ჩანს, თუმცა ეს ზომიერება არასაჯაროობის შემთხვევაში როგორია, სამწუხაროდ, არც ჩვენ ვიცით… მაგრამ სანამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ძმის ბიზნესკომპანიებს გაგაცნობდეთ, მანამდე, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნულ თანამდებობაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 56 640 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 21 875 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო პოლიტიკური გაერთიანება, მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრობისას. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, გიორგი ტყემალაძე ფლობს 170 კვ.მ. საცხოვრებელ სახლს თბილისში; იმავე მისამართზე მდებარე 70 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 1500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას ტყემალაძეს „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო (ოვერდრაფტი) ანგარიშზე ჰქონდა 4950 ლარი; ხოლო ,,თი-ბი-სი ბანკის“ საკრედიტოზე _ 6065 ლარი. ამასთან, მის სახელზე იყო „თიბისი ბანკში“ 5000 ლარის ოდენობის სესხი, რომლის გასავალმაც, წლიურად, 1585 ლარი შეადგინა და ამავე ბანკში ჰქონდა 102 530 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, რომლის გასავალიც 18 197.51 დოლარი იყო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ტყემალაძეს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილ TOYOTA PRADO-ს. რაც შეეხება შვილებს, მათი სწავლის საფასურის სახით ტყემალაძის გასავალმა წინა წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ჯამურად, 7 ათასი ლარი და 11 500 ევრო შეადგინა; ხოლო თავად მამის, ზურაბ ტყემალაძის ქონება, არაოფიციალურად, დაახლოებით, 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ახლა კი საკრებულოს უსტაბაშის ძმის ბიზნესინტერესებსა და კომპანიებს გაგაცნობთ.
მაშ, ასე!

შპს „გეო ინვესტ ინკორპორეიტედ“;
შპს ATC Media;
შპს „გლდანი კომფორტი“;
შპს „პრომეთეუს ბიო-მედიკალ“;
შპს „საბურავი“;
შპს „ჰოლდინგი ქართული მინა“.

ძირფასო მკითხველო, ალბათ, დაიბენი, ხომ, ამდენი სქემით და მათემატიკური ნიშნულებით? ჩვენც, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, დღევანდელი ხელისუფლება და მათი ჩინოვნიკები როგორ მდიდრდებიან თქვენ ირგვლივ მაშინ, როცა ქვეყანაში სრული სიდუხჭირეა… და აღარ გავაგრძელებ სხვა გასაჭირის ჩამოთვლას. თუმცა სათქმელი ნამდვილად ბევრია, ისევე როგორც დღეს ტყემალაძეების ოჯახში ბევრი ფულია და მათ სხვა ადამიანების გასაჭირი ახლა ნაკლებად აღელვებთ.

გიორგი ნაცაძე