მიხეილ სააკაშვილი: “რამის თავი რომ ჰქონოდათ, საქართველოში გამომიშვებდნენ”

კიევში, ქართულ რესტორან „სულუგუნში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოულოდნელ დაკავებას წინ უძღოდა მისი ინტერვიუ „განსხვავებული აქცენტების“ წამყვანთან, რომელიც ამ მიზნით კიევში ჩავიდა, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები.

ინტერვიუში თავად სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოვლენების ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადყოფნა და ამ მზადყოფნაში როგორც პოლონეთში შესაძლო გაძევებისთვის, ასევე, საქართველოში ექსტრადიციისთვის მზაობა იგულისხმა.

სანამ სააკაშვილს დააკავებდნენ, უკრაინის პრეზიდენტმაც ინება კეთილი და მის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, ეს კომენტარი უფრო ხელების დაბანა იყო, რადგან, სავარაუდოდ, პოროშენკოს ამ დროისთვის უკვე ჰქონდა გაცემული ბრძანება სააკაშვილის დაკავებისა და უკრაინიდან გაძევების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე და, შესაბამისად, არც უკრაინელი პოლიტიკოსია. მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი გასამართლებულია საქართველოში, ხოლო უკრაინის კანონმდებლობას არღვევს: „მე შემიძლია, ის გავაძევო ქვეყნიდან, მაგრამ ეს არ მინდა. ეს სასაზღვრო სამსახურის და პროკურატურის საქმეა, ამაში არ ვერევი“, – თქვა პოროშენკომ.

მანამდე კი, ორშაბათს, მიხეილ სააკაშვილი მის ექსტრaდიციასთან დაკავშირებულ დაკითხვაზე პროკურატურაში არ გამოცხადდა.

როგორც ჩანს, შესაბამისმა სამსახურებმა და უწყებებმა ძალიან კარგად გაიგეს პოროშენკოს გზავნილი – რაც გინდათ ქენით, ოღონდ ეს კაცი აქედან მოაშორეთო. და ქნეს კიდეც: სადილობისას შეუვარდნენ რესტორანში და საქართველოს მესამე პრეზიდენტი 25 კაციანი სპეცრაზმით, ნიღბებით, იატაკზე დაწვენითა და ხელების გადაგრეხვით დააკავეს, შემდეგ კი დაუდგენელი მიმართულებით გააქანეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაკავებისას მომხდურებს არანაირი საბუთი არ წარმოუდგენიათ, დაკავებულისთვის არ განუმარტავთ მისი უფლებები და მეტიც, ამოსაცნობი ნიშნებიც არ ჰქონდათ, უბრალოდ, ერთმა დაკვირვებულმა თვითმხილველმა სასაზღვრო სამსახურის სამხრეები ამოიცნო. სააკაშვილი „ფოლკსვაგენის“ მარკის მიკროავტობუსში ჩასვეს და წაიყვანეს. როგორც გაირკვა, აეროპორტში.

თუ სააკაშვილის ექსტრადიცია მოხდება, მას აუცილებლად დააპატიმრებენ“, – ამის შესახებ არჩილ კობახიძემ განაცხადა. მაგრამ რასაკვირველია, მან კარგად იცოდა, რომ საქართველოში სააკაშვილის დეპორტაციის ან ექსტრადირების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და ასე მალე ვერ მოხერხდებოდა ამ პროცესის დაწყებაც და დასრულებაც. მით უმეტეს, რომ უკრაინის გენპროკურატურამ სააკაშვილის დაკავებისთანავე განაცხადა, ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვსო.

სააკაშვილის მხარდამჭერები და თანამებრძოლები მაშინვე მობილიზდნენ: ნაწილი რესტორნისკენ დაიძრა, იქედან კი აეროპორტისკენ. მალე ორი ჯგუფი მივიდა როგორც ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე ჟულიანის აეროპორტში. რაც შეეხება ოფიციალურ განცხადებას, ასეთი განცხადება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მოგვიანებით გაავრცელა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და მისი ქვეყნიდან გაძევების მიზეზები განმარტა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნეს იმის შესახებ, რომ იგი უნდა დაებრუნებინათ პოლონეთში, ქვეყანაში, საიდანაც სააკაშვილი ბოლოს უკრაინაში შევიდა. უწყების ცნობით, სწორედ ამ დროს სააკაშვილის გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს და ისინი იძულებული გახდნენ თავი დაეცვათ და ძალა გამოეყენებინათ.
უწყებამ განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სააკაშვილი უკანონოდ იმყოფებოდა უკრაინაში და ყველა იურიდიული ფორმალობების დაცვით, იგი დააბრუნეს ქვეყანაში, საიდანაც ჩავიდა უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილის მიღება პოლონურმა მხარემ დაადასტურა. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის უფროსის განმარტებით, პოლონეთმა მიიღო უკრაინის მოთხოვნა რეადმისიის შესახებ, რადგან უკრაინაში სააკაშვილი პოლონეთიდან იყო შესული და რადგან ის „ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის ქმარია“.

თავად მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში იძულებით გადაფრენის შემდეგ პირველი კომენტარი ტელეფონით გააკეთა და მხარდამჭერებს მიმართა. “შემოცვივდნენ, თვალები ამიხვიეს და გამიტაცეს, მერე კვალის არევას ცდილობდნენ, მატარებდნენ. ეს არის პოროშენკოს კიდევ ერთი მარცხი, რადგან მის ხელისუფლებას არ ჰქონდა არანაირი შანსი, სასამართლო დავა მოეგო ჩემთვის“, – თქვა მან.

„არავის იმდენი პრობლემა არ შეუქმნია ამ ხელისუფლებისთვის, რამდენიც მე. და აი ასე, მოტყუებით, გამიტაცეს. მე მათ ვუთხარი, რომ თუ რამის თავი აქვთ, გამაგზავნონ საქართველოში, მაგრამ მათ ამის თავი არა აქვთ“, – დაამატა მან და აღნიშნა, რომ პოლონეთში განსაკუთრებით თბილად დახვდნენ.

უკრაინაში განცხადებები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს. ასე მაგალითად, იულია ტიმოშენკომ „სამარცხვინო“ უწოდა სააკაშვილის დაკავებას და პრეზიდენტ პოროშენკოს მიმართა, შეწყვიტოს მისი დევნა. რა მოხდება შემდეგ? ამის თქმა ძალზე ძნელია. უკვე მომხდარმა მოვლენებმა არაერთხელ დაადასტურა, რომ პროგნოზი უმადური საქმეა იქ, სადაც მთავარ როლს მიხეილ სააკაშვილი თამაშობს. წინ 18 თებერვალია – დღე, როცა მთლიანად უკრაინის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მასობრივი გამოსვლებია დაგეგმილი.  მანამდე კი 18 თებერვლის რეპეტიცია კიევში გაიმართა, სადაც ხალხი ქუჩაში შეძახილებით „ბგანბა! („სირცხვილი“) გამოვიდა“.

ლაშა ბერულავა