გრიგოლ ბაკურაძე: „თეა წულუკიანის ზედაპირული კომენტარის გამო დამაპატიმრეს“

ამ დღეებში ქუთაისში, სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულების წინ, ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძის ახლობლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ბაკურაძე უნდა განთავისუფლდეს, რადგან ის პროვოკაციის მსხვერპლია. ციხესთან იმყოფებოდა ბაკურაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე. მისი თქმით, პატიმარი რამდენიმე დღეა, შიმშილობს და თვითმკვლელობაც სცადა.

ლედი ტუკვაძემ გრიგოლ ბაკურაძე საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულა. ადვოკატმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ბრალი დასდო და აღნიშნა, რომ წულუკიანმა ბაკურაძის წინააღმდეგ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულის მოსანახულებლად დაწესებულებაში ფსიქოლოგიც შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლ ბაკურაძემ 3 იანვარს ყოფილ ცოლსა და სიმამრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 5 იანვარს საქალაქო სასამართლომ ბაკურაძე გირაოთი გაათავისუფლა. დაახლოებით ერთი თვის წინ კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაკურაძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. ინფორმაციას „აიპრესი“ აქვეყნებს.

„ქრონიკა+“ დაკავებულ გრიგოლ ბაკურაძეს ესაუბრება:
_ სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა რატომ შეგიფარდათ?
_ ეს ყველაფერი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ზედაპირული მიდგომით გაკეთებული კომენტარის გამო მოხდა, რამაც საქმის მოსამართლეზე პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა. ასევე, მედიასაშუალებებით აგორებული ცრუ, ცილისმწამებლური ინფორმაციების გავლენით დამაპატიმრეს.
_ დაწესებულებაში შიმშილობა რატომ გამოაცხადეთ?
_ შიმშილობა ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე გავრცელებული ზეწოლის გამო დავიწყე, რომელიც ჩემი და შვილის დედის პირადულ უთანხმოებასთან არანაირ შემხებლობაში არ არის.
ასევე, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისგან ჩემი უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის გამო და კიდევ ის, რომ არავის სურს ჩემი პოზიციის მოსმენა. ამ ფონზე მე და ჩემი ოჯახი სოციუმიდან გარიყვის რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ.
კატეგორიულად მოვითხოვ, რომ პირადად შემხვდეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რადგან მისი ერთი ბრიფინგი ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვისა და ციხეში გამომწყვდევის საფუძველი გახდა. ეს ყველაფერი საქმის გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტორიცაა.
ასევე, პირადად სახალხო დამცველთან შეხვედრას მოვითხოვ, რათა მან გამოძიების მიმდინარეობა პირად კონტროლზე აიყვანოს. ამით ჩემი, როგორც მოპასუხის უფლება კიდევ ერთხელ არ დაირღვეს.
ბოლო სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დავტოვე, რადგან მოსამართლის მხრიდან ჩემი და უფლებადამცველის პოზიციები შესწავლილი და გააზრებული არ იყო. საშუალება არ მომეცა, გავცნობოდი ახალ აბსურდულ ბრალდებებს, რომლის გამოც დამატებით სამი დღით პატიმრობა მომისაჯეს.
_ რა მოხდა თქვენსა და მეუღლეს შორის, რამაც დღევანდელი შედეგი, მათ შორის, თქვენი პატიმრობა გამოიწვია?
_ ჩემი შვილის დედასთან ურთიერთობა ბავშვის გაჩენამდეც დაიძაბა, რადგან მასთან ოჯახის შექმნას არ ვგეგმავდი. შემდეგ უკვე შედგა ჩვენი თანაცხოვრება, რომელიც ჰარმონიული არ გვქონია, რადგან ბავშვისა და ოჯახის მიმართ მზრუნველობას არ იჩენდა.
ამასთან, თავისი ცხოვრების წესითა და გარკვეული მანიპულირებით ყოველთვის წყობიდან ჩემს გამოყვანას ცდილობდა.
_ კონკრეტულად, 2018 წლის 3 იანვარს რა მოხდა?
_ ამ დღეს მორიგი პროვოკაციული სპექტაკლის მსხვერპლი გავხდი და გამოძიების მიმართ ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ დეტალურად შეისწავლონ ის მიზეზშედეგობრივი ქმედებები, რამაც მე პატიმრად მაქცია.
_ თქვენ მიმართ მოწყობილ რა პროვოკაციაზე საუბრობთ?
_ დეა გოშხეთელიანის მხრიდან ჩემი პირადი ცხოვრების ინტიმური ნაწილის გასაჯაროებაზე შანტაჟი მიმდინარეობს, ასევე აბსურდული გამოგონებებით შანტაჟი ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. როგორც თვითონ წერს, ამას გონივრული ეჭვებით აკეთებს, რაც ჩემი ოჯახის წევრებისა და საქმიანი ურთიერთობების (საზოგადოებაში ინტეგრაციის) პირდაპირ დისკრედიტაციას ახდენს.
_ რა კონკრეტული უფლებები გელახებათ, ვის მიმართავთ და რას ითხოვთ?
_ როგორც მოგახსენეთ, მივმართავ სახალხო დამცველს საქმის დეტალურად, ობიექტურად შესწავლისა და გამოძიებისთვის;
მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, დეტალურად და ობიექტურად გამოიძიოს ჩემი საქმე, რისთვისაც პირადად შეხვედრას ვითხოვ. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ ვაპირებ.
_ გამოსავალი სად არის?
_ გამოსავალი ამ საქმის ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება და შესაბამისი კანონიერი რეაგირებებია. ორი ადამიანის კონფლიქტი ოჯახური დავის ფარგლებს გასცდა და მთლიანად ჩემი მშობლების, დის, მცირეწლოვანი ძმისა და მეგობრების საქმიან და, ზოგადად, სოციალურ ყოფაზე აისახა. თებერვალში ჩემი მხრიდან სუიციდის მცდელობა სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა…

გიორგი მეფარიძე