ლედი ტუკვაძე: “ბაკურაძის საქმეში სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოჩნდა”

გასული კვირის ხუთშაბათს ტელეფონით ქუთაისელი ადვოკატი და ჩემი მეგობარი, ლედი ტუკვაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ქუთაისის მეორე საპყრობილეში მისმა კლიენტმა, ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულებულმა გრიგოლ ბაკურაძემ, თვითმკვლელობა სცადა და რომ არა საპყრობილის თანამშრომლები, რომლებიც ბაკურაძის საკანს 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობით აკვირდებიან, შედეგი მძიმე იქნებოდა. სწორედ ციხის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს გრიგოლ ბაკურაძეს სამედიცინო დახმარება.

აღნიშნული ინფორმაცია ლედი ტუკვაძის ტელეფონის ნომერთან ერთად ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავავრცელე ჟურნალისტებისთვის და ეს უცნაური ისტორიაც აქედან დაიწყო.
სრულიად მოულოდნელად ჩემს სტატუსზე გამოჩნდა ფეისბუქმომხმარებელი სახელით ზურა ბერო და მთხოვა, მეორე მხარის პოზიციით დავინტერესებულიყავი და ობიექტურად გამეშუქებინა ბაკურაძის საქმის დეტალები. ვინმე ზურა ბეროს მხრიდან მსგავსი კომენტარი სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან საჯაროდ არც მე და არც „ქრონიკა+“-ის იმ თანამშრომელს, რომელიც გრიგოლ ბაკურაძის საქმეზე მუშაობის დაწყებას აპირებდა, არაფერი დაგვიწერია. პრინციპში, არც დასაწერი და არც დასამალი არაფერი იყო, რადგან ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე ვცდილობდით გრიგოლ ბაკურაძის ინტერვიუს მოპოვებას ქუთაისის მეორე საპყრობილიდან და ამის შესახებ მე და ლედი ტუკვაძემ მხოლოდ ტელეფონით ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ კითხვებს ჟურნალისტი მეორე დღეს ადვოკატს გაუგზავნიდა.
აღნიშნულმა ფაქტმა, ბუნებრივია, ლეგიტიმურად გააჩინა ეჭვი, რომ ფეისბუქმომხმარებელი ზურა ბერო, შესაძლოა, სპეცსამსახურთან დაკავშირებული პირი ყოფილიყო, რომელსაც ჩვენი სატელეფონო საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
მე მას იქვე საჯაროდ ვუპასუხე, რომ ნებისმიერი ჟურნალისტური გამოძიების დროს „ქრონიკა+“-ის ყველა ჟურნალისტის პოზიცია ცალსახაა, აუცილებლად მოისმენს მეორე მხარის არგუმენტებს და ყველა მხარეს თანაბრად ექნება საშუალება, მკითხველთან მისი არგუმენტები მიიტანოს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, მას კითხვა დავუსვი, საიდან იყო ინფორმირებული გრიგოლ ბაკურაძის სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე? ადვოკატი იყო თუ უფლებადამცველი? ჩემი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა, სამაგიეროდ, ზურა ბერო, იგივე zuriko beriashvili, ამჯერად, მესენჯერში დამიკავშირდა და დამპირდა, რომ ინტერვიუს აუცილებლად მომცემდა ბაკურაძის საქმეზე, ასევე მეორე დღეს კომუნიკაციაზე შევთანხმდით.
ფეისბუქის კიდევ ერთ პროფილზე, რომელიც zuriko beriashvilis სახელითაა რეგისტრირებული, მის სამუშაო ადგილას ზუგდიდი, კონკრეტულად კი კაფე apetito აქვს მითითებული.
ცხადია, არც მეორე და არც მესამე დღეს არავინ შემოგვხმიანებია, სამაგიეროდ, კარგად ორგანიზებული შეტევა დაიწყო ადვოკატ ლედი ტუკვაძის მისამართით, რომლის ავანგარდშიც ასევე ჩვენთვის უცნობი ზურაბ ბერიაშვილი იდგა. სუს-ის სააგენტო „მარშალპრესის“ მეშვეობით მან ინფორმაცია გაავრცელა, რომ ადვოკატი ლედი ტუკვაძე ცდილობს, პატიმარი გრიგოლ ბაკურაძე მამამისის, გოჩა ბაკურაძის დაწესებულებაში გადაიყვანოს, სადაც ის მშვიდად გაატარებს პატიმრობის დღეებს. მანვე გოჩა ბაკურაძის მისამართით ცილისმწამებლური ჭორები გაავრცელა, თითქოსდა, ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს აწამებდა და ციხიდან მათ გადაყვანაში ფულსაც იღებდა.
ასე იქცა რიგითი ფეისბუქმომხმარებელი ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად და როგორც გაირკვა, მას საკმაოდ შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა, არ იკმარა პატიმრისა და მისი ადვოკატის დისკრედიტაცია, გრიგოლ ბაკურაძის ოჯახსაც ასევე გადასწვდა.
ორი დღის განმავლობაში ის ფეისბუქის სხვადასხვა პროფილის მეშვეობით სისტემატურად ავრცელებდა ცილისმწამებლურ სტატუსებსა და კომენტარებს იმის შესახებ, რომ ადვოკატი ლედი ტუკვაძე არის სააკაშვილის მონა და ახალაიების დამცველი.
პირადად მე ზურა ბეროს ხუთზე მეტი პროფილი მაქვს დაბლოკილი, რადგან მის მიერ გავრცელებული კომენტარები აშკარად შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და კვალიფიცირდებოდა, როგორც საადვოკატო საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
წუხელ გვიან ღამით, მორიგი ყალბი პროფილით, ამჯერად, როგორც zuriko meriashvilma მესენჯერის პირად შეტყობინებაში მომწერა, რომ მას აქვს ინფორმაცია, თითქოს ლედი ტუკვაძე აპირებს ჩაიდინოს კიბერდანაშაული, დაადგინოს მისი IP მისამართი და მისი მეგობრები ამ ფაქტის თაობაზე საქმის კურსში არიან, რომ მეც ვარ მათ შორის, რადგან ადვოკატი ლედი ტუკვაძე პირველ ხაზზე იდგა ქუთაისში იმ აქციაზე, სადაც ჩემი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებას აპროტესტებდნენ.
როგორც კი პასუხის გაცემა დავაპირე, მესიჯი მოინიშნა, როგორც სპამი და მომენტალურად წაიშალა.
როგორც ჩანს, საქმე კარგად ორგანიზებულ შავ პიართან გვაქვს, რომელიც გრიგოლ ბაკურაძის საქმეზე დეზინფორმაციის გავრცელებასა და ადვოკატ ლედი ტუკვაძისთვის საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლას ისახავს მიზნად.
სწორედ ამიტომ ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ უკვე შეიტანა საჩივარი კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტში, ჩვენი მხრივ კი საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესს“ შევახსენებთ: სანამ „სკანდალურ“ ნიუსს გაავრცელებდეთ, იქნებ, გაარკვიოთ, ნიუსის ავტორი რეალური პირია თუ ტროლი? სუს-თან თქვენ გაქვთ მეგობრული ურთიერთობა, დაიხმარეთ მეგობრები იმის გასარკვევად, ვინ არის თქვენ მიერ გავრცელებული ნიუსის ავტორი _ ზურიკო მერიაშვილი თუ Jumberi lomsaze (იგივე ფოტოთი რეგისტრირებული პროფილი), თუ ვინმე მესამე, საერთოდ არარსებული პიროვნებაა?

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ადვოკატ ლედი ტუკვაძეს დაუკავშირდა:
„გრიგოლ ბაკურაძის სისხლის სამართლის საქმეში გამოჩნდა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელიც ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება იქნება და თავდაყირა დააყენებს შეკერილ საქმეს. სწორედ ამიტომ გამოჩნდა პროვოკატორი, რომლის სახელსა და გვარს გამოძიება დაადგენს, რადგან სწორედ ამ წუთებში ვიმყოფები ქ. ქუთაისის პოლიციის სამმართველოში, სადაც უნდა დავიკითხო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლით დაიწყო“.

ელისო კილაძე