დიმიტრი ქუმსიშვილი – ქართული მედიის ახალი ზონდერი

კიდევ ერთი მედიასკანდალი გადაიდო, რადგან ბიზნესმენმა თემურ უგულავამ მედიასთან ღიად დაპირისპირება ვეღარ გაბედა.
სწორედ ამის გამო გუშინ არც ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტების ბრიფინგი გაიმართა და არც ხმაურიანი ეთერი შედგა, მედია განაწილების ისტერია კი გაცილებით ადრე და სულ სხვაგან, საქართველოს მთავრობის კაბინეტებში დაიგეგმა.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, _ ეს სამეული სახელდება საქართველოს მთავრობის ფინანსური და კორუფციული სქემების სათავეში.
გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორებზე, მათ კორუფციულ სქემებსა და გავლენებზე ონლაინსესხების კომპანიებსა და მოგებულ ტენდერებზე „ქრონიკა+“ უკვე წერდა. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების მასალების გამოქვეყნება გაზეთის მომდევნო ნომრებიდან გაგრძელდება, რადგან ახმედ ჩატაევის შეიარაღებული რაზმის ლიკვიდაციამ და პანკისში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კორუფციულ სქემებზე წერას დროებით ჩამოგვაშორა. ამჯერად, მედია გადანაწილების სქემის იმ კულუარულ დეტალებზე მოგიყვებით, რომლებიც „ქრონიკა+“-ის წყარომ მთავრობის კანცელარიაში შეიტყო.
მას შემდეგ, რაც დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი ვიცე-პრემიერი გახდა და მთავრობის პიარი განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჩაიბარა, ქუმსიშვილ-ჯეჯელავას ტანდემმა მედიის კონტროლის მექანიზმებზე ფიქრი დაიწყო. ერთი მხრივ, ყველამ იცის, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი „კვირის პალიტრის“ ყოფილი დირექტორი და ამ მედიაჰოლდინგის „კრიშაა“, მაგრამ ვერც გაზეთი და ვერც ტელევიზია რაიმე რეალურ გავლენას საზოგადოებრივ აზრზე ვერ ახდენს და ისინი უფრო კომერციული ბიზნესპროექტებია, წიგნების გამომცემლობასთან ერთად.
„რუსთავი 2“-ის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება შეჩერებულია, ხოლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხოლოდ ფინანსური ბერკეტები რჩება, მაგრამ ტელევიზიის ანგარიშების დაყადაღება იმდენად დიდი საერთაშორისო სკანდალი იქნება, ისედაც პოლიტიკურ კრიზისში მყოფ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საბოლოოდ დაასამარებს, ამიტომ ამ რისკზე არ მიდის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ქუმსიშვილი-ჯეჯელავას სამიზნე ორი პატარა, მაგრამ საკმაოდ გავლენიანი ტელევიზია _ „იბერია“ და „ტვ პირველი“ გახდა.
ის, რომ „იბერიის“ მეპატრონეს წილის დათმობას სთხოვდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ქრონიკა+“-ს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, რაზეც „იბერიის“ წამყვან არჩილ გამზარდიას პირდაპირ ეთერშიც ვკითხე. ჩემს ამ განცხადებას ტელევიზიის მფლობელის მხრიდან საპასუხო განცხადება, _ ან უარყოფა ან დადასტურება _ არ მოჰყოლია. „იბერიას“ დარბევისა და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მძიმე გამოცდილება წინა ხელისუფლების დროიდან უკვე აქვს: 2004 წელს მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, ტელევიზიაში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა და საბოლოოდ დახურა კიდეც. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტელევიზია მფლობელს დაუბრუნეს, ბრალი კი ირაკლი ოქრუაშვილის ნაცვლად, ზურაბ ადეიშვილს წაუყენეს.
„ქრონიკა+“-ის წყარო ვერ აკონკრეტებს, როგორ დასრულდა ქუმსიშვილის მცდელობა, მიეღო ტელევიზიაზე კონტროლი, მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, ვიცე-პრემიერის წარმომადგენელმა ზაზა ოქუაშვილის ბიზნესში წილი უკვე მიიღო, თუმცა ეს ინფორმაცია, ცხადია, დაუდასტურებელია.
ბევრად უფრო დრამატულად განვითარდა მოვლენები „ტვ პირველის“ ირგვლივ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილის სამიზნე „ტვ პირველის“ მეპატრონის, ვახტანგ წერეთლის ბიზნესპარტნიორი თემურ უგულავა გახდა. მას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტელევიზიის დაფინანსების შეწყვეტა მოსთხოვეს, თავის მხრივ, თემურ უგულავამ წერეთლებს ბიზნესისა და ტელევიზიის გამიჯვნა მოსთხოვა, _ ისეთ ტელევიზიას მაფინანსებინებთ, რომლის სურვილიც მე არ მაქვსო. სიტუაცია და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მეორე მოთხოვნა, რასაც თემურ უგულავა აყენებდა, 50%-იანი წილის დათმობა და ტელევიზიის დირექტორის დანიშვნის უფლება იყო.
„ტვ პირველში“ ქართული ტელეჟურნალისტიკის პროფესიონალთა დიდი გუნდი მუშაობს და როცა მთავრობის პიარი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ტელევიზიიდან დიანა ტრაპაიძის, ნინო ჟიჟილაშვილისა და ინგა გრიგოლიას გაშვებას ითხოვს, დაახლოებით, მაინც უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, რა სკანდალით დასრულდება ეს პროცესი ხელისუფლებისთვის, რომელიც წინა ხელისუფლებას ყველაზე ხშირად სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევას, მედიის დარბევასა და დახურვას უხსენებდა.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის მხრიდან ზეწოლა „ტვ პირველზე“ ალექსანდრე ჯეჯელავას თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც გაგრძელდა, მაგრამ არა ჟურნალისტების გაშვების, არამედ თემურ უგულავას პირით წილის მოთხოვნით. არსებობს ქუმსიშვილის მესიჯებიც, რომელიც, ალბათ, გამოძიებისთვის ფრიად საინტერესო იქნება.
სწორედ დირექტორის დანიშვნის ულტიმატუმს მოჰყვა ჟურნალისტების უკიდურესი გაღიზიანება და პროტესტი, დაიგეგმა კიდეც ორშაბათის ბრიფინგი, სპეციალური ეთერი, და საელჩოებთან შეხვედრები. ამ ფაქტების გახმაურების მერე მთავრობამ უკან დაიხია, შესაბამისად, თემურ უგულავამ მოთხოვნები უკან წაიღო.
რაც შეეხება ტელეკომპანია „კავკასიას“, ხელისუფლებას სურვილი შეიძლება ჰქონოდა, მაგრამ მცდელობაზე არც უფიქრიათ, რადგან წინასწარ იცოდნენ, რა პოზიციას დაიჭერდა ხელისუფლების წინადადებაზე „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი.
ქუმსიშვილი რომ კვირიკაშვილის მთავრობის ოდიოზური და კორუფციულ სქემებთან ასოცირებული პირია, ამაზე დიდი ხანია, არავინ დაობს, მაგრამ მედიის დამლაგებლის როლში მისი ხილვა უდავოდ კომიკურია,
თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ვარაუდობს, კვირიკაშვილი კარგა ხანია, ნიჩაბზე დევს და თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწევს, რაც „ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა გაირკვევა, რადგან ჯერ კიდევ არსებობს მცირე, მაგრამ თეორიული შანსი იმისა, რომ გიორგი კვირიკაშვილი „ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატად დასჭირდეს. თუმცა ამ დღეებში აქტიურად საუბრობენ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს კანდიდატურაზეც.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის შემცვლელს, დღეს არსებული რეალობით, საქართველოს მთავრობაში ორი გამოკვეთილი ფიგურაა: შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი გახარიამ რევოლუციური ცვლილებები დაიწყო, მათ შორის, უწყება სამოქალაქო კამპანია #არაჩადებას შეუერთდა. ამ ნაბიჯით ახალი მინისტრი ძველის დანაშაულებრივ პრაქტიკას ბოლომდე გაემიჯნა და შემდეგი ნაბიჯი, რასაც საზოგადოება მისგან ელოდება, არის ჩამდები პოლიციელების დასჯა. შთამბეჭდავი იყო სასაზღვრო პოლიციაში თემურ კეკელიძის დანიშვნა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ნატოს სტანდარტების კადრია. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ის სულ ახლახან დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც სერიოზული შეხვედრები ჰქონდა მსოფლიო ბანკში და სხვა გავლენიან ფინანსურ ინსტიტუტებთან.
როგორც ჩანს, გაზაფხულზე, მთავრობის მეთაურის ცვლილებასთან ერთად, მინისტრთა კაბინეტის დიდი ნაწილი შეიცვლება, ხელისუფლება და ოპოზიცია კი საპრეზიდენტო არჩევნების რეჟიმში გადავა.

ელისო კილაძე