მიშას კახელი ნათლია

„ზავოდობას“ კახეთში თავისი ხიბლი აქვს, _ ეზოში ისეთი სურნელი ტრიალებს, რომ აზრი არ აქვს, დალევ თუ არა თბილ-თბილ არაყს, ნესტიანი, ალკოჰოლგაჟღენთილი ჰაერი თავისას შვრება და მაინც გათრობს, სიმთვრალე კი სიყვარულისა და მეგობრობის პირველი გამოხატულებაა. „ზავოდობა“, ისევე როგორც რთველი ან თათარაობა, ერთ-ერთი ქართლ-კახური რიტუალია.
ადუღებული ჭაჭისგან მიღებული თბილი არაყი ნოემბერში ზამთრისთვის გამზადებს და სხეულსა და გულს თანაბრად გითბობს…

ერთხელ, ერთ კახურ „ზავოდობას“ გაკახელების დიდი ნათლობაც მოჰყვა ყვარელში. სვლა პოლიტიკური იყო, თუმცა მომგებიანი აღმოჩნდა, _ ნათლია დავით მათიკაშვილის მამა გახლდათ, ნათლული კი მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

მაშინ…

ის არც გურული იყო, არც იმერელი, არც მოხევე და არც ფშაველი, უბრალოდ, როცა საქართველოს პრეზიდენტი გახდა, თბილისელი ბიჭი იყო და ასე თავისი ქარიზმით ერთიანად შეაყვარა ხალხს თავი 2003 წელს. მერე იყო გრძელი 9 წელიწადი, რომელიც ხან სისხლით შეფასდა, ხან შენებით, ხან სინათლით, ხან მისი ერთპიროვნული მმართველობით, ხან წესრიგითა და ხან უწესრიგოდ, ბოლოს კი, როცა მისი დრო იწურებოდა, მაინც გადაწყვიტა, რომ გაკახელებულიყო.
მე კახელი ვარ და კუთხური “სეპარატიზმი” მაინც მაქვს ბუნებაში. მიმაჩნია, რომ კახელობა არაა ადვილი. იყო ერთობ დინჯი, მშვიდი და ასევე მებრძოლი, იყო გულწრფელი და ასევე მეამბოხეც, იყო პურმარილიანი და ასევე მტერთან შეუვალი… რთულია კახელობა, ძალიან რთული, მაგრამ როგორც რწმენას, ასევე კუთხურობასაც თავისი ნათლია ჰყავს, ჰოდა, მიშაც კახელებმა კახელად მონათლეს. მისი კახელობის ნათლობა კი იმ „ზავოდობაზე“ ჩატარდა, რომელიც ისტორიას ერთ ფურცლად დარჩა. დღეს მიშას გუნდის წევრი და მისი ერთ-ერთი მეგობარი „ბოტკო“, როგორც მიშა ეძახის, ასე იხსენებს:
გიორგი ბოტკოველი:
_ მიხეილ სააკაშვილის „ზავოდობა“ მის კარმიდამოში, ყვარელში შედგა!
პროდუქტები თელავის ბაზარში თავად შეიძინა და ყვარლელ მეზობლებს უმასპინძლა.
სუფრის თამადა, ირაკლი მათიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის მამა იყო. მოწმე ვარ, თამადა როგორ „ძალით“ სვამდა მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოებს.

მეზობელი მოძმეა…

ამბობენ, კაცს რომ გაუჭირდება, ჯერ მეზობელია მისი ძმა და შემდეგ _ ნათესავიო…
მასაც უყვარდა თავისი მეზობლები…
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ყოველთვის ცდილობდა, თვეში ერთხელ ერთ დღეს როგორმე გამოძებნიდა და კახეთში გარბოდა. თელავის ბაზარში ისე ჩამოივლიდა, როგორც შაქრიანელი მიხო, უცებ იყიდდა სამწვადეს, გუდის ყველს, თონის პურსა და წავიდოდა თავისი ეზო-ყორეს სანახავად.
როგორც ნამდვილმა კახელებმა იციან, მეზობლებს, რომლებსაც მისი ვენახის გარშემო ვაზი ჰქონდათ გაშენებული, მოიწვევდა და გულიანად უმასპინძლდებოდა.
აბა, რაა, _ მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო… იცოდა მეზობლობის ფასიც და ყადრიც.
თამადად სულ ერთი მეზობელი ჰყავდა ამოჩემებული, კარგი მოუბარი კაცი, ენაწყლიანი, ენაკვიმატი.
როცა მაშინ პრეზიდენტმა კახელობა გადაწყვიტა, ჯერ კარმიდამოში პატარა სახლი ჩაგდა ერთი მისაღები ოთახითა და ორი საძინებლით, ეზოში ვენახი გააშენა, სახლის გვერდით თონე ჩადგა და ქვევრი ჩაყარა მიწაში. არც ის დავიწყებია, რომ პრეზიდენტი იყო და ერთი საკონფერენციო დარბაზი აიშენა. დიდი არაფერი სახლია, ვენახი კი დღემდე საუკეთესოდაა მოვლილი. მაგრამ მაინც ის პირველი „ზავოდობა“ გადამწყვეტი აღმოჩნდა, იმ „ზავოდობას“ უნდა გაეცა პასუხი, გახდებოდა თუ არა მიშა კახელი და კახელობაც შედგა, _ თამადა ირაკლი მათიკაშვილმა სადღეგრძელო თქვა:
„მეგობრებო, ჩვენ, ალბათ, სიზმარშიც ვერ ვნახავდით, რომ ყვარელში, ე. წ. ლამიანეებში, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ჩვენი მეზობელი გახდებოდა. ეს, ალბათ, ღვთის ნებაა, ღმერთის ნებაა, ღმერთი არის ყველაფრის შემომქმედი და ღმერთი აკეთებს ყველაფერ ამას. მოდით, ახლა ფეხზე ავუდგეთ უფალ ღმერთს, გაუმარჯოს, ჩვენი პრეზიდენტი რომ დაგვიმეგობრა და მოიყვანა ჩვენთან მეზობლად. თუ მომცემთ უფლებას, ცოტა ხანში კახელი უნდა გახდეთ“. მერე თამადა ნათლია გახდა, პრეზიდენტს თავზე კახური ქუდი დააფარა და სუფრამაც ერთდროულად შესძახა: ჩვენს პრეზიდენტს გაუმარჯოს!
მიშამაც თამადას უთხრა, _ ყოველთვის ეგონა, რომ კახელი იყო. თამადამ სთხოვა, _ ბატონო მიშა, როცა გაეროში წაბრძანდებით და სიტყვით გამოხვალთ, ეს ქუდი არ მოიხადოთ, რომ ჩვენ ძალიან გახარებულები ვიყოთო.
სამწუხაროდ, კახური ქუდით მიშა მას მერე აღარ უნახავთ. ალბათ, ამიტომაც გაუწყრა მათიკაშვილი, მაგრამ იყო დრო, როცა თამადობის დროს პრეზიდენტს ასე ახასიათებდა:
_ როდესაც რუსები 1921 წელს მოგვადგნენ, მაშინ ჩვენ მთავრობა გვყავდა. რა თქმა უნდა, როგორც კი რუსები შემოვიდნენ, გადმოლახეს ის წითელი ხიდი, ეს მთავრობა დაჯდა გემზე და პარიზში წავიდა. ძალიან მინდა, სწორად გამიგოთ, მაგრამ როდესაც რუსული ტანკები მოადგა, აგერ, 40 კილომეტრში საქართველოს, პრეზიდენტი იქ, ადგილზე იყო. მე მინდა, მადლობა ვუთხრა დიდ პოლონელ პრეზიდენტ კაჩინსკის, რომ იმ უბედურების წლებში ჩამოვიდა და გვერდით დაუდგა ჩემი საქართველოს პრეზიდენტს. მეგობრებო, მე მინდა, იმ კაცის ხსოვნა-მოგონების სადღეგრძელო შევსვა და ალავერდი ვარ მიშა სააკაშვილთან!
მას მერე რუსებმა არაერთხელ გადმოწიეს ე. წ. საზღვარი, მიშა საქართველოში აღარ არის, მაგრამ იმ ე. წ. საზღვართან მოქმედი ხელისუფლების ძალიან მცირე ნაწილი თუ მისულა.
ასეა, _ დრონი მეფობენ და არა მეფენიო… ნათლია მათიკაშვილის ამბისა რა გითხრათ, მაგრამ 2016 წელს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეერჩია, არჩევანი „ქართუ ბანკის“ ერთ აქტიურ სახეზე გააკეთა _ დავით მათიკაშვილზე. წარმოშობით ყვარლელს ჩათვალეს, რომ მეტი რეიტინგი ექნებოდა ყვარელში… იმ ყვარელში, რომლის მოგებაც ასე ძალიან უჭირს ხელისუფლებას დღემდე. თუმცა შერჩეული კადრი მალე გადაიფიქრეს და მხოლოდ პარტიულ სიაში ჩაწერეს, მაჟორიტარად აღარ წარადგინეს, რადგან პარტიაში იმსჯელეს და მიხვდნენ, თუ მამა მიშას კახელი ნათლია იყო, მეზობელი, ძმა და თანამოუბარი ამას პატარა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კარგად გაიხსენებდა და წაგების მაღალი რისკიც იქნებოდა…
რადგან კახელები გულწრფელი, ალალი და პირდაპირი ხალხია, არ უყვართ მიკიბულ-მოკიბული, თუ გუშინ მიშას სადღეგრძელოს განსხვავებულით სხვამდი და დღეს მას განუდგები, აუცილებლად მოგკითხავენ, _ რა გჭირს, რომელმა ვირმა გკრა წიხლიო (კახური სხარტულა)…
ასე რომ, ყველაფერს აქვს საზომი ამ ქვეყანაში, თავად სადღეგრძელოსაც, პოლიტიკასაც, კაცობასაც, სახელსაც და გვარსაც…
ცხოვრება ბორბალია _ გუშინ მამა მიშას ადღეგრძელებდა, დღეს შვილი მიშას კრიტიკითაა გართული.
მთავარი ერთი კითხვაა, _ მაშინ თუ ჰქონდათ პოლემიკა მამასა და შვილს, როცა მამა პრეზიდენტის ნათლია გახდა და მიშა კახელად აქცია?
ირაკლი მათიკაშვილის წყალობით კი მიშა კახელად დარჩა, ყვარელი კი, საარჩევნო თვალსაზრისით, მიშას ბეღლად მიიჩნევა დღემდე…
დანარჩენს? დანარჩენს დრო ან ისტორია იტყვის…

მაკა მოსიაშვილი