ქუთაისური ქრონიკა, ანუ ჯერ ქრთამი გაჩნდა თუ ქრთამის მომთხოვნი ჩინოვნიკი?

გასული კვირა ქუთაისისთვის საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა. დავა ადგილობრივ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა და გამოიკვეთა, რომ, ტრადიციულად, ერთმანეთის მოსაზრებების გაზიარებას არც ერთი მხარე არ აპირებს. რაც შეეხება ქალაქის ახალ ხელისუფლებას, რადიკალური ცვლილებების განხორციელება, რომლებიც მოსახლეობისთვის თვალში საცემი იქნებოდა, მან, ჯერჯერობით, ვერ დაიწყო, რადგან საკადრო ცვლილებები და ბიუჯეტისთვის საბოლოო სახის მიცემის პროცესი ისევ არ დასრულებულა.

სახელმწიფო მოხელეს ქრთამი შესთავაზეს

არაკანონიერი გზით სასურველი შედეგის მისაღწევად და სამსახურებრივი თუ სხვა სახის დანაშაულისთვის დაპატიმრებები ქუთაისში, თითქოსდა, დავიწყებას მიეცა, მაგრამ გასულ კვირას მომხდარმა ფაქტმა ამ მიმართულებით პრობლემის აქტუალურობა კიდევ ერთხელ შეგვახსენა და დაგვანახა, რომ თუ რაღაც არ ჩანს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. მერიის მაღალჩინოსნისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე შესაბამისმა ორგანოებმა ერთი ქუთაისელი დააკავეს. ზურაბ ბ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მაშინ აიყვანეს, როცა იგი ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს კონკრეტული ნებართვის მოსაპოვებლად ქრთამს აძლევდა. კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ზვიად ჯავახიას ბრალდებულმა გელათის ქუჩა #191-ში მდებარე სახლზე უნებართვოდ სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისთვის მფარველობა სთხოვა და ქრთამის სახით 3000 ლარი შესთავაზა. ზურაბ ბ. სამართალდამცველებმა სწორედ თანხის გადაცემის დროს აიყვანეს. გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც გაირკვა, ბრალდებული ქუთაისში გელათის ქუჩაზე სასტუმროს აშენებს. მეზობლების განცხადებით, სახლი მან ერთი წლის წინათ შეიძინა, რის გამოც მის შესახებ სხვა დამატებით ინფორმაციებს არ ფლობენ. რაც შეეხება ობიექტს, ამ ეტაპისთვის შენობის ფასადისა და ღობის სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ, სავარაუდოდ, შიდა სამუშაოების წარმოების ბედი გაურკვეველია.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი: „მერიამ განცხადება გააკეთა და დამატებითი განმარტებებისთვის პრესსამსახურს მიმართეთ. მე, ამ ეტაპზე, კომენტარისგან თავს შევიკავებ“, _ განმარტა ზვიად ჯავახიამ, რომელიც ადრე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა და ამჟამად ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება მერიის განცხადებას, იგი საინფორმაციო საშუალებებისთვის ფაქტის გახმაურებიდან მოკლე დროში გააკეთეს.
„კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი. დღეს კორუფციულ ფაქტზე მოქალაქის დაკავება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ არ დავუშვებთ, ქუთაისის მერია და სახელმწიფო რიამე სახის არაკანონიერ და არასამართლებრივ ქმედებაში გაეხვიოს“, _ ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ წევრი გია გოქაძე მომხდარ ფაქტს სპექტაკლს უწოდებს:
„ახლა ამ სპექტაკლით დააზარალეს მოქალაქე, რომელსაც აზრადაც არ მოუვიდოდა, 3000 ლარი ასე გიჟივით მიეტანა. ასე არსად ხდება და მით უმეტეს, ჩვენთან. თან ეს იმ სამსახურის უფროსია, ბიუჯეტის ხარჯზე მეგობრებს რომ აქეიფებდა“, _ განაცხადა გოქაძემ.
„მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს, რომ საჯარო მოხელეს ქრთამი არ შეაძლიოს“, _ მხოლოდ ასეთი განცხადებით შემოიფარგლა ქუთაისის მერი ფაქტის კომენტირებისას.
ფაქტს ქუთაისში ფართო განხილვა მოჰყვა. მოქალაქეთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, _ ქრთამის შეთავაზების ფაქტმა დაგვანახა, რომ ეს პრაქტიკა ქუთაისის მერიაში წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობდა. ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლები მერის კომენტარს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან ერთად ჩინოვნიკებიც უნდა გადაეჩვიონ ქრთამისა და გარკვეული სარგებლის მიღებით საქმიანობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიდრე მოთხოვნა იარსებებს, მიწოდებასაც ვიღაც აუცილებლად შეეცდება.
დეტალებზე საუბრისას საგამოძიებო ორგანოებში, ჯერჯერობით, თავს იკავებენ, რაც, ბუნებრივია, მომხდარზე დამატებით შეკითხვებს აჩენს.

ააიპის საქმიანობით გამოძიება დაინტერესდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისების“ საქმიანობით დაინტერესდა. საკვლევი საგანია ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
„გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ბრალდებული პირი, ჯერჯერობით, არ არსებობს“, _ აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.
განხორციელებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია შესასწავლად, თავდაპირველად, ქუთაისის რაიონულ პროკურატურას უწყების ახალმა ხელმძღვანელმა, ზვიად მანდარიამ გადაუგზავნა, თუმცა საქმეზე ძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
„სპეციალური სერვისების“ საქმიანობით დაინტერესება ასათიანის ქუჩაზე ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია, რაც მოსახლეობის სერიოზული უკმაყოფილების მიზეზიც გახდა. მართალია, სამუშაოები, ჯერ კიდევ, გასულ წელს დაიწყო, მაგრამ იგი დღემდე დაუსრულებელია. სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად ააიპმა ბიუჯეტიდან 315 ათასი ლარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. რა შედეგს დადებს გამოძიება, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე გაურკვეველია, გასცემს თუ არა კითხვებს პასუხს ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ახალი ააიპი და ოპოზიციის პროტესტი

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება ააიპ „ქუთგანათების სერვისის“ შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი უწყება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას შეუწყობს ხელს. ახალი რგოლის ფუნქცია იქნება გარე განათებისა და შუქნიშნების მონტაჟი-ექსპლუატაცია, ვიდეოკონტროლის სისტემების რეაბილიტაცია, რაც ბიუჯეტიდან 3 463 000 ლარით დაფინანსდება. აქედან მილიონ 763 ათასი მოხმარებული ელენერგიის ხარჯის დასაფარად გამოიყენება. მერია დღემდე მსგავს სერვისს ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული კომპანიის საშუალებით ახორციელებდა, რისთვისაც 2 400 000 ლარს ხარჯავდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული თანხის გარდა, ცალკე 2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარებული ელენერგიის საფასურისთვის გამოიყოფოდა.
ახალ ააიპში 42 ადამიანი დასაქმდება, რომელთაც კონკურსის გარეშე შეარჩევენ.
ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გია უკლებას განცხადებით, გაუგებარია თანხების დაზოგვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც წინა ხელისუფლების დროს შექმნილი რგოლები უქმდება და ახალი ფუძნდება.
„ჯერ გააუქმა ააიპები, ხარჯებს ვზოგავთო, ახლა კი თავადვე შექმნა ასეთივე ორგანიზაცია. მერია უნდა მოეშვას ორმაგ სტანდარტებს. როგორც მახსოვს, შარშან ქალაქის ყოფილმა მერმა გარე განათების ხარჯების გაზრდის მოტივად სწორედ ის დაასახელა, რომ მთელ ქალაქში ენერგოეფექტიანი ნათურების დამონტაჟებას გეგმავდა. ცხადია, ეს ნათურები უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ასე რომ, ნუ გვამადლით ამ ვითომ ხარჯების დაზოგვას“, _ აცხადებს უკლება.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ნათურები მთელ ქალაქში არ შეცვლილა, ახალი ააიპის შექმნით კი იგი ხარჯების რეალურად დაზოგვას პროგნოზირებს.

ბიუჯეტმა ცვლილება განიცადა

რამდენიმე დღის წინათ მიღებულ ქუთაისის ახალ ბიუჯეტში პირველი კორექტირება უკვე გაკეთდა. გაირკვა, რომ ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში 7 861 000 ლარის ცვლილება აღინიშნება, რომლის მეშვეობითაც რეგიონული განვითარების ფონდი 8 პროექტის განხორციელებას დააფინანსებს.
ცეტრალური ქუჩებიდან მრავალსართულიან სახლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობა, საყრდენი და დამცავი კედლების მოწყობა, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭარდაკო სკოლის რეაბილიტაცია, ახალი ბაგა-ბაღების კაპიტალური მშენებლობა და რეაბილიტაცია, სხვადასხვა სახის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტების, გზებისა და ტროტუარების მოწყობა-რეკონსტრუქცია _ ესაა ის ჩამონათვალი, რომლის შესასრულებლად აღნიშნული თანხები სხვადასხვა ოდენობით გაიხარჯება.
არსებული ცვლილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკრიტიკა. საკრებულოს წევრ მერაბ მეშველიანის განცხადბით, ისინი მერიას ნაჩქარევად ბიუჯეტის მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ, რაც არ გაითვალისწინეს და სწორედ ამიტომ, მთავარი სფინანსო დოკუმენტის მიღებიდან 10 დღეში, ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო.
„როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, ათი დღეც არ არის გასული ბიუჯეტის დამტკიცებიდან და მერიამ ცვლილებები შემოიტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ნაჩქარევად მიიღეს. გარდა იმისა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან მივიღებთ თანხას, ჩასწორებები ხდება სხვადასხვა პროექტებში, რადგან ამ ბიუჯეტის მიღებას რეორგანიზაციის პროცესი თან სდევდა. იგი დროში არ განხილულა“, _ განაცხადა საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა, გიგა შუშანიამ და ახლო მომავალში დამატებითი ცვლილებების გაკეთება დააანონსა:
„ეს არ არის საბოლოო ცვლილება. თებერვალში ახალი ცვლილებები შევა ბიუჯეტში, რაც ნიშნავს, რომ მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის მუშაობა არაეფექტიანი და არა გეგმურია. ბიუჯეტი ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით მიიღეს და საკრებულოს უმრავლესობა კვლავ რჩება მერიის დამმოწმებლად და არა ზედამხედველად, რაც, რეალურად, მათი ფუნქციაა“, _ აცხადებს შუშანია.

ქუთაისი ვენეციას ემსგავსება

ამბობენ, რომ ქუთაისსა და ვენეციას საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ, როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ქალაქი დღითი დღე ემსგავსება იტალიის იმ ულამაზეს ქალაქს, სადაც მოსახლეობა წყალზე ცხოვრობს. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს „ევროპული საქართველოს“ წევრის, საკრებულოს დეპუტატ მერაბ მეშველიანის განცხადება. მისი თქმით, ქალაქში არსებული კორპუსების 80% წყალზე დგას. უფრო კონკრეტულად, შენობათა სარდაფები წყლითაა სავსე, რაც, დეპუტატის აზრით მათ მდგრადობას საფრთხეს უქმნის.
მეშველიანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან დაკავშირებით ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერაეფექტიანია და ბუნებრივია, ვერ ვღებულობთ გაწეული ხარჯების შესაბამის შედეგს.
„თანადაფინანსების პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში, რომელსაც მერია ახორციელებს, მოსახლეობა, ძირითადად, ჩამდინარე წყლების პრობლემას აგვარებს. ხორციელდება წყლის ან კანალიზაციის დაზიანებული მილების შეკეთება. რაც შეეხება გრუნტის წყლებს, რომელიც კორპუსთა 80%-ის სარდაფებში დგას, კვლავ პრობლემად რჩება, რადგან მოსახლეობას მისი ამოტუმბვა თანადაფინანსების პროგრამითაც კი ძვირი უჯდება. შედეგად, შენობებს მდგრადობის პრობლემა ექმნებათ“, _ აცხადებს დეპუტატი. მან საკრებულოს წერილობითი ინიციატივაც კი წარუდგინა, რომელიც საბინაო ფონდში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებს. მისივე თქმით, აუცილებელია, კომისიამ პრობლემების შესწავლასთან ერთად ხანგრძლივ რეჟიმში განახორციელოს მონიტორინგი, რათა გაირკვეს ჩატარებული სამუშაოების ეფექტიანობა.
ის, რომ აღნიშნული მიმართულებით ქალაქში სერიოზული პრობლემებია, ამას საკრებულოს შემადგენლობის უმეტესობა იზიარებს, მაგრამ რა გაკეთდება ამ კუთხით, ჯერჯერობით, უცნობია. ვიდრე ქალაქის ხელისუფლება გამოსავალს მოძებნიდეს, მანამდე მაღლივი კორპუსების მცხოვრებლებს ისევ წყალზე ცხოვრება მოუწევთ, მაგრამ არა ვენეციაში, არამედ _ ქუთაისში.

ხვიჩა ვაშაყმაძე