ზვიად ქირია: „ყველაფრის მისაკუთრება და ჩვენი გადაგდება სურდათ, გამოიძიეთ!“

რედაქციას მოქალაქე ზვიად ქირია ესტუმრა, რომელიც მასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითობის შესახებ საუბრობს. საქმე ეხება ერთობლივი შპს-ს საქმიანობას, სადაც დახარჯულ რამდენიმე ასეულ ათას დოლარს ქირია უკან ვერ იბრუნებს. ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც ჩვენი რესპონდენტი, რიგი მიზეზების გამო, კომპანიონების მიმართ ნდობას კარგავს და საერთო საქმიდან გასვლა სურს. ქირია პასუხისმგებელ ორგანოებს (ფინანსური პოლიცია, პროკურატურა) მისი საქმის დროულად გამოძიებისკენ და კანონიერება-სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებს.

„ქრონიკა+“ ზვიად ქირიას ესაუბრება:
_ ვარ მეწარმე, შპს „იდეალქაფის“ 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი. საწარმო თბილისში, ორხევში, ჩანტლაძის 3-ში არის რეგისტრირებული.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე და ჩემი სტუდენტობის მეგობარი, მამუკა ჩიტია, თვეში ერთხელ მაინც ერთმანეთს მოვიკითხავდით. ერთ-ერთ შეხვედრაზე თავისი საწარმოს საჭიროებისთვის ფული მთხოვა. ეს ხელზე გადავეცი ორ ტრანშად: 25 და 15 ათასი, ჯამურად 40 ათასი დოლარი. მითხრა, რომ იმავე წლის მაისი-აგვისტოს ფარგლებში დამიბრუნებდა, ასეც მოიქცა.
_ ეს რომელ წელს ხდება?
_ 2014 წლის ამბავია. ამის შემდეგ ერთ-ერთი კერძო საუბრისას მეუბნება, _ შენ ხომ ფული გაქვს, მეც ერთი-ორი კაპიკი მაბადია და ერთობლივი საწარმო ხომ არ გავაკეთოთო. მას უკვე ჰქონდა საწარმო, რომელიც შეფუთვის მიმართულებით მუშაობდა, საბეჭდი მანქანა და ა. შ. ჰოდა, ჩემი საწარმო ერთობლივად ხომ არ განვავითაროთ, შენი წილი საჯარო რეესტრში იქნება დაფიქსირებულიო.
ვუთხარი, _ კი, შენთან ერთად საქმეს სიამოვნებით გავაკეთებ-მეთქი. პურის ჩასადები ქაღალდის პარკების წარმოება შემომთავაზა.
_ ეს ძალიან კარგია, მაგრამ ბაზარზე ამ საქმეში რამდენიმე მოთამაშეა, მათთან კონკურენცია ცოტა რთული იქნება, რადგან ამაში დიდი გამოცდილება აქვთ-მეთქი. ასეთი რამ შევთავაზე, _ მამუკა, ჩვენ ისეთი საქმე გავაკეთოთ, რისი წარმოებაც საქართველოში არ არის-მეთქი.
_ ასეთი რა არის, შენ ამაზე რა იციო? ეს ქაღალდის ჭიქების წარმოებაა-მეთქი. როცა მეორე დღეს მათთან სახლში მივედი, ამ იდეით მთელი ოჯახი აღფრთოვანებული დამხვდა. ასევე „იუთუბზე“ მივუთითე ქაღალდის ჭიქების მანქანა, იქ უამრავ ინფორმაციას ამოგიგდებს და მერე აარჩევ. ამის ნახვა პრობლემას არ წარმოადგენს.
ის ჩინეთში შუამავალს იცნობდა, ვისაც ამ საბეჭდ მანქანებთან და ტიპოგრაფიულ დანადგარებთან კავშირი ჰქონდა. იმ ადამიანს დავუკავშირდით (ესეც 2014-ში ხდება) და მზაობა გამოთქვა, _ ყველაფერში დაგეხმარებითო. ჩინეთში წავედით მე, მეგობარ მამუკას შვილი გიორგი ჩიტია და მათი მექანიკოსი, სარქის სერობიანი. ეს სამი კაცი წავედით.
_ თვითონ თქვენი მეგობარი რატომ არ წამოვიდა?
_ მამუკა ქაღალდებში არსად არაა ფიქსირებული. ჩავედით ჩინეთში, ვნახეთ ეს დანადგარები, ფასი, ყველაფერი მოგვეწონა და შევთანხმდით. ეს სერიული დანადგარები არ არის, ინდივიდუალურად უნდა შეუკვეთო. მოკლედ, შევუკვეთეთ, წამოვედით და საქმიანობა გავაგრძელეთ.
შეკვეთისას ჩინელებმა ბეს სახით ფული მოითხოვეს. დავუშვათ, ერთი დანადგარი 60 ათასი დოლარი ღირს და ამაზე ბე მოითხოვა. ამისთვის გიორგი ჩიტიას რეგულარულად ხელზე თანხას გადავცემდი. საერთო ჯამში, ამ საქმეში 384 ათასი დოლარი ჩავდე. აქედან 31 600 დოლარი 30-მიკრონიანი პლასტმასის ფირების იყო. ეს ფირები ჩემი საწარმოსთვის განკუთვნილი არ ყოფილა. ჩიტიამ ერთი კონტეინერი მისივე საწარმოსთვის შეიძინა. ამის გარდა, კიდევ 10 ათასი დოლარი მომცა, ეს ვითომდა ამ წილის გათანაბრების ანგარიშში. ამ 384 ათასს გამოვაკლოთ ეს 31 600 დოლარი, დანარჩენი თანხა საწარმოში არის დარჩენილი.
როგოც აღვნიშნე, ეს დანადგარები თბილისში ჩამოვიტანეთ, შენობა იჯარით ავიღეთ, დავამონტაჟეთ…
_ ფულს გიორგის რატომ აძლევდით, მერე ჩინეთში ის დადიოდა?
_ არა, ჩინეთში არ დადიოდა. აი, მაგალითად, ერთხელ მამუკას შევხვდი და მითხრა, _ გიორგის ფული სჭირდება, ჩინელები გადარიცხვას ითხოვენო. ასე ხელზე გადავეცი. გიორგის ბანკში ანგარიში ჰქონდა, იქ მიდიოდა და შუამავალს ანგარიშზე ამ ფულს ურიცხავდა. ეს თანხები, დაახლოებით, 15-30 ათასის ფარგლებში იყო. მერე უკვე ძირითადი თანხის გადარიცხვის დრო დადგა. მე და ჩემი მეუღლე ბანკში წავედით, გარკვეული თანხა გამოვიტანეთ. ანგარიშზე ფული ორივეს გვქონდა, მანამდე დედაჩემის ფულიც გამოვიტანე, ამას ხელზე ვაძლევდი.
მოკლედ, მე და მეუღლემ ანგარიშიდან 250 ათასი დოლარი გამოვიტანეთ და მათ ოფისში მივიტანეთ. იქ გიორგი ჩიტიას ბებია გამოვიდა (ეს ოფისი მათი კერძო საკუთრებაა და თამარაშვილზე მდებარებოს) და რაღაც ცელოფანი გამოიტანა. ჩავდეთ ეს ფული და ბანკში წავედით მე, ჩემი მეუღლე მანანა და გიორგი ჩიტია. ფულის დიდი მასაა და მაინც მარტო არ გავუშვით.
მერე საქმეზე გასასვლელი იყავი და ვუთხარი, _ გიორგი, აქ დგახარ, 250 ათასი ხელში გაქვს, ეს ბანკის დაცული ტერიტორიაა (ოპერატორი უკვე შესაბამის საბუთებს ავსებდა), მე დაგტოვებ და ამდენ ხანში შენ უკვე გადარიცხავ და შენს ოფისში შევხვდეთ-მეთქი. ერთი სიტყვით, კარგ ხასიათზე ვარ, კარგი საწარმო გვაქვს შეძენილი და ა. შ. ამ დროს ტელევიზორში რეკლამა გადის, რომ ვიღაცას „აწარმოე საქართველოს“ პროგრამით იგივეს გაკეთება უნდა, მაგრამ მხოლოდ უნდა, ჯერ არ აქვს შეძენილი და ა. შ. მომავალ კონკურენტებს რამდენიმე ნაბიჯით წინ ვუსწრებთ.
ამის შემდეგ, რაც ფული გადაირიცხა, ჩინეთიდან დაგვიკავშირდნენ, _ დანადგარები მზად არის და დასატესტად ჩამოდითო. ჩავედით, ვნახეთ და დატვირთვა დავიწყეთ. საბეჭდი მანქანებიდან ერთ-ერთი მთავარი დანადგარი იმ ქარხანაში, რომელშიც შევუკვეთეთ, არ აღმოჩნდა. წაგვიყვანეს სოფელში, სადაც აღნიშნულ დანადგარს რაღაც ფარდულში აწყობდნენ.
ამაზე შევშფოთდი და ვიკითხე, _ ეს რა არის-მეთქი? სარქის სერობიანმა მითხრა, _ თუ დაბეჭდავს, რა მნიშვნელობა აქვს, სად ააწყვესო. და როგორ იყო, იცით? აქ დაბეჭდავდა და აქ _ არა. იცით, რომ საბეჭდი მანქანა სიზუსტეს საჭიროებს და ასეთი არ იყო.
_ ასე რატომ მოხდა?
_ ჩემი ვარაუდით, ეს კაცი ამ ყველაფერს ქარხანაში იპარავდა და თავის ფარდულში აწყობდა. ეტყობა, აქ რაღაც იმაიმუნა და საქმე ისე არ გააკეთა, როგორც ეს საჭირო იყო. ამ ჩინელ შუამავალზე და მეორეზე ვსაუბრობ, ვისიც ეს ფარდული იყო. იმდენად გავბრაზდი, რომ მეორე დღეს საქმეზე ისევ მისასვლელი ვიყავი და სასტუმროდან ვერ წავედი. იქვე აფთიაქში ნერვების დასამშვიდებელი წამლები ვაყიდინე. უკვე მიხვდი, რომ ეს ახალგაზრდა კაცი რაღაცას მაიმუნობდა.
მოკლედ, სასტუმროში წამლები მივიღე, ცოტა დავისვენე, მერე მეუღლეს დავურეკე, დღიურს ვაწარმოებდი, იქაც ჩავწერე ეს ყველაფერი. მეუღლემ დამამშვიდა, ეცადე, არ ინერვიულოო.
გიორგიზე ის ეჭვი მქონდა, რომ მან იქ ჩემ დაუკითხავად ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რაც არ უნდა მიეღო. ერთ ქარხანაში შევუკვეთეთ და იქ კი არ მიგვიყვანეს, არამედ სადღაც სოროში. ამის გამო გიორგის ისე ვეჩხუბე, რომ იმ ღამეს სიცხე მისცა. სერობიანი მეუბნება, _ ეს რაც დაიბადა, მას მერე ასე თავზე არავის „დაუხურებიაო“. ირიბად ჩემი მხარდაჭერა გამოხატა, მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია, მათთან მუშაობს.
ახლა, ამ ახალგაზრდა კაცს შეურაცხყოფას მივაყენებ-მეთქი. მერე ვიფიქრე, მეგობრის შვილია, ჩემი მხრიდან სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა. ჩამოვედი და მამამისისთვის უხეში ფორმით არ მითქვამს, რომ შენი შვილი ვირთხაა-მეთქი, მაგრამ ძალიან კორექტული ფორმით მივანიშნე ამის შესახებ. ჩემგან ეს რომ მოისმინა, დაღონდა და ასეთი კომენტარი გააკეთა, _ გოგამ ძალიან იჩქარაო. რას ნიშნავს ეს ძალიან იჩქარა? ე. ი. შენი გადაგდება გვინდოდა და ამ სიჩქარით ეს გამოამჟღავნაო, ალბათ, ეს იგულისხმებოდა.
ამის შემდეგ მუშაობა დავიწყეთ. ეს ფაქტი დავიწყებას მიეცასავით.
_ წილები როგორ იყო გადანაწილებული თქვენს საქმეში?
_ როდესაც ჩინეთში პირველი ფული გადავრიცხეთ, უკვე ერთობლივად შპს დავაფუძნეთ, ეს 2014 წლის 12 ნოემბერს მოხდა. თავიდან წილები შემდეგნაირად განაწილდა: 40% გიორგი ჩიტია, 40% ზვიად ქირია, 10% ნანა გეგეჭკორი, დედა გიორგი ჩიტიასი და 10% მანანა ქავთარაძე, ჩემი მეუღლე.
მერე, როცა ჩვენ შორის უკვე უნდობლობა იყო და დავა მწიფდებოდა, მივხვდი, რომ საქმე სწორი გზით არ წავიდოდა. არც ერთ ეტაპზე ქუჩისთვის მიმართვაზე არ მიფიქრია, რომ მსგავსი გარჩევით მომეგვარებინა ჩემი პრობლემა, ეს ჩემთვის, უბრალოდ, შეურაცხმყოფელია. ვიფიქრე, თუ ესენი გაჯიუტდნენ და ჩემი ფული არ დამიფიქსირეს, ჩემი მეუღლე შვილების ყოველდღიური პრობლემებით არის მოცული, ამიტომ მანანას პოლიცია-პროკურატურაში რომ აღარ ერბინა, მივედი და მისი 10%-იც მე გადმოვიფორმე, პასუხისმგებლობა ავიღე.
_ რის დაფიქსირებაზე საუბრობთ, საქმეში ჩადებული რეალური თანხები როგორ იყო გადანაწილებული?
_ ამისთვის მათ წარმომადგენელ პაატა გოგიაშვილთან და ჩვენს წარმომადგენელ მიხეილ ლომაიასთან ერთად დავსხედით, მამუკა ჩიტიაც ესწრებოდა, მაგრამ ანგარიშში არ მონაწილეობდა. რემონტზე რამდენი დაიხარჯა, სად რამდენი გადაირიცხა, იქ რა ფირები ვიყიდეთ, რისთვის და ა. შ. ყველა წვრილმანი ხარჯი ავსახეთ. ეს ყველაფერი ჩვენს ამ კონკრეტულ საქმეს ეხება. როგორც მახსოვს, ჩიტიების მხრიდან იმ პერიოდისთვის დაფიქსირებული იყო 47 ათასი დოლარი და 70 ათასი ლარი. იმ დროის ანგარიშით ჩემი თანხა, დაახლოებით, 320 ათასი დოლარი იყო, მაგრამ, იცით, რა გამოგვრჩა? ამ ანგარიშის დროს ერთნაირი ხარჯები რომ გავწიეთ, ის არ ჩაგვიწერია, რამდენადაც მახსოვს. მერე მივედით, თანხა ზუსტად დავაფიქსირეთ და ახლა, ამ ეტაპისთვის, ჩემი ეს თანხა არის 341 ათასი დოლარი და 16 500 ლარი.
ეს დანადგარი, თავიდან რომ გვითხრეს, 59 ათასი დოლარი ღირსო, მერე სხვაგან მივედით და 79 ათასი დოლარი დაგვიფასეს. ჩინეთში მაშინ ფული ხელზე მიგვქონდა და დანადგარზე ბე იქვე მე გადავიხადე. პირველი ხარჯი თანაბრად გავიყავით, სერობიანსაც ყველაფრის ფული ჩვენ გადავუხადეთ. მეორე ვიზიტის ხარჯი მთლიანად მე გავწიე, რადგან ჩიტიებმა, ამ ეტაპზე, ფული არ გვაქვსო. ვუთხარი, _ ამ თანხას მე გავიღებ, მაგრამ მერე ეს ანგარიშში უნდა აისახოს-მეთქი. მითხრეს, _ კი ბატონოო.
ამის შემდეგ მითხრეს, კიდევ ფული არის საჭიროო. _ კი საჭიროა ოფისისთვის, ავეჯისთვის, იქ რემონტი და ყველაფერი-მეთქი. გადავწყვიტეთ კრედიტის აღება. მივმართეთ „ბანკ რესპუბლიკას“. ვუთხარი, _ „რესპუბლიკა“ ფულს რთულად იძლევა-მეთქი და მერე „პროკრედიტ ბანკს“ მივმართეთ, რომელმაც გარანტიები მოითხოვა.
მეგონა, რომ ჩიტიებმა მაშინ პასუხისმგებლობა იგრძნეს. მითხრეს, _ ჩვენს ქონებას ჩავდებთო და მართლაც ჩადეს. გიორგიმ ბებიის, ლუიზა გეგეჭკორის ბინა ჩადო, კიდევ ოფისი, რომელიც მის სახელზეა თამარაშვილის ქუჩაზე. ასევე თავიანთი საწარმოც ჩადეს. მოკლედ, ამ სამი ობიექტის გარანტიით ასი ათასი დოლარის კრედიტი ავიღეთ. აქედან 53 ათასი ჩინეთში გავუშვით იმ დანადგარისთვის, დანარჩენი ანგარიშზე დარჩა. ექვსი ათასის რაღაც ავეჯი ვიყიდეთ, 23 ათასი გიორგი ჩიტიამ თავისთვის მოიხმარა. ვერ ამიხსნა, ეს რაში გახარჯა. ამ დროს, გიორგი განაგებს ჩვენს ორგანიზაციას, მე დირექტორი მერე, 2015 წლის 25 აგვისტოს გავხდი.
შემდეგ ჩვენ შორის დავა რომ დაიწყო, ვკითხე, _ ბანკის ის კრედიტი სად დაიხარჯა-მეთქი? სხვათა შორის, მერე ჩვენს ბიზნესმრჩეველს შევხვდით და იმ გოგონამ მითხრა, _ მეც ვუთხარი, სამასი ათასის ხარჯვის მონაცემები წარმომიდგინე მონიტორინგის კუთხით-მეთქი, მაგრამ ვერ წარმომიდგინაო.
მოკლედ, ამ საკითხზე ჩვენ შორის დავა წარმოიშვა კრედიტთან დაკავშირებით და, ზოგადადაც, წარმოქმნილ გაუგებრობებზე. ოჯახში განერვიულებული რომ მოვდიოდი, მეუღლე ამ მდგომარეობას ძალიან განიცდიდა…
_ დავის მთავარი მიზეზი, მაინც, რა გახდა?
_ ის, რომ ჩემს შენატანებს ოფიციალურად არ მიფიქსირებდნენ, სულ თავიდან მოყოლებული. გიორგის, მთლიანად ოჯახს მივმართავდი, რომ ჩემი ფული დაეფიქსირებინათ.
_ თქვენი ეს შენატანები საერთო საქმეში თავიდანვე იურიდიულად რატომ არ დაფიქსირდა?
_ როგორც აღვნიშნე, მე თანხას გიორგი ჩიტიას გადავცემდი. ბანკის ოპერატორი გეკითხება, თუ შემომტანი ვინ არის? ამოიღებდა თავის პირადობის მოწმობას და გაუწვდიდა, შემომტანი მე ვარო. ფული შედიოდა შპს-ს ანგარიშზე, მაგრამ ეს ფული რომ კონკრეტულად ჩემი იყო, არ ფიქსირდებოდა. სწორედ ამის გამო გადარიცხვაში იურიდიულად მე ვერ ვფიქსირდებოდი.
_ და თქვენ რომ ამას ითხოვდით, უარს რატომ გეუბნებოდნენ?
_ ამას არ ხსნიდა. მაგალითად, ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩემს აუდიტორთან ერთად ვიყავი, რომელიც ამის შესახებ ყველასთან, გამომძიებელთან, პროკურორთანაც საუბრობს. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე აუდიტორმა რომ ჰკითხა, _ თქვენ ამ კაცის თანხას რატომ არ აფიქსირებთო? ამაზე მამა-შვილი ადგა და ოთახიდან გავიდა. ასე უსიტყვოდ გავიდნენ და პასუხი არ გასცეს.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ყველაფრის მისაკუთრება და ჩვენი გადაგდება სურდათ.
_ ეს თქვენი რეალური შენატანი იურიდიულად რა ფორმით უნდა დაფიქსირებულიყო?
_ წესი ასეთია, ამასთან დაკავშირებით შპს-ში სასესხო ხელშეკრულება არ არსებობდა, ამას საწარმოს კაპიტალში ავსახავდით და დაფიქსირდებოდა, რომ შპს-ს მთლიანი თანხა ამდენია, აქედან კრედიტი ესაა, გიორგი ჩიტიასი ამდენია, ჩემი ამდენია და შპს-ს წევრები ამას აღნიშნული ფორმით ხელს მოვაწერდით.
_ საუბარია აქტის გაფორმებაზე…
_ დიახ, მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შემდგარიყო, სადაც ეს მონაცემები დაფიქსირდებოდა და ყველა დოკუმენტს ხელს მოვაწერდით, რაც არ გაკეთებულა. გაუგებრობა-დავის მთავარი საფუძველიც ეს არის.
_ ამის შემდეგ რა ხდება?
_ ამის შემდეგ ოჯახში შემატყვეს, რომ ძალიან ვნერვიულობდი. ყველა მნიშვნელოვან საქმეებზე ჩვენ ვთათბირობთ. მეუღლეს ვუთხარი, _ მანანა, ეს კაცი ჩემი 30 წლის მეგობარია, რაც ჩვენ შორის ურთიერთობა იყო, არასოდეს აღდგება, საქმე კი დიდ კონფლიქტამდე მიდის-მეთქი.
ამ რეალობის შესაბამისად მოვიქეცი, _ არანაირი ფული არ მინდა, თავიდან რაც ჩემი ფული ჩავდე, ეს დამიბრუნეთ და მე საქმიდან გავდივარ-მეთქი. ამაზე ჩანაწერიც არსებობს (როგორც ეს მოლაპარაკება გაიმართა), ამას მთელ ოჯახს ვეუბნები. ამ დროს, ვიღაც ტიპი დამახვედრეს, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც კი არ მსჯელობს და საუბრობს, უბრალოდ, მჭევრმეტყველებს. მეუღლეც ესწრება აღნიშნულ შეხვედრას.
_ შეხვედრა სად გაიმართა?
_ ოფისში მივედით სალაპარაკაოდ და ეს უცხო ბიჭი გვხვდება. _ ვინ არის-მეთქი? _ ეს ინვესტორის წარმომადგენელია, რომელმაც შენი წილი უნდა იყიდოსო. ე. ი. რა გამოვიდა? ამ ურთიერთშელაპარაკების დროს ჩვენ შორის ნდობა დაიკარგა, ან მე უნდა წავიდე, ან _ ის და კიდევ მე მივდივარ დათმობაზე, _ ამ საქმიდან მივდივარ, მაგრამ ჩემი ფული მინდა-მეთქი.
მოკლედ, ეს ვითომ ინვესტორის კაცი დამახვედრეს, ვასილ თამაზაშვილი, იგივე ვაკო. ეს ვაკო რაღაც მჭევრმეტყველებს, არ ჩერდება, _ მე „ბლოკ-ინვესტის“ წარმომადგენელი ვარო. მერე კი დავგუგლეთ, მაგრამ იმ „ბლოკ-ინვესტში“ვასილ თამაზაშვილი არ ჩანს. შეხვედრაზე ჩანაწერი ჩემმა მეუღლემ გააკეთა. მე ეს არც ვიცოდი, მაგრამ სიტუაციის დაძაბვის მერე ჩაურთავს ჩამწერი.
ამის შემდეგ კიდევ შედგა შეხვედრები, სამივე ჩაწერილია და პროკურატურისთვის გადაცემულია. პროკურატურა გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი ამჟამად ექსპერტს აქვს, სამხარაულის ბიუროში გაშიფვრა მიმდინარეობსო. სამი წელია უდევთ და სამი თვეა, ვითომ იშიფრება.
_ თამაზაშვილი რას ითხოვდა?
_ თამაზაშვილი, ამ დროს, აქ, წარმოებაშია, ჩემი ბუღალტერიც იქვეა. ვაკო ექვსი თვე იქ იჯდა, მე ფინანსისტი ვარო და ბუღალტერი მას მონაცემებს აწვდიდა. ამბობდა, მე ამ საწარმოს აუდიტორულ, კომერციულ შეფასებას ვაკეთებ, ჩემს ინვესტორს ამაში ფულის ჩადება უღირს, თუ არაო. ამის მერე მეუბნებიან, რომ ერთ, მაქსიმუმ, ორ თვეში ეგ საქმე მოგვარდებაო.
შემდეგ მირეკავენ, _ ჩვენ „პროკრედიტ ბანკს“ მოველაპარაკეთ, კრედიტი რომ გვაქვს, მის მაგივრად საკრედიტო ხაზს ვხსნით, ეს რომ გავაკეთეთ, ამისთვის 45 ათასი დოლარი გვჭირდება და შენი ხელმოწერის გარეშე არ გვაძლევენო.
_ ამაზე ხელს ვერ მოგიწერთ-მეთქი. მკითხეს, _ რატომო? _ ეს ჩემი საწარმოა, თუ ჩემს საწარმოს ფული სჭირდება, ამ ეტაპზე იმის საშუალება მაქვს, რომ 45 ათასი დოლარი ვიშოვო, მაგრამ უნდა მითხრან, ეს რისთვის კეთდება და ჩემი ფული დამიფიქსირეთ-მეთქი. თუ ჩემს ფულს დამიფიქსირებთ, მერე, რა თქმა უნდა, კრედიტზე ხელს მოვაწერ და პასუხისმგებელიც ვიქნები-მეთქი. მპასუხობენ, _ ეს ფული რაღაც საქმისთვის გვჭირდება, რაღაც ნაწილს შენ მოგცემთ, მაგრამ ამ კრედიტზე პასუხისმგებელი ჩვენ ვიქნებითო და ა. შ.
ამ 45-ათასიან კრედიტზე ხელი არ მოვუწერე. მათი მხრიდან ჯერ მოფერება იყო, მერე მუქარა და ჩხუბი, მაგრამ ხელი მაინც არ მოვუწერე. მერე ამ კრედიტს არ გადაიხდიდნენ, საწარმოს გააკოტრებდნენ და აღსრულებას ბანკს გააკეთებინებდნენ. ასეთი ხელწერით რამდენიმე საქმე არის გაკეთებული, რაც თაღლითების ცნობილი მეთოდია. არ ვიცი, იქ ეს თამაზაშვილი ფიგურირებს თუ არა, ეს პროკურატურამ უნდა გაარკვიოს. ის ჩანაწერი აიღოს და იდენტიფიცირება მოახდინოს, ამ ხელწერით სხვა საქმე გაკეთებულია თუ არა.

(გაგრძელება იქნება)

გელა მამულაშვილი