გაზრდილი ეკონომიკური დანაშაული

უკვე ქვეყნდება გასული წლის სხვადასხვა სფეროს სტატისტიკური მონაცემები. ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა!

გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული წლის იანვარ-დეკემბერში სამეწარმეო, ან სხვა ეკონომიკური საქმიანობისას ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი 59,6%-ით გაიზარდა.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 2016 წელს რეგისტრირებული გახლდათ 228 ფაქტი, 2017 წელს კი ეს რიცხვი 136-ითაა გაზრდილი და იგი 364-ს უტოლდება. ამავე სტატისტიკით, 2016 წელს 123 საქმე გაიხსნა, 2017 წელს კი _ 196.
თუმცა საფინანსო საქმიანობის სფეროში აღნიშნულ წლებში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 30%-ითაა შემცირებული, ანუ 2016 წელს ამ მიმართულებით რეგისტრირებული იყო 225 დანაშაული, საიდანაც 108 შემთხვევა გაიხსნა. გასული წლის საფინანსო საქმიანობაში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი კი 187-მდე შემცირდა, გაიხსნა 82 შემთხვევა, მისი პროცენტული წილი კი 43,8%-ია.
რაც შეეხება ფულად-საკრედიტო სისტემას, აქ დანაშაული 13,6%-ით გაიზარდა. 2016 წელს რეგისტრირებული გახლდათ 511 დანაშაული, 2017 წელს კი _ 581. თუმცა გაზრდილია საქმის გახსნის მაჩვენებელი. მაშინ, როცა 2016 წელს იგი 19,5% იყო, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 26,1%-ს გაუტოლდა.

რა გახდა ეკონომიკური დანაშაულის ზრდის მთავარი მიზეზი და გაიზარდა თუ არა მიმართვიანობა იურიდიულ ფირმებთან ამ მიმართულებით, „ქრონიკა+“ სფეროს წარმომადგენლებს ესაუბრა:
ქეთევან ქავთარაძე _ იურიდიული კომპანია OK & CG-ის ადვოკატი:
_ გასულ წელს განსაკუთრებით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კონკრეტულ კომპანიებს თაღლითობის, ან მოტყუების გამო უჩიოდნენ. ძალიან დიდია იმ ადამიანების ოდენობა, რომლებიც ფინანსური პირამიდით დაზარალდნენ და ამ მიზეზით აკითხავენ იურიდიულ ფირმას. განგიმარტავთ ეკონომიკური დანაშაულის მნიშვნელობასაც:
ეკონომიკური დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი თავით გათვალისწინებული ქმედება და მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვითაც ყველაზე მეტი დანაშაული, სწორედ, ამ ნაწილს ეძღვნება. ესენი ისეთი დანაშაულებია, რომლებიც მიმართულია ქონებრივი სარგებლის მიღებასთან. ეკონომიკური კუთხით ყველაზე გავრცელებულია თაღლითობა, ქურდობა, ძარცვა, სხვისი ნივთის დაზიანება, ამ ყველაფრიდან რაიმე სარგებლის მიღება, თუმცა ვიტყოდი, რომ თაღლითობაზე ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მოდის და მომართვიანობაც უფრო ხშირია.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეკონომიკური დანაშაულია ყაჩაღობა და სასჯელიც, შესაბამისად, მძიმე აქვს, ხოლო ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულის შესაბამის მუხლს თავისი დამამძიმებელი გარემოებები ახლავს, რომლებიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სასჯელზე.
დღეის მდგომარეობით, ძალიან ბევრი მიმდინარე საქმეა, რომელიც საკმაოდ მსხვილ თანხებს უკავშირდება. მარტივად რომ ავხსნა, თაღლითობა ისეთი დანაშაულია, რომელიც შინაარსობრივად ვიღაცის ნივთის, ან ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, მისაკუთრებას მოიცავს. ნებისმიერ ქმედებაში, რომელშიც ხედავთ, რომ ვიღაცამ სარგებელი მიიღო თავისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, უკვე თაღლითობის ნიშნები იკვეთება. საგამოძიებო ორგანოები ხშირად აკვალიფიცირებენ მსგავს ქმედებებს, გამოძიებას იწყებენ თაღლითობის მუხლით, თუმცა საგამოძიებო ორგანოების ერთ-ერთი სუსტი მხარე ის არის, რომ შეიძლება კვალიფიკაციაში ასცდნენ, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში ეკონომიკური დანაშაულების თავში, არაერთი დანაშაული არსებობს მსგავსი სახის დეფინიციით, რომელიც ერთმანეთისგან იმიჯნება. მაგალითად, ეს არის სხვისი ნივთის მითვისება, გაფლანგვა, მოტყუება და ა. შ. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს უფრო მეტად ევალება, რომ არსებული საკითხი გამოიკვლიოს და კვალიფიკაციის მინიჭებისას სწორად მიიღოს გადაწყვეტილება. არსებითი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის დაკვალიფიცირებას.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ეკონომიკური დანაშაული ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ იგი, მხოლოდ და მხოლოდ, ფულთანაა დაკავშირებული, რადგან ასეთ დანაშაულად მიიჩნევა, ასევე, ლიცენზიის გარეშე საქმის წარმოება, ან საავტორო უფლების მითვისება _ ესენიც ეკონომიკური დანაშაულებია და მათ ერთი გარემოება აერთიანებს _ ქონებრივი სარგებლის მიღება.
რაც შეეხება ფინანსური პირამიდით დაზარალებულების მომართვიანობას, მათი რაოდენობა ძალიან ბევრია, ფაქტობრივად, ამოუწურავი. განსაკუთრებით ჭარბობს კომპანია Qnet-ით დაზარალებულთა რაოდენობა, ასევე, ონლაინ გაყიდვები, რაც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოველდღიურად ფიგურირებს, ეს მაშინ, როცა ინტერნეტის მეშვეობით ფიზიკური პირი თუ კომპანია გვთავაზობს საქონლის გამოწერას, ან შესყიდვას. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ხალხი ფულს იხდის საქონლის შესაძენად და უცებ აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანები, ვისაც თანხა გადაუხადეს, უბრალოდ, ქრებიან. ამ უკანასკნელი შემთხვევის ნაკლი ის არის, რომ თაღლითებისთვის გადახდილი თანხა მცირეა _ 20-30-50 ლარი, ამიტომ დაზარალებულები ხშირად თავს იკავებენ, რომ შესაბამის ორგანოს მიმართონ. ჯამურად კი არაერთ ქმედებაში შეიძლება იყოს თაღლითობის ნიშნები და კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირება, გამოძება კი შესაძლოა, საერთოდ, ფინანსური პოლიციის პრეროგატივა იყოს.
ზოგადად, ეს ყველაფერი ძალიან ვრცელი საკითხია და შესაბამისი რეაგირება სჭირდება.

გიორგი კეპულაძე _ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი და დირექტორი:
_ ზოგადად, ეკონომიკური დანაშაული ბევრნაირი შეიძლება იყოს, იგივე, გადასახადების დროულად ვერ ან არგადახდა, ან თაღლითობა. მიუხედავად იმისა, რომ პირამიდა ბიზნესის ჩამოშლა ბევრ ადამიანს აზარალებს, იგი აღირიცხება, როგორც ერთეული კრიმინალური შემთხვევა, ამიტომ საერთო სტატისტიკაზე დიდ გავლენას არ ახდენს.
ეს ეკონომიკური დანაშაულების მომრავლების პრობლემა, სამწუხაროდ, ჯერ ბოლომდე ვერ მოგვარდა, თუმცა, ახალი რეგულაციებიც შემოდის, რომლებიც უფრო მეტად დაიცავს მომხმარებლებს თაღლითებისგან. რაც შეეხება პირამიდა ბიზნესს, იგი შეიძლება ბევრ ადამიანს ეხებოდა, მაგრამ აღირიცხება, როგორც ერთეული კრიმინალური შემთხვევა და ბევრი არ იყო.
ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით, მახსენდება 2016 წელს კომპანია „საქართველო“ და MFIX Broker Georgia, შემდეგ „ევროკრედიტი“, რომელიც ბოლოს ჩამოიშალა. ამ კომპანიების გაკოტრების შედეგად პრობლემები შეექმნათ სხვა ტიპის, ე. წ. ქსელური მარკეტინგის საფარქვეშ მოქმედ პირამიდებს, ასევე, საქმიანობის შეჩერება მოუწიათ ძალიან ბევრ ე. წ. საბროკერო და კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებიც, რეალურად, თაღლითები იყვნენ.
იმედი მაქვს, რომ ახალი რეგულაციები არსებით გავლენას მოახდენს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით.

აკაკი ჩარგეიშვილი _ ბიზნესსამართლის სპეციალისტი:
_ აღნიშნული სტატისტიკა გასული წლების დაგროვილ საქმეებს უკავშირდება და იგი განსაკუთრებით საგანგაშო სურათს არ გვაძლევს.
გარკვეული პერიოდის წინათ ქვეყანაში გვქონდა მდგომარეობა, როცა დიდი პრეტენზიები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ არაფერს აკეთებდა და ყველაფერი გაჩერებული იყო. ეს, ძირითადად, უკავშირდებოდა სახელისუფლებო ურთიერთობებში საქმის არდაწყებას, ან მის არმიღებას.
ამის შემდეგ, გასულ წელს, წინასაარჩევნო პერიოდი მოგვიწია და როგორც წესი, ამას განვლილი ქართული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ნაკლებია აქტიურობა სამართალდამცველებისა, თუ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან საარჩევნო გარემოს, ან განწყობების არგაფუჭების მიზეზთა გამო. ახლა ყველაფერი დასრულებულია, წელს საპრეზიდენტო არჩევნებია, თუმცა იგი განწყობებისთვის ისეთ დიდ „საფრთხეს“ არ ქმნის, რომ ამ საქმეებთან მიმართებით წინ არ წავიდეთ. ამ ყველაფერთან შერწყმულია ყოველდღიური ქართული ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებსაც ფიზიკური პირები, ბიზნესმენები, სახელმწიფო სამსახურები ახორციელებენ. აქედან გამომდინარე, რახან ეს ურთიერთობები და საგადასახადო აქტივობები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მომენტია, რომ რაღაც დანაშაულების ნიშნები ქმედებებში, გარიგებებსა თუ სახელმწიფოსთან ურთიერთობებში ცხადია, არის. დრო, მოთხოვნა, გარემო, რიგით ურთიერთობებში ასეთი ტიპის საკითხებს აყენებს. ყველა ბიზნესი მომგებიანი არ არის, შესაბამისად, ყველა საგადასახადო შემოწმება, სამწუხაროდ, საუკეთესო მიზანს არ უკავშირდება და გარკვეული გამოვლინებები გვაქვს. აქედან გამომდინარე, ქვეყანას ყოველდღიურ დღის წესრიგში თავისი მიმდინარე საქმეებიც აქვს და წინა პერიოდის მიძინებული, შეჩერებული თუ გაჩერებული, ამიტომ მიმდინარე და ძველი პერიოდის თანხვედრა რწმენას გვიღვივებს, რომ მეტი აქტიურობაა ეკონომიკური დანაშაულების მიმართულებით.
მაგალითად, ჩვენთან, ახლახან, ორი საქმე შემოვიდა, სადაც 2009 წელსაა დაწყებული გამოძიება.
საბოლოო ჯამში, რაღაც კატასტროფული შედეგი არ გვაქვს. თუ 2016 წელს ეკონომიკური დანაშაულის გამოვლინება არ იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიება არ მიდიოდა, 2017 წელი საარჩევნო იყო და მაგიტომ გვქონდა ეგ სიტუაცია, ახლა უკვე 2018 წელია და როცა უნდა ყოფილიყო, ვთქვათ, ერთი გამოვლინება, მივიღეთ ორი, ხოლო რაც შეეხება გადასახადებისგან თავის არიდების მონაცემებს, იგი უნდა შემცირებულიყო, რადგან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ადრე 50 000 ლარის შემთხვევაში დგებოდა, ახლა კი მან 100 000 ლარამდე აიწია.
ჩემი აზრით, სწორედ ეს სიტუაცია გვაქვს ამ მონაცემებთან მიმართებით.

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ გაზრდილი ეკონომიკური დანაშაული შესაძლოა, შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან ნაკლები კონტროლის მექანიზმითაა გამოწვეული. აქედან გამომდინარე, ბიზნესსუბიექტები ადვილად ახერხებენ სხვადასხვა ტიპის არაკანონიერი გარიგებების განხორციელებას და არალეგალურ ურთიერთობებში შესვლას შესაბამისი სახელმწიფო სექტორების წარმომადგენლებთან, რომლებიც ნაკლებად ისჯება.
ამ რეგულაციების განხორციელება კი ეროვნული ბანკის გარდა იმ ორგანოებს ეხება, რომლებიც ზოგადად ერგება ნებართვებს, ლიცენზიებს, გადასახადების გადახდას, ისეთ საქმიანობას, სადაც ეს ეკონომიკური დანაშაული იკვეთება. რაც შეეხება ფინანსურ პირამიდებს, ფაქტია, რომ, თავისთავად, ფინანსური პირამიდის არსებობა არ ნიშნავს ეკონომიკურ დანაშაულს და თვითონ ადამიანი უნდა დაფიქრდეს, საკუთარ ჯიბესთან ნებისმიერი სარისკო ქმედებისას.

საბოლოო ჯამში, მონაცემები გამოქვეყნებულია და გარკვეული რეგულაციები უკვე შემოღებული. დანაშაულების ჩადენას წინ ვერაფერი დაუდგება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ნებისმიერი საქმის წამოწყებისას ან კონტრაქტის გაფორმებისას კარგად გავეცნოთ პირობებს, რადგან ჩვენი სიმართლე თაღლითების მხარეს მაშინ დგას, როცა ისინი იმ კონტრაქტში ჩვენთვის საზიანო პირობებს დებენ, რომელსაც არც კი ვკითხულობთ!

ნინო ტაბაღუა