უუფლებო პრეზიდენტობისთვის ბრძოლა დაიწყო

საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყნის პრეზიდენტი ერთი უუფლებო ჩინოვნიკია, რომელსაც კანონზე ვეტოს დადების გარდა, არაფერი შეუძლია. ვეტოს დაძლევა კი ჩვენს ქვეყანაში იმდენად მარტივია, რომ პრეზიდენტის ხელში არსებული ეს ბერკეტიც კი არაფრისმაქნის სათამაშოს ჰგავს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტობა მაინც ბევრის ოცნებად რჩება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანი, რომელიც წელს პრეზიდენტის სავარძელში აღმოჩნდება, იქ ექვსი წელი ინებივრებს, ეს ოცნება კიდევ უფრო უმძაფრდებათ ამ თანამდებობის მსურველებს. ვიღას ადარდებს უუფლებობა, მთავარია, ექვსი წელი გარანტირებული სამსახური, თან უმაღლეს თანამდებობაზე: სტაბილური ხელფასი, მომსახურე პერსონალი, დაცვა, მანქანების ესკორტი და რაც მთავარია, ნული პასუხისმგებლობა. ნული იმიტომ, რომ ძალაუფლებაა ნული. და მიუხედავად ამისა, პრეზიდენტობაში მაინც არის რაღაც ისეთი, რომლის გამოც ეს თანამდებობა პოლიტიკურადაც მიმზიდველია.
პირველი ის, რომ ტრადიცია გვაქვს ქართველებს პრეზიდენტთან დაკავშირებით. ჯერ ბოლომდე არ გვაქვს გამჯდარი, რომ პრეზიდენტს არავინ არაფერს ეკითხება. ბევრისთვის მხოლოდ სიტყვა პრეზიდენტი ნიშნავს ძალაუფლებას. მართალია, ამ დატვირთვას ის ნელ-ნელა კარგავს, მაგრამ, ჯერ კიდევ, შენარჩუნებული პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და აქედან გამომდინარე, ამომრჩევლის მიერ მინიჭებული ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია თავისას მაინც შვრება. ნებისმიერი პოლიტიკოსის ამბიცია, იყოს ხალხის მიერ არჩეული და ლეგიტიმაციამინიჭებული თანამდებობის პირი, სრულიად გასაგებია.
მეორეა პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების დაუოკებელი სურვილი. პოლიტიკოსების ეს ამბიციაც სრულიად ლოგიკურია. მიუხედავად პრეზიდენტის შეზღუდული უფლებებისა, ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სწორედ მას შეუძლია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ყველაზე პოზიტიური ზემოქმედების მოხდენა. ამისთვის საჭიროა, მხოლოდ ჭკუა და მტკიცე პოლიტიკური ნება, რაც, რა თქმა უნდა, ყველას ჭარბი ოდენობით გვაქვს. ირონია იქით იყოს და ჭკუისა და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, უუფლებო პრეზიდენტსაც შეუძლია პოლიტიკური რყევების გამოწვევა.
ხალხისგან მიღებულ ლეგიტიმაციას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, თუ სწორი მიმართულებით გამოიყენებ. ეს ლეგიტიმაცია მის მფლობელს, მიუხედავად შეზღუდული უფლებებისა, ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ სუბიექტად ყველა შემთხვევაში აქცევს. პრეზიდენტის ძალაუფლების იარაღს კი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ხალხოსნობა და ადამიანების ნდობით შექმნილი მისი იმიჯი. როგორი უუფლებოც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, თუ მას ერი ენდობა და ხალხი რეალურად მხარს უჭერს, მის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან გაუჭირდება მთავრობასაც და საპარლამენტო უმრავლესობასაც. სახალხო პრეზიდენტის ინიციატივების გაუთვალისწინებლობა, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტსა და მთავრობას დაუჯდება ძვირად და არა პრეზიდენტს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ დაბალ რეიტინგსა და მხარდაჭერას, რომელიც დღევანდელ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს აქვთ.
ხალხის ნდობითა და ლეგიტიმაციით შეიარაღებულ პრეზიდენტს, ასეთი სუსტი და არაპოპულარული ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის წამოწყებაც შეუძლია. მის გარშემო ჩამოყალიბებულმა პოლიტიკურმა გუნდმა, თუ ასეთი იარსებებს, შესაძლოა, არსებული ხელისუფლებაც მარტივად ჩაანაცვლოს, რადგან პრეზიდენტის სახალხო მხარდაჭერა მის გუნდზეც ანალოგიურად გავრცელდება. ასეთ შემთხვევაში კი პრეზიდენტისთვის უფლებების დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია. ბუნებრივია, რომ პრეზიდენტის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას წინ არაფერი დაუდგება.
ის, რომ პრეზიდენტის დღევანდელი უფლებრივი მდგომარეობა მის არჩევითობასა და ხალხის მიერ მინიჭებულ მაღალ ლეგიტიმაციას არ შეეფერება, ყველასთვის ნათელია. არალოგიკურია, მთელი ერი ირჩევდეს ქვეყნის პირველ პირს, მას კი თავისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე არანაირი მოქმედების განხორციელება არ შეეძლოს. ეგ კი არა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატს არანაირი კონკრეტული დაპირების გაცემა არ შეუძლია, რადგან ამ დაპირების შესრულებას ის, უბრალოდ, ვერ შეძლებს.
არსებული მოდელი ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია. თუ პრეზიდენტს პირდაპირი წესით ვირჩევთ, მაშინ მას ამომჩევლისთვის დაპირების მიცემის უფლებაც უნდა მივცეთ და ამ დაპირების შესრულების შესაძლებლობაც, მაგრამ თუ გვინდა, რომ უუფლებო პრეზიდენტი გვყავდეს, მაშინ არც მოსახლეობა უნდა შევიყვანოთ შეცდომაში და ფუჭი მოლოდინები გავუჩინოთ და არც პრეზიდენტს ავკიდოთ ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაციის ტვირთი. კითხვას, _ როგორი პრეზიდენტი გვინდა, პირდაპირი წესით თუ პარლამენტის მიერ არჩეული? ქართველმა ერმა არაერთხელ უპასუხა. გასული წლის განმავლობაში ჩატარებულმა აბსოლუტურად ყველა, ადგილობრივმა თუ საერთაშორისო გამოკითხვამ, აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს სურს, პრეზიდენტი ირჩეოდეს პირდაპირი წესით და ასევე სურს, რომ მის ამ უფლებას არავინ შეეხოს. და რახან მოსახლეობას ასე სურს, ე. ი. უახლოეს მომავალში პრეზიდენტის უფლებების გაფართოებაზე უნდა დავფიქრდეთ და არა შეზღუდვაზე.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას უჭერს მხარს და მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ერთი-ორი პატარა პარტიაა დაინტერესებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევით.
ასე რომ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური განწყობების გათვალისწინებით, მაღალი ნდობის მქონე პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება უმარტივესი იქნება. არ გაჭირდება, ასევე, მისთვის გარკვეული უფლებების აღდგენაც, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება. თუ პრეზიდენტს, მინიმუმ, ეს უფლება მაინც დაუბრუნდება, მას წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაპირებების გაცემაც კი შეეძლება, ხოლო არჩევის შემდეგ თავისი დაპირებების ამსახველი საკანონმდებლო ინიციატივების ინიცირება პარლამენტში. შემდეგ უკვე ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, ვინ უკეთესია, _ პრეზიდენტი თავისი საკანონმდებლო ინიციატივებით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ამ ინიციატივებს ჩააგდებს?
თუმცა სანამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გავეცნობით და გავიგებთ, პრეზიდენტი ისევ სხვისი ხათრით გვყავს არჩეული თუ მისი დამსახურებით, წინასაარჩევნო კამპანიას დავუბრუნდეთ, რომელიც, შეიძლება ითქვას, უკვე დაიწყო, თან ხმაურიანი ინტრიგით, _ დააყენებს თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარ თავს ბიძინა ივანიშვილი? ჯერჯერობით, რთული სათქმელია, ასეთი შესაძლებლობა ვის მოუვიდა თავში, _ თავად ივანიშვილს, თუ ვინმე სხვას? მაგრამ საარჩევნო კამპანიის დასაწყებად ეს ინფორმაცია შესანიშნავ ინტრიგად იქცა.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის გაპრეზიდენტება ოპოზიციამ უფრო უარყო, ვიდრე ხელისუფლებამ. ეს კი იმის ეჭვს აჩენს, რომ ეს ინტრიგა საზოგადოებას თავად „ოცნებამ“ და, შესაბამისად, ივანიშვილმა შეუგდო. საერთოდ, ჩვენს ხელისუფლებას სჩვევია კბილის ასეთი მოსინჯვები საზოგადოებისთვის: გაავრცელებენ თავიანთი კონტროლირებადი მედიასაშუალებებით ინფორმაციას და შემდეგ აკვირდებიან, რას იტყვის ამაზე ხალხი? მაგალითისთვის, ერთი თვის წინათ მთავრობის სხდომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საბავშვო ბაღები ფასიანი გახდეს. იმ დღის მერე არც მთავრობაში, არც პარლამენტში ამ თემაზე ხმა არავის ამოუღია. ხელისუფლება საზოგადოების რეაქციას ელოდება. გადაყლაპავს მოსახლეობა ამ შემოლაწუნებას? მაშინ საბავშვო ბაღები სექტემბრიდან ისევ ფასიანი გახდება. არ გადაყლაპავს, გააპროტესტებს? _ ისევ უფასო დარჩება და ასე. როცა საქმე საპრეზიდენტო კანდიდატებს ეხება, ასეთი ტესტირებები პოლიტიკური პარტიებისთვის კიდევ უფრო აქტუალურია.
იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის დაყენების აქტუალურობა დავინახოთ, უნდა დავაკვირდეთ, რა რესურსის მფლობელია დღეს სახელისუფლებო გუნდი, რომ კონკურენტუნარიანი კანდიდატი წარმოუდგინოს საზოგადოებას.
ფაქტია, რომ „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება ასეთი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება. ბოლო ასეთი რესურსებიანი კანდიდატი მათ ადგილობრივ არჩევნებზე გაისროლეს. სხვა მეოცნებეებთან შედარებით, კალაძეს მართლაც ყველაზე მეტი რესურსი ჰქონდა, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური, თუმცა ყველამ დავინახეთ, რა სამარცხვინო შედეგი დადო ივანიშვილის ოქროს ბიჭუნამ, _ 51.09%, და ისიც ტოტალური გაყალბების ხარჯზე, რომლის დამადასტურებელი ფაქტები ყველამ საკუთარი თვალით იხილა.
თბილისის მერის არჩევნებმა აჩვენა, რომ „ოცნების“ პოზიციები უკიდურესად მყიფეა. მყარი ელექტორატი, რომელსაც ის დაეყრდნობა, აღარ არსებობს. არჩევნების არათუ ობიექტურად, გაყალბებით მოგებაც კი სათუო ხდება. ასეთ დროს კი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს პიროვნული ფაქტორი, ანუ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც უნდა დაეყრდნოს პარტია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „ოცნებისთვის“ აღარ განმეორდება. ბიძინა ივანიშვილის ხათრით ჰალსტუხიან მანეკენს აღარავინ აირჩევს პრეზიდენტად. ასე რომ, ხელისუფლება, წესითა და რიგით, უკვე სერიოზულ სამძებრო სამუშაოებში უნდა იყოს ჩაფლული.
მთელი გასული წელი „ქართული ოცნება“ პრემიერ კვირიკაშვილის კანდიდატურას ტესტავდა. ერთი შეხედვით, უკეთესის მოძებნა შეუძლებელიც იყო: წყნარი, მშვიდი, სანდომიანი და ინტელიგენტი კვირიკაშვილი ყველაზე რეალისტურ კანდიდატად განიხილებოდა. თუმცა დეკემბერში, პარლამენტში ატეხილი დედის გინების შემდეგ, პრემიერის გაპრეზიდენტებაზე, ყოველ შემთხვევაში, აქტიური საუბარი შეწყდა. ცოტა ხნის წინათ თავად კვირიკაშვილმა დაუსვა წერტილი მისი კანდიდატურის ირგვლივ მითქმა-მოთქმებს. პრემიერმა კატეგორიულად გამორიცხა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.
დღეს კი უფრო მეტი რამ ხდება ცნობილი: სარწმუნო ინფორმაცია მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს. უკიდურეს ვადად თებერვლის ბოლო სახელდება, თუმცა გამორიცხული არ არის, ესოდენ მნიშვნელოვანი ცვლილება უახლოეს დღეებშიც განხორციელდეს. სად გააგრძელებს კვირიკაშვილი მოღვაწეობას, უცნობია, ისევე როგორც უცნობია, თუ ვინ დაიკავებს მის თანამდებობას? ყველაზე აქტიურად მაინც გახარიას გვარი ფიგურირებს. თუ თვალს გადავავლებთ ბოლო პერიოდში მის დაჩქარებულ კარიერულ ზესვლას, ეკონომიკის მინისტრობიდან შინაგან საქმეთა მისტრობამდე, გამორიცხული არ არის, რომ შემდეგი საფეხური პრემიერის სავარძელი იყოს. რაც შეეხება კვირიკაშვილს, იქნება თუ არა ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ამას დადასტურებულად მხოლოდ მაშინ შევიტყობთ, როცა გავიგებთ, სად ვიხილავთ მას პრემიერობის შემდეგ.
კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც „ოცნება“ აშკარად ტესტავს, დავით სერგეენკოა. ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც ყველა მთავრობის წევრზე უკეთესად მოახერხა, პოლიტიკური თემებით არ გასვრილიყო, აშკარად გამოირჩევა დანარჩენი ნაცრისფერი მასისგან, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მისი პოლიტიკური თემებისგან დისტანცირება ყველაზე კარგი არგუმენტი იყოს მისი პრეზიდენტობისთვის. სერგეენკო აშკარად ერიდება საჯაროობას. მისი როლი ნამდვილად არაა აქტიური პოლიტიკა, შესაბამისად, საზოგადოებისგან დამალული პოლიტიკოსი, ნაკლებ სავარუდოა, რომ საზოგადოების დიდი მხარდაჭერით სარგებლობდეს. მით უმეტეს, რომ სერგეენკოს არც 7 მილიარდი აქვს და არც დენდროლოგიური პარკი, რომელიც მას ასწლოვანი ენერგიით აავსებს.
კიდევ ერთი საინტერესო სახელი და გვარი, რომლის დატესტვასაც „ოცნება“ ეს-ეს არის იწყებს, ზურაბ აბაშიძეა, _ გამოცდილი დიპლომატი, რომლის მრავალწლიანი კარიერა რაიმე სერიოზული რყევების გარეშე წარიმართა. თუმცა აქაც ისმის მთავარი კითხვა, _ რამდენად შეძლებს აბაშიძე თავისი ცნობადობით, დიპლომატობითა და აპოლიტიკურობით „ქართული ოცნებისთვის“ ლოკომოტივის როლის შესრულებას?
მოკლედ, ტესტერები კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილზე უკეთეს კანდიდატურას „ქართული ოცნება“ ვერსად მიაგნებს. მხოლოდ მილიარდერი ივანიშვილის კანდიდატობის შემთხვევაში შეეძლებათ ხელისუფლებაში მშვიდად ძილი. ამიტომაცაა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დაყენება ხელისუფლებისთვის ასე მნიშვნელოვანი და სასურველი. ამიტომაცაა, რომ „ოცნების“ სულ უფრო და უფრო მეტი წარმომადგენელი ღიად საუბრობს ივანიშვილის კანდიდატურის აუცილებლობაზე. ამიტომაცაა, რომ ივანიშვილის კარის ექსპერტებიც კი აღარ მალავენ, რომ „ოცნების“ გადარჩენა მხოლოდ ივანიშვილის გაპრეზიდენტებაშია. აი, რამდენიმე ამონარიდი მეოცნებეების ღაღადიდან ბატონი ბიძინას მიმართ, გახდეს პრეზიდენტი:
ლევან ბოძაშვილი _ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე: „ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ _ ბიძინა ივანიშვილი. არსებული რეალობიდან მხოლოდ მას შეუძლია პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების სწორად, ეფექტიანად და, რაც მთავარია, დამოუკიდებლად გამოყენება“.
თქვენ ფიქრობთ, რომ ბოძაშვილს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქებათა ქება ამოძრავებს? ნურას უკაცრავად, მისი შორსმჭვრეტელური გეგმები არათუ მომავალ 2020 წლის არჩევნებს, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც კი უკავშირდება. როგორც ჩანს, „ოცნებაში“ მართლა 2030 წლამდე აპირებენ ხელისუფლებაში ყოფნას _ ყოველივე ეს ბოძაშვილს ასე წარმოუდგენია:
„იმდენად, რამდენადაც მომდევნო პრეზიდენტი აირჩევა 6 წლით, ივანიშვილის პრეზიდენტობა პრაქტიკული გარანტია იქნება „ქართული ოცნებისთვის“, უმრავლესობაში დარჩეს 2024 წლის არჩევნებზეც, იმის მიუხედავად, რომ ამ დროისთვის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება“.
ივანიშვილის გაპრეზიდენტებას ღიად ლობირებს, ასევე, კულუარული მმართველის კარის ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე:
„ივანიშვილის პრეზიდენტობა ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი უნდა იყოს მორალური ავტორიტეტი და ნაკლებად პოლიტიკოსი, პოლიტიკური ძალის მატარებელი. მორალური, მე ვიტყოდი, ფსიქოლოგიური ავტორიტეტი, ივანიშვილი ნამდვილად არის. ასეთი ფიგურის ყოფნა პრეზიდენტის სავარძელში ნამდვილად საშურია ქვეყნისთვის“.
ალბათ, აღარაა საჭირო პარლამენტის თავმჯდომარის, თავდაცვის მინისტრისა და სხვათა დითირამბების მოშველიება იმისთვის, რომ დავინახოთ, პოლიტიკურ კრიზისში მყოფ „ოცნებაში“ ივანიშვილის კანდიდატურაზე სერიოზულად ოცნებობენ. თუმცა მთავარი მაინც ისაა, რამდენად ემთხვევა მეოცნებეების ოცნებები თავად ივანიშვილის სურვილებს და ინტერესებს?!
რა შემთხვევაში ენდომება ივანიშვილს პრეზიდენტობა? _ პიველ რიგში, ალბათ, იმ შემთხვევაში, თუ მას დამატებითი დაცვის გარანტიები დასჭირდება… სჭრდება კი მას ასეთი გარანტიები? _ ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ივანიშვილის თავზე სულ უფრო და უფრო მეტი შავი ღრუბელი იკრიბება. ძალიან სერიოზული ბრალდებები ისმის ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკის კონგრესში, კერძოდ კი ამერიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა ივანიშვილი დაადანაშაულა იარაღით ვაჭრობაში, პუტინის გავლენის ქვეშ ყოფნაში. ყოველივე ამის გამო მან ივანიშვილის ანგარიშების გაყინვა და მისი აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს შავ სიაში შეყვანა მოითხოვა.
გარდა ამისა, ჯერ არ დაუკარგავს აქტუალობა და ღმერთმა უწყის, როდის ამოტივტივდება ახალი ძალით „ანგოლა გეთსის“ საქმე და იარაღით ვაჭრობის ბრალდება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კულუარული მმართველი თავის მილიარდებს იარაღის უკანონო ვაჭრობით შოულობდა. არ ასვენებს ოლიგარქს მისი პირველი მეუღლეც. ინგა პავლოვა ივანიშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს და სასამართლოს მეშვეობით, მისი დიდძალი ქონებიდან, დიდძალი ნაწილის ჩამოჭრით იმუქრება. მოკლედ, ბრალდებები, სარჩელები და მუქარა ბიძინა ივანიშვილს არ აკლია. რომელიმე მათგანი თუ გაუმიზეზდა, ნამდვილად არაა გამორიცხული, მას დაცვის დამატებითი მექანიზმები დასჭირდეს. ასეთ დროს კი პრეზიდენტის იმუნიტეტზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? პოლიტიკური ჯავშანჟილეტი საუკეთესო დაცვა იქნება, თან მთელი ექვსი წლით.
გარდა ამისა, ივანიშვილი დღეს საქართველოში, ალბათ, ერთადერთი ადამიანია, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში ამ თანამდებობის უფუნქციობა, მხოლოდ და მხოლოდ, გაახარებს. უუფლებობა პასუხისმგებლობის არარსებობას ნიშნავს, ეს კი იდეალური იმ ადამიანისთვისაა, რომელსაც ისედაც სრული ძალაუფლება აქვს, ოღონდ არაფორმალურად, პასუხისმგებლობა კი არაფერზე ეკისრება, მორალურ-პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარდა, რა თქმა უნდა.
მაშ, ასე! _ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ბატალიები, ჯერ კიდევ, წინ გვაქვს. „ქართული ოცნება“ ელექტორალურ კრიზისშია, თუმცა არანაკლებ კრიზისშია ოპოზიციაც. მას ერთადერთი შანსი აქვს, _ აჯობოს მმართველ პარტიას, თუ შეძლებს ერთიანი კანდიდატის გარშემო გაერთიანებას. საპრეზიდენტო არჩევნებზე ამის გაკეთება გაცილებით იოლია, ვიდრე საპარლამენტო, ან ადგილობრივ არჩევნებზე, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებზე არ არსებობს პარტიული სიები, რომელზედაც შეუძლებელია შეთანხმება. არჩევნების შემდეგ პარტიები არ ხდებიან კვალიფიციური სუბიექტები და არ ენიშნებათ დაფინანსება, რომლის გაყოფაც ასევე შეუძლებელს ხდის ხოლმე შეთანხმებას.
ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

დემნა ვეშაპიძე