უცნობი საქართველოს ქრონიკა: 1917 წლის იანვარი

წარმოიდგინეთ, რომ, უეცრად, ასი წლით უკან გადაიწიეთ და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში აღმოჩნდით. საკუთარი თვალით ხედავთ იმდროინდელ ტფილისსა და ბათუმს, ქუთაისსა და თელავს, ზუგდიდსა და გორს. დადიხართ ქუჩებში _ იგებთ, თუ როგორ ცხოვრობენ მოქალაქეები; ეცნობით მათ ყოფას; ცოცხლად ისმენთ პაოლოს ლექსებს; ხელით ეხებით სუდეიკინის მიერ მოხატულ „ქიმერიონის“ კედლებს; გესმით მეიდანზე გაშლილი ბაზრის ხმაური; ესწრებით დამფუძნებელი კრების სხდომებს; ხდებით დამოუკიდებლობის გამოცხადების მოწმე; ქართველ მებრძოლებთან ერთად გრძნობთ სანგრის სიცივეს.

ამისთვის აუცილებელი არ არის, დროის მანქანა გქონდეთ. საკმარისია, საუკუნის წინათ დაბეჭდილი გაზეთების გაყვითლებულ ფურცლებს შეეხოთ და თქვენ წინაშე მთელი სიცხადით გადაიშლება ჩვენი ქვეყნის ისტორია. გაზეთებში ყველაფერს ნახავთ: გაიგებთ, თუ როგორ იცვლებოდა ყოფა, როგორ უარესდებოდა სოციალური ფონი, როგორ იწევდა ფასები, როგორ მოედო ქვეყანას შავი სახადის ეპიდემია, როგორ დაინგრა მიწისძვრისგან გორი, როგორ მოკლეს ტფილისში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი.
ჩვენ შევეცდებით, მეგზურობა გავწიოთ და გაცრეცილი ფურცლების მეშვეობით მოგითხროთ, თუ რა ხდებოდა საქართველოში 1917 წლის იანვრიდან 1921 წლის მარტამდე. ძირითადი წყარო ყოველდღიური გაზეთი „საქართველოა“, _ გამოცემა, რომელიც ყველაზე სრულყოფილად მოიცავს ჩვენთვის საინტერესო პერიოდს. ერთი წლის განმავლობაში, ყოველ ნომერში, ქრონოლოგიურად მოგაწვდით ერთი თვის შეკრებილ ამბებს, სადაც თავმოყრილი იქნება ასი წლის წინანდელი საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, კრიმინალური ცნობები. ნებისმიერი მოვლენა, რომელიც მაშინდელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
მაშ, ასე! მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით და 1917 წლის იანვრით დავიწყოთ.

1917 წლის იანვარი

მიმდინარეობს პირველი მსოფლიო ომი, რომელიც 1914 წლის ზაფხულში დაიწყო. კაცობრიობა ორ დაპირისპირებულ ბანაკად არის გაყოფილი. ერთ მხარეს ანტანტის ქვეყნებია გაერთიანებული, სადაც წამყვან როლს ასრულებენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. მათ ოთხთა კავშირი უპირისპირდება, რომელშიც გერმანიის, ავსტრო-უნგრეთის, ოსმალეთის იმპერიები და ბულგარეთის სამეფო გაერთიანდნენ. მასშტაბურ სამხედრო შეტაკებებს დასასრული არ უჩანს.
საქართველოს ჯერ არ მოუპოვებია დამოუკიდებლობა. ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილია და სხვებთან ერთად ბრძოლის ველზე ქართველი მეომრებიც იმყოფებიან. ჩვენი საზღვრების სიახლოვეს კავკასიის ფრონტი გადის, სადაც ერთმანეთს ებრძვიან რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიები.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ წარმოებდა, საქართველო მთელი სიცხადით გრძნობდა ომის სიმძიმეს.
გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 12 იანვარი: „დღეს ჩვენი ერის მამრობითი სქესის საუკეთესო ნაწილი ყველა ბრძოლის ველზეა. ზოგი მათგანი სიკვდილს ემსხვერპლა, ზოგი კიდევ თავის ჯერს ელოდება. შინ დარჩენილი, ომისთვინ უვარგისი მამაკაცობა, აგრეთვე ისიც, ვინც საბოლოო სამხედრო წლოვანების საზღვარს გადასცილებია, სამუშაოს საძებნელად რუსის ჯარს უკან მიჰყოლია და ოსმალეთ-სპარსეთის შორეულ მხარეებში მძიმე ჯაფას ეწევა ხშირად აუტანელ პირობებში. შრომის გასამრჯელო თავის გამოკვებას უნდება და ქალებისა და ბავშვების ამარა დარჩენილ უმწეო ოჯახებს ვერაფერს ჰშველიან…
დღეს ომის გამო ეს ცოცხალი ძალა ქვეყანას თითქმის სავსებით დაეკარგა. ქვეყნის სამეურნეო წარმოება და შემოქმედება შესწყდა… ამას ის გარემოება მიუმატეთ, რომ რეკვიზიციამ აუარებელი საქონელი ჩამოართვა ქართველ ხალხს; ისიც გავიხსენოთ, რომ რაც რეკვიზიციამ დააკლო, ამას საქონლის ჭირმა მოუთავა და მაშინ დავინახავთ, თუ ჩვენი ქვეყანა რა განსაცდელის პირას არის წარმდგარი. საშინელია და ტრაღიკული, როდესაც ცეცხლი და მახვილი გაანადგურებს სამშობლო კერას. საგლოველია, როდესაც თოფის ტყვია და ზარბაზანი ათასობით გიხოცავს თანამემამულეთ, მაგრამ ყველაზედ უფრო ტრაღიკული და საზარელი ისაა, როდესაც ქვეყანას, დიდსა და ბალღსა, ქალსა და კაცსა სიმშილი გაგიწყვეტს…“
ქვეყანა მამაკაცებისგან დაიცალა. ფრონტზე ასობით ათასი ქართველი გაიწვიეს, რის გამოც ყოველდღიურობის მთელი სიმძიმე ქალებსა და ბავშვებს დააწვათ. სოფლები დაცარიელდა. როგორც საგაზეთო პუბლიკაციებიდან ირკვევა, საქართველო შიმშილის ზღვარზე იმყოფებოდა და გამოუვალი მდგომარეობის გამო ზოგიერთი გაჭირვებული თავსაც კი იკლავდა.
გაზეთ „საქართველოს“ 3 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია ერთ-ერთი სოფლიდან მიღებული წერილი, სადაც ვინმე ნიკოლოზი მეგობარს თავის წუხილს უზიარებს: „ბატონო პეტრე! გეფიცებით ღმერთს და მაცხოვარს, რომ რაც უნდა მოვინდომო, ამ წერილის მეათასედშიც ვერ გადმოვცემ იმ აუტანელ მდგომარეობას, რის შემყურე და მოწმეც გახლავართ და ამიტომ ძლიერ პატივს მცემ, თუ ამ წერილს გადაჭარბებულათ არ დაინახავ. განკითხვის დღე დადგაო, რომ იტყვიან, სწორედ ეს არის. გაჩვენათ ჩვენი სოფელი და დარწმუნდებით, რომ ჩვენში მტერზე უფრო ძლიერი და უფრო მეტად ულმობელი მტერი – სიმშილი მძვინვარებს და მუსრს ავლებს ყველას განურჩევლად… ხალხი პირდაპირ საგონებელში ჩავარდა და თავის სიკვდილი ისე გახშირდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ხუთმა დედაკაცმა ჩამოიხრჩო თავი, ამათში სამი ორსულათ იყვნენ საწყლები. ამ ამბავს თუ გნებავთ მამასახლისს და მღვდელსაც დავამოწმებინებ და გამოგიგზავნი…“
საყოველთაო მობილიზაციამ, შიმშილის გარდა, კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი გამოიღო – ქალებისა და ბავშვების ამარა დარჩენილ მაღალმთიან რაიონებში გახშირდა ქისტების თავდასხმა, რომლებიც პირწმინდად ძარცვავდნენ დაუცველ ქართულ სოფლებს. განსაკუთრებით ფშავ-ხევსურეთი ზარალდებოდა, სადაც ყაჩაღური დარბევები ადრე გაზაფხულზე იწყებოდა და გვიან შემოდგომამდე არ წყდებოდა.
გაზეთი „საქართველო“ 8 იანვარი: „ადვილი შესაძლებელია, მაღალმა საგუბერნიო ადმინისტრაციამ არც კი იცოდეს, რომ ფშაველები დიდი ხანია, ბრძოლის ველზე სულსა ლევენ. დადგება თუ არა მარტი, ქისტები ჩვეულებრივად იწყებენ თარეშს ფშავეთში, მით უმეტეს, იგეთ დროს, როგორიც ეხლაა, როცა ოჯახში აღარავინაა. ესეთი მაგალითები პირველი ხომ არაა? 1916 წელში მარტო შუაფხოს საზოგადოებას ქისტებმა და ყაჩაღებმა 20 ათასი მანეთის ზარალი მიაყენეს. ეს ცნობები თიანეთის პოლიციას ხელში უჭირავს და ნეტავ, რას ელის? საჭიროა სამოც-სამოცი კაცი დააყენოს უკანაფშავისა და შათუხის მთებზე, აგრეთვე ათ-ათი კაცი ორწყალსა და მაღაროს კარში, რომ ის აღარ განმეორდეს, რაც წელს მოხდა“.
ხანგრძლივი და მძიმე ომის გამო ქვეყანა თანდათან გაღარიბდა და უბრალო მოქალაქისთვის ცხოვრება სულ უფრო ძვირი გახდა. აღარ იშოვებოდა თეთრი პური, დეფიციტი შეიქმნა პირველადი მოთხოვნილების ზოგიერთ საქონელზე. 8 იანვრის ნომერში დაბეჭდილია მოკლე ინფორმაცია თელავიდან, რომლის მიხედვითაც, ქალაქში თითქმის ყველა პურის დუქანი დაიკეტა და პური აღარსად ცხვებოდა.
როგორ იმატებდა ფასები, ეს ნახშირის მაგალითზე ჩანს, რომელიც მაშინ საქართველოში გათბობის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იყო. თუ ადრე ერთი ტომარა ნახშირი 25 კაპიკი ღირდა, 1917 წლის დამდეგისთვის მისი ფასი უკვე 2-2,5 მანეთს შეადგენდა.
გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 13 იანვარი. მოცემულია ძირითად პროდუქტებზე და სამომხმარებლო საგნებზე არსებული ფასები:
„მსოფლიო ომმა შთანთქა აუარებელი ქონება, გააუბარაქოვა სანოვაგე, შეამცირა სამეურნეო წარმოება და პირველ მოთხოვნილებათა საგნებზე უზომოდ ასწია მაზანდა… ჩვენს ქვეყანაში რა ცეცხლის კიდებაც არის ყველაფრისა, ყველას საკუთარი გამოცდილებით მოეხსენება. თბილისის ბაზარზე, მაგალითად, დღეს ხრილის პური 8 კაპიკი ღირს, ღორის ხორცი 1-1,2 მანეთი; ძროხისა 1 მან; კარაქი სულ დაბალი ხარისხისა _ 2 მან, ყველი თუშური 1 მან; ნავთი 3 კაპ; შეშა საჟენი 12-14 თუმანი, შაქარი 23-27 კაპ; და სხვა. ქათამი 3-6 მან; ინდაური 8-15 მან. ჩარჩების ხელში ჩავარდნილი მსყიდველი ხომ საცოდაობაშია. ამბობენ, შაქარს კერძოდ 2 მანეთადაც კი ჰყიდიან გირვანქასო. ფეხსაცმელი 30-90 მანეთია, ჩექმები 90-150 მან. ხარაზული ჩუსტები 6-8 მან; სარეცხის საპონი _ 70 კაპ; ფართლეულობას ხომ ნუღარ მოვიხსენიებთ. საშუალო ვარაუდით, ჩვენში სანოვაგე ერთი ხუთად და ბევრი ერთი ათადაც გაძვირებულია“.
გაძვირებული ცხოვრების გამო უკმაყოფილება იზრდება მოსახლეობაში. გაზეთის იანვრის ნომრები სავსეა ხელფასის მომატების მოთხოვნებით. ტრამვაის მოსამსახურეებმა ქალაქის გამგეობას ჯამაგირის გაზრდა სთხოვეს, მაგრამ ისინი უარით გაისტუმრეს. ინფლაციის გამო მეპურეები ხელისუფლებას ნიხრის გადიდებას სთხოვენ. ხელფასის მომატების მოთხოვნით გაფიცვა გამოაცხადეს სტამბის ასოთამწყობებმა და მბეჭდავებმა.
1917 წლის 12 იანვარი: „ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურენი ჯამაგირების მომატებას თხოულობენ. თუ საქმე მათს სასარგებლოდ გადასწყდა, ეს მეოთხე მომატება იქნება და დასჭირდება 400 ათას მანეთამდე“.
ხელისუფლება ვითარების გამოსწორებას აკრძალვებით, სასურსათო ბარათების შემოღებითა და მყარი ფასების დაწესებით ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
28 იანვარი: „სხდომა ჰქონდა ქალაქის საბჭოს სასურსათო აღმასრულებელ კომისიას. ბ-ნმა კეილმა წინადადება მისცა კომისიას, გამოიტანოს დადგენილება, რომ აღიკრძალოს ამიერ კავკასიიდან ერბოსი და შვეიცარიულ ყველის გაზიდვაო. ბ-ნმა კაზაკოვმა ამას დასძინა, რომ კვერცხების გატანაც აღიკრძალოსო. შემდეგ კომისიამ შეიმუშავა პროექტი ნიხრისა. კრებამ გადასწყვიტა, დაათვალიერონ და რევიზია მოახდინონ ქალაქის სასურსათო დუქნებსა და ფურნეებში“.
სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კრიმინალის ზრდა გამოიწვია. გახშირდა ყაჩაღობისა და ქურდობის შემთხვევები. კახეთში თავს დაესხნენ ფოსტის კანტორას, სოფელ შილდაში მოიპარეს 35 სული მსხვილფეხა საქონელი. თელავში ღამე ისე არ გავიდოდა, რომ ოც ადგილას მაინც არ მომხდარიყო ქურდობა. ქვემო ქვიტკირში ბოროტმოქმედებმა ცეცხლი წაუკიდეს აკაკის სახელობის სამკითხველოს. დაიწვა როგორც შენობა, ისე მთელი ქონება სამკითხველოში.
13 იანვარი: „ზუგდიდიდან ახალსენაკში მიმავალ დილიჟანში მჯდომი მგზავრები გაძარცვეს. სიმონ შედანიას წაართვეს 510 მანეთი და სხვა ნივთები; სარდიონ მეუნარგიას ფულად 1000 მანეთი, ნაბადი, დამბაჩა, ძიქვა, ქამარი, ფეხსაცმელი, ვერცხლის საათი და ბეჭედი; გერასიმე ცანავას 500 მანეთი, სატევარი, ქამარი, ძიქვა, ოქროს საათი, ოთხი თამასუქი 600 მანეთისა, ორს სხვასაც 45 მანეთი“.
კრიმინალურ ფონს ამძიმებდა ფრონტიდან გამოქცეული უამრავი ჯარისკაციც, რომლებიც იარაღით ხელში თავს ესხმოდნენ სოფლებს, ართმევდნენ მოსახლეობას საქონელსა და ფრინველს, გზებზე აჩერებდნენ მგზავრებს. პოლიცია დეზერტირების დაჭერას ვერ აუდიოდა.
იანვრის გაზეთებში ასეთი ცნობები უხვად მოიძებნება: „პოლიციამ დაატუსაღა ყაჩაღად გავარდნილნი ჯარისკაცნი: კონსტანტინე რუსია, ბორის ისაგულოვი, ზაქარია დავიდოვი, გრიგოლ ტერ-აკსაკოვი, მიკირტიჩ ტოპრიცევი, არტავაზ ოგაჯანოვი, აბესალომ შიმშელაშვილი, ნოე ბოცვაძე და ვაგან პაპაკიანცი. ყველანი საკომენდანტოში წაიყვანეს“.
გაზეთ „საქართველოს“ 4 იანვრის ნომერში კი დეზერტირობასთან დაკავშირებით ერთი უცნაური ინფორმაციაც შეგვხვდა, რომელსაც შემდეგი სათაური აქვს: „მამის მიერ შვილის დაჭერა“: სოფელ ც-ში ახალწელიწად ღამეს ერთ-ერთ ქალაქის კომენდანტმა პოლკოვნიკმა გ. ფ-მა სტრაჟნიკების თანხლებით დააჭერინა თვისი შვილი, რომელიც იმალებოდა, როგორც გამოქცეული ჯარისკაცი“.
იმდროინდელ საქართველოში გადაადგილების ძირითად საშუალებას ფაეტონები, ეტლები და დილიჟანები წარმოადგენდნენ. ქალაქის ქუჩებში ავტომობილები იშვიათობა იყო და მას, ძირითადად, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები და სამხედროები იყენებდნენ. მიუხედავად ამისა, როგორც საგაზეთო ცნობებიდან ირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევები მაინც ხდებოდა. მაგალითად, 15 იანვარს სამხედრო ავტომობილმა პუშკინის ქუჩაზე უცნობი ჯარისკაცი გაიტანა. დაზარალებული საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ იგი გზაშივე გარდაცვლილა. როგორც ჩანს, პუშკინის ქუჩაზე მეტად ინტესიური მოძრაობა იყო, რადგან 25 იანვარს იქ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა: „შოფერი ალექსანდრე ტეტროევი ავტომობილს მიაქროლებდა და დაეჯახა 12 წლის ბავშვს, მიხაილ ამირბეკოვს. ბავშვი საგრძნობლად დაშავდა და მიხეილის საავათმყოფოში წაიყვანეს“.
1917 წლის იანვარში საქართველოში ქოლერის, იგივე შავი სახადის გავრცელება დაიწყო. გადამდები სენი კავკასიის ფრონტიდან ევაკუირებულ ჯარისკაცს აღმოაჩნდა, რომელიც თბილისში სანიტარიული მატარებლით ჩამოიყვანეს. ავადმყოფი ქალაქის #40 ლაზარეთში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ჩანს, ქოლერა საქართველოში ამ შემთხვევამდეც იყო. სასიკვდილო დაავადებას, ძირითადად, დევნილები და ფრონტზე მყოფი ჯარისკაცები ავრცელებდნენ. 19 იანვრის გაზეთი იუწყება, რომ სიღნაღში შავი სახადით ათზე მეტი ადამიანი დაავადდა. ავადმყოფთა რიცხვი მატულობდა თბილისშიც. შავი სახადის გარდა ხშირი იყო საოფლის შემთხვევებიც. რა დაავადებას ეძახდნენ მაშინ საოფლეს, გაუგებარია, მაგრამ ფაქტია, რომ იგი ადამიანებისთვის სიკვდილის მომტანი იყო.
გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 26 იანვარი: „ეს სამი კვირაა, რაც სიღნაღში სახადის გარდა, რომლითაც ბევრი ხალხი გახდა ავათ, საოფლეც გაჩნდა; რაკი პირველიდანვე არ მიაქციეს ჯეროვანი ყურადღება, საოფლე სწრაფათ გახშირდა. მძიმედ ავათ გახდა ამავე საოფლით სამაზრო ექიმი ნიკოლოზ ჯანდიერი. მთელის მაზრის ოთხი ექიმი თავს ადგას, მაგრამ ავათმყოფს უკეთობა არ ეტყობა. ამ ხანათ 15 ავათმყოფიდან ოთხი კიდევაც მოკვდა“.
1917 წლის 8 იანვარს საქართველომ წყალკურთხევის, იგივე ნათლისღების დღესასწაული იზეიმა. გაზეთის ინფორმაციით, ამ დღეს დედაქალაქში მშვენიერი ამინდი იყო და პროცესიას უამრავი ადამიანი დაესწრო. გოლოვინის პროსპექტზე ჯარისკაცები იყვნენ ჩამწკრივებულნი. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავარ რუსულ ეკლესიაში – სამხედრო ტაძარში – საქართველოს ეგზარქოსმა პლატონმა სწირა. სიონის ტაძრიდან ლიტანიას ეპისკოპოსი დამიანე მიუძღოდა. წყალკურთხევას დაესწრნენ მეფისნაცვლის თანაშემწე თავადი ორლოვი, თავად-აზნაურთა მარშალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი თავადი კოტე აფხაზი, თბილისის კომენდანტი გენერალი გაბაშვილი, კავკასიის სამხედრო ოლქის უფროსი გენერალი ვოლსკი. წყლისკურთხევის დასრულების შემდეგ ჯარისკაცებმა თოფიდან სამჯერ გაისროლეს. ამის შემდეგ ეპისკოპოსმა ანტონმა მებრძოლებს ჩამოუარა და აიაზმა ასხურა.
იანვარში კიდევ ერთი დღესასწაული იყო – საქართველოს გამაქრისტიანებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღე. თუმცა, წყალკურთხევისგან განსხვავებით, ამ ზეიმში კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ და რუსულმა სამღვდელოებამ მონაწილეობა ნაკლებად მიიღო. სიონის ტაძარში საზეიმო წირვა ალავერდის ეპისკოპოსმა, ყოვლად სამღვდელო პიროსმა ჩაატარა. წირვის შემდეგ სიონიდან გამოასვენეს წმინდა ნინოს ჯვარი. როგორც გაზეთი ნინოობასთან დაკავშირებით იუწყება, ქართულ სკოლებში 14 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა და არც ქართული გაზეთები გამოდიოდა.
სადღესასწაულო წირვა ჩატარდა ბოდბეს დედათა მონასტერშიც, სადაც წმინდა ნინოს საფლავი მდებარეობს.
ნინოობასთან დაკავშირებით გაზეთი 10 იანვარს მეტად საინტერესო წერილს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მაშინ ქართველი სამღვდელოება და მრევლი: „30 წელიწადზე მეტი იქნება, რაც ბოდბეს წმინდა ნინოს მონასტერში მოისპო ქართული წირვა-ლოცვა, სწორედ მას აქეთ, რაც ეს მონასტერი რუს დედათა მონასტერად გადააკეთეს. ის დღეა და ეს დღე, წმინდა ნინოს სავანეს აღარ სმენია ის ენა, რა ენაზედაც ეს წმინდანი ქადაგებდა ქრისტეს სჯულს და რა ენითაც მან განანათლა ქართველი ერი. ეს ხომ სამწუხაროა, მაგრამ უფრორე სამწუხაროა ერთი გარემოება: 14 იანვარი წმინდა ნინოს დღეობაა. ამ დღეს მთელი ქიზიყი – დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა იკრიბება ბოდბეში, მუხლს იყრის წმინდა ნინოს მცხედრის წინაშე და სასოებს, დასტკბეს ქართულის წირვა-ლოცვითა და ქართულ, მშობლიურის გალობითა.
მაგრამ დახე, ბედის მწარე დაცინვას! ამ დიად დღეს მის ყურებს ესმის მარტოოდენ უცხო ენაზე წირვა-ლოცვა და ხედავს შემოსილ რუს ეპისკოპოზს. განცვიფრებული კეთილმორწმუნე თავის თავს ეკითხება: „ნუ თუ საქართველოში არ მოიპოვება ერთი ქართველი ეპისკოპოზი, რომ ამა დიდებულ დღეს გვწიროს ქართულად, ნუ თუ მთელის წლის განმავლობაში ერთი დღით ნებას არ გვაძლევენ, რო ქართულად ვადიდოთ ღმერთი და ჩვენი განმანათლებელი წმინდა ნინო?“ საჭიროა, ქიზიყის ინტელიგენციამ და სამღვდელოებამ ნება ითხოვოს ამ დღეს ღვდელთ-მსახურება ბოდბის წმ. ნინოს მონასტერში ქართულ ენაზე შესრულდეს და, ამასთანავე, ეს წესი სამუდამოდ დაკანონდეს. ესეც ხომ ავტოკეფალია არ არის!“
საქართველოში შემოსვლისთანავე რუსეთი მიზანმიმართულად დევნიდა ყოველივე ქართულს. ეს ეხებოდა როგორც საერო ცხოვრებას, ასევე ქართულ ეკლესიასაც. ქართველთა ვარაუდი, რომ ერთმორწმუნე მეზობელთან შეერთებით ჩვენი ეკლესია განმტკიცდებოდა, არ გამართლდა. რუსეთისთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ შირმა იყო, რომელსაც იმპერიული მიზნების მისაღწევად იყენებდა. რუსი ეგზარქოსების მმართველობის დროს გაუქმდა ქართული ეპარქიები, შემცირდა ქართველ სასულიერო პირთა რაოდენობა, გაიძარცვა ეკლესია-მონასტრები. შეურაცხყოფდნენ და აბუჩად იგდებდნენ ქართულ ღვთისმსახურებას, გალობას. ეკლესია-მონასტრებში აიკრძალა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა.
იგივე მდგომარეობა იყო განათლების სისტემაშიც.
რუსულმა ენამ სკოლებიდან მთლიანად განდევნა ქართული. ამის დასტურია 5 იანვარს გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილი განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ ქართველებს ნელ-ნელა მშობლიური ენა ავიწყდებოდათ: „კნეინა ან. ბეგთარბეგოვისა (შატილიშვილის ასული) თბილისში კურსებსა მართავს ქართულ ენის შესასწავლად. მასწავლებლად მოწვეული იქმნება ბ-ნი ს. გორგოძე. კურსები განსაკუთრებით დანიშნულია ქართულ ენის სუსტად მცოდნე ქართველ ქალებისათვის“.
რუსულ სკოლებში ქართველი მოსწავლეების მდგომარეობა საკმაოდ ხატოვნად არის აღწერილი იმავე 5 იანვრის ნომერში, სადაც სტატიის ავტორი რუსულ გიმნაზიას ინკვიზიციას ადარებს: „ყოველი დაკვირვებული ადამიანი გეტყვით, რომ რუსეთის სკოლა – განსაკუთრებით საშუალო – წარმოადგენს ერთგვარ საინკვიზიციო დაწესებულებას, რომელიც მოზარდ თაობას კისრად ადებს არაჩვეულებრივს ტანჯვა-ჯაფას, ნამცეცა ცოდნას და არავითარ აღზრდას. ამ დაწესებულებაში მოწაფეს ისეთი აუარებელი მასალა აქვს გასაზეპირებელი, – მასალა უაზრო, ყოველ ინტერესს მოკლებული, რომ გიმნაზიის კურს დასრულებულის შუბლზედ აღბეჭდილია: „ტანჯული, მაგრამ ცარიელი თავი!“ ყოველი ჩვენი თვალითა ვხედავთ ამ უბედურებას, ჩვენის გულით ვგრძნობთ ჩვენივე შვილების ტრაგედიას, მაგრამ ჩვენივე ფეხით მივერეკებით იქვე ჩვენს ძვირფას გოგო ბიჭუნებს, რომ ზვარაკი არ მოაკლდეს ამ საინკვიზიციო დაწესებულებას!
…ბავშვები რაღაც გაშმაგებით „ზუბრავენ“ შიდა რუსეთის ქალაქებს, სოფლებს, მდინარეებს, მონასტრებს, წმინდანებს, წირვა-ლოცვის ასამაღლებლებს, კონდაკებს, ტროპარებს… წარმოდგენილი გაქვთ, რა სატანჯველი და გონების დამხშველია ყველა ეს ქართველ ბავშვისთვის, რომელთაც რუსული ენაც უძნელდებათ?! სწავლობს საცოდავი ბავშვი ზეპირად და მის დაცრემლიანებულს თვალებში აზროვნების ნიშან-წყალი ქრება…“
როგორც გაზეთიდან ჩანს, რუსული ადმინისტრაცია ნებისმიერი მეთოდით ებრძოდა ქართულ ეროვნულ საწყისს და ქართველთა ხარჯზე ყოველმხრივ ახალისებდა სხვა ერის წარმომადგენლებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით, სომეხთა აქტიურობა შეიმჩნეოდა, რომლებიც კავკასიაში რუსული იმპერიის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდნენ.
გაზეთ „საქართველოს“ 12 იანვრის ნომერი. გადმოცემულია სოფელ ძეგვში არსებული სავალალო მდგომარეობა: „ჩვენ რომ საქმის ხალხნი არა ვართ, ეს იქიდგან მტკიცდება, რომ ყოველთვის რაიმე საკითხის გარჩევის დროს, ერთ აურზაურს ავტეხთ ხოლმე და ამით ვათავებთ ყოველისფერს. ამ დროს კი ჩვენი მოქიშპენი ღიმილით ხვდებიან ყოველგვარ ჩვენს აღშფოთებას და სიტყვას საქმედ აქცევენ ხოლმე.
ავიღოთ ამას წინათ ატეხილი დავა ჩვენსა და სომხებს შორის ქართველ-გრიგორიანების შესახებ. ვინ დარჩა გამარჯვებული? რა თქმა უნდა, სომხები, რადგანაც იმ სოფლებში, სადაც ქართველი გრიგორიანელები ცხოვრობენ, დახსნეს სომხური სკოლები. სოფ. ძეგვში, სადაც ერთი მესამედი ქართველ-გრიგორიანებია და თვით საყდარშიც კი ღვდელი ქართულად ასრულებდა წირვის წესებს, რადგან აქაური გრიგორიანები მამაპაპითვე ქართველებად სთვლიდნენ თავიანთ თავს და გვარებიც კი ქართული აქვთ, მაგალითად: მირობაშვილი, სოლოგაშვილი და სხვ. ეხლა სკოლის გახსნისთანავე გვარებიც კი გადაუკეთეს: მიროშიანც, სოლოგიანც. ამასთანავე ბავშვებს აკრძალული აქვთ ქართულად ლაპარაკი, სახელმძღვანელო წიგნებიც სომხურია.
ამის გარდა, სამწუხარო კიდევ ის არის, რომ მართლმადიდებელ ქართველის შვილებიც არიან სომხურ სკოლაში და სომხურსა სწავლობენ. ცხადია, ჩვენი მეზობლები ცდილობენ, არა თუ ქართველი გრიგორიანები გაასომხონ, თვით ქართველი მართლმადიდებელნიც. ამას სჩადიან სომხები შუაგულ საქართველოში, ჩვენ კი გულგრილად შევყურებთ ყოველივე ამას“.
1917 წლის იანვრის მთავარი კულტურული მოვლენა ძველქართული საეკლესიო ფრესკების გამოფენა გახდა, რომელიც გოლოვინის პროსპექტზე დიდების ტაძარში (დღევანდელი ეროვნული გალერეა) გაიმართა. ეს გამოფენა საქართველოს საისტორიო-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ და ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ გამართა. როგორც გაზეთში გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, ძველი ფრესკები ქართველმა მხატვრებმა 1916 წლის ზაფხულში სოფელ ნაბახტევის ეკლესიის კედლებიდან გადმოიღეს. აფიშა იუწყებოდა, რომ გამოფენა კვირა დღეს – 8 იანვარს დღის პირველ საათზე გაიხსნებოდა. შესასვლელი ბილეთის ფასი 1 მანეთი ღირდა. მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული იყო შეღავათი და მათ გამოფენზე მოხვედრა 50 კაპიკად შეეძლოთ. პირველ დღეს ფრესკებთან დაკავშირებით სპეციალური ლექცია წაიკითხა ექვთიმე თაყაიშვილმა.
გამოფენამ 2 კვირა გასტანა და მის შესახებ გაზეთი „საქართველო“ დაწვრილებით ინფორმაციას თითქმის ყოველ ნომერში აქვეყნებდა: „კვირას, 8 იანვარს სამხედრო მუზეუმის შენობაში გაიხსნა ძველ ქართულ ფრესკების გამოფენა. გამოფენამ აუარებელი ხალხი მიიზიდა. სხვათა შორის ბრძანდებოდნენ თავად აზნაურთა მარშალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი თავადი კოტე აფხაზი, ქალაქის მოურავი ა. ხატისოვი და სხვ. იმ დღის შემოსავალი უდრის 600 მანეთს. ერთმა კაცმა გადასცა მოლარეს ასი მანეთი შეწირულობის სახით. როცა ჰკითხეს, – ვისგან არის შემოწირულობაო, შემომწირველმა არაფერი უპასუხა და მიიმალა. ყოველ დღე გამოფენაზე დაიარება 100-150 კაცი, რომელნიც ფულს იხდიან; უსასყიდლოდ მნახველები (გლეხები, ჯარის კაცნი და მუშები) ზედმეტია.
გამოფენის სანახავად მოდიან უცხოელი მხატვრებიც, რომელნიც სურვილს აცხადებენ კოპიოების სყიდვისა. ამერიკის საელჩოს მდივანიც გამოფენამ ისე დააინტერესა, რომ მხატვარ შევარდნაძესთან ერთად დაათვალიერა თვით ქართული მუზეუმიცა. უცხო ქვეყნელები აღტაცებაში მოდიან ფრესკებით, გულდასმით სწავლობენ მათ და თავიანთ შთაბეჭდილების შესახებ წერილებს გზავნიან ფრანგულ და ამერიკულ გაზეთებში. ერთმა ამერიკელმა განაცხადა, ამერიკაში, რომ გამოეფინათ ეს ფრესკები, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა იქაურ საზოგადოებაზეო. გამოფენის გათავების შემდეგ ხელოვანთა და საეთნოგრაფიო საზოგადოებას აზრად აქვთ, ფრესკების კოპიოები გადაიღონ გასასყიდად, რაიცა დიდ შემოსავალს მისცემს ხელოვნების საზოგადოების კასას“.
14 იანვრის ნომერში გაზეთი აქვეყნებს აფიშას, სადაც წერია, რომ 1917 წლის 2 თებერვალს თბილისში დიდი სალიტერატურო საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გაერთიანება „ცისფერ ყანწების“ გარშემო შეკრებილი ქართველი პოეტები. აქვე ირკვევა, რომ სალიტერატურო საღამო საიმპერატორო სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში საღამოს 8 საათსა და 10 წუთზე გაიხსნებოდა. მსურველებს ბილეთების წინასწარი შეძენა ქართულ საჩაიეში შეეძლოთ.
აფიშის მიხედვით, „ცისფერი ყანწების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოეტი პაოლო იაშვილი, ქართული საზოგადოების წინაშე წაიკითხავდა „ცისფერი ყანწების“ ერთგვარ მანიფესტს, რომელსაც „ჩვენი ახალი აღთქმა“ ერქვა. პროგრამაში იყო ლექსების საჯარო წაკითხვა. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგებოდნენ: ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, ნიკოლოზ ნადირაძე, გრ. ჯაფარი; ლელი ჯაფარიძე. საკუთარი ლექსების გარდა, ცისფერყანწელები წაიკითხავდნენ: ბოდლერის, ვერლენის, მალარმეს, რემბოს, უაილდის, ბალმონტის, ბლოკის, ანდრეი ბელის ლექსების საკუთარ თარგმანებს.
თუმცა ეს უკვე თებერვლის ამბავია, რომელსაც სხვა ცნობებთან ერთად მომავალ ნომერში მიმოვიხილავთ.

მიხეილ ბასილაძე