ვინ და რატომ აახია ონლაინ-ტოტალიზატორებს მილიონები?

BXP52548

ვიდრე, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ამბების მოყოლას დავიწყებ, რომელსაც, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი შემადგენელი აქვს, წინასწარ უნდა აღვნიშნო, რომ წინამდებარე მასალა მიზნად არ ისახავს არავის დისკრედიტირებას. პირიქით, სტატიაში დასახელებულმა პერსონებმა, თუ ისინი მართლები არიან, მათ მიმართ გამოთქმული ბრალდებები ადვილად უნდა გააქარწყლონ, თუნდაც, „შიგნით“. ისე, გაქარწყლების შედეგები საზოგადოებასაც რომ ამცნონ, ცუდი არ იქნება.

მაშ, ასე! რამდენიმე დღის წინათ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ონლაინ ტოტალიზატორის მფლობელმა (შემდგომში „რესპონდენტი“) სტატიის ავტორთან კონფიდენციალური შეხვედრა მოითხოვა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მისი პერსონის გაუთქმელობის გარანტიაც მიიღო.
ამის შემდეგ მისი პირველი წინადადება ასეთი იყო: „დიდი ფული აგვახიეს და როგორც ვარკვევთ, კახი კალაძის სახელი გამოიყენეს, ანუ ამ პროცესში, სავარაუდოდ, კალაძე არც მონაწილეობდა და მისი სახელით ისარგებლეს. ან, იქნებ, მონაწილეობდა კიდეც. უკვე ძალიან დაბნეულები ვართ“.
სიმართლე გითხრათ, კალაძის ხსენებაზე, ცოტა არ იყოს, დავიზაფრე. იმის მიუხედავად, რომ მის პოლიტიკურ შეხედულებებს დიდად არ ვიზიარებ, წლების წინათ მასთან, ადამიანურად, კარგი ურთიერთობები მქონდა და ჩემთვის ყოფილი მეგობრები არ არსებობენ.
უცებ გაჩენილ კითხვაზე: „კალაძესთან რატომ არ არკვევთ საკითხს?“ ერთი შეხედვით, ასევე დამზაფრავი პასუხი მივიღე: „იმ ფულის ამხევს პასუხს რომ მოსთხოვენ, შესაძლოა, გაგვანადგურონ და არა მხოლოდ საქმით, არამედ ფიზიკურადაც. თუ კალაძეც საქმეშია, მით უფრო _ მერე ქვეყანაში არავის დაგვედგომება. მარტო ერთი ადამიანი ამაზე ღიად ვერ ისაუბრებს. ყველა ერთად კი არ ხერხდება. ზოგიერთი ისეა შეშინებული, რომ არაფერზე სურს საუბარი. არც ფულის დამბრუნებელია არავინ და არც სამართლის პოვნაა ამ ქვეყანაში შესაძლებელი“.
მოკლედ, როგორც რესპონდენტთან საუბრისას გაირკვა, საქმე შეეხება ონლაინ ტოტალიზატორებისთვის 2017 წელს ახეულ კოლოსალურ თანხებს. ირკვევა, რომ შეწერილი თანხა მილიონებს აჭარბებს. საქმის მთავარ ფიგურანტად ჩვენმა რესპონდენტმა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ისკო დასენი დაასახელა.

რესპონდენტი: ცნობილია, რომ არჩევნებს ფული სჭირდება, როგორც თეთრი, ისე შავი. ისკო დასენმა, კალაძის არჩევნებისთვის ხარჯების მოტივით, საშინელ დღეში ჩაგვაგდო. დასენი დაუფარავად ამბობდა, რომ არჩევნებს ფული სჭირდება და თბილისი, მინიმუმ, 20 მილიონი დაჯდება. ანუ, სავარაუდოდ, მას უნდა აეკრიფა ეს თანხა, ან მისი ნაწილი.
ავტორი: კალაძეს არ ჰქონდა ლეგალური თანხის პრობლემა. შესაბამისად, უფრო საინტერესოც კი არის ახლა ეს დიალოგი და როგორ უნდა აეკრიფა?
რესპონდენტი: დასენის კავშირები ქურდულ სამყაროსთან საყოველთაოდ ცნობილია. თავს ვინც არ იბრიყვებს, ყველამ იცის, რომ ის დღემდე შაქრო კალაშოვის დაჯგუფების ფაქტობრივი მოლარეა. საბოლოოდ გავარკვიეთ, რომ სწორედ დასენის ინიციატივა იყო ფულის ასახევ სფეროდ ონლაინ ტოტალიზატორების არჩევა.
ავტორი: და რატომ ონლაინ ტოტალიზატორები, განა, არ არის სხვა სფეროები, სადაც არანაკლები ფულია?
რესპონდენტი: ერთი _ ამ სფეროში ცოტა ფული ნამდვილად არ ტრიალებს, მეორე _ თავად ისკო კარგად იცნობს ამ სფეროს. თანაც, სფერო ადვილად მოწყვლადია.
ავტორი: ონლაინ ტოტალიზატორების სფეროა მოწყვლადი? ვერ წარმოვიდგენდი ამ ტერმინის გამოყენებას ამ სფეროსთან მიმართებით და რატომ? რით?
რესპონდენტი: არაფერია დასამალი, რომ თითქმის ყველა მფლობელს სხვა გვერდითი, ზოგ შემთხვევაში, ნახევრად ლეგალური ბიზნესი აქვს. არც იმას დავმალავ, რომ ზოგიერთის მიერ გამოყენებადი კომპიუტერული პროგრამების დიდი ნაწილი არალეგალურია. ცალკე კიდევ ხელისუფლების მუდმივი შანტაჟი, რომელიც პერმანენტულად იმუქრება კანონმდებლობის გამკაცრებით.
ავტორი: გასაგებია, მაგრამ ახლა თემას დავუბრუნდეთ: რა შუაშია დასენი და როგორ აგახიეს ფული?
რესპონდენტი: პირველი ნაბიჯი ფორმალური სასამართლო დავა, წამყვანი ონლაინ ტოტალიზატორების დაჯარიმება და მათი ანგარიშების დაყადაღება იყო. შემდეგ საქმეში ისკო ჩაერთო. შემოთავაზების არსი მარტივი გახლდათ _ სასამართლოსთან პრობლემების მოგვარება, რაც კომპანიებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემდა.
ავტორი: ე. ი. დაგეხმარათ, თუ სანაცვლოდ მოითხოვა რამე?
რესპონდენტი: ითქვა, რომ ჩვენ უნდა შეგვევსო კახი კალაძის საარჩევნო ფონდი არაოფიციალური _ შავი ფულით. თავისთავად ცხადი ხდებოდა, რომ კალაძეს ეს ამბავი უნდა სცოდნოდა და როგორც მოსალოდნელი იყო, სფეროს მოთამაშეების უმეტესი ნაწილი ამ შემოთავაზებას დავთანხმდით. სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, დღეს ირკვევა, რომ, სავარაუდოდ, კალაძე არ იყო საქმის კურსში, რომ ეს ე. წ. შემოწირულობა ჩვენ გავიღეთ. ამ ნაწილში ნამდვილად გაუგებრობაში ვართ. ზოგადად, ვგონებ, ეს ფული კალაძის შტაბში არც არავის მუტანია.
ავტორი: საიდან ასკვნით ამას?
რესპონდენტი: მილიონები რომ შეგივა სალაროში, ვინმემ ზურგზე მაინც უნდა მოგითათუნოს ხელი მადლიერების ნიშნად, ან ხელი ჩამოგართვას, ან მადლობა გითხრას.
ავტორი: ამ ნაწილში გეთანხმები, კახა ნამდვილად არ არის უმადური ადამიანი.
რესპონდენტი: მეც ეგრე ვიცი და რომც იყოს, ასე არ ხდება, მილიონები სალაროში შემოგივიდეს და მადლობაც არ თქვა. ამიტომაც გვეეჭვება, რომ კალაძის სახელით აგვახიეს ფული.
ავტორი: თქვენ რამდენი გადაიხადეთ?
რესპონდენტი: მე? ბევრი! აკრეფილმა თანხამ დასენის პირვანდელ მონათხოვნს ბევრად გადააჭარბა.
ავტორი: თქვენს შემთხვევაში?
რესპონდენტი: ჩემს შემთხვევაშიც და ზოგადადაც.

აი, აქ შევწყვეტ საუბრის ერთი ნაწილის გამოქვეყნებას.

ახლა კი ფაქტები და ინფორმაცია დასაფიქრებლად, გნებავთ, განსჯისთვის:

2017 წლის 17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა „ნოვომატიკ აგ“-ს სარჩელი მოპასუხეების: შპს „ავიატორის“ (ს/კ 405076304; ვებგვერდი www.adjarabet.com), შპს „სუპერბეთი 2014“-ის (ს/კ 404461890; ვებგვერდები www.lider-bet.com და www.crystalbet.com), შპს „დრიმთიმის“ (ს/კ 404920225, ვებგვერდი www.crocobet.com), შპს „ვინ გრუპის“ (ს/კ 405149129, ვებგვერდი www.jokerbros.com), შპს „ფტოროსის“ მიმართ (საქმე #2/12453-17).
საქმე ეხებოდა ჩამოთვლილი ონლაინ ტოტალიზატორების მიერ „ნოვომატიკ აგ“-ის კომპიუტერული პროგრამების მოხმარებას. სასამართლომ დააკმაყოფილა „ნოვომატიკ აგ“-ის სარჩელი და აუკრძალა კომპანიებს პროგრამის გამოყენება. კომპანიებს დააკისრა კომპენსაცია (1-1,5 მლნ ლარი) და მათი ანგარიშები დააყადაღა.
ერთი შეხედვით საქმე ეხება იურიდიული პირების კერძო დავას და ამ გადაწყვეტილების უკან არავითარი პოლიტიკური თამაშები თუ ინტერესები არ იმალება, მაგრამ გავიხსენოთ ჩვენი რესპონდენტის ნაამბობი და მივყვეთ ფაქტებსა და ლოგიკას.
როგორც ირკვევა, კომპიუტერული პროგრამის კიდევ ერთი ბულგარული კომპანია (ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია _ აზარტული აპარატები ს/კ 204536225) ანალოგიური სარჩელის განხილვას ამაოდ ელის 1,5 წელიწადი და გაუგებარია სასამართლოს ოპერატიულობა, რომელმაც ერთი დღის ვადაში განიხილა „ნოვომატიკ აგ“-ის განცხადება.
რესპონდენტის მონაყოლის მიხედვით, ყველაზე საინტერესო პროცესი სასამართლო განაჩენის მიღების შემდეგ დაიწყო. დავის მოგვარება საკუთარ თავზე აიღო საქართველოს პარლამენტის წევრმა, ისკო დასენმა.
„დასენის ახლობელი მურთაზ რზაევი შპს „ვინ გრუპის“ მფლობელი და დირექტორია, ხოლო შვილი კნიაზ დასენი შპს „კრისტალბეტის“ 22,5% მფობელია, შესაბამისად, მისი ჩარევა ამ საქმეში მოულოდნელი არ გამხდარა“, _ ამბობს რესპონდენტი.
შეთავაზების არსი მარტივი იყო: სასამართლოსთან პრობლემების მოგვარების (რაც კომპანიებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემდა) სანაცვლოდ კახი კალაძის საარჩევნო ფონდის არაოფიციალური „შავი ფულით“ შევსება. თანხის ოდენობად 10-დან 25 მლნ ლარამდე სახელდებოდა.
პირველი საქმე „ვინ გრუპს“ მოუგვარეს _ 2017 წლის 6 ივლისს მოსამართლე ნათია შიოლაშვილმა შეწყვიტა საქმის წარმოება მოპასუხე შპს „ვინ გრუპის“ მიმართ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
მცირე გადახვევა მოსამართლეების კონტექსტში: როგორც ინფორმირებული პირები აცხადებენ, ირაკლი კოპალიანი და ნათია შიოლაშვილი ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძის ინტერესების გამტარებლებად სახელდებიან. ხოლო ბატონ მიქაუტაძეზე თბილისში ღიად საუბრობენ, რომ ის დავალებებს პროკურატურის არაფორმალური მმართველის, ოთარ ფარცხალაძის ბავშვობის მეგობრისა და წარმომადგენლის, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილისგან იღებს.
თუმცა ეს ისტორია ნამდვილად უკეთესი და უფრო მწვავეც კი იქნებოდა, ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი ვინაობის გამხელის უფლებას რომ გვაძლევდეს. ისიც გასაგებია, რომ ადამიანი საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ისტორიას მამაცი ადამიანები ქმნიან.
და მეორეც: არსებობს შინაგანი ვალდებულებაც, სხვა დაწერილ და დაუწერელ სტანდარტებს თავი რომ დავანებოთ _ ასეთ შემთხვევაში მეორე მხარესაც მოუსმინო.

ბატონ დასენს „ქრონიკა+“ ტელეფონზე დაუკავშირდა და წარდგენის შემდეგ ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

_ კითხვა მაქვს თქვენთან და კომენტარი მინდა, თემას გეტყვით, რა ხდება: ერთ-ერთი ონლაინ ტოტალიზატორის წარმომადგენელი ბრალს გდებთ, რომ 2017 წლის მაისში ონლაინ ტოტალიზატორების წინააღმდეგ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებების მოგვარების სანაცვლოდ, თქვენ მათგან კალაძის საარჩევნო ფონდში შესატანად თანხა მოითხოვეთ. რამდენად არის ეს სიმართლე?
დასენი: მე? მე მოვითხოვე?
ავტორი: დიახ, თქვენს სახელს ასახელებს.
დასენი: მოკლედ, ეს არის ტყუილი. ეს არის დეზინფორმაცია. როგორც ჩანს, ისევ რაღაც შოუს მოწყობა სურთ. ნამდვილად არანაირ ტოტალიზატორებთან…
ავტორი: ონლაინ ტოტალიზატორებზე ლაპარაკობს, ბატონო ისკო…
დასენი: ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ონლაინია თუ რა არის. მე ვიქნები ბედნიერი, თუ საერთოდ დაიხურება. მე ვიქნები პირველი _ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მხარს დაუჭერს, რომ საერთოდ სათამაშო ბიზნესი, მათ შორის, ონლაინი თუ რაც არის, ყველაფერი რომ დაიხუროს. და ძალიან გთხოვთ, ამაზე აღარ დამირეკოთ.

ამ სიტყვების შემდეგ პარლამენტის წევრმა ტელეფონი გაგვითიშა. კითხვები კიდევ გვქონდა და მასთან დაკავშირებას შევეცადეთ. შემდგომ ჩვენი „დიალოგი“ ესემეს რეჟიმში წარიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმოწერაში პირადული არაფერია და მხოლოდ საქმიანი, მით უფრო, ბატონი დასენის ინტერესების დასაცავი, ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ, ეს მცირედი მიმოწერაც გავასაჯაროო.

დასენი: მე მგონი, გაგეცით პასუხი.
ავტორი: კი ბატონო, თქვენც უნდა გაიგოთ, ჩვენი სურვილი იყო, ინფორმაცია ცალმხრივი არ ყოფილიყო და პირიქით, ამიტომ გაწუხებთ. კიდევ მქონდა კითხვა, მაგრამ რადგან არ გსურთ, თქვენი ნებაა.
დასენი: პასუხი იმ მეორე კითხვაზეც იგივეა. არანაირი კავშირი არ მქონია, არ მაქვს და არც მექნება მომავალში.
ავტორი: მესმის, უბრალოდ, რადგან ბატონი კახას სახელი ახსენეს და თქვენი, ჩემი ვალდებულება იყო…
დასენი: კახა? რომელი კახა? ბევრს ვიცნობ ასეთი სახელით…
ავტორი: კალაძეს, რაც გითხარით.

აქ ჩვენი საუბარი შეწყდა და მას ამ კომენტარისთვის მადლობა გადავუხადეთ.
მოკლედ, ასეთ რეჟიმში, მართლაც ძნელი გასარკვევია, ვინ ვის რამდენი და როგორ აახია, ან აახია კი? თუმცა არც ისე ძნელიც, რომ ამის გარკვევა ვერ მოხერხდეს.

გოჩა მირცხულავა