იქნება თუ არა ხმაურიანი დაჭერები? #არაჩადებას

4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წარწერა #არაჩადებას გაჩნდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არც გვერდის ადმინის შეცდომა და არც საგაზაფხულო ხუმრობა იყო. სამინისტრომ განმარტა, რომ უერთდება სამოქალაქო საზოგადოების კამპანია #არაჩადებას. ეს პრობლემის დანახვას, აღიარებასა და ჩადებების მანკიერ პრაქტიკაზე უარის თქმას ნიშნავდა.

ყველაფერი კი გასული წლის 13 მარტს, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, ჩემი შვილის ცინიკური დაკავებით და მისთვის ნარკოტიკების ჩადებით დაიწყო.
13 მარტი ორშაბათია, ჩვეულებრივი დატვირთული სამუშაო დღე, მეორე დღეს გაზეთი გამოდის. რედაქციაში დილიდან მასალების მზადება მიდის. დათო გაზეთის დაარსების დღიდან „ქრონიკა+“-ის თანამშრომელია, ბოლო ორი წელია, ინტენსიური თავდასხმების ობიექტია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი ჟურნალისტური გამოძიების მასალები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვას კორუფციაში, „ატკატებში“, ქრთამის აღებასა და შს სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე არაპროფესიონალებისა და მძიმე დანაშაულში მხილებული პირების დანიშვნაში ამხელს.
დაპირისპირება პიკს აღწევს, პერიოდულად მითვლიან, რომ დათოს დაიჭერენ. მეც, პრევენციის მიზნით, საჯარო განცხადებებს ვაქვეყნებ. სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და გაზეთის მთავარი რედაქტორის შვილი სამიზნე არ გახდება.
გზადაგზა საინფორმაციო შტურმიც მიმდინარეობს, ხშირად ახსენებენ ნარკოტიკებს, მოხმარებას, არგუმენტად ჩემი შვილის სპეციფიკური გარეგნობა მოჰყავთ, არადა, ეს სპეციფიკური გარეგნობა იმ ტრავმის დამსახურებაა, რომელიც მან ათი წლის წინათ მიიღო. ჭორები სასაცილოდ არ გვყოფნის _ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა დაჟინებით ამტკიცებს, რომ მე ნარკოტიკების მომხმარებელი ვარ და მას ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. ლადო სადღობელაშვილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ ჩემი მეუღლე, რომელიც იმხანად მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია, კაბინეტში, თურმე, შპრიცებით დარბის (არადა, კაბინეტი საერთოდ არ აქვს). ცნობილი ნარკორეალიზატორი, ქეთევან ზარნაძე, საზოგადოებას ამცნობს, რომ წამალი „ქრონიკა+“-ის ოფისში იხარშება. ჩემი შვილის დაკავებას პერიოდულად ითხოვს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო ჯღარკავა. ამ დროს, ჯერ კიდევ, არ ვიცი, რომ ღარიბაშვილის გარემოცვის მთავარი იდეოლოგი, „რეპორტიორის“ დამფუძნებელი ნუგზარ ფოფხაძეა, მის ხელში გადის ყველა ის მასალა, რომელიც, პერიოდულად, „ასავალ-დასავალში“, „საერთო გაზეთსა“ და „საქართველოს რესპუბლიკაში“ ჩემი დისკრედიტაციისთვის ქვეყნდება. პარალელურად კი ხმებს ავრცელებს, რომ „ქრონიკა+“ მისი გაზეთია.
მოგვიანებით, ირკვევა, რომ ღარიბაშვილის სიმამრსა და ფოფხაძეს შორის სერიოზული დაპირისპირებაა სწორედ ჩემი პერსონის გამო. თამაზაშვილი ვიწრო წრეში აცხადებს, რომ ყოველთვიურად ფოფხაძეს ჩემთვის გარკვეული რაოდენობის თანხას უხდიან, ამის მიუხედავად, მე კახელების კლანზე წერას არ ვიშლი. არკვევენ, რომ ეს ფული ჩემამდე არც არასდროს მოსულა. თემა ხმაურდება და ფოფხაძე „რეპორტიორის“ დირექტორ გიორგი მამაცაშვილის მეშვეობით ირაკლი ღარიბაშვილს აშანტაჟებს, _ თუ შენი სიმამრი არ მოისვენებს, კამერების წინ მოვყვები ყველაფერსო.
ამ ბინძურ პოლიტიკურ ინტრიგებში ჩარევა არ მინდა, ვცდილობ, ნაკლებად გავცე პასუხი იმ უმსგავსო ბრალდებებსაც, რომელიც ასევე თამაზაშვილის დავალებით ლადო ბედუკაძისგან მოდის. ბოლოს ასპარეზზე თავად ექსპრემიერის სიმამრი გამოდის. თამაზ თამაზაშვილი „ასავალ-დასავალში“ ჩემ წინააღმდეგ ღია წერილს აქვეყნებს.
„ქრონიკა+“ პოზიციას არ იცვლის, ჩვენი გამოქვეყნებული მასალების შემდეგ თანამდებობას ტოვებს ზვიად ჯანყარაშვილი, დავით შავლიაშვილი, ელგუჯა ხოკრიშვილი, გიორგი ზედელაშვილი. დეკემბრის დასაწყისში გაზეთის ნომერი, რომელშიც ტენდერების სრული სქემა და ფინანსური მაქინაციები ქვეყნდება, ჯიხურებიდან ერთიანად ქრება, დეკემბრის ბოლოს კი თანამდებობიდან მიდის თავად ირაკლი ღარიბაშვილი.
იწყება დაგეგმილი შეტევა, _ „ქრონიკა+“-ის რედაქციაში მოქალაქე გელა ღურწკაია მოდის, რომელსაც ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირი მოაქვს. ფირს არც ვიტოვებთ, არც ვნახულობ, ღურწკაიას ვიზიტს კი მობილური ტელეფონით ვიღებ. სწორედ ამ სიფრთხილემ გადამარჩინა _ ვიდეოფირი მყარი მტკიცებულება აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ პროვოკაციაშიც ე. წ. კახელების კარტელია ჩართული. გელა ღურწკაია რედაქციაში ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელმა, ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ მოიყვანა, ხოლო ფირი მათ ყოფილმა სპეცრაზმელმა, ვაჟა ციცილოშვილმა გადასცა. მოგვიანებით, ღურწკაია ჩვენებას ცვლის და ვაჟა ციცილოშვილის გვარი ამ საქმიდან ქრება.
ირკვევა, რომ იგეგმება დეპუტატის პირადი ფირის გასაჯაროება. ამ პროცესს კიდევ ერთი მზაკვრული ჩანაფიქრი აქვს _ თანამონაწილედ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გელა ხვედელიძე უნდა დასახელდეს, რომელიც, თავის დროზე, სწორედ ღარიბაშვილის გარემოცვის ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. გეგმა ჩავარდა, პროკურატურა იძულებული გახდა, სწორედ გელა ღურწკაია და მისი თანამზრახველები დაეჭირა, თუმცა საქმის სასამართლო განხილვა ისე სრულდება, დამკვეთზე ხმას არავინ იღებს. ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს და ინგა ჩატოიანს დაზარალებულის თანხმობით პროკურატურა საპროცესო გარიგებას უფორმებს.
ჩემი დაჭერა გადაიდო, მაგრამ დღის წესრიგში ღარიბაშვილის პოლიტიკაში ტრიუმფალური დაბრუნების საკითხი დადგა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის შეტანილი სარჩელის პარალელურად დაიგეგმა. მოგვიანებით, სარჩელის ავტორი, ცნობილი ტრანსგენდერი ნუგზარ ტატიშვილი (მაცაცო), „ქრონიკა+“-ს დეტალურად მოუყვება, რამდენი გადაუხადეს საკონსტიტუციო სარჩელში ღარიბაშვილის ნათესავებმა, მოუყვება რუსებთან შეხვედრებზე, მოუყვება ერთ-ერთი მედიაგამოცემის ჟურნალისტისა და ცნობილი მსახიობის როლზე და ყველაზე მთავარი, მოუყვება ამ საქმეში ნუგზარ ფოფხაძის როლზე, რომელსაც თანხის ნაწილი _ 55 000 $ _ უკვე აღებული აქვს, ხოლო მეორე ნაწილს _ 100 000 $-ს_ საპროტესტო აქციების დაწყების მერე ელოდება. ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ ამ ფონზე ოჯახის სიწმინდის დამცველის ეგიდით უნდა დაბრუნდეს. ღარიბაშვილის პიარჯგუფის საბოლოო სამიზნე კი, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ბიძინა ივანიშვილია. მასალის გამოქვეყნებას წინ უძღვის ნუგზარ ფოფხაძის თხოვნა, რომ მისი გვარი ინტერვიუში არ ვახსენოთ. ჩემი კატეგორიული უარისა და მასალის გასაჯაროების შემდეგ ჩვენი კომუნიკაცია სრულდება.
მე ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას ვიწყებ და ამჯერად, „ქრონიკა+“-ის სამიზნე სუს-ის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილია. წარუმატებელი მოლაპარაკებებისა და შემოთავაზებაზე უარის თქმის მერე, ნერვები სწორედ იოსებ გოგაშვილს ღალატობს და ნუგზარ ფოფხაძის რჩევით, ჩემი შვილის დაკავების გადაწყვეტილებას იღებს.
დაკავება ნარკოტიკების ჩადებით მოკლევადიან პერსპექტივაზეა გათვლილი _ გოგაშვილს ეუბნებიან, რომ სამ დღეში მოლაპარაკებაზე ჩემი ფეხით მივალ.
13 მარტიც ჩვეულებრივი სამუშაო დღეა.
დაახლოებიით ორ საათზე დათო ოფისში მოდის, მე მას ლომბარდში გადასახდელ თანხას _ 110 ლარს ვაძლევ, ის ბოჭორიშვილის ქუჩაზე მიდის (ლომბარდი სპორტის სასახლის უკან მდებარეობს). კარში გასვლისას უცნაურად მიღიმის, ან, უბრალოდ, მე მეჩვენება, რომ უცნაური დამშვიდობება აქვს, წინათგრძნობაც ცუდი მაქვს. ამ დროს, ჯერ არ ვიცი, რომ წინა საღამოს, გვიან, ოფისის აივანზე უცხო პირს ამჩნევენ თავსხმა წვიმაში კიბით. როგორც ჩანს, ნარკოტიკების „ქრონიკა+“-ის ოფისში დადება იყო განზრახული, მაგრამ უცნობ პირს სწორედ დათო ამჩნევს, გარეთ გასულებს კი ის უკვე გაქცეული ხვდებათ.
საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება ამბობს, რომ ჩემმა შვილმა დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელიც თან ჰქონდა და გადაადგილდებოდა ბოჭორიშვილის ქუჩაზე, ის შეაჩერეს, გაქცევა დააპირა და პროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს.
რომ არა შემთხვევის ადგილას გადაღებული ფირი, რომელიც მოწმე შორენა ლალიაშვილმა თბილისის პროკურატურასაც წარუდგინა, საქმის მასალების მიხედვით გვეცოდინებოდა, რომ დავით ხარშილაძე ზაქარია ვასაძემ და ვალერიან ჩიბირაშვილმა გადაუდებელი აუცილებლობის გამო დააკავეს, გამომძიებელმა ზურაბ ქუმელაშვილმა კი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი, დაახლოებით, ათ წუთში შეადგინა ადგილზე.
რა მოხდა რეალურად?
ფირის მიხედვით გაირკვა, რომ სადამსჯელო ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა შს სამინისტროს ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, რამაზ თარაშვილი. მან დაკავების ადგილას ორი პაკეტი „ბუპრენორფინი“ მიიტანა, რომელიც ზაქარია ვასაძემ მანქანიდან რეზინის ხელთათმანებით გადმოიტანა, დაკავებულ და მიწაზე დაგდებულ ჩემს შვილს ე. წ. დუტის ქურთუკის ჯიბეში ჩაუდო. მოგვიანებით, გლდანის ციხეში შესახლებისას, ეს მთავარი მტკიცებულება, „დუტის“ ქურთუკი, პოლიციამ დნმ-ის მიღების მიზნით მოიპარა და დღემდე არ დაუბრუნებია. არჩილ ოქრუაშვილმა მიწაზე დაგდებულ დავით ხარშილაძეს საკუთარი მობილური ტელეფონის მეშვეობით ფოტო გადაუღო და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ფოტო შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის პრესსამსახურის უფროს თეა პერტაიასთან ინახებოდა, ხოლო ჩადების სპეცოპერაციის კიდევ ერთი მონაწილე, მიხეილ ჩივიაშვილი, სახალხო დამცველის წარმომადგენლის თანდასწრებით აყენებდა დაკავებულ დავით ხარშილაძეს შეურაცხყოფას და ამის შესახებ სპეციალური განცხადება უჩა ნანუაშვილმაც გაავრცელა. დნმ-ის გაყალბების პარალელურად, ბიოლოგიური მასალის ანალიზიც გაყალბდა, პროკურორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის თანდასწრებით ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმებისას ნარკოტიკების მოხმარების კვალი არ აღმოჩნდა, ბიოლოგიური მასალა შემდგომი „კვლევისთვის“ გვერდით ოთახში გაიტანეს, სადაც მეორე დღეს ზუსტად ის ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც ჩემს შვილს ჩაუდეს.
რამაზ თარაშვილმა სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომ დავით ხარშილაძეს დაკავებისას მისმა თანამშრომლებმაც ორი პაკეტი ფხვნილი „ბუპრენორფინი“ ამოუღეს (რაც მიიტანა, ის გაახსენდა), მაგრამ დაავიწყდა, რომ მისსავე თანამშრომლებმა ერთი პაკეტი ფხვნილი მოგვიანებით სუბუტექსის აბებით შეცვალეს და ოფიციალურად სისხლის სამართლის საქმეში მეორე პაკეტი ფხვნილი აღარ ფიგურირებს.
ცალკე განხილვის თემაა ე. წ. ოპერატიული პატაკი, რომელსაც ინსპექტორ-გამომძიებელი კუკური წივწივაძე აწერს ხელს. იმდენი ითქვა და დაიწერა ამ თემაზე, სამართლებრივ დეტალებში ამჯერად აღარ შევალ. რატომ კუკური წივწივაძე? იმიტომ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, ლიკა ივანიშვილის ექსქმარია და პოლიტიკური დაკვეთის კვალი პირდაპირ წავიდოდა ივანიშვილზე. კახელების კარტელის ამოცანაც სწორედ ეს იყო. ინფორმაცია კი მათი ნათესაობის თაობაზე, სრულიად „საიდუმლოდ“, სწორედ სუს-ის აგენტის მეშვეობით მომაწოდეს. გამოძიებას ორი პოლიციელის ჩვენების გარდა საქმეში არ ჰქონდა არც ერთი მტკიცებულება, არც ვიდეოფირი, არც სატელეფონო ჩანაწერი, არ მოხდა ჩემი შვილის საცხოვრებელი სახლისა და მანქანის ჩხრეკა, ტელეფონის ამოღება და დათვალიერება, არ ჩატარდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ ე. წ. წონაკებზე ჩემი შვილის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდებოდა. დაკავებული ერთი საათის განმავლობაში ასეირნეს ქალაქში. დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში კი გაჩერებული ჰყავდათ ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან, განსაკუთრებით ცინიკური კი პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ოფიციალური წერილობითი პასუხი იყო, რომ 13-14 მარტის ჩანაწერები მათ კამერებს არ გადაუღიათ და ისინი მყარ დისკზე არ აღმოჩნდა.
სამი დღისა და გარიგებაზე ჩემი უარის შემდეგ 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული გამოძიება 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილად გადაკვალიფიცირდა. სამი კვირის შემდეგ სოსო გოგაშვილი და ჩამდებთა მთელი ბრიგადა წარმოუდგენელ ჩიხში აღმოჩნდა. მოლაპარაკებაზე და გაზეთის დათმობაზე არავის უფიქრია, ჩემმა შვილმა დანაშაული არ აღიარა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ სიმართლის დამტკიცების გზაზე, საზოგადოებრივი აზრი უსამართლობის წინააღმდეგ მობილიზდა და სოციალურ ქსელში დაწყებული ბინძური კამპანიის მიუხედავად, დათოს უდანაშაულობა ყველამ დაიჯერა. არნახულად მაღალი იყო ჟურნალისტური სოლიდარობა, სწორედ მედიამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩემი შვილის სიმართლის გახმაურებაში. კოლოსალური სამუშაო გასწიეს ადვოკატებმა.
იოსებ გოგაშვილმა და მისმა „კამანდამ“ უკან დახევისა და კომპრომისების ნაცვლად, ახალი საინფორმაციო შტურმი წამოიწყეს _ საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი“, „ექსკლუზივნიუსი“, „მარშალპრესი“, გიორგი მამაცაშვილი, დარეჯან ლიპარტელიანი, ნინო ჯღარკავა, მალხაზ თოფურია, დავით ახრახაძე, ირინა გოგოსაშვილი, ზაზა სვანაძე, სუს-ის მიერ დაფინანსებულ და ორგანიზებულ ე. წ. მხილების კამპანიაში ჩაერთნენ, რომელიც უმძიმეს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და არნახული სიბინძურის გავრცელებას ისახავდა მიზნად.
მერე იყო გელა ხვედელიძეზე თავდასხმა საკუთარ სახლთან. საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.
თბილისის პროკურატურამ პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები პოლიციელთა ქმედებებში ვერ შეამჩნია, მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შეწყვიტა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში კი არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, რომელიც ჩადებების მანკიერ პრაქტიკას გააკრიტიკებდა. მეტიც, „გუნდის“ შიგნით განხილვაზე პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები, ეკა ბესელია და სოფიო კილაძე, ჩემი შვილის სამაგალითოდ დასჯის მომხრეები იყვნენ.
დღეს, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით ჩემი შვილი უდანაშაულოა და სასამართლომ განაჩენში ჩაწერა, რომ გაოცებულია გამოძიების არაკომპეტენტურობით, როცა ვიცი ე. წ. კახელების კარტელის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის ყველა დეტალი, მათ შორის, იმ ქუთაისელი პოლიციელის ვინაობაც, რომელიც დავით ხარშილაძის საქმის სულისჩამდგმელი იყო და ოფიციალურად მისი გვარი არსად ფიგურირებს, დღეს, როცა თანამდებობიდან წასულია შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მან ვერ გაბედა საჯაროდ იმის თქმა, რატომ გაათავისუფლა მისი პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი, დღეს როცა მოჯადოებული წრე გარღვეულია და ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი რეფორმების ახალ ტალღას აანონსებს, საზოგადოების აქტიურობა და თანადგომა ისევ აქტუალურია, რადგან სწორედ რიგითი, უბრალო ადამიანების პროტესტმა და თანადგომამ შემაძლებინა ბრძოლა ჩემი და თქვენი შვილების დასაცავად.

ელისო კილაძე