ლევან ქარაზანიშვილი: „მინდა, ქართველ ახალგაზრდა ექიმებს გადავცე ის, რაც მე ვისწავლე“

ლევან ქარაზანიშვილი ის ადამიანია, რომელიც უკვე მეოთხე წელია, სამშობლოს დაუბრუნდა და იტალიაში შეძენილი ცოდნით ქართველ ხალხს ეხმარება. 20-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ცნობილი კარდიოქირურგი ისეთ ოპერაციებს ატარებს, რომელსაც არათუ ჩვენსავე ქვეყანაში მოღვაწე სხვა კარდიოქირურგები, არამედ მეზობელ და ევროპის ბევრ ქვეყანაში მომუშავე ექიმებიც კი არ ჰკიდებენ ხელს.

საუბრობენ მის უსწრაფეს ტექნიკასა და უნიკალურ ოპერაციებზე, რომლებიც კარდიოქირურგიის „დაბადების“ შემდეგ პირველად ტარდება საქართველოში.
მას უკვე სტუმრობენ მეზობელი სახელმწიფოებიდან, რადგან ნელ-ნელა ცნობილი ხდება, რომ იტალიაში მოღვაწეობის შედეგად ჩამოიტანა ცოდნა, რომელიც მინიმალური განაკვეთით მაქსიმალურ შედეგს დებს!
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა, ჯერ კიდევ, 1993 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა იმ პერიოდში უფრო მეტად ბიზნესით იყო დაინეტერესებული. მიუხედავად ამისა, მშობლების დაჟინებით სწორედ ის პროფესია აირჩია, რითაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოსკოვში ბაკულევის სახელობის ინსტიტუტში ჩაირიცხა, სადაც, თავის მხრივ, კარდიოქირურგების უამრავი თაობა გაიზარდა. ჩარიცხვიდან ერთ წელიწადში იქ დაიწყო მუშაობა, ეს პერიოდი კი ძალიან რთულად ეჩვენება.
1998 წელს საქართველოში გაჩნდა იდეა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც „დაბადებულიყო“ კარდიოქირურგია და ჯოენის სახელობის ცენტრში მუშაობაც შესთავაზეს, რაზეც დათანხმდა, მანამდე კი, მაქსიმუმ, ორწლიანი პრაქტიკა უნდა გაევლო იტალიაში, იქაურ ქირურგებთან. 1998 წლის დასაწყისში იტალიაში პრაქტიკული ცოდნის შესაძენად გაემგზავრა, სადაც უშუალოდ კარდიოქირურგიული განხრით დაიწყო მუშაობა.
2000 წელს საქართველოში დაბრუნდა და აქ დაიწყო ოპერაციების გაკეთება, თუმცა ძალიან მძიმე სურათი დახვდა (ჯერ კიდევ უშუქობის, უძრაობის, მძიმე პოლიტიკური ვითარების, ხალხის მიგრაციის, ფულადი სახსრების არქონის გამო პაციენტებიც არ იყვენ), ამიტომ ამავე წლის ბოლოს უკან, იტალიაში დაბრუნდა, სადაც იქაური უნივერსიტეტის სტუდენტიც გახდა.
ახლა მარტივად იხსენებს, თუმცა იტალიური ენისა და სამედიცინო ტერმინების ხელახლა შესწავლა გათენებულ ღამეებსა და დაუღალავ შრომას უდრიდა.
როგორც ამბობს, თვითონ იტალიელებიც დაეხმარნენ და გარკვეული დროის შემდეგ უკვე ოფიციალურად გახდა კარდიოქირურგი. დაინტერესდა მცირე განაკვეთებით, მინი ინვაზიური ქირურგიით, დამზოგველი ოპერაციებით. მისი თქმით, სწორედ ამაში ხედავდა მომავალს და მიხვდა, რომ ეს იქნებოდა ის ნიშა, რაც მას სხვებისგან განასხვავებდა. არ ტოვებდა კონფერენციებს, შეხვედრებს, ოპერაციებს და მალე იმასაც მიაღწია, რომ მინი ინვაზიური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელიც გახდა.
თუმცა ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნების იდეა სულ ჰქონდა და ზუსტად იცის, რომ ყველა ქართველს იგივე შეგრძნება აქვს: „ვისაც ეს არ გამოუცდია, ვერ მიხვდება. ჩემს ქვეყანაში, ჩემს ხალხში დაბრუნება და ცოდნის აქ გამოყენება სულ მინდოდა.
უკვე 2014 წელს სერიოზული, გარანტირებული კონტრაქტის სახით შემოთავაზება მომივიდა ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიური ცენტრიდან (მანამდეც იყო შემოთავაზებები, მაგრამ მეუბნებოდნენ, შენ ჩამოდი და მერე ვნახოთო, თუმცა ასე მარტივად ვერ წამოვიდოდი, მთელი განყოფილება მებარა და პასუხისმგებლობა მქონდა აღებული). ერთი ქვეყნიდან მეორეში გადმოსვლა მარტივად არ ხდება და აქ ძალიან შემიწყვეს ხელი. ახლა კლინიკა „ჰელსიკორში“ ვმუშაობ და წელიწადში უკვე, საშუალოდ, 400-500 ოპერაციას ვაკეთებთ“, _ ამბობს იგი.
ლევან ქარაზანიშვილმა და ანესთეზიოლოგმა ირაკლი გოგოხიამ შექმნეს პროფესიონალი ექიმებისა და ექთნების გუნდი, რომელსაც Cardio Life დაარქვეს და დღეს ეს გუნდი ზრუნავს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე: „ჩვენ გვერდით ხალხი დგას და გვინდა, მათ ვასწავლოთ, ჩვენი ცოდნა გადავცეთ, 6 ასისტენტი მყავს და პლუს 2 ახალგაზრდა, რომელთაც ასევე კარდიოქირურგობა უნდათ, ახალგაზრდა ექიმები არიან. ძალიან შეკრული გუნდია და ამაყი ვარ, რომ მათ ვასწავლი, ვიცი, ვიღაც შემცვლის, ჩემი ცოდნა არ დაიკარგება. ამ მიმართულებით სკოლის შექმნასაც ვგეგმავ. მინდა, ქართველ ახალგაზრდა ექიმებს გადავცე ის, რაც მე ვისწავლე. გაჩერებას არ ვგეგმავ“, _ ამბობს ლევან ქარაზანიშვილი.
მასზე უფრო დაწვრილებით კი ინტერვიუდან შეიტყობთ:

_ ბატონო ლევან, ყველაზე დიდი სირთულე რა შეგხვედრიათ ცხოვრებაში?
_ ძალიან ბევრი რამ, მაგრამ საქმე ისაა, რომ პოზიტიური ვარ და მათ კრიტიკულად არ აღვიქვამ. სირთულე იყო თავიდან სასწავლებლად მოსკოვში წასვლაც. 10 მანეთი მაქონდა დღეში გამოყოფილი და ამ დროს 3 მანეთი ღირდა პური, 1 მანეთი _ რძე და ა. შ. დიდი სირთულე იყო ის, რომ იტალიური ენა უნდა მესწავლა და ამისთვის ღამეებს ვათენებდი. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც პოზიტიურად ვუყურებ ყველაფერს და არ ვამბობ, რომ დავიტანჯე! მთავარია, ჯანმრთელობა და შენ ირგვლივ ყველას კარგად ყოფნა.
_ რომელი იყო ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი ოპერაცია?
_ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემი პირველი ოპერაცია, როდესაც გულის მიტრალური სარქველი გამოვცვალე. ეს ოპერაცია, უბრალოდ, იმიტომ არ მავიწყდება, რომ სხვა ქირურგებთან შედარებით ახალგაზრდა ვიყავი. ჩვეულებრივად ვეხმარებოდი დეპარტამენტის ხელმძღვანელს. დეტალურად რომ აგიხსნათ, შემდეგი სიტუაცია იყო: ოპერაცია დაგეგმილი გვქონდა, როცა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკო დიენამ დამირეკა, _ საოპერაციოში რა ხდებაო? თან, ცოტა მაგვიანდებაო, _ დააყოლა. ვუპასუხე, რომ უკვე პაციენტის მომზადება დაიწყეს. მითხრა, _ ცოტა ხანში დამირეკე, როცა ყველაფერი მზად იქნებაო. მეც დავთანხმდი. მეგონა, იქვე, ახლოს იყო (არც კი მიფიქრია, რომ ტურინიდან მოდიოდა ნოვარაში, არადა, მათ შორის მანძილი 100 კილომეტრია). როგორც კი პაციენტის მომზადება დამთავრდა და ყველაფერი მზად იყო, დავურეკე და ვუთხარი, თუმცა იგივე პასუხი მივიღე, _ მაგვიანდებაო… და ამჯერად დააყოლა, _ მიდი, შენ გააკეთე ოპერაციაო. მე, ცოტა არ იყოს, შევცბი, დამცეცხლა, აქამდე არასდროს გამიკეთებია, თან იქ ჩემზე უფროსი ქირურგები იყვნენ და როგორ ვუთხრა მათ, _ ჩაიწიეთ და მე გავაკეთებ ყველაფერს-მეთქი?! _ ჩემგან ნებართვა გაქვს და სხვებსაც ასე უპასუხე, თუ რამე გითხრესო. საოპერაციოში რომ შევედი და ვთქვი, _ დღეს მე ვაკეთებ ოპერაციას-მეთქი, ყველას ძალიან გაუხარდა, თუმცა მეშინოდა, ვხედავდი, რომ ყველას დადებითი მოლოდინი ჰქონდა, ეს უნდა გამემართლებინა! დავიწყე ოპერაცია და სულ ცოტა ხანში ზურგს უკან სუნთქვა ვიგრძენი, თვითონ მარკო დამადგა თავზე, ეტყობა, უნდოდა ენახა, როგორ ვაკეთებდი ყველაფერს.
ახლაც მახსოვს, როგორ გავიგონე უკნიდან მისი სუნთქვა, ვერ ვიგრძენი, როგორ შემოვიდა, მაგრამ მივხვდი, რომ ის იყო, მხარზე ხელი დამარტყა, _ ყოჩაღო! _ მითხრა და გავიდა.
_ რა გრძნობაა, როცა მადლიერი პაციენტი გხვდებათ?
_ პირველ რიგში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როცა იცი, რომ ადამიანი გადაარჩინე და მას ცხოვრება შეუცვალე. შემდეგ პაციენტი, რომელიც კარგად არის, უფრო დიდ თვითრწმენას განიჭებს! არის იმის სიხარული, რომ ყველაფერს კარგად აკეთებ, მაგრამ თუ ყველაფერი ჩადე ადამიანის გადასარჩენად და ის ცუდადაა, ძალიან მძიმე გადასატანია ექიმისთვის!
ხშირად პაციენტები და მათი ახლობლები ქალაქშიც მხვდებიან ხოლმე, მე ბევრს ვერ ვცნობ, მაგრამ რომ მოვლენ, ყურადღებას იჩენენ ჩემ მიმართ, ამბობენ, _ ბატონო ლევან, როგორ ხართ, რამე ხომ არ გნებავთ, დაგეხმარებით, მამაჩემი გადასარევადაა და ა. შ. _ ეს ძალიან დიდი სტიმულია.
_ ყველაზე დიდ სიამოვნებას რა განიჭებთ?
_ ის, რომ ადამიანი მშვიდად ეწერება! ზოგადად კი აქ, ჩემს სამშობლოში, მშვიდად ყოფნაა ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის. მიხარია, რომ ჩემ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ და მათი სიყვარულით ვცხოვრობ.
_ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?
_ როცა ადამიანები დაუმსახურებლად ექცევიან ერთმანეთს. სრულიად მართალი რომ ჰგონიათ საკუთარი თავი, როცა ფიქრობენ, რომ მათი მხარე უფრო სწორია, ვიდრე სხვისი.
_ ყველაზე ღირებული რა არის ადამიანში?
_ კეთილსინდისიერება.
_ თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე, რისთვის არ გენანებათ დრო?
_ ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, სწორედ დროის უქონლობაა, ყველაზე დიდი ტკივილი! ზოგჯერ ვფიქრობ, 30 საათი რატომ არაა დღეში, მაგრამ, ალბათ, მაგ დროსაც სამუშაოდ გამოვიყენებდი. მაგალითად, ჩემს შვილებთან ურთიერთობისას დროის ქრონიკული უკმარისობა მაქვს, თუმცა რომ მკითხო, სწორედ მათთვის არ მენანება იგი, რეალურად კი გამოდის, რომ ჩემი სამსახურით ვამართლებ მაგ დროის უქონლობას.
_ გაქვთ იმის განცდა რომ საკუთარი ცხოვრება თქვენ არ გეკუთვნით?
_ ნაწილობრივ კი, იმხელაა პასუხიმგებლობის გრძნობა! რაღაცას რომ ვიწყებ, ყოველთვის ბოლომდე უნდა მივიყვანო.
_ თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
_ ვცდილობ, სადმე, ქალაქგარეთ გავიდე, დასასვენებლად წავიდე საყვარელ ადამიანთან და შვილებთან ერთად.
_ მაქსიმალისტი ხართ?
_ უფრო რეალისტი. ოცნებები მაქვს, თუმცა უფრო რეალურად ვაფასებ მოვლენებს და ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ იმედი არ გამიცრუვდეს.
_ გქონიათ შემთხვევები, როცა, როგორც იქნა, ისვენებთ, ქალქგარეთ გახვედით და უცებ გირეკავენ, რომ კლინიკაში სასწრაფოდ უნდა მიხვიდეთ?
_ რამდენიც გინდა(!). და ეს ყოველთვის მძიმე გადასატანია ჩემ ირგვლივ მყოფთათვის, განსაკუთრებით პირად ურთიერთობაში. თავიდან, როცა ურთიერთობა ყალიბდება, შეიძლება შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელიც კი იყოს, რომ სხვების სიცოცხლის გადასარჩენად მიდიხარ, მაგრამ როცა უკვე იმაში გადადის, რომ ძლივს დრო გამონახე და მაშინაც სამსახურში მიდიხარ, მანდ უკვე სხვა განზომილება იწყება.
_ იმ სფეროში რა პრობლემას ხედავთ, სდაც მოღვაწეობთ?
_ ჩვენს ქვეყანაში ეს ისეთი სფეროა, რომელსაც ძალიან სერიოზული და დიდი ფულადი ინვესტიცია სჭირდება. არასდროს უნდა იყოს ისე, რომ შენი პროფესიონალიზმი უსწრებდეს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რაც ბაზარზეა, თუ შენ ამ ყველაფერს ვერ იძენ.
კლინიკის მხრივ, ინვესტიცია ქირურგის ფერხულში უნდა იდგეს. ამიტომ შეიძლება გული დამწყდეს, რომ ფინანსური მხარე არ არის ისეთი გამართული, როგორიც უნდა იყოს. ზოგადად, კლინიკებს უჭირთ. ისეთი რამ მაქვს, რაც ვიცი, იტალიაში ვაკეთებდი, აქ მოსაზიდად კი ძალა და ენერგია მჭირდება, ამიტომ არის რაღაცები, რაც ყოველთვის ფინანსებთანაა დაკავშირებული. ჩვენი კლინიკა კი პირველი იყო, რომელმაც TAVI-ის ოპერაცია გააკეთა, რაზეც რამდენი წელია ოცნებობს მთელი საქართველო. ეს არს აორტის სარქვლის შეცვლა, უსისხლო ოპერაციას ეძახიან. ერთი ჩხვლეტით ბარძაყის არტერიიდან შედის მოწყობილობა, რომელიც ცვლის მთლიანად ქირურგიულ პროცესს, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და ჩვენი ქვეყნისთვის შეუძლებელი იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, იმდენად ძლიერი გუნდი გვყავს „Helsicore“-ში და ისეთი ვარკვლავთცვენაა პროფესიული კუთხით, რომ მსგავსი გუნდის არსებობამ განაპირობა, თუნდაც, ფინანსური მხარის მოგვარება, შემდეგ გადაწყდა და TAVI-ის უკვე ოთხი ოპერაციაა გაკეთებული ჩვენს ქვეყანაში.
_ რისთვის იბრძვით თქვენ და თქვენი გუნდი?
_ იმისთვის, რომ სიახლეები დავნერგოთ! ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რეალობაში შევძლოთ ის, რომ სტანდარტები თანამედროვე, ევროპისა და ამერიკის შესაძლებლობებს გავუთანაბროთ. კლინიკაში ჩვენი გუნდი, რომელსაც „Cardio Life“ დავარქვით, საოცარი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, ამიტომ ჩვენ პროფესიონალურად მზად ვართ და ამ მზადყოფნის შედეგი უნდა იყოს ის, რომ უკან მოგვყვებოდეს ტექნიკური ბაზაც. სწორედ ამისთვის ვიბრძვით, არ ვჩერდებით, თორემ შეგვიძლია, გავჩერდეთ და ერთ ადგილას გავიყინოთ. მე და ბატონმა ირაკლი გოგოხიამ იმხელა შრომა ჩავდეთ ამ პროფესიონალი გუნდის შექმნასა და ჩამოყალიბებაში, რომ გაჩერება არ შეიძლება, ახლა ტექნიკურად გვჭირდება ბრძოლა.
ამ ეტაპზე მთავარი ის არის, რომ ჩემს ქვეყანაში შევქმნა ისეთი ცენტრი, ისეთი გუნდი, რომელიც იქნება მაგნიტი გვერდზე მყოფი სახელმწიფოებისთვის და იმ ადამიანებს მოიზიდავს, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. მინდა, შევქმნა ჰაბი, რომელიც თბილისში, საქართველოში იქნება. ყველა ქვეყნის ოცნება შეიძლება იყოს, რომ სამედიცინო ტურიზმი განვითარდეს და ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს.
როცა ადამიანი ამერკაში ან ავსტრიაში მიდის, რწმენა აქვს, რომ იქ საუკეთესო და კარგ მომსახურებას მიიღებს, სწორედ ამის მიღების შესაძლებლობა უნდა დავანახვოთ ადამიანებს, რომ ისინი საქართველოში ამ მომსახურების მისაღებად ჩამოვიდნენ. ამაში ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა, ყველა უნდა ჩაებას და ეს მიზანმიმართული პროექტი უნდა იყოს. ამ გზაზე ვგდავართ და ამისთვის ვიბრძვით.
_ როგორ ფიქრობთ, ადამიანებს თავიანთი მისია აქვთ?
_ რა თქმა უნდა, ყველა ადამინს აქვს მისია. ჩემი მისიის მთავარი ნაწილი, ვფიქრობ, რომ შევასრულე. ვისწავლე და ჩამოვყალიბდი ადამიანად, პროფესიონალად. ეს ცოდნა ჩემი ქვეყნისთვის უნდა მომეხმარებინა და ამ მისიის დასაწყისში ვარ, ვცდილობ, ეს შევასრულო.
_ ცხოვრების აზრი რა არის თქვენთვის?
_ ის, რომ გიყვარდეს ყველა შენ ირგვლივ მყოფი ადამიანი. განსაკუთრებით ის, ვისაც სიხარული და ბედნეირება მოაქვს.
_ გაქვთ პრინციპი, რომელსაც არასდროს უღალატებთ?
_ პრაქტიკული მიდგომა მაქვს ყველაფერთან და შეიძლება შეიცვალოს პრინციპები. არ მაქვს დოგმები, თუმცა არის პრინციპები, რასაც ვერ ვუღალატებ.
_ რომ არა ის, ვინც ხართ, ვინ იქნებოდით?
_ ალბათ, ბიზნესმენი. ასევე სულ მაინტერესებდა კოსმოსი, მანქანათმშენებლობაც. დღემდე ვფიქრობ, ნუთუ, ჩვენს ქვეყანაში არ შეიძლება, რაიმე ვაწარმოოთ, ან გამოვუშვათ? ამხელა პორტი გვაქვს და გემთმშენებლობა რომ დავიწყოთ, კარგი იქნება, მაგრამ ამას დიდი ფინანსები სჭირდება და კონცეპტუალურად ვფიქრობ. უნდა მოვძებნოთ ისეთი რამ, რასაც ფრთებს შევასხამთ და ბოლომდე მივიყვანთ.
_ რომელიმე ფილმის ან წიგნის გმირს ხომ არ ამსგავსებთ საკუთარ თავს?
_ დოქტორ ჰაუსს მეძახდნენ, როცა ფეხი მქონდა ნაღრძობი და ჯოხით დავდიოდი საავადმყოფოში, მაგრამ ასეთი დიდი წარმოდგენა არ მაქვს საკუთარ თავზე.
_ მაინც, ვინ არის ლევან ქარაზანიშვილი?
_ პირველ რიგში, ვარ კარგი მამა და კარგი მოქალაქე, შემდეგ ვარ ექიმი, რომელსაც უყვარს თავისი პროფესია და ქვეყანა.
_ ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ ხოლმე?
_ რომ კარგად, უკეთ ვცხოვრობდეთ ჩვენს ქვეყანაში. მართლა ამაზე ვფიქრობ ხოლმე, პოლიტიკურ ძვრებსაც ძალიან განვიცდი.
_ თქვენი ოცნება?
_ რომ საქართველო გაერთიანდეს.
_ ვისი იმედი გაქვთ?
_ ჩემი შვილების.
_ საყვარელი გამონათქვამი?
_ გენიალურია!
_ ვინ გენატრებათ ყველაზე მეტად?
_ ალბათ, ბებია და ბაბუა.
_ რა იქნება თქვენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ მთავარი, რაც ჩვენს საზოგადოებას აკლია _ უფრო ტოლერანტულები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და სიყვარული ვატაროთ. ვიცოდეთ ასევე ქვეყნის სიყვარული. ვფიქრობ, რომ საერთო ენის გამონახვით ჩვენი ერი ერთსულოვნებას გამოიმუშავებს და წინ წავა.
ექიმებსაც, როგორც რიგით მოქალაქეებს, გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს; შვილებს მოწესრიგებულობა, კეთილსინდისიერება ჩავუნერგოთ, რომელიც, საბოლოო ჯამში, ერისა და ქვეყნის განვითარებისკენ წაგვიყვანს.

ნინო ტაბაღუა