„ჩვენ ერთნი ვართ და არაფერი გვაქვს გასაყოფი…” – ინტერვიუ პანკისელ ქისტ ქალებთან

პანკისის ხეობა თბილისიდან, სულ რაღაც, 170 კილომეტრშია, სადაც უკვე ორი საუკუნეა, კავკასიელი ვაინახები, ანუ ქისტები ცხოვრობენ. საკუთარი წესითა და ტრადიციით მრავალი თაობა გაზარდეს, ოღონდ ისე, რომ კარჩაკეტილნი არ ყოფილან. ქისტები ყველაზე მეტად ინტეგრირებული ერია სხვა ერებს შორის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

ქისტი ქალები მაღალი კულტურის საუკეთესო ქართულით მოლაპარაკენი არიან. ამ კუთხეში ერთი რამ იციან, რომ მათი სამშობლო კავკასიაა და ბევრ ქართველზე არანაკლებ უყვართ აქაურებს ქართული.
ქისტმა ქალებმა მრავალი წლის მანძილზე საკუთარ შათამომავალს როგორც ტრადიცია შეუნარჩუნეს, ისევე თანამედროვე ცხოვრებას არ ჩამოარჩინეს და ხეობაც ისეთივე სისწრაფით ვითარდებოდა, როგორც სახელმწიფო.

მელსი

მელსი პოლიტოლოგია, სამი შვილის დედა, მისი შვილები ჯერ მცირეწლოვნები არიან. მელსი შრომობს შვილებისთვის, კუთხისთვის და ქვეყნისთვის. რამდენიმე წლის წინათ მან ერთ-ერთი დონორი ორგანიზაციის დახმარებით სოციალური კაფე გახსნა ხეობაში. კაფემ თავისი როლი შეასრულა, თუმცა არსებობა გაუჭირდა. რთულია, იფუნქციონერო ხეობაში, სადაც გაჭირვება და დუხჭირი ეკონომიკური მდგომარეობაა, თუმცა მელსი და მისი გუნდი დანებებას არ აპირებენ:
_ იმისთვის, რომ პანკისის ხეობამ შეძლოს მრავალჯერადი სტრესის გადალახვა და ადამიანურად არსებობა, დიდი პასუხისმგებლობა ახალგაზრდებს ეკისრებათ. მიმაჩნია, დღეს არის დრო, როცა პანკისელმა ახალგაზრდებმა მეტად უნდა იზრუნონ საკუთარ ხეობაზე და ახალი თაობის უკეთესი მომავლისთვის.
ამ მიზნით შეიქმნა პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მჯერა, გაძლიერდება და მეტ სინათლეს მოუტანს ამ პატარა ხეობას.
_ რას გეგმავს ეს ახალგაზრდული ჯგუფი?
_ უახლოეს მომავალში სართო კრება ჩაინიშნება, სადაც ნებისმიერ პანკისელ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, შემოგვიერთდეს და ჩვენს ჯგუფთან ერთად იზრუნოს თავისი ხეობის განვითარებაზე. საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში ჩვენი პირველი იდეა და მიზანი იყო „პანკისის სოციალური კაფეს“ ბაზაზე ახალი სოციალური სივრცის შექმნა, რომელიც იქნება ცოდნის, დასვენების, ურთიერთობის, ინფორმაციის მიღების კერა.
_ თუ ერთვება სახელმწიფო ასეთი ღონისძიებების დაფინანსებაში?
_ იმ ფონზე, როცა სახელმწიფო პოლიტიკას ვაკრიტიკებთ, გაკეთებული სიკეთეებიც არ დავივიწყოთ. სოციალურ კაფეს დიდი მხარდაჭერა აქვს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისგან, ასევე, სპორტის სამინისტროსგან. მიმაჩნია, რომ ეს იყო გამოკვეთილი სახელმწიფო უწყება, რომელიც პრიორიტეტულად ყურადღებას აქცევდა პანკისსა და აქ სოციალური სიკეეთების განვითარებაზე ზრუნავდა. 2016 წელს მათი დაფინანსებით სოფელ დუისში გაიხსნა პირველი სოციალური კაფე, რომელიც მართლაც აუცილებელი და საჭირო სივრცე იყო ხეობისთვის. პროექტის ხანგრძლივობა 2016 წლის მაისი-ოქტომბერი იყო. აღნიშნულმა კაფემ დამოუკიდებლად ზუსტად ერთი წელი შეძლო არსებობა და ფინანსური სირთულეების ფონზე, იძულებული გავხდით, 2017 წლის ოქტომბერში დავხურულიყავით.
_ უფრო კონკრეტულად, გარდა ფინანსურისა, მიზეზი რა იყო?
_ გარდა იმისა, რომ პანკისში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და მომსახურების სფერო ნაკლებ პერსპექტიულია, მიმაჩნია, პრობლემა ჩვენი ორგანიზაციის მიდგომებსა და ხედვაშიც იყო. შესაბამისად, მიღებული გამოცდილებისა და არსებული შესაძლებლობებით ახლიდან უნდა შევისწავლოთ და შევაფასოთ ჩვენი პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მუშაობა, რათა „პანკისის სოციალური კაფეს“ ბაზაზე შეიქმნას განახლებული სოციალური სივრცე, რომელიც მეტად იქნება მორგებული ადგილობრივ საჭიროებებს.
_ რას შეცვლიდით ხეობაში?
_ მიმაჩნია, სწორი განვითარებისთვის აუცილებელია საკუთარი შეცდომების დანახვა, გადაფასება, წარმატებული მაგალითების გაზიარება და, რაც მთავარია, კეთილი ადამიანების რწმენა.
მჯერა, რომ პატარ-პატარა სიკეთეები ჩვენს ხეობაში გაერთიანდება და დიდ მზედ გადაიქცევა.
ლუიზა

ლუიზა ის გამონაკლისია, რომელიც არც სტერეოტიპებს უშინდება და არც ტრადიციებთან ბრძოლის ეშინია:
_ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 2012 წლიდან ჩავერთე, როცა პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ აქტივისტად მას შემდეგ ჩამოვყალიბდი, რაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი გავხდი. ოთხი წელია, ხეობის ახალგაზრდებთან ვმუშაობ, ვახორციელებ სხვადასხვა პროექტს. ქისტებს შორის ქალი აქტივისტები, თითქმის, არ გვყავდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე – ქისტებისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ახალგაზრდა ქალმა პოლიტიკაში ჩართვის ამბიცია გამოამჟღავნა. ამ სტერეოტიპებისა და ტრადიციული თემის წესების გათვალისწინებით, ჩემი კანდიდატურა განწირული გახლდათ, მაგრამ გასაოცარი რამ მოხდა – არჩევნები წავაგე სულ 12 ხმით. რეალურად, ეს მოგების ტოლფასი იყო. დღეს, როცა ჩემი მოსწავლეები მეუბნებიან, რომ მათთვის აქტიური ქალის მაგალითი ვარ, ვფიქრობ, ამაზე დიდს ვერაფერს გავაკეთებდი.
ჩემი თემისთვის განათლება იყო და არის პრიორიტეტული საკითხი, ამიტომ ქისტი გოგონები ამ კუთხით პრობლემებს არ აწყდებიან, ერთეული შემთხვევები კი საერთო სურათზე დიდ გავლენას არ ახდენს.
– ქართულის მასწავლებელი ხარ?
_ 2012 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი და გამომივიდა. ბედნიერი ვიყავი, რადგან პრობლემას, რომლის მოგვარებასაც ემსახურებოდა პროექტი, კარგად ვიცნობდი. ქართული ენა არც ჩემთვის არის მშობლიური, ამიტომ კარგად ვიცოდი, რა სირთულეების გადალახვა უწევდათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც არ იცოდნენ სახელმწიფო ენა. მთელი სიცოცხლე ვიამაყებ, რომ ამ პროექტის მონაწილე ვიყავი, რადგან შესაძლებლობა მოგვეცა, სახელმწიფოებრივ საქმეში ჩვენი მცირე წვლილიც შეგვეტანა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სკოლაში აღმოვაჩენდი ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო საქმეს.
_ თქვენ და ბავშვები…
– ადგილობრივი ქისტების გარდა, ჩემი მოსწავლეები ჩეჩნეთიდან ლტოლვილებიც არიან. ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, უმეტესობა საქართველოში დაიბადა. ჩეჩნეთში რომ მიდიან, თურმე, მშობლებს ეხვეწებიან, შინ, საქართველოში დავბრუნდეთო.
დღის მეორე ნახევარში დუისისა და ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრში მაქვს გაკვეთილები. აქ ქისტ და ჩეჩენ ბავშვებს ვასწავლი. სკოლის შემდეგ ყველანი „კლუბში“ მივდივართ, სადაც უამრავი სიახლე გველოდება კახეთის განვითარების სააგენტოს (KRDF) წყალობით. სისტემატურად ვართ ჩართულები არაფორმალურ განათლებაში, ვაწყობთ სეზონურ ბანაკებს, ვმართავთ ექსკურსიებს, შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, ფილმების ჩვენებას, დისკუსიებს.
ძალიან მინდა, ჩემი ხეობიდან შევცვალო საქართველოს მომავალი, ჩემი მოსწავლეებით შევცვალო ხვალინდელი უკეთესი დღე და მინდა, მუდამ მესმოდეს, რომ ჩვენ ერთნი ვართ და არაფერი გვაქვს გასაყოფი…

მაკა მოსიაშვილი