ოჯახი მუხრანში, რომელიც სოციალურად დაუცველთა სიიდან ამოიღეს

თუ ოდესმე მცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანში მოხვდებით და კულტურის სახლის შენობას ჩაუვლით, იცოდეთ, რომ ამ შენობის უკან პატარა, სამოთახიან სახლში ერთ დროს სოციალურად დაუცველები, ახლა კი ამ სიიდან ამოღებული ოსეფაიშვილების ოჯახი ცხოვრობს.

უკვე 26 წელია, რაც ლელა და გოჩა შეუღლდნენ და მას შემდეგ აქ უწევთ ცხოვრება. 48 წლის ლელა 4 შვილის დედაა, ბავშვებზე ზრუნვის გამო სხვა სამსახურს ვერ შოულობს და მთელ ოჯახს მამა, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ინახავს.
სახლს გარედან რომ შეხედოთ, უბრალოდაა შელესილი, თეთრი, ხის ფანჯარა და კარი აქვს, მუაჯირზე ცოცხია მიყუდებული, აივნის წინ კი სარეცხია გაფენილი. სახლში შესულები მაშინვე შეამჩნევთ, რომ სწორედ ამ მისაღებ ოთახში ხდება ყველაფერი, სწორედ ის წარმოადგენს მათთვის ძირითად სამყოფ ადგილს. შენიშნავთ კოხტად დალაგებულ საწოლსაც. ოჯახს არ აქვს სააბაზანო და მისაღებ ოთახში რიგრიგობით უწევთ წყლის გადავლება. არ აქვთ ბუნებრივი აირი, შეშის ღუმლით თბებიან, რომლისთვისაც შეშას ვერ იძენენ და საღამოობით შეგროვებული ფიჩხით გააქვთ თავი. საახალწლოდ ელექტროენერგიაც მეზობლების დახმარებით ჩაურთეს.
თეონა უფროსი გოგოა, უკვე 26 წლის. ბოლო თვეა, რაც გათხოვდა და ოჯახსაც უფროსი შვილის ხელი დააკლდა; მარი თბილისში მიმტანად მუშაობს, ის 25 წლისაა. რასაც სამსახურით შოულობს, ოჯახს უგზავნის; გიგა უკვე მე-12 კლასელია და მაშინ უწევს მეცადინეობა, როცა ყველა იმ ერთ ოთახშია შეკრებილი, სადაც ძირითად დროს ატარებენ. მიუხედავად ამისა, იგი სამაგალითო მოსწავლეა და მასწავლებლებისგან მშობლები მადლობასაც იღებენ; ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი საბაა, ის მე-5 კლასშია და ისიც უფროს ძმასთან ერთად დადის სკოლაში.

ოჯახის ყოველდღიურ ყოფაზე დიასახლისი ლელა გვიყვება:
„სულ ექვსნი ვართ: მე, მეუღლე და ოთხი შვილი, უფროსი გოგო გათხოვდა და ამჟამად ხუთნი დავრჩით სახლში. უკვე 48 წლის ვარ, მე და მეუღლე ერთად ვცხოვრობთ უკვე 26 წელია, 4 შვილი გვყავს, _ 2 გოგო და 2 ბიჭი. მეუღლე შრომობს, სხვა არაფერი გვაქვს. მე სამუშაოდ ვერ გავდივარ და პატარა ბოსტანი მაქვს, სადაც რაღაცები მომყავს, რომ ზამთარში თავი გავიტანოთ.
უკვე 4 წელია, სოციალურ დახმარებას არ ვიღებთ. ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით: ყვითელი სამარშრუტო ტაქსები რომ გამოჩნდა, მეუღლეც ამ ტაქსის მძღოლი გახდა და 2013 წელს ინდმეწარმედ გააფორმეს, თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე მას სამარშრუტო ტაქსი ჰქონდა ნაქირავები. უკვე 15 წელია, რაც სამარშრუტო ტაქსის მძღოლია. ერთხელაც ჩვენთან სახლში სოციალური დაცვის სააგენტოდან უნდა მოსულიყვნენ და ჩვენი მდგომარეობა შეემოწმებინათ. სახლშიც ზუსტად მაგ დროს მოგვადგნენ თბილისიდან შემოწმებაზე, როცა ეს ნაქირავები სამარშრუტო ეზოში ეყენა. ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო. ეზოში რომ შემოვიდნენ და „მარშრუტკა“ დაინახეს, გაუკვირდათ, იკითხეს, _ ვისიაო? თუმცა მეუღლემ უთხრა, ქირით მაქვს, ამით ვარჩენ ოჯახს, მეტი შემოსავალი არ გვაქვსო. სოციალურმა აგენტებმაც გადარეკეს თბილისში და იქიდან უპასუხეს, ეგ არ არის სტაბილური შემოსავალი და, შესაბამისად, არ ითვლებაო. იმის შემდეგ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, ჩვეულებრივად ვიღებდით დახმარებას.
მაგრამ უკვე 2013 წელს, როცა სექტემბერში სოციალური დახმარება უნდა აგვეღო, უეცრად გავიგე, რომ, თურმე, მოგვეხსნა. მოსხნის შესახებაც არავის არაფერი უთქვამს, არც გავუფრთხილებივართ. 5 თვის თანხა წინასწარ მქონდა გამოტანილი კრედიტის სახით და როცა ეს დრო დამთავრდა, ჩვეულებრივ, დახმარების ასაღებად მივედი, თუმცა ანგარიშზე თანხა დარიცხული არ იყო. მერე მცხეთაში სოციალური დაცვის სააგენტოში რომ ჩავედი, იქ მითხრეს, თქვენ დახმარება მოხსნილი გაქვთო და ამის შემდეგ ორ დღეში მოვიდა კიდეც ახალი აგენტი.
რეალურად, არც არაფერი შემიძენია, რომ მაგის გამო მოეხსნათ. სოცაგენტიც რომ მოვიდა, თვითონაც გაუკვირდა, _ მგონი, სხვაგან მოვხვდიო. მერე სახელები და გვარები ამოიკითხა, ასეთი დამთხვევა ვერ მოხდებოდაო. თურმე საქმე ის არის, რომ ჩვენი პირადი ნომრებისა და სახელ-გვარების ქვეშ ისეთი მონაცემები წერია, თითქოს ჩვენი შემოსავალი წელიწადში 38 000 ლარს უტოლდება. ამხელა თანხა ცხოვრებაში არ დამსიზმრებია!
ყველაფერ ამას მოჰყვა ის, რომ თვითონ სოციალურმა აგენტმა დამაწერინა განცხადება, თავადაც გაოცებული იყო და იმიტომ, _ ეს რა ვნახე, ასეთ უკიდურეს გაჭირვებაში ხართ და ეს მონაცემები საიდან მოიტანესო?! სწორედ 4 წლის წინათ დავწერე განცხადება და ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანე, მაგრამ ზუსტად 4 წელია, რეაგირება არ ყოფილა. ვითხოვდი, რომ მოსულიყვნენ და ხელახლა გადაემოწმებინათ ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ _ არა.
მხოლოდ გვითხრეს, რომ თითქოს მეუღლის სამსახური არ მივუთითეთ, არ ჩავაწერინეთ, არადა, ასე არ იყო. ცნობაც კი მიმატანინეს შემოსავლების სამსახურიდან, სადაც ეწერა, რომ ჩვენი წლიური შემოსავალი 2 000 ლარს არ აღემატება. არ ვიცი, 38 000 ლარი საიდან მოიტანეს, ამ მონაცემის მიხედვით, სიმდიდრით მე-2 ადგილზე ვყოფილვართ რაიონში. ამ საბუთისთვის კი, სადაც ეს მონაცემები იყო თავმოყრილი, სამწუხაროდ, არც ფოტო გადამიღია, რომ შემენახა. მაშინ არც ისეთი მობილური მქონდა, რომ ფოტო გადამეღო და არც ინტერნეტი, რომ ვინმეს დავკავშირებოდი.
მას შემდეგ უკვე 4 წელიწადია, არ ვიღებთ სოციალურ დახმარებას, გათიშული გვაქვს გაზი, უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ“.
ლელა ამბობს, რომ განცხადება მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს დაწერა, მას შემდეგ კი 3 წელიწადია, სიაში აღარ არის:
„ოჯახში მე და ჩემი მეუღლე ვართ შრომისუნარიანები. ერთი თვეა, რაც უფროსი გოგო გათხოვდა, მეორე თბილისში წავიდა სამსახურის საშოვნელად, ახლა იქ ცხოვრობს ქირით, მიმტანად მუშაობს. აქ არც აბანო გვაქვს და არც სამზარეულო. ერთ ოთახში ვართ და იქ ვბანაობთ, იქ ვიძინებთ, იქ ვჭამთ, ყველაფერი ეგაა ჩვენთვის. ისე, სულ სამი ოთახი გვაქვს, მაგრამ ერთი საცხოვრებლად გამოუსადეგარია, მარტო აშენებულია და ჭერი გვაქვს აკრული, ამ ოთახს სათავსოდ ვიყენებთ.
ზამთარში ძალიან ვწვალობთ, სადაც ვჭამთ და გვძინავს, იქ ვბანაობთ. ამ ყველაფერს ცხოვრება კი არა, უბრალოდ, არსებობა ჰქვია!
ჩემი უფროსი ბიჭი ძალიან კარგი მოსწავლეა, მასწავლებლები ამბობენ, ამ ბავშვს რომ უკეთესი პირობები ჰქონდეს, ბევრად კარგ შედეგებს მიაღწევდაო, ისტორიის მასწავლებელმა კრებაზე მადლობა გადამიხადა, რომ ასეთი კარგი ბავშვი გავზარდე. სიცივეში ზის და იქ მეცადინეობს _ სწავლა უნდა!
აი, მარი რომ არ გვყავდეს, შიმშილით დავიხოცებოდით, ალბათ. ის გვიგზავნის ყველაფერს, დავურეკავთ ხოლმე: დე, მშივრები ვართ… და ხან ფულს, ხან პროდუქტს გვიგზავნის, დაიტვირთება და ასე ამოდის, თავის მიმტანობით შეგროვებულ ხელფასს ჩვენ გვახარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილია, უკვე მერიდება, რომ შევაწუხო.
საახალწლოდ შუქიც კი ჩაჭრილი გვქონდა, მაგრამ მეზობლებმა შეაგროვეს თანხა და ჩაგვირიცხეს, რომ ახალ წელს უშუქოდ არ ვყოფილიყავით“, _ ამბობს ლელა.

„ქრონიკა+“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა, რომ გაეგო, თუ რატომ მოეხსნა ამ ოჯახს დახმარება და ახლა რა ეტაპზე არიან?
სააგენტოში აცხადებენ, რომ ლელა ოსეფაიშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია 2006 წლიდან და რამდენჯერმეა გადამოწმებული. მათი სარეიტინგო ქულა, უმრავლეს შემთხვევაში, სცილდებოდა ზედა ზღვარს და, შესაბამისად, არ იყვნენ ხოლმე საარსებო შემწეობის მიმღებები. დაბალი სარეიტინგო ქულა მათ 2008-2011 წლებში ჰქონდათ, 2011-2012 წლებში კვლავ მაღალი სარეიტინგო ქულა მიიღეს, 2012 წლის ივნისში კი საარსებო შემწეობის მიმღებები გახდნენ:
„2013 წელს ოჯახს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია გაუუქმდა. ამის მიზეზი გახდა მათი მხრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ინფორმაციის დამალვა. ოჯახის უფროსი რეგისტრირებული იყო ინდმეწარმედ და სააგენტოს არ აცნობეს ლეგალური შემოსავლის შესახებ. 2013 წლის შემდეგ ოჯახს სააგენტოსთვის გადამოწმების თხოვნით არ მოუმართავს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის შემდეგ კანონმდებლობით შესაძლებელი იყო მათი ხელახლა შესწავლა. ოჯახს დღესაც აქვს უფლება, დაწეროს განცხადება და სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად გადამოწმება მოითხოვოს ახალი“, _ ნათქვამია განცხადებაში.

ოსეფაიშვილები განცხადების ხელახლა დაწერას აპირებენ. რა შედეგს მოიტანს იგი, ამის შესახებ „ქრონიკა+“-ის მომდევნო ნომრებში შეგატყობინებთ.

ნინო ტაბაღუა