„აფეთქების ერთ მხარეს ადამიანებმა იცოდნენ ამის შესახებ, მეორე მხარეს, _ არა!“

„ქვეყანაში არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, რომელსაც აღმასრულებელი, სანქცირების მექანიზმები ექნება და შრომის უსაფრთხოებას გააკონტროლებს“

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟანთუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების შედეგად, სამი მუშა დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 61 წლის მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, 58 წლისა და 45 წლის მამაკაცებს, მათ დაზიანებები ჰქონდათ ხერხემლის არეში, ასევე დაუფიქსირდათ კიდურების მოტეხილობები.

გიორგი კიკნაძე, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ობიექტზე თავადაც მუშაობდა და ახლა რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს წარმოადგენს, აცხადებს, რომ გვირაბის ერთ მხარეს იმყოფებოდა შემდუღებელთა ჯგუფი, მეორე მხარეს კი მოხდა სამუშაო პროცესით გათვალისწინებული აფეთქება, რომლის შესახებაც შემდუღებლები წინასწარ არავის გაუფრთხილებია. მისივე განცხადებით, ამ ობიექტზე საკმაოდ ხშირია დასაქმებულთა დაშავების შემთხვევები.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე ბეჟანთუბანში რკინიგიზის მშენებლობაზე დასაქმებულებს საპროტესტო აქცია ჰქონდათ, სადაც ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფას მოითხოვდნენ.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, შრომის ინსპექტორები იმყოფებოდნენ. მათ რეკომენდაციითაც მიმართეს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს, თუმცა კომპანიას შესაბამისი ზომები მაინც არ მიუღია.
„დამსაქმებლები არაფრად აგდებენ პროფკავშირების რეკომენდაციებს, შედეგად ლუკმა-პურის საშოვნელად გასული ადამიანები იღუპებიან. როგორც ვიცი, აფეთქება გვირაბების შეერთების დროს, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მოხდა. აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე ადგილზე იმყოფებოდნენ შრომის ინსპექტორები. როგორც ჩვენი, ისე სამინისტროს მხრიდან, ცალსახად დაწერილია დასკვნა, რომ დარღვეულია უსაფრთხოების პირობები, ასევე, გაგზავნილია რეკომენდაციები, მაგრამ მომკითხავი არავინაა, ასრულებს თუ არა კომპანია ამ რეკომენდაციებს, რადგან შრომის ინსპექცია არ არის სავალდებულო და მის შეუსრულებლობას არანაირი სანქციები არ მოჰყვება. დამსაქმებლები ამას არაფრად აგდებენ და ასე იქნება მანამ, სანამ არ იმუშავებს რეალური შრომის ინსპექცია, სანამ ამ ადამიანებს მინიმალური ხელფასის ფასად სიცოცხლის გაწირვა არ მოუწევთ“, _ აცხადებს ვიტალი გიორგაძე.
ამასთან, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკება გაიმართა და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა.
ბეჟანთუბნის სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო მონაკვეთზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯებს მთლიანად დაფარავს კომპანია, ასევე დაშავებულთა სავსებით გამოჯანმრთელებამდე მათ იძულებითი მოცდენისთვის ხელფასის სრულ ოდენობას გადაუხდიან. იმ დღეების განაცდური, როდესაც ობიექტზე მუშაობა პარალიზებული იყო მომხდარი აფეთქების გამო, დასაქმებულებს ჩვეული ტარიფით აუნაზღაურდებათ.
„მომდევნო 10 დღის განმავლობაში პროფკავშირების შრომის უსაფრთხოების ინსპექტორები ობიექტზე შევლენ და იქ არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთის 23-ე ბიუროს წარმომადგენლებმა ვალდებულება აიღეს, უშუალოდ ინსპექტორების მითითებებით გამოასწორონ უსაფრთხოების ნორმები.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნული სიახლეები ბეჟანთუბნის მონაკვეთზე სარკინიგზო გვირაბის დასაქმებულებს პირადად გააცნეს. შეხვედრა ხაშურში შედგა“, _ აღნიშნულია პროფკავშირების განცხადებაში.

„ქრონიკა+“ რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს, ვიტალი გიორგაძეს ესაუბრება:
_ ჩვეულებრივი, გეგმური აფეთქება იყო და ორი გვირაბი ერთდებოდა. უბრალოდ, ძალიან დიდი დარღვევაა, რომ აფეთქების ერთ მხარეს ადამიანებმა იცოდნენ ამის შესახებ და ჩვეულებრივად უსაფრთხო ზონაში გამოვიდნენ, ხოლო მეორე მხარე არ გააფრთხილეს და მათთვის ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო.
ამიტომ ეს უსაფრთხოების წესების დარღვევაა, _ სამუშაო პროცესში ერთმანეთთან ელემენტარული კომუნიკაციის არქონა. ამან სამი ადამიანის დაშავება გამოიწვია.
_ ამ დროისთვის როგორ არიან?
_ ორი მათგან უკვე სახლის პირობებშია გადაყვანილი, ყოველდღე ვესაუბრებით და, ჯერჯერობით, თავს ნორმალურად გრძნობენ. მესამეს თბილისში, ჟვანიას კლინიკაში ხელზე ოპერაცია გაუკეთდა, პალატაშია გადმოყვანილი და ამ ეტაპზე სტაბილურად არის.
_ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა აფეთქების შესახებ მუშების არაინფორმირებულობაზე?
_ კონკრეტულ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სამუშაოს შესრულების ბრიგადირის კისერზეა, ვისაც ეს ადამიანები წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა. თუ ზოგად პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იკვეთება, რადგან დღემდე ქვეყანაში არ არსებობს ქმედითი შრომის ინსპექცია, რაზედაც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, რომელსაც აღმასრულებელი, სანქცირების მექანიზმები ექნება და შრომის უსაფრთხოებას გააკონტროლებს.
ასევე ყველა მოქალაქის, საზოგადოების პასუხისმგებლობაა, როდესაც ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხებში რეალური მაკონტროლებელი ორგანო არ არსებობს.
ეს პრობლემა მარტო სარკინიგზო გვირაბსა და შახტაში არ გვხვდება, ეს ყველგან, მთელი ქვეყნის არსებული გამოწვევაა. მაგალითად, ხედავთ, საცხოვრებელი სახლების მშენებლობებზე რა ხდება?!! ლამის, ყოველ მეორე დღეს ადამიანი იქიდან ვარდება და იღუპება. საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად უყურებს. არ ვიცი, ამას რა დავარქვა, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება და აუცილებელია, რომ კანონპროექტი დროულად მიიღონ და დროულად აღიჭურვოს შრომის ინსპექცია შესაბამისი მექანიზმებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფული შედეგები გვაქვს და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაიზრდება, დამძიმდება, თუ ამაზე ყველამ ერთად ძალიან მკაფიო და მკაცრი პოზიცია არ დავაფიქსირეთ.
_ ხარაგაულის ბოლო შემთხვევაზე ადგილზე პასუხისმგებლობის საკითხი თუ დაისვა?
_ გამოძიება დაწყებულია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა დაზარალებული დაიკითხა, ასევე სამუშაოს მწარმოებლები, ხელმძღვანელები. ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაგვაჩნია.
რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ნაბიჯებს, ახლა შრომის ინსპექტორები შევლენ და ადგილზე იმუშავებენ. თვითონ ჩინეთის სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ჩვენი ჯგუფი იქ კიდევ ერთხელ შევიდეს. აქამდეც ბევრჯერ ვიყავით შესული აღნიშნულ ობიექტზე და უამრავი რეკომენდაცია დავწერეთ, მაგრამ ეს, მხოლოდ და მხოლოდ, რეკომენდაციებია და არანაირი მექანიზმები არ გვაქვს, რომ ეს ყველაფერი აღვასრულებინოთ.
ახლა კიდევ გამოთქვეს სურვილი, რომ შევიდეთ და ჩვენი კონკრეტული მითითებების საფუძველზე შეეცდებიან გამოასწორონ არსებული დარღვევები. რეალურად, იქ ძალიან ბევრი დარღვევაა, ყოველდღიურად რაღაც მსგავსი ხდება და ყოველ წუთს იმის საფრთხეა, რომ ადამიანი დაშავდეს და ეს ყველაფერი ფატალურად დასრულდეს.
ასე რომ, ჩვენი ინსპექტორები კიდევ ერთხელ შევლენ და კონკრეტულ რეკომენდაციებს მისცემენ. როგორც ვიცი, ინსპექტორები შრომის სამინისტროდანაც მიავლინეს. ჩვენი მხრიდან რა მექანიზმებიც გვაქვს, ყველაფერს ვიყენებთ.
_ შრომის სამინისტროს ინსპექტორებმა რა დაასკვნეს?
_ დასკვნა ძალიან მარტივია და ამას სპეციალური ცოდნა და რაღაც აღჭურვა არც კი სჭირდება. ჩვეულებრივი ადამიანი იქ რომ შევიდეს, ნათლად დაინახავს, თუ რა მდგომარეობაა, იქ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი სამუშაო გარემოა.
ბუნებრივია, სამინისტროს წარმომადგენლები შესაბამის დასკვნებს დაწერდნენ, რადგან ეს ინსპექტორები ადრეც შესულები იყვნენ. მაშინაც ვნახეთ ეს და ნორმალური რეკომენდაციები იყო გაცემული, მაგრამ ვიმეორებ: ამ მითითებას აბსოლუტურად არანაირი ძალა არ გააჩნია. ამას გაითვალისწინებს თუ არა დამსაქმებელი, ამისთვის კომპანიას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
ასე რომ, ვწერთ ამ რეკომენდაციებს, ისინი კითხულობენ და, რეალურად, არაფერს ასრულებენ. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის.
_ ადგილზე რა აშკარა დარღვევებია?
_ დარღვევები ორი მიმართულებითაა: ერთი შრომის უსაფრთხოების კუთხით და მეორე შრომითი უფლებების თვალსაზრისით. უსაფრთხოების კუთხით სამუშაო გვირაბში მოუწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა, გვირაბგამაგრებითი სამუშაოების ხარაჩოები, ასევე მოუწესრიგებელია თვითონ სამუშაოს პროცესის თანმიმდევრობა.
მაგალითად, სამი წლის წინათ, როდესაც აღნიშნულ კომპანიაში შევედით, დამსაქმებლისთვის ახსნა და გაფიცვაც კი დაგვჭირდა (ერთი ამბავი იყო ამაზე ატეხილი), რომ აფეთქების მომენტში ადამიანები უსაფრთხო მანძილზე გამოეყვანათ. წარმოგიდგენიათ, საერთოდ, რაზეა საუბარი? რადგან სადაც აფეთქებაა, იქ დაკვამლიანებაა, დენთია, გარდა იმისა, რომ ირგვლივ ნამსხვრევები ვრცელდება.
ჩვენ გაფიცვა დაგვჭირდა დამსაქმებლისთვის იმის ასახსნელად, რომ აფეთქების მომენტში ადამიანები უსაფრთხო მანძილზე გამოეყვანათ. არადა, არაფრით არ გამოჰყავდათ. ეს ადამიანი იქვე, ორი-სამი მეტრით გაიწეოდა, რაღაცას ეფარებოდა, ამ დროს აფეთქება მოხდებოდა და შემდეგ მტვერი, კვამლი და ა. შ. დადგებოდა. საშინელი შედეგები გვქონდა, ფილტვების, მხედველობის სერიოზული დაზიანებები და სხვ. ადამიანები ჩვეულებრივად დაავადმყოფებულები იყვნენ.
როგოც ხედავთ, მსგავსი საშინელება ისევ განმეორდა. ამიტომ იქ სამუშაოს მსგავსი დაგეგმარება სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ასევე გვირაბში ინფრასტრუქტურის განლაგების წესები დაუცველია. მაგალითად, შეიძლება ელექტროსადენები წყალში ეყაროს და იქ ადამიანი მუშაობდეს? ეს ხომ გამორიცხულია!
მეორე მიმართულება შრომითი უფლებებია. არ იყო შრომითი ხელშეკრულებები, არ ჰქონდათ საშუალება, რომ კვირაში ერთი დღე მაინც დაესვენათ, თვის განმავლობაში ყოველდღე მუშაობდნენ. პლუს ამას, ხელფასებს ისე აკლებდნენ, როგორც გაუხარდებოდათ, _ შრომის ხელშეკრულებაში ხელფასის ოდენობაც არ ეწერათ. ამ ხალხს ბიულეტენით და შვებულებით სარგებლობის უფლება არ ჰქონდა.
ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი გავაკეთეთ და თანამშრომელთა ხელშეკრულების საკითხები მოვაწესრიგეთ.
თუმცა გახსოვთ, რომ ამ აფეთქებამდე ერთი კვირით ადრე ეს ხალხი ისედაც გამოვიდა გაფიცვაზე. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ის იყო, რომ გვირაბზე სამუშაოს დასრულების წინ, ბიულეტენის ანაზღაურებასა და შვებულების გამოყენებაზე ისევ პრობლემები წარმოიშვა. ესეც მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, ხელშეკრულებები გაფორმდა.
აქ უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანები სამუშაო ადგილზე არ იღუპებოდნენ, რადგან ფატალური შედეგები გვაქვს. უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს მიღებული დაავადებებით ძალიან ბევრი ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი რეანიმაციაში აღმოჩნდა, ფილტვები საერთოდ გამორთული ჰქონდა ამ დაკვამლიანებისა და დამტვერიანებისგან.
_ ამის გათვალისწინებით ჩინურ კომპანიას რამდენად გააზრებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა?
_ ვიმეორებ: ჩვენ ამ კომპანიასთან სამი წლის წინათ გვქონდა შეხება და მოგახსენეთ, იქ რა მდგომარეობაც იყო. შუა საუკუნეებშიც არ იქნებოდა ისეთი რეალობა, რა პირობებშიც ესენი ადგილზე ხალხს ამუშავებდნენ! მაგრამ საპროტესტო აქციებით, შრომითი დავებით, მთელი ამ მექანიზმებით პრობლემების რაღაც ნაწილი მოწესრიგდა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის ნაწილს, ძალიან რთულია აღნიშნულ დამსაქმებელთან მოლაპარაკება. პირველ რიგში, ენობრივი ბარიერია და მოლაპარაკების დროს ძალიან რთულად იგებენ, თუ რას ვითხოვთ. ზოგადად, მათთან შეთანხმება ადვილი არ არის. საწყის ეტაპზე პრობლემა კიდევ ის იყო, რომ უკვე დადებულ შეთანხმებებს უგულებელყოფდნენ და არ ასრულებდნენ. საპროტესტო აქციებით, სხვა აქტივობებით იმას მივაღწიეთ, რომ უკვე რაღაცას მაინც ემორჩილება ეს დამსაქმებელი.
ამას ისიც მოწმობს, რომ ამ ბოლო აფეთქების შემდეგ თვითონ გამოხატეს მოლაპარაკების სურვილი. ეს შედგა და, პრაქტიკულად, რა საკითხებიც წამოვაყენეთ, ყველაფერზე თანხმობა განაცხადეს. მაგალითად, საუბარია მკურნალობის, რეაბილიტაციის ხარჯებზე და მანამდე გადაუხდიან ხელფასს, სანამ სავსებით არ გამოჯანმრთელდებიან და სამუშაოს დაუბრუნდებიან. მოცდენილ დღეებს, ასევე ბიულეტენისა და შვებულების თანხებს აუნაზღაურებენ.
თუ ამ შეთანხმებას დამსაქმებელი არ შეასრულებს, სხვა მექანიზმები უკვე არ არსებობს. მაშინ სასამართლოში უნდა წავიდეთ, რომელიც რამდენიმე წელიწადი გაიწელება და პრევენციის ხასიათი კიდევ სასამართლო დავებს არ გააჩნია.
ამიტომ აქ რეალური მექანიზმები უნდა გვქონდეს. სწორედ აქ უნდა იყოს შრომის ინსპექცია, რომელიც არა მარტო უსაფრთხოების, არამედ შრომითი უფლებების კუთხითაც ძალიან აქტიური იქნება. და თუ დამსაქმებელი დადებულ შეთანხმებას დაარღვევს, მაშინ დაუწესოს სანქციები და სხვა შესაბამისი ზომები მიიღოს.
_ ხელისუფლებამ კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს?
_ როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთი საშუალება სასამართლოა, მაგრამ მას პრევენციის ხასიათი არ აქვს. მოხდება უბედური შემთხვევა, ამასთან დაკავშირებით იქნება სასამართლო დავა, ეს წლები გაიწელება და ამ ხნის განმავლობაში, რეალურად, ეფექტიან შედეგს ვერ ვიღებთ. ამ ხნის განმავლობაში დაზარალებულიც მძიმე მდგომარეობაშია და კომპანიასაც ხარჯები მძიმედ არ აწვება.
ამიტომ ერთადერთი მექანიზმი შრომის ინსპექციაა, რაც ცივილიზებული სამყაროს მიერ მოფიქრებულია. მეორე საკითხია, რამდენად ხშირად აყენებენ მთავრობის წარმომადგენლები და ჩვენი ოპონენტები საკითხს, რომ შრომის ინსპექცია სათანადოდ არ იმუშავებს. ეს გამორიცხულია, თუ შრომის ინსპექცია ისეთი მეთოდით იქნება დაკომპლექტებული, როგორც ჩვენ შევთავაზეთ. ამაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ბევრს მუშაობს და ჩვენი მხრიდან მათთან ერთად შესანიშნავი კანონპროექტია შემუშავებული. თუ ასეთი ფორმით იქნება, პრაქტიკულად, გამორიცხულია უარყოფითი შედეგები.
უბრალოდ, სხვა თემაა, რომ საკუთარი თავის ეშინიათ და ამ დროს ყველაზე მეტად იჩაგრებიან ადამიანები, მათი უსაფრთხოება, შრომითი უფლებები ირღვევა და ყველა მათ ჯიბეში აფათურებს ხელს. ეს დიდი პრობლემაა.
_ ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი რა ეტაპზეა?
_ კანონპროექტი უკვე დიდი ხანია, პარლამენტშია. ისეთი კანონპროექტი არ არის, როგორიც ჩვენ გვინდოდა, მაინც მოახერხეს მისი, მეტ-ნაკლებად, გარდაქმნა, როგორც ეს სურდათ. თუმცა მთავარი წინადადებაა, რომ რეალური მექანიზმები გვქონდეს.
სამწუხაროდ, კანონპროექტის მიღება გაჭიანურდა. ბიზნესის მხრიდან სერიოზული ოპონირებაა და, ალბათ, ჩვენ, პროფკავშირები, სამოქალაქო საზოგადოება, უფრო მეტად უნდა გავაქტიურდეთ, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს პრობლემა. ხუთი თვეა, უკვე კანონპროექტი პარლამენტშია და ჩვენთვის გაუგებრი მიზეზების გამო მისი განხილვა უკვე რამდენჯერმე გადაიდო.

გელა მამულაშვილი