პაატა დავითაია: „ბატალიონ „ვოსტოკის“ ცხინვალსა და გორში შემოსვლას ხუჩიევი აფინანსებდა“

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) კვლევის თანხმად, გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. კონკრეტულად, კითხვაზე, _ როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% _ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 39% _ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 3%-მა უპასუხა, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „ცრრც-საქართველო“. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება პარტია „ევროპული დემოკრატების“ ლიდერს _ პაატა დავითაიას:
_ ბატონო პაატა, საუბარი დავიწყოთ გროზნოს მერის საქართველოში გახმაურებული ვიზიტით…
_ როდესაც გროზნოს მერის, ხუჩიევის საქართველოში ვიზიტი მედიით გახმაურდა, ძალიან გამიკვირდა. ცნობილია, თუ ვინ არის ეს პიროვნება, რეალურად. ის ჩვენი სამართალდამცველებისთვისაც ნაცნობი უნდა ყოფილიყო. დაახლოებით 2007 წლიდან ხუჩიევი გროზნოს მერია, ამის გათვალისწინებით, კადიროვთან ძალიან დაახლოებული პირია. კადიროვის გარემოცვაში ერთადერთი თანამდებობის პირია, რომელსაც პოლიტიკური განცხადებების კეთებისა და სხვა ინიციატივებით გამოსვლის უფლება აქვს. სხვა სახელისუფლებო პირებიდან, ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, პოლიტიკურ განცხადებებს არავინ აკეთებს.
2008 წლის ომის თობაზე მე, როგორც აგვისტოს ომის გამოძიების კომისიის ხელმძღვანელს, ქართული სამართალდამცველი სტრუქტურებიდან, სპეცსამსახურებიდან ზღვა მასალა მომდიოდა. რასაკვირველია, ეს ინფორმაციები ყველაფერს ვერ ასახავდა, რადგან საქმეში ბევრი ადამიანი ფიგურირებდა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობდა. საუბარია რუსეთის ხელისუფლების სტრუქტურებში მოქმედ თანამდებობის პირებზე. ბუნებრივია, კომისია ყველა მათგანს ვერ ასახავდა, მაგრამ უამრავ ოპერატიულ მასალას მაინც მოვიპოვებდით.
თავის დროზე სპეცსამსახურებიდან მიღებული ერთ-ერთი ინფორმაციით, როდესაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ოკუპანტ ძალებს (ხრულევის მეთაურობით) სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს, გახსოვთ, პუტინი ჩრდილოეთ ოსეთში ჩამოვიდა და თათბირი მოიწვია. ამ თათბირზე გადაწყდა, რომ ბატალიონი „ვოსტოკი“ ჩაერთვებოდა ცხინვალზე შეტევაზე და ასევე გორის მიმართულებით გადაადგილებაზე. ეს ბატალიონი „ვოსტოკი“ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა და უფრო ბრძოლისუნარიანი იყო, ვიდრე იმ ეტაპზე არსებული სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები.
ამასთან, ბატალიონი „ვოსტოკი“ პირდაპირ კადიროვს ემორჩილებოდა. საუბარი არ არის ფორმალურ ქვემდებარეობაზე, აქცენტია რეალურ დამორჩილებაზე, რადგან ეს ბატალიონი თავიდან ბოლომდე კადიროვის მიერ ფინანსდებოდა. ამ სიტუაციაში მთავარი ფინანსისტი სწორედ ხუჩიევი იყო, რომელიც ამ ბატალიონის ლოჯისტიკას ახორციელებდა, მომარაგებით დაწყებული, ხელფასების გადახდით და სხვა ქმედებით დასრულებული.
როდესაც „ვოსტოკის“ წევრები ცხინვალში შემოვიდნენ და გორის მიმართულებითაც, მთელი ეს ლოჯისტიკური ხაზი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გვერდის ავლით, მთელი დაფინანსება ხუჩიევის მხრიდან ხორციელდებოდა.
გახსოვთ, 2008 წლის ომის შემდგომ ეს ბატალიონი დაიშალა. მისი ლიდერები მოსკოვსა და გროზნოში გაანადგურეს. ამით, ფაქტობრივად, კვალი წაშალეს.
მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ ხუჩიევი ერთ-ერთი ადამიანია, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას ფინანსურად უზრუნველყოფდა. ამიტომ ის არ უნდა შემოეშვათ.
აქ მეორე საკითხია ჩვენი სამართალდამცველი ორგანოების სასაცილო არგუმენტები იმის თაობაზე, ეს ადამიანი რაღაც სიაში იყო თუ არა, რომ ამ სიაში ის წინა ხელისუფლებას უნდა შეეყვანა და ა. შ. ჯერ ერთი, საერთოდ არ ვიცი, რა სიაზეა საუბარი. არასოდეს მსმენია მსგავსი სიების არსებობის თაობაზე. მეორე, ვინ ამტკიცებს აღნიშნულ სიებს? საერთოდ, ქართული სპეცსამსახურები თუ მუშაობენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე?
სამწუხაროდ, ქართული სპეცსამსახური საქვეყნო გამოწვევებზე არ მუშაობს. დღეს ის ივანიშვილის პირადი სტრუქტურაა და ოპოზიციურად განწყობილი პირების დევნაზე არის გადართული. ამით ის ქვეყნის უსაფრთხოებას ვერაფრით უზრუნველყოფს.
ამ სიტუაციაში თავის მართლება პოზიციით, რომ არ ვიცოდით, ეს ადამიანი სიაში იყო თუ არაო, უბრალოდ, სასაცილოა. თუ რეალურად ქვეყნის უსაფრთხოებაზე მუშაობ, ძალიან კარგად უნდა იცოდე, რომ კადიროვის გარემოცვის უახლოესი პირი არც ერთ შემთხვევაში საქართველოსთვის კეთილმოსურნე არ იქნება. რადგან თვითონ კადიროვი არაერთხელ გამოსულა აგრესიული განცხადებებით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ საკითხი მარტივად დგას.
საუბარი იმაზე, რომ ამის შესახებ არ ვიცით, ან კვალს გადავამოწმებთო, ფუჭი სიტყვებია. კადიროვის კაბინეტის წევრობა საკმარისია იმისთვის, რომ ეს ადამიანი ქვეყანაში არ შემოვუშვათ, რადგან ის კეთილი ზრახვებით განწყობილი არ არის.
_ მაინც, რას ემსახურება ეს ვიზიტი?
_ ეს მეორე თემაა და აქ რამდენიმე ვარაუდის საფუძველია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი პანკისის ხეობაში შექმნილ სიტუაციას ეხმაურება. ხუჩიევის ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე კადიროვმა განცხადება გააკეთა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ტერორისტები საქართველოში არიანო. შემდეგ გროზნოს მერი საქართველოში ჩამოდის.
ამ ფონზე, კადიროვის ოცნებაა, პანკისის ხეობაში სიტუაციის არევა და იქ მათი მხრიდან გარკვეული კონტროლის დაწესება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ხუჩიევის ჩამოსვლა სწორედ ამასთან იყოს დაკავშირებული. იგივე პანკისის ხეობიდან ინფორმაციის გატანაზე თუ ვსაუბრობთ, რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია, სიტუაციის არევას ცდილობს, მაგრამ იქაური მოსახლეობის დამსახურებაა და მეტი არავისი, რომ დღემდე სიტუაცია არ არეულია. პანკისის ხეობაში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არასოდეს გამოსულან. არც ახლა, როცა სპეცსამსახურებმა იქ სერიოზული ოპერაციები ჩაატარეს.
ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე, ხუჩიევი აქ არ უნდა შემოეშვათ, მაგრამ რეალობა ესაა. მარტო ჩვენი სპეცსამსახურები კი არა, მთელი საქართველოს მთავრობა დაკავებულია რუსეთის გათეთრებით, ოღონდ რუსეთს ასიამოვნონ და ყველანაირ ნაბიჯზე მიდიან.
მაგრამ საქმე ის არის, რომ რუსეთისთვის სიამოვნების მინიჭებით ჩვენი პრობლემები არ გვარდება და ამას ვხედავთ. ავიღოთ ცხინვალის სამხედრო შენაერთების რუსულთან გაერთიანება, რომელზედაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა, ხოლო საქართველოს არც მთავრობამ და არც პარლამენტმა ამაზე არათუ განცხადება, რეზოლუციაც კი არ მიიღო. ამ მიმართულებით არც საქართველოს მთავრობას ჩაუტარებია რაღაც კონტრქმედებები. მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით შემოიფარგლნენ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ყველაფრი განცხადებით დაგმო.
ფაქტი ერთია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უპირველესად ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა. ამ დროს ჩვენი მოსახლეობის დაცვის მაგივრად, ქვეყანაში ვუშვებთ გროზნოს მერ ხუჩიევს, კადიროვის მეგობარსა და საქართველოს მტერს, ვძაბავთ პანკისში მდგომარეობას, არ ვიძიებთ ნორმალურად იქ დატრიალებულ ამბებს და ა. შ.
ამ ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოება ძალიან მძიმე დღეში ვარდება. ამ დღეებში ლიდერთა საბჭოს სხდომა გვქონდა, სადაც პირდაპირ მოვითხოვეთ სუს-ის ხელმძღვანელობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ისინი ქვეყნის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ.
_ პანკისის სპეცოპერაციის შედეგებმა რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ?
_ პირად აზრს გეტყვით, საბოლოო ჭეშმარიტებაზე პრეტენზიის გარეშე. ვეყრდნობი იმ ანალიტიკას, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ. ყველაფერი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე სპეცოპერაციით დაიწყო, რასაც უკვე პანკისში ჩატარებული ოპერაცია მოყვა. ჩემი აზრით, ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვა რომელიღაც იქს პიროვნებამ, რომელიც დაკავშირებულია სპეცსამსახურებთან და საქართველოს მთავრობასთან. ეს შეიძლება იყოს რომელიმე თანამდებობის პირი, თუნდაც, პრემიერ-მინისტრი და სხვ. ეს იქსი სახელმწიფოს ნებისმიერი წარმომადგენელი შეიძლება იყოს.
ხას ვუსვამ: დღეს, როდესაც ისლამური სახელმწიფოს, ე. წ. ხალიფატის არმია დაშლილია (ვფიქრობ, რომ ამ ხალიფატის უკან ხშირად რუსული სპეცსამსახურების ხელწერაც იკვეთებოდა), ამ იქს პიროვნებამ ვიღაცის დავალებით ჩატაევი აქ გამოსაზამთრებლად შემოუშვა. ახლა საუბარია ჩატაეველების რაღაც მწვანე ზოლიდან გადმოსვლაზე და ა. შ. სასაცილოა, მეტი არაფერი. თუ სახელმწიფო საზღვარი დაცული არ არის, მით უარესი და საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ?
მოკლედ, ამ იქს პიროვნებამ ეს ადამიანები მშვიდად შემოუშვა. მართლაც ჩანს, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ არანაირ ტერორისტულ აქტებს არ გეგმავდნენ. ამის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ (რომელსაც აქ არ ვასახელებ), მისმა სპეცსამსახურებმა გაიგეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ამით დაიწყო მთელი ქმედებები. იქსმა, რომელმაც ეს ხალხი ქვეყანაში შემოუშვა, ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან პრობლემები რომ არ გაჩენილიყო, კვალის წაშლა მოინდომა და ეს ჯგუფი და ის უბანი, პრაქტიკულად, ცეცხლში გადაბუგა, რომ შემდგომში ვინმეს პრეტენზია არ წაეყენებინა იმისთვის, ვინც ამ ადამიანებს ხელს აფარებდა. მოკლედ, აღნიშნულმა იქს პიროვნებამ ესენი თავისი ხელითვე მოსპო.
ამას შემდეგ პანკისის ოპერაცია მოყვა და ვფიქრობ, რომ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვეს. ეს ბიჭი შეცდომით არის მოკლული და ამის აღიარება არ სურთ. აქ მე სხვა მიზეზებს ვერ ვხედავ. რეალურად, ადამიანი საწოლში გაანადგურეს, თუ ის დამნაშვეა და რაღაცაში ეჭვმიტანილი იყო, ამისთვის რეალური მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, რაც სახელმწიფო უწყებამ ვერ წარადგინა. ამის ეჭვიც კი არ არის, რაც ცხადყოფს, რომ შეცდომა მოუვიდათ.
_ ცხინვალში რუსულ-ოსური სამხედროები ერთიანდებიან და ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებითი ე. წ. საბაჟო პუნქტები იხსნება, საით მიდის პროცესები?
_ ცუდ რამეს ვიტყვი, პროცესები ისე მიდის, რომ თუ ასე გაგრძელდა, ლამის, თბილისიც აღიარებს ცხინვალსა და აფხაზეთს. პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი სურათი იქმნება. დღეს ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ ეს წარმონაქმნები „დამოუკიდებლებად“ წარმოჩნდნენ.
_ ქართულმა მხარემ აღნიშნულ პროცესს რა უნდა დაუპირისპიროს?
_ ძალიან მარტივი სცენარია. მთელი ეს პერიოდი 90-იანი წლებიდან მოყოლებული განვიხილოთ: ისეთი სიტუაცია იქმნებოდა, რომ რუსები მსგავს ნაბიჯებს, უბრალოდ, ვერ დგამდნენ, 2008 წლის ომის შემდგომაც კი ამას ვერ ახერხებდნენ. დღეს კი გარანტიები აქვთ, რომ პრობლემები არ შეექმნებათ და ამიტომ რაც კი უნდათ, იმას გააკეთებენ. მოკლედ, გასდით და აკეთებენ. ამიტომ არის მარტივი პროცესი, შეუქმნი სათნადო პირობებს და ყველაფერზე წავლენ.
_ „ენდიაის“ მიერ გამოკითხულთა 26%-ის აზრით, საქართველო სწორი, 39%-ის მოსაზრებით კი არასწორი მიმართულებით ვითარდება…
_ არც მიკვირს, რომ ასეთი შედეგები იკვეთება. ფიქრობს და იფიქროს მერე, მაგრამ ამის შედეგი რა არის? რეალურად, ამას ფიქრი არ შველის, მიუღებელ ქმედებებს პასუხის გაცემა სჭირდება, რასაც ჩვენი საზოგადოება, ამ ეტაპზე, არ აკეთებს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი გროვდება და ერთ დღესაც ეს იფეთქებს, რაც ძალიან ცუდად დამთავრდება ხელისუფლებისთვის, მაგრამ ამ პროცესმა ქვეყნისთვისაც უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს.
„ენდიაის“ გამოკითხვა ასახავს იმ რეალობას, როდესაც ბახალა რვა წლით ციხეში გაუშვეს, ქვეყანაში ნარკოტიკების ჩადება ისევ ხდება და ა. შ. რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო, რომელიც მიუღებელ რეალობაზე მეტყველებს. ავიღოთ ელისო კილაძის შვილის, დათო ხარშილაძის შემთხვევა, ღიად გამოჩნდა, რომ დათოს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, მაგრამ ამაში გარეულმა პოლიციელებმა პასუხი რატომ არ აგეს? რატომ არ დგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მსგავს ღონისძიებას ახორციელებს?
ამ ყველაფერს საზოგადოება ნათლად ხედავს, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად დაუცველია ძალადობრივი სამართალდამცველი ორგანოებისგან. თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლება გირგვლიანის საქმეს გადაჰყვა, დღეს, დაახლოებით, იგივეს ეყრება საფუძველი და რაღაც დასკვნები ხომ უნდა გამოიტანონ? ხალხს არ სურს მსგავს რეალობასთან შეგუება და „ენდიაის“ კვლევის შედეგი სწორედ ამას აჩვენებს.
_ ლიდერთა საბჭოს ფარგლებში რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ?
_ ძალიან საინტერესო ეტაპია, როდესაც სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკური ძალები ერთი პოლიტიკური პლატფორმიდან გამოვდივართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, არჩევნების შემდეგ აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით გაერთიანებული ნაბიჯების გადადგმა მოხერხდა და საბჭომ სხვა მწვავე პოლიტიკურ თემებზეც შეკრებების გამართვა დაიწყო.
ახლა, მაგალითად, არჩევნებთან დაკავშირებით სტრასბურგთან ვმუშაობთ, მაგრამ ასევე ჩვენი გეგმაა, რომ საერთაშორისო არენაზე მოხერხდეს ძალიან სერიოზული მოქმედებები ხელისუფლების წინააღმდეგ. ივანიშვილის ანგარიშებთან და მიმდინარე პოლიტიკურ ჩადებებთან დაკავშირებით კონგრესს მონაცემები გავუგზავნეთ, ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ვაპირებთ.
ასევე ლიდერთა საბჭოს შიგნით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.
ამ კონტექსტში ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით: დავოსის ბოლო შეხვედრებზე საქართველოს თემით არავინ დაინტერესებულა. როგორც თვითმხილველები მეუბნებიან, პრემიერ-მინიტრ კვირიკაშვილს ქვეყნის ინტერესების წინ წასაწევად იქ არანაირი ნაბიჯები არ გადაუდგამს. მოკლედ, მთავრობა მოქმედებს პრინციპით, მე ნუ შემეხებით და მეც არავის შეგეხებითო. საქართველოში ფულის ჩადებით დავოსში არც ერთი ინვესტორი არ დაინტერესებულა, როდესაც ისინი საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრ უკრაინაში ფულს დებენ. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ სურს, უცხოეთს თავი შეახსენოს. ლიდერთა საბჭო ვაპირებთ, რომ პირიქით, _ უცხოეთთან ვითანამშრომლოთ, შეხვედრები გავმართოთ და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები სააშკარაოზე გავიტანოთ.

გელა მამულაშვილი