უცხოეთიდან შეძენილი პროდუქცია და ჩაწყობილი ტენდერები

ქართველი ფინანსისტ-აუდიტორი გიორგი ჩახაია აქტიურად აქვეყნებს პუბლიკაციებს იმ სახელმწიფო შესყიდვების, ტენდერების შესახებ, რომელთა სამართლიანობასა და გამჭვირვალობაშიც გონივრული ეჭვი მარტივად იბადება.

ბოლოს, მის მიერვე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში იგი ჯარისკაცებისთვის უცხოური წარმოშობის პროდუქციის შესყიდვაზე წერს, რომლის მიხედვითაც წელს სახელმწიფომ შემდეგი ქვეყნებიდან ეს საქონელი შეიძინა:
1. ბრაზილიური ღორის ხორცი;
2. უკრაინული ძროხის ხორცი;
3. თურქული ქათმის ხორცი;
4. აზერბაიჯანული ხორცის კონსერვები, ჯემები, ტომატპასტები, მწნილები;
5. რუსული ზეთი.
საინტერესოა, რომ ამ პროდუქტების მწვავე დეფიციტს ქართული მხარე არ განიცდის, მაშ, რისთვის გახდა საჭირო სხვა ქვეყნებიდან მათი მოზიდვა? _ საკითხავი სწორედ ეს არის.

„ქრონიკა+“ გიორგი ჩახაიას ესაუბრა:
_ ზოგადად, ამ ტენდერებს, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, პირადი ინტერესის გამო გადავხედავ ხოლმე, ბოლოს კი მიმდინარე წლის კვების ტენდერები დავათვალიერე, რომელთა ნაწილიც უკვე დასრულებულია, ზოგიც მიმდინარეობის პროცესშია.
ჯამურად, ამ მიმართულებით, 6 მლნ ლარზე მეტი თანხის ხელშეკრულებაა დადებული, რომლითაც ჩანს, რომ უცხოური წარმოების საქონელი შემოაქვთ ჯარის გამოსაკვებად, ეს კი იმის ფონზე, როცა ამბობენ, რომ ქართული პროდუქციისთვის საექსპრტო ბაზრებს ვერ იძიებენ.
სახელმწიფო ტენდერი იმას ნიშნავს, თუ არის სახელმწიფოს კეთილი ნება, რომ მას თვითონ შეუძლია, ისეთი პირობა ჩადოს ტენდერში, რომლითაც უპირატესობას მიანიჭებს ქართულ პროდუქტს (თუ რომელიმე პროდუქტის დეფიციტი შეიქმნება, მაშინ, რა თქმა უნდა, უცხოეთიდან უნდა შემოვიტანოთ იგი, მაგრამ როცა სახელმწიფოს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ ქართული საქონელი იყიდოს და მას მიანიჭოს უპირატესობა, მაშინ ვერ ვხდები, სხვა ქვეყნიდან რატომ უნდა შემოიტანოს?!)!
მეორე: როგორც წესი, უცხოური საქონელი არის უხარისხო, შესაძლოა, ფასიც ნაკლები იყოს, თუმცა რასაც მე გადავხედე, ხშირად დიდ სხვაობასაც არ იძლევა ფასები, არადა, სულ ამით მანიპულირებენ. ამბობენ, სახელმწიფო შესყიდვებში საქონლის წარმოშობაზე შეზღუდვა იმიტომ არაა, რომ უცხოური პროდუქცია შესაძლოა, უფრო იაფი ღირდეს და ნაკლები უჯდება ბიუჯეტსო. ამ შემთხვევაშიც შეიძლება აზრი ორად გაიყოს:
პირველი _ თუ იაფი უჯდება და უხარისხოს იღებენ, ეს რამდენად მიზანშეწონილია, როდესაც საქმე ეხება ჯარისკაცების, თუნდაც, ბავშვთა კვებას ბაღებში, ან უფასო სასადილოებში სოციალურად დაუცველებს, ანდაც იგივე სასჯელაღსრულებაში პატიმრების, შსს-ში შეიარაღებული ჯარების კვებას და ა. შ. დიდ სხვაობასაც რომ იძლეოდეს ფასი, იგი ხარისხთანაა შესაბამისობაში და მაშინ ლოგიკურია, მაგრამ თუ უხარისხო საქონელი შემომდის და იაფად, მაშინ რად მინდა? ხომ შემიძლია, უხარისხო საქართველოშიც ვაწარმოო და ის შევიძინო? _ ეს ლოგიკაა.
მეორე _ თუნდაც უფრო იაფი ჯდებოდეს უცხოური პროდუქცია და ძვირი _ ადგილობრივი, სახელმწიფოს ფუნქციაა, რომ მოსახლეობა დაასაქმოს!
პირობითად რომ ავიღოთ, 100 მლნ ლარში 5-10 მლნ ლარით მეტი თუ უჯდება მას ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შეძენა იგივე ხარისხის, რაც უცხოურია, მას შეიძლება ამ თანხის გადახდა უღირდეს, რადგან ამ 100 მლნ ლარით ათასობით ადამიანი საქმდება.
მესამე _ შარშანაც იყო იგივე პრობლემა. მაშინ თვითონ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, ადგილობრივი საქონლის ხორცის დეფიციტი გვაქვს და იძულებულები ვართ, რომ უკრაინიდან შემოვიტანოთო. ანუ, რა გამოდის? _ კიდევ უარესი, რომ თუ საქონლის ხორცი დეფიციტურია, იგი სადღაც გადის, ამ დროს ბევრი საექსპორტო ბაზრის დეფიციტზე საუბრობს.
საქონლის ხორცი რომ ავიღოთ, თუ იგი უკრაინიდან შემოგვაქვს და ქართულის დეფიციტია, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ მიმართულებით უნდა ჩავდოთ ფული და ყოველ ნაბიჯზე უნდა გავხსნათ ფერმები, სწორედ ამ მიმართულებით მასობრიბი სუბსიდირება უნდა დაიწყოს.
ამბობენ, რომ ფასის გამო იმპორტულ საქონელს კონკურენციას ვერ ვუწევთ ქართული პროდუქციით, ხშირად კი ეს უცხოური პროდუქტები უხარისხოა და ამიტომაც იაფი. ამის კონტრარგუმენტად ვამბობ ხოლმე: თუ უხარისხო იაფად შემოდის უცხოეთიდან და მოსახლეობაც მას ყიდულობს, რადგან მეტის საშუალება არ გააჩნია, მაშინ იმ ხარისხიანთან ერთად უხარისხო ჩვენც ვაწარმოოთ. უცხოური რატომ შემოგვაქვს?!
აი, ამ ბოლოს განხილული ტენდერიდან გამოდის, რომ რუსეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ბრაზილიის საექსპორტო ბაზრებს და ამ ქვეყნების ეკონომიკას ვავითარებთ. ჩვენი განვავითაროთ _ ჩვენ ვაწარმოოთ იმავე ხარისხის საქონელი, რაც შემოგვაქვს, თუნდაც უხარისხო (ზოგადად, არ შეიძლება, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე ვამბობ), მაშინ მეტი ადამიანი დასაქმდება, მეტი თანხა შევა ბიუჯეტში.
_ ზოგადად ტენდერებში თუ შეინიშნება რაიმე საეჭვო სიტუაცია?
_ ტენდერებში ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როცა სულ ახლად დაფუძნებული კომპანიები იგებენ ტენდერებს. არის შემთხვევები, როცა ტენდერი გამოცხადდა, მისი გამოცხადებიდან დამთავრების შუალედში კი დაფუძნდა კომპანია და სწორედ მან მოიგო იგი. ერთ საკმაოდ დასამახსოვრებელ შემთხვევაზე მოგიყვებით:
2014 წლის 21 ოქტომბერს სოციალური მომსახურების სააგენტომ ხელშეკრულება დადო შპს „უნივერსალ ფუდთან“, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა 23 სექტემბერს. გარდა ამისა, ხელშეკრულების დადებამდე 1 დღით ადრე შპს-ს შეეცვალა პარტნიორი და გახდა მოქალაქე, ვინმე გელა გოგუა. ზუსტად ერთი დღით ადრე!(!).
ტენდერი ეხებოდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა დასახელების საქონლის მოწოდებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტენდერის გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკებით დადეს ხელშეკრულება უკვე ხსენებულ კომპანიასთან.
ხელშეკრულებები იდება პირდაპირი მოლაპარაკებით, როცა არის გადაუდებელი აუცილებლობა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება, რომ ტენდერში დრო არ გაიწელოს, ან ისეთმა ვინმემ არ მოიგოს, რომელიც ნაკლებად კვალიფიციურია და თუ ამ გამონაკლის შემთხვევაში, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირ ერთ პირთან მოლაპარაკებით იდება ხელშეკრულება, ე. ი. კომპანიას კარგი გამოცდილება, რეპუტაცია აქვს, ანუ საიმედოა.
ამ შემთხვევაში, 1 თვის შექმნილ კომპანიას ხომ არანაირი გამოცდილება არ ექნებოდა, ლოგიკურად. პლუს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, კომპანია „უნივერსალ ფუდს“ თავისი თანხაც კი არ ჰქონდა და საქონლის მოსაწოდებლად სოციალური მომსახურების სააგენტომ მას ავანსად 150 000 ლარი გადაერიცხა.
წარმოიდგინეთ, მე რაღაც შპს-ს ვარეგისტრირებ, სავარაუდოდ, ნაცნობთან მივდივარ და ის მეუბნება, ან თვითონვე მიკავშირდება, მოდი, მე „მოგცემ“ ამ ტენდერს, თანხაც არ გინდა, წინასწარ ჩაგირიცხავ ავანსად და ა. შ. სახელმწიფო ამას აკეთებს და ამ ხელშეკრულების საერთო ღირებულება 962 394, 63 ათას ლარს შეადგენს(!)
მსგავსი შემთხვევა, დიდი ალბათობით, წმინდად სისხლის სამართლის დანაშაულია. ასეთი შესაძლო უკანონო გარიგებები შეგვიძლია არაერთი აღმოვაჩინოთ სახელმწიფო შესყიდვებში, უბრალოდ, ეს სახელმწიფო შესყიდვაც ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მსგავს ფაქტებს შორის.
ტენდერებში კორუფცია ახალი ამბავი არაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს შემთხვევა მეტისმეტად თავხედური იყო _ ადამიანს ხელი არ გაუნძრევია, უბრალოდ 100 ლარი გადაიხადა შპს-ს დარეგისტრირებაში და უცებ ამხელა სარგებელი ნახა!
_ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა როგორ სურათს გვაძლევს?
_ სახელმწიფო აუდიტის დასკვნებშიც ხშირადაა მითითებული და გამოაშკარავებული, რომ ტენდერის პირობების მორგება ხდება კერძო სუბიექტებზე.
მახსოვს, აუდიტის დასკვნაში აშკარად ფიქსირდებოდა შსს-ს ერთ-ერთ ტენდერში, კონკრეტული მოდელის ავტომობილის მორგება, სადაც საბოლოოდ კომპანია „ჯი-თი მოტორსმა“ გაიმარჯვა. ასევე, ხშირია სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიების მიერ შსს-ს ტენდერების მოგება.
მართალია, ყველაფერს შეიძლება მოვუძებნოთ გამართლება, მაგრამ როცა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს ეხება საქმე, ასე მარტივად და გაუმჭვირვალედ არ უნდა მოხდეს!
არის შემთხვევები, როცა ტენდერებს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი იგებს ხოლმე ძალიან ხშირად. ამ კომპანიების დამფუძნებლები პარტიების შემომწირველები არიან. ამას ხელისუფლება იმით ამართლებს, რომ კარგი ბიზნესგარემო აქვთ და ამიტომ გვწირავენო! განსჯა მკითხველისთვის მიმინდია! ახლა წარმოიდგინეთ, როგორ ხშირად მოიგებდა ტენდერს არათუ მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირის, არამედ მინისტრების ან პარლამენტარების კომპანიები?!
ბევრი რომ არ ვთქვა, ზუსტად ვიცი, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიას, მინიმუმ, 20 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული შსს-ს სხვადასხვა ტენდერიდან. ვერავინ დამაჯერებს, რომ მის კომპანიას რაღაც უპირატესობა არ ენიჭებოდა!
დარწმუნებული ვარ, პირობითად, ჩემი კომპანია რომ ყოფილიყო და თუნდაც მოეგო ტენდერი, ისეთ საბაბს მომიძებნიდნენ, რომ შეიძლება ჯარიმაც კი „აეკიდათ“ ჩემთვის და ზარალშიც წავსულიყავი.
ზუსტად ეს არის ტენდერის პრობლემა, როცა ამბობენ, ღიაა და ვისაც უნდა მონაწილეობა, მიიღოსო, ეს ასე არ არის! რაღაც კავშირი თუ არ გაქვს სახელმწიფო ჩინოვნიკთან და ჩემ მიერ მოწოდებული საქონლის ან მომსახურების ხარისხზე თვალი თუ არ დახუჭეს ტენდერებში ხშირად დაფიქსირებული დაბალი ფასებით, მე მას ვერ ჩაგაბარებ. უცხო ადამიანი ამას ვერ გააკეთებს. ასე რომ, აქაც დაახლოებული პირია საჭირო!
სახელმწიფო აუდიტის დასკვნებში ასევე ხშირად არის საუბარი შესყიდვებში გამოვლენილი სხვადასხვა ნაკლოვანებასა და დარღვევაზე, საიდანაც გამოვყოფდი ერთ-ერთს, როცა საუბარია იმ ფაქტებზე, თუ როგორ არ ხდება ბაზრის სათანადო კვლევა ტენდერის გამოცხადებამდე, არადა, სწორედ ამ კვლევის შედეგად უნდა განისაზღვროს გამოსაცხადებელი ტენდერის ღირებულება. იმის გამო, რომ ეს კვლევა არ ტარდება, არის ფაქტები, როდესაც საბაზროსთან შედარებით გაცილებით მაღალია ტენდერის საწყისი ღირებულება, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს სახელმწიფო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას და თანხების ფლანგვას.

დანარჩენი მკითხველმა დაასკვნას…

ნინო ტაბაღუა