თემირლან მაჩალიკაშვილი რუსლან ალდამოვში აერიათ?

ის, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია პირდაპირ კავშირშია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციასთან, ამაზე უკვე დილეტანტებიც კი არ დაობენ.
როგორ აღმოჩნდნენ ახმედ ჩატაევი და მისი რაზმის წევრები პანკისში? _ ეს იყო მთავარი კითხვა, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი პასუხს ითხოვდა.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სუს-ის ამოცანა, ერთი მხრივ, ცალხელა ახმედის კვალის საერთოდ დამალვა იყო, მისი იდენტიფიკაციის შემდეგ კი პანკისის ხეობის მცხოვრებლების დაკავების ოპერაცია დაიგეგმა, შეირჩა შედარებით ნეიტრალურ პირთა წრე, რომელსაც ჩატაევის რაზმის წევრებთან ნაცნობობა აკავშირებდა (ინტერპოლის მიერ ძებნილი პირები პანკისის ხეობის მცხოვრებლებს სხვა სახელით და გვარით გაეცნენ). პანკისის სპეცოპერაციის მერე დაკავებულ პირებს შესთავაზებდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას, რომ მათ დაედასტურებინათ სუს-ის მთავარი ვერსია, ტერორისტების დახმარებისა და მათი საქართველოს ტერიტორიაზე კირნათი-მარადიდის მონაკვეთიდან შემოყვანის თაობაზე. სწორედ ამ მიზნით ყველა დაკავებულს სასწრაფოდ დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი, რამდენიმეს კი სასურველი ჩვენება მიაცემინეს, რომელიც მათ ადვოკატების შეცვლის მერე გადათქვეს.
ერთადერთი პირი, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს და მათთვის სასურველ ჩვენებას იძლევა, პანკისის ხეობის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილია. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სახლი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც ახმედ ჩატაევი თანმხლებ პირებთან ერთად ცხოვრობდა, სწორედ გორნაკაშვილის სიძეს ეკუთვნის. რაც შეეხება მას, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ზურაბ გორნაკაშვილი კვალიფიციური ხელოსანია. ის, როგორც წესი, ძალოვანი სამინისტროების რემონტზე მუშაობდა და, შესაბამისად, მათი ნდობით არჭურვილი პირია. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რატომ იძლევა ის გამოძიებისთვის სასურველ ჩვენებებს და რატომ ჩატარდა მისი სასამართლო პროცესი ყველასგან განცალკევებით?
კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია, რომელიც „ქრონიკა+“-მა მოიპოვა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებულ შოაიფ ბორზიევს ეხება. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ქართულ სპეცსამსახურში რუსეთისთვის მისი გადაცემა ერთ-ერთ ვერსიად განიხილება. რუსეთში მას და მისი ოჯახის წევრებს წამება და არაადამიანური მოპყრობა ელით, თუ ნამდვილად კადიროვთან დაპირისპირების გამოა გამოქცეული საქართველოში, ხოლო თუ ახმედ ჩატაევის მსგავსად ბორზიევი რუსული სპეცსამსახურების აგენტია, მაშინ გადაცემის შემთხვევაში ის ჩვენებას მისცემს და დაადასტურებს, რომ საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, ტერორისტთა მომზადების ცენტრებია, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს, თავისუფლად იმოქმედოს და საქართველოში სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს.
ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ვერსიებია და ოფიციალურად პანკისის ხეობაში გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

რა ხდება პანკისის ხეობაში? დაკავებულთა საქმეში რა ეტაპზეა გამოძიება? როდის მიანიჭებენ თემირლან მაჩალიკაშვილს დაზარალებულის სტატუსს?
ამ და სხვა თემებზე „ქრონიკა+“-ს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ესაუბრება:

_ მარიამ, დავიწყოთ ბოლო ამბით: რას ამბობს დაკავებული რუსლან ალდამოვი და რატომ ფიქრობს ის, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა და იგი თემირლან მაჩალიკაშვილში აერიათ?
_ რუსლან ალდამოვს დუმილის უფლება, ფაქტობრივად, იმასთან დაკავშირებით არ გამოუყენებია, იცნობდა თუ არა ამ ადამიანებს, უბრალოდ, ტექნიკურად გამიჭირდა, ფოტოსურათები მეჩვენებინა. როგორც კი ამ ადამიანების ფოტოები პირველად ვაჩვენე, მაშინვე მიხვდა, ვისზეც იყო საუბარი. ეს ადამიანები სხვადასხვა სახელით მოძრაობდნენ, მეტსახელებით გაეცნენ პანკისის ხეობის მკვიდრებს, მათი საპასპორტე სახელი და გვარი სრულებით სხვა არის, ძალიან რთული იყო იდენტიფიკაციისთვის. შემდეგ, როცა ლიკვიდირებულთა ფოტოები გავრცელდა, უფრო გარდაცვლილების სურათები იყო და მით უმეტეს, ვერანაირად ამოიცნობდი. ვაჩვენე თუ არა ფოტოები, რუსლან ალდამოვმა პირდაპირ თქვა, რომ ამ ადამიანებს ვიცნობდი პანკისის ხეობიდან, მათ სახლთან დუისის ხეობაში, სადაც ცხოვრობდა თემირლანიც, მეზობლები არიან სხვა დაკავებულები. აქ არის სოფელ დუისის საფეხბურთო მოედანი, აქ მოდის მთელი სოფლის ახალგაზრდობა, რიყეა, მოდიოდნენ და ასე გავიცანიო, მითხრა… ჩემთან ერთად ბევრი ახალგაზრდა იყო, პირველად, მეორე დღეს, მესამე დღეს, მერე ერთადაც წამოსულან, ერთხელ სახლშიც შემოუპატიჟებიათ და ასე დამეგობრდნენ, მაგრამ რაზე საუბრობდნენ, რომ ვეკითხები, სასაუბრო თემა იყო, ძირითადად, ცოლის მოყვანა. ერთს უნდოდა, ამბობდა, რომ ხომ არ დარჩენილიყო პანკისის ხეობაში.
როცა ვეკითხები, ხომ არ იქცეოდნენ შენიღბულად, რას ამბობდნენ, რისთვის არიან ჩამოსულები, ხომ არ უთქვამთ, რომ რაღაც მიზნები აქვთ და ა. შ. მათ თქვეს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან პრობლემები აქვთ, პრეზიდენტთან დაახლოებულ პირებთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდათ, გამოსულები არიან, ეძებენ. მათ ზურგს უკან ჰყავთ ძალიან დიდი სანაცნობო, ძალიან მაგარი ძმები, რომლებიც აგვარებენ ამ ურთიერთობებს და საბოლოოდ მოგვარდება, მაგრამ ამჯერად უმჯობესია, მათი ადგილსამყოფელი არ იცოდნენ, იმიტომ, რომ საუბარია იქაურ პრეზიდენტზე, მათთან დაკავშირებულ გავლენიან ხალხზე და ამიტომ არიან ჩამოსულები ქისტებთან და თავიანთ ძმებთან, სადაც დარწმუნებული არიან, რომ არც სტუმართმოყვარეობა შეეშლებათ, არც ერთგულება და მათი სუფთა გულისა და გულუბრყვილობის ამბავიც შესანიშნავად იციან. ამ საკითხზე ღიად საუბრობდა…
აღნიშნულ დეტალებზე, ალბათ, ჩვენებაში ვისაუბრებთ. ის დღეები უფრო დეტალურად აღიწერება, მაგრამ რასაც მე ვყვები, გლობალურად ეს ურთიერთობა იყო, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო მათ ტერორისტულ მიზნებთან…
_ ალდამოვმა არ იცოდა მათი და ჩატაევის ურთიერთობის ამბავი?
_ არანაირად არ იცოდნენ. იცოდნენ, რომ პრობლემები ჰქონდათ პირადი კონფლიქტის გამო რუსეთში და ამ პრობლემის მოგვარებამდე (რაზეც წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება) გამორიდებულები არიან „მეორე სამშობლოში“. კითხვაზე, თუ როგორ დაახასიათებდა მათ, მიყვება, რომ ყოველთვის კარგად იქცეოდნენ, იყვნენ ძალიან თავაზიანები, ზრდილობიანები, მშვიდი ადამიანები, მომღიმარი, არანაირი გამოკვეთილი განსაკუთრებული ფანატიკური დამოკიდებულება. მე მისი მჯერა და მწამს, რომ ნამდვილადაც ასე იყო, რადგან ისეთ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საქმეში არსებულ დეტალებთან პირდაპირ კავშირშია და მას არ უნახავს ეს დეტალები. მან კიდევ ბევრი დეტალი არ იცის, რაც მე გამოვკითხე, ჩემი შინაგანი რწმენისთვის. ზუსტად დამიდასტურა ის ფაქტები და უფრო ამიტომაც 100%-ით მჯერა ამ ადამიანის…
_ რაც შეეხება სპეცოპერაციის დღეს, რატომ გაუჩნდა ეჭვი, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი შეცდომით მოკლეს და მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა?
_ რუსლან ალდამოვი უკანონო პატიმრად მიიჩნევს თავს, იგი ამბობს, რომ ჰკითხეს, რატომ არ გაიქეციო? ასეთი კითხვა დამისვეს გზაშიო. სპეცსამსახურის თანამშრომლები იცით, რომ ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს და რატომ არ გაიქეცი? _ მკითხესო. _ რატომ უნდა გავქცეულიყავი, ან სად უნდა გავქცეულიყავიო?.. _ ეს ამბები რომ დაიწყო, ხომ ხვდებოდი, რომ შენც მოგადგებოდითო? _ რა ამბები დაიწყო? მე რა შუაში ვარ? რატომ უნდა გავქცეულიყავიო? _ პასუხობდა ალდამოვი. მერე უკვე თავზე მქონდა ჩამოფარებული და რამდენჯერმე მკითხეს სახელი და გვარი, სახეზე ძალიან უცნაურად მაკვირდებოდნენ, რამდენჯერმე ამხადეს გზაში და შენ რა გქვია? _ გამიმეორესო. მე ვკითხე, _ ჩემი სახელი თუ არ იცი, როგორ ამიყვანე-მეთქი? ერთმა ადამიანმა თავიდანვე სახელით მომმართა და მეორე, რომელთანაც მანქანაში ჩავჯექი, მეკითხება, _ რა გქვია, რა გქვიაო?.. მოკლედ, შესაძლოა, ეს დამთხვევა იყოს, შესაძლებელია, ეს მისი ეჭვის ნაწილი იყოს, მაგრამ ვალდებული ვარ, რა ეჭვიც იარსებებს, გავამჟღავნო, ყველაფერს შევხედო ეჭვის თვალით და მაქსიმალური სიზუსტით დავაკვირდე ყველა მოვლენას… აბსოლუტურად ყველაფერი გასათვალისწინებელია, თუნდაც ის მომენტი, როდესაც თემირლანის მშობლები პირველივე დღიდან გაიძახოდნენ, რომ შეეშალათ. ვალდებული ვარ, ზუსტად ამ ჩვენებით გადავამოწმო ყველა მონაცემი და ა. შ. ეს თქვა ამ ადამიანმა და კიდევ სხვა დეტალების კვლევას, ჩემს საგამოძიებო მოქმედებებს გავაგრძელებ.
_ მარიამ, რაც შეეხება თავად მაჩალიკაშვილების ოჯახს, მე ვიყავი მათთან და ვნახე, რომ კედლის ფრაგმენტი, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო ტყვიის გასროლის ტრაექტორია, აღარ არსებობს. ოჯახსაც უთხრეს, რომ კედლის ფრაგმენტი ექსპერტიზაზეა. ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა?
_ თქვენი ამ კითხვიდან გამომდინარე, ვხვდები, რომ კიდევ უარესი დეტალი არ იცით. კედლის წამოღებაზე რომ საუბრობთ, სწორი კითხვაა და სწორედ აქედან იწყება ჩემი თავსატეხი… პირველად გასროლის შემდეგ გამოძიება მივიდა, ნახეს და დაათვალიერეს. პირველივე დღეს არ იქნა კედელთან შეხება, მხოლოდ დასურათდა. ეს სურათები გამოძიების მიერ წარმოდგენილ საქმეში დევს და ადგილობრივ ჟურნალისტებს, მოსახლეობას, სტუმრებსა და ნათესავებს აქვთ გადაღებული. სწორედ ამ კედელზე ვსაუბრობდი. ხომ არ იყო მერე განსხვავება, ვთქვათ, პირველივე დღეს გადაღებულ სურათებზე და ფოტოებზე, რომლებიც მერე გარეშე პირებმა მომაწოდეს? რაში დასჭირდათ ამ კედლის შემდეგ ამოღება?
ე. ი. ჩვენ იმისთვის, რომ ვიზირება გავაკეთოთ (ვიზირებაში იგულისხმება მანძილი, უშუალოდ კონკრეტულად რომელი მანძილიდან იქნა გასროლილი), დაგვეხმარება ტყვიის შემავალი ხაზი. პირველი ამ შემთხვევაში იყო შუბლი და ტყვიის ბოლო გაჩერების ადგილი, ეს არის კედელი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ხელმეორედ მისულ ექსპერტს ამ კედლის გამოღება დასჭირდა. ჩემთვის ორივე ნივთმტკიცება განადგურებულია, მაგრამ ჯერ კედელზე ვიტყვი: როცა ნივთმტკიცებას ანადგურებ, ამაზე ჯერ დასურათება უნდა გააკეთო, შემდეგ შეადგინო შესაბამისი ოქმი ოჯახის წევრის ხელმოწერით და შემდეგ გაანადგურო. ასევე უნდა აღწერო, რაში დაგჭირდა ამ ნივთმტკიცების განადგურება, ანუ რატომ გახდა საჭირო, რატომ არ შეგეძლო დაგელუქა, იყო მალფუჭებადი, მტვრევადი, მსხვრევადი თუ ა.შ.?
_ რით ახსნეს ამ ნივთმტკიცების განადგურება?
_ არანაირი ახსნა არ არის. როდესაც დარწმუნებული მივედი, მინდოდა, ბალისტიკური ექსპერტიზა ჩამეტარებინა, შუამდგომლობით მივმართე, მინდოდა, ჩემი ექსპერტი ჩამერთო, აუცილებლად დაგვჭირდება შემთხვევის ადგილის აღდგენა. აღდგენაში რა იგულისხმება _ კედელი ისე სახელდახელოდაა გამოჭრილი, ჩავთვალე და ეჭვიც არ გამჩენია, რომ ეს კედელი არსებობს, შესაბამისად, წაღებულია. ამ კედელს გამომძიებელთან ერთად მოვიტან, ისევ დავაბრუნებ საწყის მდებარეობაში და ამ ადგილის აღწერას და შესაბამის საგამოძიებო ექსპერიმენტს ერთად გავაკეთებთ, მაგრამ როდესაც მოვიკითხე, თბილისის პროკურატურის გამომძიებელმა მითხრა, _ სამწუხაროდ, ამოღებული არ არის, დალუქულიც არ არის და განადგურებულიაო. ანუ მისულმა გამომძიებელმა მოანგრია კედელი, არანაირი ახსნა-განმარტება არ გააკეთა და ტყვია ისე ამოიღო… ახლა რატომ მჭირდება ეს კედელი: სხვათა შორის, მედიაშიც გავრცელდა ფოტო, სადაც კედელზე ტყვიის კვალია და გარშემო არის თითქოს დენთის კვალი (თითქოს არა, დენთია აშკარად), რამდენიმე დამწვრობაა აღნიშნული. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თუ ტყვიამ შუბლში გაიარა, შემდეგ თავში და შემდეგ მოხვდა კედელზე, ცოტა გასაოცარია, რატომ დატოვა დენთის კვალი იქ, ანუ ახლო მანძილიდან ხომ არ იყო და ა. შ. თუმცაღა, დღესდღეობით ჩემს ექსპერტს მხოლოდ სურათიდან გამომდინარე მუშაობა მოუწევს, რაც ძალიან ცუდია. ეს განზრახ იყო გამოღებული თუ უცოდინარობით? ხომ შეიძლება, ეს უცოდინარობა იყო, ან იმ გამომძიებლის გამოუცდელობა, ვინც ადგილზე მივიდა? ამაზე კიდევ მოგვიანებით გავაკეთებ ჩემს შეფასებას…
_ მე პირადად არ მგონია, რომ ნივთმტკიცება შემთხვევით განადგურდა და ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე გამოუცდელი მკვლელობის ადგილას გამომძიებელი მიავლინეს.
_ დიახ, თქვენ, ჟურნალისტებს, ყოველთვის შეგიძლიათ თავისუფლად ისაუბროთ. იურისტს უფლება არ აქვს, იმ თემებზე ისაუბროს, რაც დადასტურებული, გამოძიებული არ არის. მოგეხსენებათ, ჩვენ ჩვენი ეთიკა გვაქვს, მაგრამ ჩემს აზრს ვიტყვი, თუ შეიძლება და დავაფიქსირებ: არა მგონია, მთლად ისეთი გამოუცდელი გამომძიებელი წარეგზავნათ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომ ასეთი შეცდომა დაეშვა. ეს ელემენტარულია. გამინადგურეს ოპერაციის შედეგად შუბლში შემავალი ტყვიის სურათი, არ არის არც დასურათება, არის მხოლოდ ნეიროქირურგის მწირი აღწერა, აბსოლუტურად მწირი! სამედიცინო ისტორიაზე, სამედიცინო ჟურნალსა და საოპერაციო ჩანაწერზე საერთოდ არ მკითხოთ, ჯობია, არ ვარ კომპეტენტური, თუმცა ჩემთვისაც მარტივად მისახვედრია, რომ აშკარა დარღვევებია და საჭიროა, შესაბამისი სპეციალისტის დეტალური გამოკვლევა.
_ მაინც გკითხავთ… რა მოხდა სამედიცინო ჩარევის დროს? მალხაზ მაჩალიკაშვილმა მითხრა, რომ მისი შვილი დაგვიანებით გადაიყვანეს თელავის საავადმყოფოში და მან არ იცოდა იმის თაობაზე, რომ მისი შვილი თავში დაჭრეს.
_ პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ გამავალი ტყვიის შეჩერების ბოლო წერტილი განადგურებულია, არ გამაჩნია, რომ დღეს დამოუკიდებელმა ექსპერტმა იმუშაოს. შუბლში შემავალი ტყვია საიდანაც შევიდა, ეს ადგილი წაშლილია. ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჭრილობის ირგვლივ სხვა დაზიანება, დამწვრობა და ა. შ. არ აღინიშნებოდა, თუმცა მხოლოდ მის ჩვენებას უნდა დავეყრდნოთ. თითქოსდა, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპერაცია კვალის წასაშლელად გაკეთდა, ცხადია, მის მთავარ დანიშნულებასთან ერთად, რაზეც დღეს საუბარი ნაადრევია, თუმცა პირდაპირ ვალდებულად მივიჩნევ თავს, რომ სამედიცინო ისტორიის შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის შედგენის მიზნით, მოვიწვიოთ საერთაშორისო დონის ნეიროქირურგი, ვინაიდან საქართველოში თითქმის ყველა ნეიროქირურგი თავისი კოლეგის საწინააღმდეგო მოქმედებისგან თავს შეიკავებს. ცნობილია მათი მჭიდრო კოლეგიალური ურთიერთობები და ეთიკური ქარტია. პასუხი უნდა გაეცეს არაერთ მნიშვნელოვან კითხვას, მათ შორის: ატარებს თუ არა თავის ქალის ნეიროქირურგიულ ოპერაციას ერთადერთი ექიმი? უნდა ჰყავდეს თუ არა მას თავისი თანმხლები პირები? შესაძლებელია თუ არა, ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ამგვარი უმძიმესი ტრავმის მქონე თავის ქალის ოპერაცია 3 საათში დასრულდეს?! როცა მე ვიცი, რომ თავის ტვინის პატარა ოპერაციები 8-9 საათი გრძელდება. ვიმეორებ: მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, უბრალოდ, მრავალი ლოგიკური კითხვა გვიჩნდება მეც და მშობლებსაც.
_ ოპერაციის დროს თბილისელი სპეციალისტები არ მოუწვევიათ?
_ მოიწვიეს მორიგე ექიმი მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკიდან, ჩამობრძანდა, ახალგაზრდა ბიჭია. ნამდვილად არაფერი მაქვს მისი პიროვნების საწინააღმდეგო, მაგრამ, უბრალოდ, ამაზე ექსპერტები დადებენ დასკვნას. მე ვამბობ, რომ გასარკვევია, ჩატარდა თუ არა ოპერაცია კვალის წაშლის მიზნით?.. მჭირდება საერთაშორისო დონის ნეიროქირურგი, ექსპერტი, რომელიც ისაუბრებს, რა შეიძლებოდა, რომ გაკეთებულიყო, თუკი თემირლან მაჩალიკაშვილს წამიერად და დროულად მიიყვანდნენ, აღმოუჩენდნენ სამედიცინო დახმარებას? მოიწვევდნენ, ვთქვათ, რამდენიმე ქირურგს, მოხდებოდა უმაღლესი დონის ჩარევა და სწრაფი პროფესიული ჯგუფური რეაგირება. შესაძლებელი ხომ არ იყო უკეთესი შედეგის დადგომა და შესაძლებელი ხომ არ იყო მისი გადარჩენა?!. მე არ ვიცი, ვალდებული ვარ, ეს აუცილებლად ვთქვა. იქნებ და შესაძლებელი იყო მისი გადარჩენა?
_ გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერია…
_ აღვნიშნავ, რომ გვამის დათვალიერების დროს ნაკერიდან მძაფრი სუნის ჩირქდენა იყო განვითარებული. სადღაც, 2 იანვრიდან ორგანიზმში უკვე, ფაქტობრივად, კუჭ-ნაწლავის სისტემა აღარ ფუნქციონირებდა, თირკმლებიც ანალოგიურად. დაკარგული ჰქონდა ყველანაირი ფუნქცია და მიდიოდა უკან-უკან, ტემპერატურა მართლა მაღალი ჰქონდა. ექიმმა კი იმ დღესვე მითხრა, რომ მაღალი ტემპერატურა ძალიან ცუდს ნიშნავს.
_ რაც შეეხება კიდევ ერთ ნივთმტკიცებას _ ხელყუმბარას, იგი იყო ოთახის სხვა ბოლოში, ფაქტობრივად, შესასვლელთან და მასზე არ იყო სისხლის კვალი, სად არის ეს ნივთმტკიცება ახლა?
_ ეს ნივთმტკიცება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ექსპერტიზაზე გაგზავნა და ჯერ მთავარ პროკურატურას არ გადასცემია. მე არ მინახავს ამ ნივთმტკიცების შესახებ არანაირი დასკვნა, არანაირი პასუხი, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით, გასაიდუმლოებულია… ყველაზე მთავარი კი რა არის? ის, რომ გადაგდებული იყო, ფაქტობრივად, ლოგინის საპირისპირო მხარეს, ანუ რისი მტკიცება სურთ, რომ ეს იყო გადაგდებული?! მათ მიერ წარმოდგენილ ოქმში პირველივე დღეს გვიწერია ასეთი რამ: იქიდან გამომდინარე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა სცადა ხელყუმბარის გახსნა, ვერ განხორციელდა მისი დაკავება, საჭირო გახდა მის მიმართ სროლის განხორციელება.
_ თუ სცადა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე გადააგდო…
_ დიახ, ამაზე მტკიცება მოუწევთ… სცადა, ანუ თუ სცადა, რაში გამოიხატებოდა უშუალოდ ეს მცდელობა?! თან იყო ისეთ მდგომარეობაში (რაზეც ბალიშში ტყვიისგან დატოვებული დაზიანებები და ლოგინის ფრაგმენტში არსებული ტყვიის კვალი მეტყველებს, ფაქტობრივად, საწინააღმდეგო აზრი არ არსებობს, რომ ეს ბავშვი არ იყო განძრეული ადგილიდან და იწვა!.. საწინააღმდეგოს ვერც საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზის დასკვნები მეუბნება. პროგნოზი უკვე ცალსახაა, რომ ადამიანი არ ყოფილა ადგილიდან განძრეული, წამოწეულიც კი არ ჰქონია თავი და როგორ სცადა ხელყუმბარის გახსნა, ძალიან საინტერესოა? მეტს, ამ ეტაპზე, აღარ გავაგრძელებ… ზოგადად, არგუმენტი ერთი ხელყუმბარის არსებობის შესახებ სახლში, სადაც სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთის ნასახი არ აღმოჩენილა _ დაბნეული, შემცბარი ადამიანისთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ყველაზე მარტივი, ადვილად გასაშიფრი და მორიგი არაპროფესიონალიზმის უსიტყვო დასტურია. ასე ვიტყოდი, ძალიან იაფფასიანი არგუმენტია ნებისმიერი კრიმინალისტის, ან, უბრალოდ, ფსიქოლოგისთვის უმარტივესად გასაშიფრი, რომ ის ტყუის. დაბნეულობის დროს პირველი, ასეთ დროს რაც გაგახსენდება თავის მართლებად, ეს არის ხელყუმბარა.
_ თანაც ზუსტად მისივე საძინებლის ქვევით ეძინათ დედას და მამას, გვერდით _ მის დას. რა გამოდის, მათ აფეთქებდა?
_ სუსტი კონსტრუქციის სახლია, თავისუფლად ისმოდა ყველაფერი, სართულებს შორის ხის იატაკია, ბეტონით არ არის ნაშენები, ფილმში არ ვართ და ვერ დავიჯერებთ, რომ ერთი ხელყუმბარა მთელ სახლს ააფეთქებდა, ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ერთ ოთახს მაინც ააფეთქებდა, იმ ხის იატაკსაც და აუცილებლად ჩაიყოლებდა დაბლა სართულსაც. გვერდით ოთახსაც, ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც. ამ კითხვას ექსპერტი გასცემს უკეთ პასუხს. საფრთხე რომ ექმნებოდა მის დედ-მამას, ეს ფაქტია, აგრეთვე დას. აღარაფერს ვამბობ მოხუცებულ ბებიაზე… ხის სახლი სულ გადაიწვებოდა მოგვიანებით. სახლ-კარი და ოჯახი განადგურებას ვერ ასცდებოდა. მსროლელის ვერსიით ეს ყველაფერი წინასწარ გააზრებული ჰქონია თემირლანს და ერთი ხელყუმბარით ელოდებოდა საფრთხის მოახლოებას. ეს ბავშვი თუ ასეთი დონის ტერორისტი იყო, ასეთი დონის ტერორისტებს ერთადერთი ხელყუმბარა აქვთ?! ასეთი სუფთა წარსული აქვთ? არასდროს არაფერში არიან შემჩნეულები? სიტყვაზე, არ გაიხსნა ეს ხელყუმბარა, ან არ იყო ვარგისი… რეზერვი მაინც ექნება სხვა იარაღი სახლში. იცით, რამდენი მაქვს სათქმელი? ასე უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო საუბარი. მათ ძალიან დიდი დრო ჰქონდათ, შემთხვევის ადგილზე საკუთარი ვერსიის გასამყარებელი ნივთმტკიცების შესაქმნელად გადაადგილებისთვის თუ მოტანისთვის, სროლიდან 3-4 საათის განმავლობაში ოთახში მათ გარდა არავინ შესულა. ალბათ, რამდენი რამ იფიქრეს და გადაიფიქრეს თავის მართლების უკეთესი არგუმენტისთვის.
_ ან მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატაევის ლიკვიდაცია მოხდა, ისხდნენ და ელოდნენ სახლში, როდის მივიდოდნენ მათ დასაკავებლად… არ სცადეს, რომ დაეტოვებინათ ქვეყანა, წასულიყვნენ, დამალულიყვნენ? ლოგიკა? ამ კითხვებზე გამოძიება რას ამბობს, თუ საერთოდ არ საუბრობს?
_ გამოძიება ამაზე ჯერ საერთოდ არ საუბრობს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. ჯერ, საერთოდ, დრო რაში გაგვყავს? ექსპერტიზის პასუხებს ველოდებით. პანკისის ხეობაზე ვამახვილებ ყურადღებას, იქ ხომ მთებია? ცხენებით გადადიან. პირდაპირ გროზნოში გადმოდიან და იცით, რომ აქედან გადასვლა თავისუფლად შესაძლებელია და გაქცევაც არ იქნებოდა არანაირი პრობლემა. მისი გაგზავნილი ესემესების შინაარსს მალე გამოვაქვეყნებ, ბოლო საათებში რით იყო მისი გონება, თავი და ტვინი მოცული. მისი ცხოვრების ყველა ესემესს, სადაც კი გაუგზავნია მთელ სამეგობროში, ვშიფრავთ და ვთარგმნით ქართულად, რა სულიერების, რა ცხოვრებისა და რა შესაძლებლობის ადამიანი იყო. წარმომიდგინონ საპირისპირო. სპეციალისტმა უნდა შეისწავლოს თემირლანის ფეისბუქი…
_ მარიამ, არის თუ არა თემირლანის ის გვერდი ნამდვილად? რაღაც იმიჯი შექმნეს ისეთი, რომ ისლამური სახელმწიფოსადმი სიმპათიით განწყობილი პირი იყო, ვიდეოები ჰქონდა ატვირთული და შემდეგ სუს-მა ტელეფონის ყიდვის კადრები გაავრცელა.
_ დიახ, უნდა მოხდეს შესწავლა, ესეც ძალიან დიდი დანაშაულია. ამაზე ისლამის სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ განმარტებები. მინდა, იმამს ვთხოვო განმარტება, ზუსტად იცის ეს ყველაფერი, რას ნიშნავს. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი: მე უამრავი მეგობარი მყავს ახალგაზრდა ქისტები, ჩეჩნები და, ძირითადად, სულ გარდაცვლილი ბიჭების ფოტოები აქვთ… თუ დადასტურდა, რომ ეს ფეისბუქი თემირლანისაა, ვხედავთ, ახალგაზრდა ბიჭის სურათი დევს, რომელიც გარდაიცვალა ლოპოტის ხეობაში და სწორედ ამ ადამიანის სურათი აქვს დადებული. პანკისის ხეობიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდა გარდაიცვალა. დასამალი არაფერია, _ ომი და უბედურება, რაც ამ ხალხმა გამოიარა, მით უმეტეს, იყო პერიოდი, ამ ბიჭების სირიაში გადინება რომ მოხდა… რამდენი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მაგალითად, ერთი ქალბატონი შემხვდა იქ, ძალიან კარგად ვიცნობ და მითხრა, რომ შვილი სირიაში გარდაიცვალა. ისინი მათი ხსოვნის პატივსაცემად ყოველთვის იზიარებენ, გარდაცვლილის ფოტოებს დებენ და ასეთი ტიპის ფეისბუქები აქვთ ძირითადად. სახელები არ უწერიათ, უწერიათ _ „ჩეჩენეც“, „კისტინეც“, ან „პანკისკი“… ასეთი ფორმა აქვთ და, ძირითადად, სულ ომი და თავიანთი რელიგიური სახის გაზიარებები. მე რომ ამის შესახებ არ მცოდნოდა, ეს ჩემთვის უცხო რომ იყოს, შეიძლებოდა, გამკვირვებოდა და მეფიქრა, რომ რაღაც არის… არა, ნამდვილად არ არის ასე გასაშიფრი და გამოსაქვეყნებელი…
_ მარიამ, რას ფიქრობთ, რატომ გამოყვეს ცალკე გორნაკაშვილის საქმე, რატომ ჩაატარეს ცალკე სასამართლო პროცესი და რატომ არ ვიცით ელემენტარული ინფორმაცია მაინც, ვინ არის ეს პიროვნება? იცნობდა თუ არა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს და ჰქონდა თუ არა რაიმე შეხების წერტილები ამ ადამიანებთან?
_ ზურაბ გორნაკაშვილთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მისი საქმე, ალბათ, იმიტომ გამოყვეს, რომ რამდენჯერმეა დაკითხული. იგი სუს-ში, დაახლოებით, ოთხჯერ მიიყვანეს, მაშინ, როდესაც სხვები, _ არც ერთი პირი, რომელიც 26 დეკემბერს დააკავეს, დაბარებული და გამოკითხული არ ჰყავდათ.
რა მოლაპარაკება შედგა სუს-ში, რატომ გამოყვეს ამ ყველაფრის შემდგომ გორნაკაშვილის საქმე ცალკე, არ ვიცი. ერთ რამეს ვიტყვი: მისი ჩვენებები სხვადასხვაა, ანუ ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებები მისცა.
_ შეიძლება თუ არა, ზურაბ გორნაკაშვილი იყოს ის პირი, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს და ჟარგონზე რომ ვთქვათ, „აპრავებს“ იმ ვერსიას, რაც სუს-ს აწყობს, რომ ამ ადამიანების ტერორისტებთან კავშირი გაამართლონ?..
_ რაც მე გავიგე, გორნაკაშვილი იყო ხელოსანი, ძალიან პატიოსანი პიროვნება, რომელიც თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასაც კი არემონტებდა ერთი პერიოდი, აგრეთვე, ბევრი ოჯახი ვიცი, ვინც მადლიერია და ენდობოდა მას.
_ მარიამ, ჩაგეკითხები: შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას რომელ წლებში არემონტებდა, _ ხელისუფლების შეცვლამდე თუ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?
_ ვფიქრობ, რომ ახლა, ბოლო პერიოდში, ალბათ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ეგ დასაზუსტებელია. უბრალოდ, რატომ ვუსვამ ამ გარემოებას ხაზს: როგორც ცნობილია, ამგვარი სტრუქტურები დეტალურად სწავლობენ დასაქმებულთა შესახებ ყველა მონაცემს და საეჭვო წარსულის პიროვნებასთან, ცხადია, საქმეს არ დაიჭერენ.
_ პანკისის ხეობაში ძალიან ნერვიულობენ გამოძიების შედეგებზე და ბოლო აქციაზე ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. ხელისუფლების მხრიდან ელემენტარულ მცდელობებს ხედავთ, რომ კომუნიკაცია მაინც დაამყარონ ამ ადამიანებთან?
_ როცა თბილისის პროკურატურაში მივედი, ირაკლი შოთაძე არა, მაგრამ იქ მისი მოადგილე იყო. როდესაც საქმეს ვეცნობოდი, შემოვიდნენ და მითხრეს, რომ მშობლებს თუ უნდათ ჩვენთან შეხვედრა, მზად ვართო. მე ვიცი, ბოლოს გამომძიებელმა დაურეკა ოჯახს და თუ გაქვთ სურვილიო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი იმ ადამიანებთან შეხვედრას ითხოვენ და არა მათ მოადგილეებთან, ვინც არის პასუხისმგებელი ამ საკითხზე, უშუალოდ ვინც გასცემს განკარგულებებს.
_ მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის უფროსის გადადგომას და სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს. ცნობილია თუ არა, ვინ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას და ვინ გასცა დავალებები სპეცდანიშნულების რაზმზე?
_ მოგახსენებთ, რომ მე არ შემიძლია დღეს ვისაუბრო დადასტურებული ინფორმაციებით. რასაც გავეცანი უშუალოდ საქმის მასალებიდან, ვინაიდან, ფაქტობრივად, არაოფიციალურად ვარ ჩართული ამ საქმეში, მხარე არ ვარ, დაზარალებულად არ არის ცნობილი ჩემი მარწმუნებელი/დაცვის ქვეშ მყოფი პირი. მივდივარ და ვეცნობი მტკიცებულებებს, რომელზეც დიდი მადლობა, რომ ამის საშუალებას მაძლევენ, მაგრამ არ მინდა, მთლად გულუბრყვილო გამოვიდე. მე ვიცნობ იმ მასალებს, რაც არ არის გასაიდუმლოებული. ახლა რა კითხვაც თქვენ დამისვით, უკვე გასაიდუმლოებული ინფორმაციაა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სცდება თემირლანის ოჯახის წევრებისა და მისი მეზობლებისა და გარემოცვის დაკითხვის ოქმებს, ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც, ჯერჯერობით, ხელყუმბარას არ უკავშირდება, აგრეთვე გამომძიებლების, რომლებიც შემდგომ მივიდნენ და დასაფარი არაფერი არის, ჩვენებებსა და შემდეგ ჩხრეკებს, ამის გარდა მე არაფრის უფლება, ჯერჯერობით, არ მაქვს; სადაც არის თუნდაც სპეცრაზმელის დაკითხვის ოქმი, რას ამბობს სპეცრაზმელი, რა სურათს მისახავს, _ ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი.
_ იმიტომაც ითხოვთ, რომ დაზარალებულად იქნას მიჩნეული თემირლან მაჩალიკაშვილი, ან მამამისი, რომ საშუალება მოგეცეთ და გამოძიებამ მასალები გადმოგცეთ, თუნდაც, გაუთქმელობის ხელწერილით, თქვენ გაეცნოთ სამართალდამცველების ჩვენებებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სპეცოპერაციაში, როგორ უყურებენ და როგორ ხსნიან სროლის აუცილებლობას…
_ თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დაზარალებულად ვეღარ იქნება ცნობილი, ის გარდაცვლილია. სსსკ-ის თანახმად, გარდაცვლილის მამის _ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ. ზემოთ უკვე ვისაუბრე, რომ მსროლელის ჩვენება არ მაქვს წაკითხული, ვინაიდან ის საიდუმლო ნაწილია. ინფორმაცია კი, რასაც ვეცნობი, ჩემთვის არასაკმარისია, სრული წარმოდგენა მქონდეს ამ სურათზე. ჩემთვის საინტერესოა სატელეფონო ზარების გაშიფრვა და მობილური ოპერატორების ამონაწერები. არც ამის ნახვის უფლება მაქვს. იქ ნომრებია და ამ ნომრებით პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია. ანუ ჩვენ ხომ ვთანხმდებით, რომ პირის იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენთ და სახელი X-ით იქნება ცნობილი, ე. წ. მკვლელი სპეცრაზმელი… რაც მის ნომერს, იარაღს, ანაბეჭდსა და ა. შ. უკავშირდება, ეს საიდუმლო ნაწილია. ამ პროცესში მე რომ ოფიციალური მხარის წარმომადგენელი ვიქნები, ცხადია, მეტის უფლება მექნება.
_ თუ საერთოდ წავიდნენ იმაზე, რომ ვინმე დააკავეს.
_ უკეთეს შემთხვევაში, თუ საერთოდ წავიდნენ, ანუ ძალიან მძიმე სურათია ამ კუთხით, რომ ამ ყველაფერს როგორ შევაგუებ და როგორ გაიაზრებს თემირლანის მშობლები, მე არ ვიცი. ძალიან მძიმე ტვირთი მაკისრია და ძალიან განვიცდი, ძალიან რთულია, ვერავინ გაიგებს მის სახელს, თუ მისი ნება არ იქნა. მათი შინაგანაწესია და მათ სრული უფლება აქვთ, რომ თავიანთი ვინაობა არ გათქვან. ეს არის სპეცრაზმის სამსახურის სპეციფიკა.
_ რას ამბობენ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც თქვენ ჩართეთ საქმეში, რამე ხელჩასაჭიდი აქვთ, რომ რეალური სურათი აღადგინონ, თუ, უბრალოდ, ყველა კვალი წაშლილია?
_ რეალურად, ჩვენ დარჩენილი გვაქვს საწოლის თავი, სადაც ტყვიამ გაიარა და კედლის შემავალი ტყვიის ადგილი არ გვაქვს, მაგრამ ბოლო ადგილი გვაქვს, კედლის შიგნით, თაბაშირ-მუყაოს შიგნით, ორი რკინა არის დაზიანებული. მე ვინც ჩავრთე, ეს არის ბატონი ზაზა ალთუნაშვილი. მან მითხრა, რომ ამ ბოლო დაზიანებული ორი რკინიდან შეძლებს ტყვიის გაჩერების ადგილის დადგენას, ძალიან უჭირს. გაბრაზდა, როდესაც კედლის არარსებობის შესახებ გაიგო, მაგრამ გამოსავალი მაინც დაგვრჩა, რაც მთავარია. მერე რომ მოხდა გვამის ექსპერტიზა, მაია ნიკოლაიშვილს აქვს ყველა ფოტო წარმოდგენილი, დეტალურად გადაიღო ყველაფერი, რაც აუცილებლად დასჭირდება ნეიროქირურგს შეფასებისთვის. თავში ქალბატონმა მაიამ უცხო სხეული ნახა, უცხო ლითონის მაგვარი ნაჭერი, რომელიც დალუქულია და გვაინტერესებს, რა არის ეს?.. ექსპერტიზა მიმდინარეობს.
_ შეიძლება, ტყვიის ნაწილი იყოს?
_ ტყვიის ნაწილს რაღაც არ ჰგავს, ძვალიც არ არის, ამიტომ მაგას ვეძებთ. მაიამ მალევე ნახა შემთხვევის ადგილი, სისხლის კვალი, ბევრი ფაქტი, მას აქვს ფოტოები, თავდაპირველი ფოტოებიც. ჩვენ სანდო წყარომ ისეთი ფოტოები მოგვაწოდა, რომლებიც არსად არის. ამის შედარება გავაკეთეთ, მაიამ გვამის ექსპერტიზაც გააკეთა, ამ კუთხით იმუშავა. პირველ რიგში, მთავარი, რაც მომცა, ის არის, რომ ფაქტობრივად, დარწმუნებული ვარ და რამდენიმე დღეში მომცემს ხელმოწერილ დასკვნას, რომ თემირლანი განძრეულიც არ არის, ანუ კარი გაიღო თუ არა, პირდაპირ ესროლეს, მით უმეტეს, მას ყურსასმენები ეკეთა.
_ და იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე არ დაისაჯა, რა მოხდება პანკისის ხეობაში?
_ მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს უბედურება ღირსების საკითხსაც სცდება, ეს სიცოცხლის უფლებაა, რომელსაც პანკისის ხეობაში კი არა, მსოფლიოს ყველა განვითარებულ თუ განუვითარებელ წერტილში იცავენ, ეს არის უზენაესი უფლება. კარგ პროგნოზს რომ ვერ გავაკეთებ, ეს ხომ ფაქტია?! ხალხი ამას ვერ შეეგუება. დაუცველობის შიში აქვთ მშობლებს. სახელმწიფომ უნდა დაგვიცვას, დამნაშავეებიც კი და ყველაფერი გააკეთოს რესოციალიზაციისთვის. დღეს კი რა მოხდა? უდანაშაულო ბიჭს ესროლეს და მოგვიანებით, საქვეყნოდ, კადრები გაასაჯაროვეს, რომ საზოგადოებას მასზე წინასწარ წარმოდგენა შექმნოდა და ბევრს შეექმნა კიდეც, _ ტერორისტების დამცველი ხარო! _ არაერთხელ უთქვამთ, თავისდაუნებურად. ჯერ მარტო ეს რამხელა დარღვევაა შესაბამისი უწყების მხრიდან, რა უფლება ჰქონდათ?! რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი?! არ არსებობს წარდგენილი ბრალი, ბიჭი უგონო მდგომარეობაშია და შენ, სახელმწიფო, აქვეყნებ კადრებს, რომლებიც არაფრისმომცემია. უნებლიე კავშირზე მე პირველივე წუთიდან ვსაუბრობდი, რაც ამ საქმეში ჩავერთე. დანაშაულის შესახებ რომ იცოდა, ისიც იცოდა, რომ ეს ხალხი ტერორისტი იყო და მალავდა ჩატაევს? წარმომიდგინონ მტკიცებულება! სად გვაქვს? ამ ბავშვის დანაშაულია, რომ ეს ხალხი პანკისის ხეობაში მის სახლთან გაიცნო? შეცდომები ერთმანეთს ემატება, დრო გადის. არ მინდა ვიფიქრო, რომ უშედეგოდ გავიდეს ეს დრო, დამნაშავე არ დაისაჯოს, ვინაიდან ვიცი, კარგი არაფერი მოხდება და თუ ვინმემ გადააყოლა თავის მდგომარეობას მთელი ჩვენი ქვეყნის ბედი, ეს იქნება უდიდესი შეცდომა…

ელისო კილაძე