გია ხუხაშვილი: „უახლეს ისტორიაში ვერაფრით დავიკვეხნით, ერთ მანკიერ წრეზე ვტრიალებთ“

1991 წლის დეკემბერში დაწყებული და 1992 წლის იანვარში გადასული პოლიტიკური სამხედრო კონფლიქტი საქართველოში 1991-1993 წლებში. ომი დასრულდა პუტჩისტების გამარჯვებით, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობით და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქართველოდან განდევნით. იგი ჯერ სომხეთში გადავიდა, მაგრამ დევნილი პრეზიდენტის სომხეთში არმიღების შემდეგ მან ჩეჩნეთს შეაფარა თავი.

სამოქალაქო ომის წინაპირობები

1991 წლის 31 მარტს გაიმართა რეფერენდუმი დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეების 97% საქართველოს დამოუკიდებლობას დათანხმდა. იმავე წლის 9 აპრილს კი, 1918 წლის კონსტიტუციის საფუძველზე, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ამ მოვლენების პარალელურად რუსეთმა მოახერხა დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) შექმნა. 1991 წლის 21 დეკემბერს ყაზახეთში დსთ-ს პირველი სამიტი გაიმართა, სადაც უკვე 11 სახელმწიფო იყო გაერთიანებული; თუმცა საქართველო მყარად იდგა თავის პოზიციაზე და არ აპირებდა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რაც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის იდეებს. მას ამ ორგანიზაციის შექმნით, პრაქტიკულად, სურდა, რომ გავლენა არ დაეკარგა ყოფილი სსრკ-ს წევრ ქვეყნებზე. რუსეთმა მოახერხა არეულობის შექმნა ქვეყანაში და 22 დეკემბერს თბილისში დაიწყო „სახალხო აჯანყება“, უფრო სწორად, სახელმწიფო გადატრიალება. ამ ყველაფერმა კი მხოლოდ საქართველო დააზარალა, რაც დაღუპული ჯარისკაცებით და დანგრეული ინფრასტრუქტურით გამოიხატა.
მოვლენებს მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე, ასე იგონებს:
„1991-92 წლების მოვლენები სამოქალაქო კი არა, რუსეთ-საქართველოს ომი იყო. 22 დეკემბერს იმიტომ ისროლეს, რომ წინა დღეს მსოფლიო რუკიდან საბჭოთა კავშირი გაქრა. ეს გადაწყვეტილება ალმა-ათის შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც 11 რესპუბლიკის პრეზიდენტი ესწრებოდა. საქართველოს მე და გურამ აბსანძე წარმოვადგენდით. 21 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, შეიქმნა დსთ, მხოლოდ საქართველომ თქვა უარი დსთ-ში შესვლაზე. ყაზახეთიდან გამომგზავრების წინ ელცინმა გვითხრა, _ დილის 8 საათამდე გამსახურდიას ზარს ველოდები, თუ არადა, პრობლემები შეგექმნებათო. 22 დეკემბერს გამთენიისას დავბრუნდით თბილისში და დაიწყო კიდეც შეიარაღებული დაპირისპირება. ბევრი მათგანი, ვინც ხელისუფლებას აუჯანყდა, მისდა უნებურად, ისე, რომ არც იცოდა, რუსეთის ჯარისკაცად იქცა“.

ომის შედეგები

ომი აჯანყებულების გამარჯვებით დასრულდა, ქვეყნის მართვა კი „სამხედრო საბჭომ“ ჩაიბარა. მათ მაინც ვერ მოახერხეს ქვეყანაში წესრიგის დამყარება და 1992 წლის მარტში მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძე მოიწვიეს. თუმცა ქვეყანაში ამ დროს უკვე დაწყებული იყო შეუქცევადი პროცესები სეპარატისტულად განწყობილ ძალებში, რომლებსაც რუსეთიც უწყობდა ხელს და მოხდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოდან გამოყოფა“, _ ვკითხულობთ თვისუფალ ვიკიპედიაში.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრება:
_ ბატონო გია, დღევანდელი გადასახედიდან, რა შედეგები მოიტანა 1992-93 წლების (დეკემბერ-იანვარი) სამოქალაქო ომმა, რა შეცვალა ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში?
_ სამწუხაროდ, უახლეს ისტორიაში ვერაფრით დავიკვეხნით. თითქოს რაღაც ერთ მანკიერ წრეზე ვტრიალებთ. ყველაფერი დიდი იმედებით იწყება, მერე ასეთივე იმედგაცრუებით მთავრდება და ეს ციკლი უკვე რამდენჯერმე გავიარეთ. ისევ ორად გახლეჩილი საზოგადოება, მუდმივი დაპირისპირება, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ყველა უბედურების წინა ხელისუფლებაზე გადაბრალება და ა. შ. რომ გითხრათ, ამ მხრივ რამე პრინციპულად შეიცვალაო, ასე ნამდვილად არ არის.
უბრალოდ, ამ პერიოდში მოვახერხეთ და სახელმწიფო ინსტიტუტები, მეტ-ნაკლებად, ავაშენეთ. თუმცა ამ ინსტიტუტებში პოლიტიზების ხარისხი დღესაც მაღალია. რეალურ, ხელშესახებ შედეგზე თუ გვსურს საუბარი, ამ პერიოდში ეკონომიკა, ძირითადად, ჩრდილიდან გამოვიდა, საჯარო სექტორი ნაკლებად კორუმპირებულია და იგივე ძალოვანი სისტემა, პატრულის ნაწილში, მეტ-ნაკლებად, ნორმალურად მუშაობს. ხაზს ვუსვამ _ პატრულის ნაწილში და არა კრიმინალური პოლიციისა და სხვა ნაწილში, სადაც სერიოზული პრობლემები ჯერ კიდევ არის.
_ აღნიშნეთ, რომ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ, ჯერ ხელისუფლების მაქსიმალური მხარდაჭერა და მერე იმედგაცრუებაა, ამის მიზეზებს სად ხედავთ?
_ მიზეზი შეიძლება თავად საზოგადოებაშიც არის, რადგან ჩვენ ყოველ ციკლში ახალ მესიას ვეძებთ მორიგი იმედგაცრუების შემდეგ და მერე ვიძინებთ. ანუ ხელისუფლება მუდმივი კონტროლის ქვეშ არ გვყავს. რეალურად, ხელისუფლება ჩვენ ისე არ დაგვისჯია, რომ შემდეგს ჭკუა ესწავლა. მუდმივად ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით.
შესაბამისად, პრობლემა არა მარტო იმ ადამიანებშია, რომლებიც არაკეთილსინდისიერი მიზნებით მოდიან, გვატყუებენ და ილუზიებს გვიქმნიან რაღაც უკეთესი მომავლის, არამედ პრობლემა ჩვენშიცაა, რადგან ჩვენც მიდრეკილნი ვართ, რომ თავი მოვიტყუოთ, მერე ვბრაზდებით და ა. შ.
როგორც ჩანს, ყველა ჩვენგანშია ის პრობლემა ჩაბუდებული, რომელიც აქედან გამოსვლის საშუალებას არ გვაძლევს.
_ სამოქალაქო ომმა რამდენად უკან დაგვხია?
_ სერიოზულად უკან დაგვხია, რადგან, ფაქტობრივად, საქართველოს ისტორიაში ის ტრაგიკული ფურცელი იყო, როდესაც საზოგადოება ორ ნაწილად გაიხლიჩა და ეს დიდი დაპირისპირება დაიწყო. შემდგომში, რა თქმა უნდა, კონფიგურაციები, უფრო სწორად, სოციალური ჯგუფები იცვლებოდა, მაგრამ ეს დაპირისპირების ტონალობა მთელ უახლეს ისტორიას მთავარ ლაიტმოტივად გასდევს. ანუ ყველა ციკლი ამ ნეგატიური ნიშნით, ასეთი დაპირისპირების ხაზით მიმდინარეობს.
ერის გამაერთიანებელი, შემკვრელი იდეა, რაც ქვეყანას განვითარების, ამ მანკიერი წრიდან გამოსვლის საშუალებას მისცემდა, არავის შემოუთავაზებია. ყველა მხოლოდ ილუზიას სთავაზობდა. ამ დროს იმისთვის, რომ განვვითარდეთ, ჩვენ ეს გაერთიანება გვჭირდება და ამის ნაცვლად კი ვხედავთ, რაც ხდება.
კი ბატონო, გასაგებია, რომ ყველა ხელისუფლება აშავებდა. იგივე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი რომ ავიღოთ, რომელიც, თითქოს, სიყვარულსა და გამთლიანებაზე ლაპარაკობდა, მას სინამდვილეში, გულში ერთი დიდი გინება ჰქონია ჩადებული და ამან ამოხეთქა კიდევაც. ანუ ისევ იმ ტონალობაში მიდის ყველაფერი.
ამ მხრივ, არაფერი იცვლება და ასე ვიქნებით, სანამ ისეთი პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდება, რომელიც ახალ ნაციონალურ, მასშტაბურ იდეას არ შესთავაზებს საზოგადოებას; რაც ყველასთვის ერთი იქნება და რის ირგვლივაც მთელი ქართული საზოგადოება შეთანხმდება: რომ კი ბატონო, დისკუსია, კამათი ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენ რაღაც გვაერთიანებს. აი, ასეთი რაღაც არავის შეუთავაზებია და, შესაბამისად, ჩვენ დღესაც იქ ვართ, სადაც ვართ.
_ რატომ არ გვთავაზობდნენ ამ გამაერთიანებელ იდეას და დღეს ეს ყველაფერი რას უნდა ეფუძნებოდეს?
_ მასშტაბი არ აქვთ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია, შეიძლება ითქვას და ეს კრიზისი ხანგრძლივად გაგრძელდა. ერთადერთი, ვისაც ამის რეალური მცდელობა ჰქონდა, რომ ეროვნული იდეის რეალიზება მოეხდინა, ეს იყო სააკაშვილი. რაღაც ნაწილში მან ეს გააკეთა, მაგრამ დიდწილად მანაც ეს ყველაფერი ფარსად აქცია და, საბოლოო ჯამში, პროცესი ისევ ჩამოიშალა, ანუ საზოგადოება ვერ შეიკრა.
პრინციპში, მისი ფორმულირება (როდესაც „ვარდების რევოლუციის“ დროს ხელისუფლებაში მოდიოდა), მისი ამოცანები და მიზნები, აი, ამ გამაერთიანებელ იდეას ძალიან ჰგავდა. პირველი ორი-სამი წლის დინამიკა აჩვენებდა, რომ მართლა რაღაც საოცარი და ახალი ხდებოდა ქვეყანაში. ეს ის ორი-სამი წელიწადია, როცა ჩვენ ყველა მართლა გავერთიანდით, როდესაც კორუფცია დამარცხდა, საჯარო სექტორი გაიმართა, მილიციელი პოლიციელი გახდა და ა. შ.
მაგრამ, საბოლოო ჯამში, აქაც დიდი იმედგაცრუება მოვიდა, რადგან სისტემამ იძალადა. სისტემამ ადამიანებზე ძალადობა დაიწყო, ადამიანის უფლებების უკან ცოცხალი ადამიანი ვეღარ დაინახა და ისევ პოლარიზაცია დაიწყო. ეს უკვე 2006 წლის შემდეგ ხდება.
ფაქტობრივად, ეს შანსი, რომელიც რეალურად გვქონდა, ხელიდან გავუშვით. ეს შანსი მხოლოდ 2003-2005 წლებში იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მცდელობის მიუხედავად, ეს არ გამოგვივიდა.
ამ დროს შემკვრელი იდეა რა იყო? ეს იყო კეთილდღეობა და თავისუფლება, რასაც სააკაშვილი გვთავაზობდა. თუ ამ კეთილდღეობისთვის მან რაღაც ნაბიჯები გადადგა, თავისუფლების მხრივ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გაუკეთებია; რადგან ის რევოლუციური პრინციპით მოქმედებდა, _ ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივაო. ამ პრინციპით მოქმედებდა და ეს რევოლუციური მიდგომა აბსოლუტურად უვარგისია საზოგადოების გასაერთიანებლად. ასე რომ, მანაც ფიასკოთი დაამთავრა.
რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, მას მცდელობაც კი არ ჰქონია ამ მხრივ რამის გაკეთებისა. ხუთი წელია, ხელისუფლებაში არიან და „სისხლიანი ცხრა წლის“ მეტი არაფერი აქვთ სათქმელი. შესაბამისად, თუ რამეს კრავენ, ისევ თავიანთ რაღაც ელექტორალურ ნარჩენებს და ადამიანებს მუდმივად წარსულით აცხოვრებენ. ისინი მომავალში არ იყურებიან, წარსული ცხრა თუ ათი წლით კვებავენ და, ფაქტობრივად, ვერ ხვდებიან იმას, რომ თვითონვე ჭრიან იმ ტოტს, რომელზეც სხედან.
ანუ ისინი განვითარებაზე კი არ არიან ორიენტირებულები, არამედ წარსულში ეძებენ მუდმივად საკუთარი წარუმატებლობის მიზეზებს.
_ დღეს რა უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი იდეის მთავარი ქვაკუთხედი?
_ მთავარი ქვაკუთხედი, ისევ და ისევ, ადამიანი უნდა იყოს. გავიმეორებ, რა სჭირდება ადამიანს: ეს არის კეთილდღეობა და თავისუფლება. უნდა გამოვაცხადოთ, არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ვიმოძრაოთ ამ ორი ძირითადი მიზნის შესასრულებლად, მისაღწევად. ანუ მეტი თავისუფლება ადამიანს და, ბუნებრივია, კეთილდღეობა, ეს ორი ღირებულება ერთმანეთზე გადაბმულია.
რაც შეეხება ფორმულირებას, ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ამ ორ რაღაცაზე უნდა იდგეს ის შეთავაზება, რასაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა სისტემურად დაგვანახვებს.
წვრილმანებზე, კონკრეტულ თემებზე ყველა საუბრობს, მაგრამ სრული მასშტაბით ასეთი შეთავაზება არავის გაუკეთებია. სამწუხაროდ, ამ ფორმულირებას ვერ გეტყვით, მაგრამ ის არსებობს.
_ რამდენად მიეცა სათანადო შეფასება თბილისის სამოქალაქო ომს, ასევე პასუხისმგებლობა აიღეს ინიციატორებმა თუ შემსრულებლებმა?
_ საერთოდ, საქართველოში პასუხისმგებლობის საკითხი ძალიან პრობლემურია. რა თქმა უნდა, ეს პრობლემურობაა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ამის გამო ჩვენ ამ ციკლიდან ვერ გამოვდივართ. საბოლოო ჯამში, დაუსჯელობის სინდრომი უნივერსალური არგუმენტია ყველა ხელისუფალისთვის, რომ სანამ ის არის, არის და მერე იმის შიში არ აქვს, რომ შეიძლება, რეალურად, დაისაჯოს.
დღევანდელ ხელისუფლებასაც ხომ თითქოს დასჯა უნდა, მაგრამ აკვიატება მხოლოდ სააკაშვილზე აქვს და დანარჩენი, თურმე, ყველა ანგელოზი ყოფილა. მაგალითად, კოლექტიური მურუსიძე სასამართლოში.
აი, ახლა, მაგალითად, სააკაშვილს შეწყალების საქმეზე ასამართლებენ და ამ საქმის პირდაპირი ნაწილია მურუსიძის მიერ იმ ადამიანების შეწყალების მომზადება. იმას ვგულისხმობ, რომ მურუსიძეს მათთვის ეს სასჯელის ვადები რომ არ შეემცირებინა, სააკაშვილს კანონიერი საფუძველი არ ექნებოდა მათი შეწყალებისთვის. ანუ ეს საფუძველი მურუსიძემ შექმნა. შესაბამისად, თუ რამე დანაშაული იყო, მურუსიძე აღნიშნული დანაშაულის თანამონაწილეა. დღეს კი, საერთოდ, სისტემის მაყურებლად დანიშნეს.
აი, ასე ემართებოდა ყველა ხელისუფლებას. იგივეა, ვინ უნდა შეაფასოს დღეს სამოქალაქო ომი? ისეა ყველაფერი აღრეული, რომ რეალურად სისტემა არ შეცვლილა. ეს სისტემა მუდმივად ტრანსფორმირებას განიცდის და საკუთარ თავს არასოდეს დაისჯის.
დღესაც, სააკაშვილის დროსაც, ძალიან ბევრი იყო იმ სამოქალაქო ომის თანამონაწილე და ასეთ დროს არავინ არის დაინტერესებული, რომ რაღაც პროცესები რეალურად შეაფასოს, რადგან გასაგებია, რომ საკუთარ თავს არავინ იჭერს. რამდენი შემიძლია დაგისახელოთ ისეთი ადამიანი, რომელიც „მხედრიონში“, გვარდიაში იყო იმ პერიოდში და მას შემდეგ სულ ხელისუფლებაშია, არასოდეს დაუტოვებია ეს ხელისუფლება.
ბუნებრივია, ეს ადამიანები პოლიტიკური შეფასებით დაინტერესებული არ არიან. შესაბამისად, რას უნდა ველოდოთ? _ არაფერს. ალბათ, ისტორია შეაფასებს, როცა ემოციები ჩაცხრება; ეს თაობა ამ ქვეყნიდან, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკიდან წავა და ისტორია შეაფასებს. მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიული შეფასება იქნება და არა სამართლებრივი.
_ რამდენად არსებობს ქვეყანაში მსგავსი ღია დაპირისპირების საფრთხე დღეს?
_ ჩვენ მუდმივად ამ პროცესში ვართ და, უპირველესად, ხელისუფლება უწყობს ამას ხელს. როდესაც პოზიტიური დღის წესრიგი არ გაქვს, ნეგატიურ ხაზს მიჰყვები, ვიღაცას მტრის ხატად აცხადებ და მასთან იმიტირებული ომით გინდა, რომ როგორმე თავი გაიტანო, ამიტომ ეს დაპირისპირება ყოველთვის არის.
ახლა ამ დაპირისპირებას სერიოზული სახელმწიფოებრივი კრიზისი მოჰყვება თუ არა, ყოველ შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში ამას ვერ ვხედავ, რადგან პოლიტიკური ალტერნატივა, ვისაც შეუძლია, ეს პროცესი წარმართოს, თითქოს არ ჩანს.
ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ კარგად ორგანიზებული ძალაა, მაგრამ ის ჩაკეტილი სისტემაა, ამ ისტორიულ ეტაპზე განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია. აქედან გამომდიონარე, არ მგონია, რომ ახლო პერიოდში რაღაც სახელმწიფოებრივი კრიზისი მოხდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიზისის საფუძველი არ არსებობს. ეს საფუძველი არის, მაგრამ არ არსებობს ლიდერი, რომელიც ამ კრიზისის წინაპირობის კაპიტალიზაციას მოახერხებს. აი, როგორც კი ასეთი ლიდერი გამოჩნდება, შეიძლება, ძალიან სერიოზული პრობლემები დაიწყოს. ვინ არის და როდის გამოჩნდება ეს ლიდერი, ამას ვერ გეტყვით.
_ რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სამოქალაქო დაპირისპირება, ომი არ მოხდეს?
_ უპირველესად, ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს. დავუბრუნდები იმას, რომ ადამიანებს თავისუფლება და კეთილდღეობა უნდა ჰქონდეთ. დაპირისპირების საბაბი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ რეალური მიზეზი სწორედ თავისუფლებისა და კეთილდღეობის შეზღუდვაა. ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება მუდმივად უნდა ზრუნავდეს, რომ ადამიანებს ეს ორი რამ, _ თავისუფლება და კეთილდღეობა, მეტ-ნაკლებად, ჰქონდეთ.

გელა მამულაშვილი