ბედოვლათი თელავის მერია და აბდალი თელავის საკრებულო

SAMSUNG

რატომ არ ვენდობით ადგილობრივ ხელისუფლებებს? იმიტომ, რომ ისინი ხშირად ჩვენ გარეშე წყვეტენ, რა გვჭირდება, რომელი პრობლემის გადაჭრას ვითხოვთ. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტებმა მანკიერი ტრადიცია არც წელს დაარღვიეს და ადგილობრივი ბიუჯეტები კვლავ მოქალაქეთა მონაწილეობის გარეშე მიიღეს.

განსაკუთრებული შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა. დასაწყისშივე აღვნიშნავთ, რომ თელავის მსგავსად თვითმმართველი ქალაქისა და თემის სტატუსები გაუუქმდათ გორს, ზუგდიდს, ონს და კიდევ სხვა მუნიციპალიტეტებს. აქედან ყველა მუნიციპალიტეტმა, თელავისა და ოზურგეთის გარდა, შეძლო დეკემბრის 28-ისთვის მიეღო ბიუჯეტი. ოზურგეთი გამონაკლისი იყო, რადგან იქ მეორე ტური ჩატარდა და, შესაბამისად, ბიუჯეტის მიღება მხოლოდ იმიტომ დააგვიანდათ, რომ საკრებულოსა და მერის ლეგიტიმაციის აღიარება დაგვიანდა.
რადგან სულ თელავია და სულ „გულავია“, თელავში დაავიწყდათ, რომ წელი მთავრდებოდა, ცოტა წაიდინჯეს კიდეც, მხართეძოზეც წამოწვნენ. მერე რა, თუ ბიუჯეტის მიღება გვიანდება? კანონით თებერვლამდე მაინც მივიღებთო და შესაბამისად დინჯმა და მშვიდმა თელაველებმა ფეხი, გონება და კალკულატორი არ აუჩქარეს, კანონიც, ცოტა არ იყოს, დაიკიდეს და ასე დაიკვებეს უფულოდ ახალი წელი.
მანამდე კი გავიხსენოთ ის, რასაც საკრებულომ და მერიამ პატივი არ სცა…

კანონი და მოქალაქეები!

სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, არის კანონი. კანონები ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის მეშვეობითაც უნდა დადგინდეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმების უმეტესი რაოდენობა, რომლებიც მიიღება კონსტიტუციის დებულებებისა და პრინციპების საფუძველზე და მათ განსავითარებლად. კანონები, მათში არსებული ნორმების მნიშვნელობის მიხედვით, იყოფა კონსტიტუციურ, ორგანულ და ჩვეულებრივ კანონებად.
კონსტიტუციური კანონი არეგულირებს საზოგადოების, ან სახელმწიფოებრივი ცხოვრების მხოლოდ ცალკეულ დარგებს, თუმცა თავისი იურიდიული ძალისა და მიღების წესით არაფრით განსხვავდება კონსტიტუციისგან. კონსტიტუციური კანონით მოქმედ კონსტიტუციის ტექსტში შედის ცვლილებები, ან დამატებები, რის შემდეგაც ის წყვეტს დამოუკიდებელი ნორმატიული აქტის სახით არსებობას.
მაგალითად, ასეთი ნორმატიული აქტია ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, ნორმატიული აქტი, ბიუჯეტი.
მოკლედ, კანონები არეგულირებენ სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ სფეროებს.
საბიუჯეტი პროცესი სისტემის განუყოფელი ნაწილია, საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საქმიანობა მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს!
ბიუჯეტს თავისი მიღების წესი აქვს. ადგილობრივ თვითმმართველობებში ამ წესს საკრებულოს მიღებული რეგლამენტი არეგულირებს თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე. კერძოდ კი ბიუჯეტის პროექტს მერი არაუგვიანეს 15 ნოემბრისა წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად. თავის მხრივ, საკრებულოში ბიუჯეტს განიხილავს საკრებულოს კომისიები და საკრებულოში არსებული ფრაქციები, ხოლო კომისიებისა და ფრაქციების მიერ გათვალისწინებული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მერს. ბიუჯეტის პროექტის იმავე, ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მერი წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს.
ამის შემდეგ კი ბიუჯეტი საჯაროდ განიხილება. საჯარო განხილვა საჯარო მმართველობაა, დადგენილი წესრიგის უზრუნველყოფის მექანიზმია და მისი მთავარი თვისებაა კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების უნარი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური სისტემა არა მხოლოდ მმართველობის მექანიზმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს გულისხმობს, არამედ იმ სტრუქტურებსა და პროცესებსაც, რომელთა მეშვეობით სახელმწიფო ურთიერთობს საზოგადოებასთან. საჯარო-პოლიტიკური მმართველობა განსაზღვრავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მმართველობის შინაარსს, მის ხასიათს, დანიშნულებასა და ფორმას. საჯარო-პოლიტიკური მმართველობის პროცესი მოიცავს მთელ საზოგადოებას, ზოგადად, საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ამდენად, საჯარო-პოლიტიკური მმართველობის პროცესი გამოირჩევა მთელი რიგი სპეციფიკურობით და თავისებურებებით, რაც თავისთავად ხასიათდება გარკვეული სირთულეებით და წინააღმდეგობებით. საჯარო-პოლიტიკური მმართველობის ერთ-ერთი თავისებურებაა მისი შემოქმედებითი ხასიათი.
შესაბამისად, საჯარო განხილვაზე მოწვეულნი არიან მუნიციპალიტეტის მოქალაქეები. მათ შესაძლებლობა აქვთ გაიგონ, რას გეგმავენ მათი რჩეულები მომავალი წლისთვის, გამოთქვან თავისი აზრი, თავისი შეხედულება, შენიშვნები, ხოლო ეს ყველაფერი გაითვალისწინოს მერიამ და ჩასწორებები გააკეთოს. ამის შემდეგ საკრებულო წლის დასრულებამდე იღებს ახალ ნორმატიულ აქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დამტკიცებულია.
მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ საკრებულომ და მერიამ ვერ შეძლო და დროულად ვერ დაამტკიცა ბიუჯეტი?
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, თუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი ახალი წლის დაწყებამდე არ დამტკიცდება, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების არაუმეტეს ერთი მეთორმეტედისა. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების სალიკვიდაციოდ არსებობს სპეციალური ტრანსფერი, რომლის გამოყოფის მოთხოვნით თვითმმართველი ერთეული მიმართავს ცენტრალურ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, არ იყო აუცილებელი, ბიუჯეტის პროექტი ასე სწრაფად დაემტკიცებინათ. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ბიუჯეტის დამტკიცებამდე უნდა გაიმართოს მისი საჯარო განხილვა.

***
9 იანვარს, როგორც იქნა, ნაბახუსევიდან გამოსულმა ნაახალწლევმა და მარხვაგამოვლილმა თელავის მერიამ საკრებულოს ბიუჯეტი წარუდიგინა. საკრებულოში დაუყოვნებლივ ჩატარდა ბიუროს სხდომა, სადაც ბიუჯეტი კომისიებს გადაეგზავნათ განსახილველად, ხოლო 15 იანვარს კი საჯარო განხილვა გამოცხადდა. თუმცა ზამთარს მონატრებულ თელავს ღამით ქარმა დაუბერა და რაც შარშან სტიქიისგან სახურავები გადაიხურა, წელს ყველა ისევ ჰაერში აჭრა ქარის ღმერთმა. და, აი, ასე უკან დატრიალდა კანონისა და ბიუჯეტის ბედიც.
10 იანვარს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, დაჩქარებული წესით, 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
35 დეპუტატიდან სხდომას ესწრებოდა საკრებულოს 26 წევრი. ბიუჯეტის პროექტს 23-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სხდომაზე არ იმყოფებოდა ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილი. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 9 იანვარს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა არ ყოფილა და არც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ჰქონდათ ბიუჯეტის გაცნობის შესაძლებლობა.

საკრებულოს თავმჯდომარე, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღებას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნდა. არჩილ თხლაშიძე ამტკიცებდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში 9 იანვარს მომხდარი სტიქიის გამო იძულებულები გახდნენ, ბიუჯეტი დაუყოვნებლივ დაემტკიცებინათ:
„ახალი ბიუჯეტის გარეშე ჩვენ ერთ თეთრსაც ვერ დავხარჯავთ. თუ ჩვენ არ მივიღებდით 2018 წლის ბიუჯეტს, 9 იანვარს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა. შაბათიდან თოვლს პროგნოზირებენ და სასწრაფოდ იყო გადაწყვეტილება მისაღები, რათა სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარება გაგვეწია. გარდა ამისა, ორ პოლიკლინიკას სახურავი აღარ აქვს. რაც შეეხება ზარალის ოდენობას, ამ დროისთვის სავარაუდო მონაცემები 400 000 ლარს უტოლდება. ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით. სტიქიისგან მიყენებული ზარალი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება“.
თუმცა 1-ლ იანვრამდე საკრებულოსა და მის თავმჯდომარეს არც ერთხელ არ მიუმართავთ მერიისთვის და არ შეუხსენებიათ, რომ ბიუჯეტის წარდგენისა და მიღების დრო იყო უკვე.
დროის მკვეთრად მცირე მონაკვეთში მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებას მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია.

ლელა მენთეშაშვილი _ „ევროპული საქართველოდან“ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი:
„მე არ ვიყავი ინფორმირებული, რომ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება. საკრებულოს სხდომაზე 15 წუთით დავაგვიანე. როდესაც მივედი და დღის წესრიგი მოვიკითხე, სხდომა დამთავრებული იყო და ბიუჯეტიც _ დამტკიცებული. ძალიან გამიკვირდა, რომ ბიუჯეტი დაამტკიცეს, რადგან მითხრეს, რომ 9 იანვრის სტიქია რიგგარეშე სხდომაზე უნდა განგვეხილა მხოლოდ“.

ბაადურ რევაზიშვილი _ საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“:
„45 წუთით ადრე დამირეკეს და მითხრეს, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომააო. არ ვიყავი თელავში და სხდომაზე ფიზიკურად ვერ მივედი. რიგგარეშე სხდომას „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დასწრებია, რადგან ფიზიკურად ვერ მოასწრეს მისვლა. ბიუჯეტის სასწრაფოდ დამტკიცებით ხელისუფლებამ მოსახლეობას თვალებში ნაცარი შეაყარა. არ უნდოდათ კრიტიკისა და შენიშვნების მოსმენა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, ამიტომ მიიღეს ბიუჯეტი ასე სასწრაფოდ“.

იურისტები განმარტავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში არ არის მითითებული არც ერთი შემთხვევა, რომელიც განსაზღვრავს ბიუჯეტის პროექტის დაჩქარებული წესით, საჯარო განხილვის გარეშე მიღების აუცილებლობას. სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად თანხის გამოყოფა შესაძლებელი იყო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდანაც და არ იყო აუცილებელი, საკრებულოს ერთ დღეში დაემტკიცებინა მთავარი საფინანსო დოკუმენტი.
ეს პროცედურა დარღვეულია. შესაბამისად, ამ შემთხვევაში თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნა დაირღვა.
სპეციალისტები, ასევე, ირწმუნებიან, რომ თელავის მერიამ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის სხვა მოთხოვნებიც დაარღვია.
თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 18 მილიონ 741 ათას 800 ლარით განისაზღვრა. სახელფასო ფონდზე გათვალისწინებულია 3 მილიონამდე ლარი. ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსაზღვრულია 5 მილიონ 307 ათასი ლარი; განათლების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 4 მილიონ 102 ათასი ლარი; სოცილაური მიმართულებით დაგეგმილია 1 მილიონ 630 ათასი ლარის დახარჯვა; კულტურისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის კი განსაზღვრულია 3 მილიონი ლარი. თუმცა დეპუტატთა უმრავლესობამ გამოკითხვის დროს, რამდენი იყო თელავის ბიუჯეტი, არ იცოდა. ისინი ან გარბოდნენ, ან პასუხს არ გვიბრუნებდნენ.

თელავის მერის განცხადებით, მერია მზად არის, საკრებულოს კომისიებთან, ფრაქციებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გააგრძელოს 2018 წლის ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა.
შოთა ნარეკლიშვილი:
„მთავარ საფინანსო დოკუმენტში მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ყველა შენიშვნასა და მოსაზრებას.
ჩვენი სურვილი ნამდვილად არ იყო, რომ საჯარო განხილვის გარეშე დამტკიცებულიყო 2018 წლის თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მაგრამ სტიქიის გამო იძულებულები გავხდით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გაგვეტანა მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცების საკითხი. მზად ვართ, ბიუჯეტის კორექტირებაზე აქტიურად ვიმუშაოთ. მართალია, ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, მაგრამ მისი საჯარო განხილვა აუცილებლად გაიმართება და ყველა ის შენიშვნა და მოსაზრება, რომელიც გასათვალისწინებელია, აუცილებლად აისახება მასში“.

კრიტიკულად აფასებს ბიუჯეტის ამ ფორმით მიღებას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი _ გიორგი ბოტკოველი:
„ჯერ სამარცხვინო იყო ის, რომ ახლად შეკრებილმა არაკომპეტენტურმა საკრებულომ და მერიამ თვენახევრის განმავლობაში 2017 წლის ბოლოს ვერ შეძლო მიეღო 2018 წლის ბიუჯეტი! ჯერ იყო და მორალთან და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღეს _ საკრებულოს სხდომა ჩატარდა, რომლის შესახებაც ოპოზიციონერ საკრებულოს წევრებს 30-40 წუთით ადრე შეატყობინეს და დახურულ კარს მიღმა მიიღეს თელავის ბიუჯეტი. მიზეზად დასახელდა სტიქიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად თანხების გამოყოფის საჭიროება. ყველაფერი კი მაშინ მოხდა, როცა ადგილობრივი ხელისუფლება აანონსებდა, რომ ბიუჯეტის მიღება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა საკრებულოს ფრაქციებთან და კომისიებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების ფორმატში. ეს სხდომა არის უკანონო, მიზეზი კი მხოლოდ ფარსია, ვინაიდან ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მსგავსი ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას შეეძლო, 2017 წლის თელავის ქალაქისა და თემის ბიუჯეტის ჯამის 1/12-ის ფარგლებში გამოეყო თანხა პრობლემის მოსაგვარებლად, ბიუჯეტის განხილვა/მიღება კი დაანონსებულ ფორმატში მომხდარიყო.
10 იანვარს ჩატარებული სხდომა უკანონოა! თელავის საკრებულომ ბიუჯეტი კახეთის გუბერნატორს მითითებით მიიღო“.
გუბერნატორი ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ წარმოუდგენელია მისი ჩარევა.

განსხვავებულ კომენტარს აკეთებს ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონული თავმჯდომარე _ ნიკოლოზ ვარდოშვილი:
„რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო ბიუჯეტის ასეთი ფორმით მიღებაზე საკრებულოს მიერ?! მგონი, ლაკონიურად სჯობია და ვიტყოდი, რა თავმჯდომარეც ჰყავთ საკრებულოში, რა თქმა უნდა, ბენო გეგეჭკორს ვგულისხმობ, ის საკრებულო გვყავს ჩვენ. ეს ბიუჯეტი არ მიუღიათ დეპუტატებს, ეს ბიუჯეტი მიიღო გუბერნიის თვთმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბენო გეგეჭკორმა, რომელსაც თელავი თავისი დუქანი ჰგონია და საკუთარი თავი, კიდევ, ყარაჩოღელი. პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს ვურჩევდი, დროულად გაიწვიოს უკან გუბერნატორი ქადაგიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული ელიტით, სანამ ჭორვილაში გაუგია ივანიშვილს, ვის ჩააბარა კვირიკაშვილმა კახეთი“.

გასაგებია, რომ ამ ვადებს თელავის მერია ვერ დაიცავდა, რადგან, როგორც ამბობენ, ორი თვითმმართველი ერთეული გაერთიანდა და, ამავე დროს, ახალმა მერმა უფლებამოსილების განხორციელება 13 ნოემბერს დაიწყო, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა თვენახევრის განმავლობაში საკრებულოსთვის მერიას წარედგინა ბიუჯეტი, გამართულიყო მისი საჯარო განხილვა და წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გასულიყო დასამტკიცებლად. მერიამ ყველანაირი ვადა დაარღვია. ამის შემდეგ სასაცილოა ბიუჯეტის პროექტის ასე ფორსმაჟორულ სიტუაციაში დამტკიცება, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობდა.
ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ საკრებულომ და მერიამ არ გაიტანა ბიუჯეტი სახალხო-საჯარო განხილვაზე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარემ რეგლამენტის დარღვევით ჩაატარა რიგგარეშე სხდომა. მას, უბრალოდ, არ შეეძლო სხდომის ასეთი ფორმით ჩატარება.
ასეა თუ ისე, ეს მაინც თელავია, აქ მაინც „გულავია“, კანონი კანონიერია, მაგრამ აქ სხვა კანონები აქვთ, სხვა ფორმის, სხვა სახის, სხვა შეხედულებების.
მერე რა, რომ კანონში ისე წერია? ასე უნდოდათ და მორჩა!

***
ასე გასრულდა ესე ამბავი ბედოვლათი მერიისა და აბდალი საკრებულოსი…
თელაველები კი ელოდებიან, იქნება და 2019 წლის ბიუჯეტის განხილვაზე მაინც ჰკითხონ, რა გინდათ, ხალხოო? რა გიჭირთ? რით გაგახაროთო?..

მაკა მოსიაშვილი