„12 ათას დოლარს გადაიხდი, თუ გინდა, რომ საქმე შინაურულად მოვაგვაროთ და არ გახმაურდესო“

რედაქციას ქალბატონი ნინო გეწაძე დაუკავშირდა და ოჯახის მიერ შეძენილი ბინის გარშემო არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მისი თქმით, გარკვეული დაინტერესებული პირები მას კანონიერად შეძენილ-გაფორმებულ ბინაში დამატებით 20 ათასი დოლარის გადახდას აიძულებენ. ასევე, მისივე ინფორმაციით, ძველი მფლობელები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებენ და ბინას არ ტოვებენ. ამის გამო გეწაძემ პოლიციაში ახალი განცხადება შეიტანა, რათა საქმეს თავიდან მიეცეს მსვლელობა.

„ქრონიკა+“ ნინო გეწაძეს ესაუბრება:
_ ოჯახმა ბინა შევიძინეთ. გარკვეული დროის შემდეგ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მირეკავს და „მოდულის“ შენობაში მიბარებს. _ კი ბატონო, მოვალ-მეთქი. მივედი და… _ ახლა, მიმდებარე ტერიტორიაზე შეგხვდებითო. უკან გამოვბრუნდი.
ამის შემდეგ ჩემთან სახლში მოდის ორი პიროვნება, ერთ-ერთი მიცხადებს, რომ ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ბურჯანაძეა. ეს კაცი კიდევ ჩემი მოადგილე არისო. _ საბუთები მაჩვენეთ-მეთქი და არაფერი უჩვენებიათ. _ რა ხდება-მეთქი? და მეუბნებიან: ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამ ბინასთან დაკავშირებით 12 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოო. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
_ რა უპასუხეთ?
_ საბუთები აგერ მაქვს, ეს ყველაფერი ოფიციალურად შევიძინე, გავაფორმე-მეთქი. ბინა კერძო მევახშე დევნოზაშვილისგან (იპოთეკარისგან, რომელიც ფულს ბინებში აბანდებდა და შემდგომ ყიდდა, ადამიანებს გარეთ ტოვებდა) ვიყიდე და ეს ყველაფერი მოწესრიგებული მქონდა. მეტიც: ეს ბინა უკვე იპოთეკით მქონდა ჩადებული „საქართველოს ბანკში“.
_ ჩათვალე, რომ ეგ ყველაფერი ქარმა წაიღო, ან 12 ათას დოლარს გადაიხდი, თუ გინდა, რომ ეს ყველაფერი შინაურულად მოვაგვაროთ და არ გახმაურდეს, თუ არადა, მერე დაგიკავშირდებით და საქმეს მსვლელობას მივცემთო. _ კი ბატონო-მეთქი.
მეორედ როცა მოვიდნენ, უკვე 20 ათას დოლარს მთხოვდნენ, მაგრამ ვერაფრით გავარკვიე, რის თანხა მქონდა გადასახდელი. ეს ბინა 50 ათასად შევიძინე (აუქციონზე 140 ათასად იყო შეფასებული), როგორც მოგახსენეთ, დოკუმენტებიც მაქვს. თუკი არაფერი მქონდა გადახდილი, ლოგიკურად, ის თანხა ხომ უნდა მოეთხოვათ? მაგრამ თუ 12 ან 20 ათასს გადავუხდიდი, ამას არ გაახმაურებდნენ და ყველაფერი მოგვარდებოდა. თუ არადა, შენს ეზოში სისხლის გუბე დადგებაო.
შემთხვევით ჩემი მეუღლე შემოვიდა და ეს ორი მამაკაცი რომ დაინახა, გაოცდა. ამ ბურჯანაძის მოადგილე გრიგალაშვილი ჩემს მეუღლეს ეუბნება, რომ სამსახურს დაკარგავო (სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა 18 წლის განმავლობაში). მეუღლე არც გამოეპასუხა, რადგან არც კი იცოდა, აქ რა ხდებოდა.
წავიდნენ, _ მოიფიქრეთ ეს ყველაფერი და კიდევ დაგიკავშირდებითო. მერე უკვე ტელეფონზე მირეკავდნენ და, მოკლედ, არ მეშვებოდნენ. ჩემთვის ვფიქრობდი: „ეს ამბავი გავახმაურო თუ არა-მეთქი?“ ორ ზღვას შუა ვიყავი ჩავარდნილი.
_ რა მოიმოქმედეთ?
_ ერთ დღესაც მირეკავს, _ ჩვენ კიდევ მოვალთ თქვენთან სახლშიო. _ ჩემთან ვეღარ მოხვალთ და აწი უკვე ვიცი, თქვენ სადაც უნდა მოხვიდეთ-მეთქი. ავდექი, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში განცხადება შევიტანე, რომ მოდიან, ფულს მძალავენ და ა. შ.
დამავიწყდა მეთქვა, რომ მანამდე, 15 სექტემბერს, ტელეკომპანია „იბერიით“ სიუჟეტი გაუშვეს, რომ მე ვითომ თაღლითი ადვოკატი ვიყავი, ათობით დაზარალებული ადამიანი მყავდა, ხალხი ქუჩაში დამიტოვებია, ამ იპოთეკარი ქალბატონის ბინაც თაღლითურად მითვისებული და გადაფორმებული მქონდა, ვითომ ისიც ქუჩაში იყო დარჩენილი და ა. შ.
არადა, მაგის სახლი რომ ნახოთ, მშვენივრად ცხოვრობს და არანაირ ქუჩაში ის არ დამიტოვებია. ან მევახშეს ვინ და როგორ დატოვებს ქუჩაში? ასევე სიუჟეტში აცხადებდნენ, რომ ჩვენ ვითომ 45 ბინა გვქონდა, 28 ჩემი, 28 ჩემი ქმრის სახელზე, 8 ჩემს დედამთილზე. რაღაც ამონაწერები უჩვენებიათ, რეალურად, ფარატინა ქაღალდები და ვითომ ამით ასაბუთებდნენ, რომ აი, ნახეთ, 45 ამონაწერი არისო.
ახლა წარმოიდგინეთ, 45 ბინა რიგით მოქალაქეს საიდან ექნებოდა? მოვითხოვე, რომ მე ეს ყველაფერი უკვე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამეშუქებინა. ამისთვის მთელი 40 წუთი დამითმეს და სათანადო პასუხი გავეცი.
მოკლედ, ასე თაღლითურად, შანტაჟით, ზეწოლით ჩემგან ჯერ 12 და მერე 20 ათასი დოლარის წაღება უნდოდათ. რადგან ეს ვერ მოახერხეს, უკვე მედიის საშუალებით ზეწოლაზე გადმოვიდნენ.
ტელევიზიაში აღვნიშნე, რომ წარმოადგინეთ საბუთები, თუ ჩვენ 45 ბინა გვაქვს და ამდენი დაზარალებული გვყავს, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო-მეთქი. „იბერიაში“ კი აღნიშნეს, რომ ჩემი მეუღლე საპატრიარქოში მუშაობდა (დაცვაში), ვითომ ერთი შეკრული ბანდა ვიყავით და ასე მოქალაქეების წინააღმდეგ ვმოქმედებდით.
შედეგად, ჩემი მეუღლე კადრების განკარგულებაში აიყვანეს და პირადი პატაკით გამოუშვეს (სხვა შემთხვევაში, სამსახურიდან მგლის ბილეთით გაგიშვებთ, რომ სხვაგან ვერ იმუშაოო).
ამის შემდეგ გია ბურჯანაძე უკვე რადიო „საქართველოს ხმით“ „ასაბუთებს“, რომ აგერ ამდენი ბინა აქვს (ანუ ჩვენ), ამდენი დაზარალებული ჰყავთო და ა. შ. თან მათ წინააღმდეგ აქციებს მოვაწყობთო.
_ პოლიციიდან რა რეაგირება იყო?
_ საქმეზე გამოძიებაც დაიწყო და პოლიციიდან საბუთიც მაქვს აღებული, რომ ჩვენ არანაირი დანაშული არ მიგვიძღვის. ეს ყველაფერი კანონიერად გვქონდა გაკეთებული. ჩვენი საქმის გამოძიებამ პოლიციის ექვსი განყოფილება მოიარა და არაფერი დანაშაული არ გამოკვეთილა.
მაგრამ რადიო „საქართველოს ხმაზე“ ბურჯანაძის ეს მორიგი ბრალდება რომ გავრცელდა, ისევ განცხადება დავწერე, რომ ჩემს საქმეს თავიდან მსვლელობა მისცემოდა, რადგან ისევ გრძლდება შანტაჟი, მუქარა და ახლა უკვე აქციებით იმუქრებიან. ბურჯანაძემ მომწერა, რომ აქციებს უკვე პროკურატურასთან და სასამართლოსთან მოვაწყობთო. 25 იანვარს გავიდა ეს გადაცემა რადიოეთერით და ამავე დღეს პოლიციაში ახალი განცხადება შევიტანე.
მათი ლოგიკით, 20 ათასი დოლარი უნდა გადამეხადა, ან ბინა უკან დამებრუნებინა. რატომ უნდა გამეკეთებინა ეს, როცა ყველაფერი ოფიციალურად და კანონიერად მაქვს შეძენილი? თან მევახშეობას მაბრალებდნენ. ამ დროს ვისგანაც შევიძინე, ის არის იპოთეკარი. არც ერთი ლარი არც მე და არც ჩემს მეუღლეს დაბანდებული არ გვაქვს. ერთადერთი სახლი გამაჩნია, სხვა ჩემს სახელზე ერთი ამონაწერიც არ მოიძებნება. ამიტომ ვერც გამოძიებაში და ვერც სასამართლოში მათ ვერაფერი წარადგინეს. ეს სასამართლოც მოვიგე.
როგორც კი ბინა ვიყიდე, ძველ მეპატრონეებთან მივედი (ანუ ვისაც იპოთეკარმა დევნოზაშვილმა ეს ბინა გაუყიდა) და ვუთხარი, _ მე შევიძინე და უნდა დამიცალოთ, გავაქირავო-მეთქი. მითხრეს, _ თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს და ჩვენვე ვიქირავებთო. შემდეგ ისინი ამ დევნოზაშვილს შეეკრნენ და, _ თანხას გადავიხდით, ოღონდ არ გადაგვასახლოსო, _ ჩემზე ეუბნებიან. ასე ერთიანად ბრძოლა დამიწყეს.
მერე ყოველთვიურ ქირას ვითხოვდი, ამის გამო სახლში აღარ შემიშვეს და საპატრულოც გამოვიძახე. სასამართლოში შევიტანე საქმე გამოსახლებაზე. იქ არასამთავრობოებიც მოვიდნენ და დევნოზაშვილის საქმეში მესამე პირად ჩაბმას მოითხოვდნენ. მოსამართლე ამაზე გაგიჟდა და არ დაუშვა, _ ბინა გეწაძეს ეკუთვნის და სასწრაფოდ დაუცალეთო. მოკლედ, ეს სასამართლო მოვიგე, გამოძიებამაც არაფერი გამოკვეთა და ახლა უკვე აქციებით მემუქრებიან.
არც რამე დანაშაული გვაქვს და არც ვინმეს სახლში ვუვარდებით. ისინი დღემდე უკანონოდ ცხოვრებენ ჩემ მიერ შეძენილ ბინაში და კანონიერად მოხდება მათი გამოსახლება. ამ დროს ეს ბურჯანაძე არ მასვენებს. თან გვერდით ნასამართლევი ადამიანი ჰყავს, მოდიან და ფულის გამოძალვას ცდილობენ.
_ მაინც, რის საფუძველზე მოითხოვენ თქვენგან ჯერ 12 და მერე 20 ათასი დოლარის გადახდას, მოტივი რა არის?
_ ბურჯანაძე ჩემთან რომ მოვიდა, მითხრა, რომ დევნოზაშვილის დედის ნათესავი ვარო; მან ჩვენ მოგვმართა და შინაურულად მსურს გავურკვიო, რომ შენ ეს ფული გადახდილი არ გაქვსო. _ რას ჰქვია, თუ მე ფული გადახდილი არ მაქვს, მაშინ 12 ათასი დოლარი რატომ უნდა გადავიხადო 50 ათასი დოლარის (ბინის ღირებულების) ნაცვლად?
როგორც ეს თქვენ იცით, ასევე მე ვიცი ეს ამბავი დღემდე. გამოძიებამაც ვერ დაადგინა, კონკრეტულად, რისი აღმნიშვნელი იყო ეს თანხები: ჯერ 12 ათასი და მერე 20 ათასი.
_ ხელშეკრულების გაფორმებისას დევნოზაშვილი უკმაყოფილო დარჩა და ბურჯანაძეს ამიტომ მიმართა?
_ არ ვიცი, დევნოზაშვილს არაგვისპირში კიდევ აგარაკი ჰქონდა, მასში თანხა ჩადო, იქაც ხუთსულიანი ოჯახი იყო, ფული ვერ გადაიხადეს და ესეც უნდა მეყიდა. საბურთალოს ბინა რომ ვიყიდეთ, ბანკში ჩავდეთ და 8 ათასი კიდევ ამ გზით მივეცით. რომ მოვიდნენ, ვფიქრობდი, რომ, ალბათ, იმ ბინაზეა (არაგვისპირში) მეთქი საუბარი და თურმე ამ ბინაზე იწყებენ საუბარს, რომელიც უკვე გაფორმებულიც მაქვს. ხოლო იმ ბინას, პირიქით, თვითონ აღარ მიფორმებდა ეს დევნოზაშვილი, რადგან მერე მიზეზი მოიგონა, _ ჩემი ძმისშვილის არის, უბრალოდ, ჩემზე გააფორმაო და ა. შ. ათასი მიზეზი მოიყვანა.
მოკლედ, 8 ათასიც დავკარგე და აქეთ კიდევ მედავებიან, 12 ათასიც გადაიხადეო.
_ ანუ საბურთალოს ბინის ყიდვისას მეორე მხრიდან არანაირი უკმაყოფილება არ ყოფილა?
_ არანაირი მსგავსი არ ყოფილა დევნოზაშვილის მხრიდან. ბურჯანაძეს რატომ მიმართა, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, ამას უკვე გამოძიება გაარკვევს. ვერც დევნოზაშვილს ვხვდები და ვერც ბურჯანაძეს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი ასე მოხდა. თავიდან კიდეც „მოდულის“ შენობაში მიბარებდა, ალბათ, ფიქრობდა, რომ ამის გამო შემეშინდებოდა.
_ აქ „მოდულის“ შენობა რა შუაშია?
_ ამაზეც ვერაფერს გიპასუხებთ. თუკი პრობლემა იყო და რამე პრეტენზია ჰქონდა, მიემართა სამართალდამცველებისთვის, პროკურატურისთვის, თანახმა ვიყავი და ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო.
_ ბოლო განცხადება პოლიციაში 25 იანვარს შეიტანეთ?
_ დიახ, მანამდე, ერთი პერიოდი, საერთოდ გაქრნენ, რადგან სამართალდამცველებისგან და სასამართლოსგან ვერაფერი სასიკეთო ვერ მიიღეს. ახლა კიდევ გამოჩნდნენ, რის გამოც ეს ბოლო განცხადება შევიტანეთ.
_ ამასობაში დევნოზაშვილიც გიკავშირდებათ?
_ არა, ყველა გაქრა, სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა. ახლა კი, როგორც მოგახსენეთ, ისევ აქციებით მემუქრებიან. ან რა უფლება აქვთ, ჩემს სახლთან მოვიდნენ?
_ გამოსავალი რა არის?
_ გამოსავალი ბოლო ინსტანციაში, სასამართლოშია. ის გადაწყვეტს მტყუან-მართალს და უკვე გადაწყვიტა კიდეც.
_ წინა სასამართლო როდის იყო?
_ 15 ნოემბერს იყო აღნიშნული სასამართლო სხდომა. მაქვს ეს გადაწყვეტილება, რომელიც პოლიციის დეპარტამენტში ბოლო განცხადებას თან დავურთე, რომ ეს ბინა ჩვენია და უნდა დაგვიცალოს მან, ვისაც იპოთეკარმა დევნოზაშვილმა ეს ბინა გაუყიდა. დღემდე ბინას არ ტოვებენ. საპატრულოს გამოძახებისას რატიანებმა კიდევ ერთი არასამთავრობოს წარმომადგენელი, ჯაფარაშვილი მომიყვანეს, ჩვენი ადვოკატი არისო. მოკლედ, ესენი ყველა ერთი ბანდაა.
_ სასამართლომ 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, კონკრეტულად, რა ჩაწერა?
_ რომ ბინა ჩვენ, გეწაძეებს გვეკუთვნის და ეს ქონება უნდა დაგვიცალონ, რათა რაიმე ხელშემშლელი პირობები არ გვქონდეს. ჩვენ განვლილი პერიოდის ქირის თანხას ვითხოვდით, სასამართლომ ეს არ გაიზიარა, მაგრამ მთელი კომუნალურების გადახდა დააკისრა, რომელსაც მანამდე არ იხდიდნენ. 1500 ლარის მარტო შუქის გადასახადელია, კიდევ გაზი და სასამართლომ ამის ანაზღაურება მოსთხოვა.
თუნდაც გაასაჩივრონ, მაგრამ ჩვენ კანონიერი შემძენები, მფლობელები ვართ და რაც უნდათ, ის მოიმოქმედონ.
პოლიციაში შეტანილ ბოლო განცხადებაში კი ვითხოვ, რომ საქმეს ისევ მსვლელობა მიეცეს. დაიწყოს სამართლებრივი დევნა ბურჯანაძისა და მისი მოადგილის, ასევე ჯაფარაშვილის მიმართ. ისინი საზოგადოებას გადასცემენ ცრუ ბრალდებებს, რის გამოც მათ კანონიერად დასჯას მოვითხოვ.

„ქრონიკა+“-მა ამ თემაზე სასაუბროდ „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გია ბურჯანაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა, ხოლო ორგანიზაციის „ფეისბუქის“ გვერდზე აღნიშნულ საკითხზე შემდეგი შინაარსის ინფორმაცია იძებნება:
„2017 წლის 26 დეკემბერი, 23:22-ზე;
მოერიდეთ ამ ადამიანთან ურთიერთობას! მას იცნობენ, როგორც თამუნას, მანანას და ნინოს. მისი ქალიშვილობის გვარი ხაიაურია, ხოლო ახლა იცნობენ, როგორც ნინო გეწაძეს. შესაძლოა, იგი სხვა სახელითაც გაგეცნოთ. ეს ქალბატონი ეჭვმიტანილია თაღლითობაში. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, იგი ნდობაში შედის მსხვერპლთან და ეუფლება მათ უძრავ-მოძრავ ქონებას. ანტიკორუფციული კავშირი სწავლობს რამდენიმე დაზარალებულის საქმეს, სადაც იკვეთება სამართალდარღვევის ფაქტები. მოგმართავთ თხოვნით: თუ თქვენთვის ცნობილია ამ ქალბატონის მიერ ჩადენილი რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედება, გვაცნობეთ.
2017 წლის 19 ოქტომბერი.
ადვოკატ ნინო გეწაძის მიერ დაზარალებულების რიცხვი გაიზარდა. მათთან მიმდინარეობს იურიდიული კონსულტაციები“.

გელა მამულაშვილი