რეორგანიზაცია ქუთაისის მერიაში და ოპოზიციის მიერ დაწუნებული ახალი ბიუჯეტი

DCIM100MEDIADJI_0050.JPG

„მერია კარგად მუშაობდა, მაგრამ ჩვენ გვინდა, უკეთესად ვიმუშაოთ“, _ ეს იყო პირველი განცხადება, რომელიც ქუთაისის ახალმა მერმა უფლებამოსილების განხორციელებისთანავე გააკეთა.

ბუნებრივია, მისთვის არ უნდა ყოფილიყო ადვილი წინამორბედის საქმიანობის შეფასება, თუნდაც, ამ ფორმით, მაგრამ არსებული პრობლემების ფონზე, გიორგი ჭიღვარიას განვლილი 4 წლის ცალსახად დადებითად შეფასება გაუჭირდა. მართალია, მას კონკრეტული დეტალები არ განუხილავს, მაგრამ კულუარებში საუბრობენ, რომ ქალაქის თავი მემკვიდრეობით და ჩატარებული საქმიანობებით, რომელთა გამოსწორებაც მას მოუწევს, არცთუ ისე კმაყოფილია.
პირველი, რაც ახალმა გუნდმა ცალსახად დაიწუნა, შოთა მურღულიას მუშაობის დროს მომზადებული 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი იყო, რომელიც, ჯერ კიდევ, გასული წლის დეკემბერში ქალაქის საკრებულოს უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ მერის თხოვნით იგი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შესწორების მიზნით გამოიწვია და მალევე საკანონმდებლო ორგანოს უკანვე დაუბრუნა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიუჯეტში არსებითად არაფერი შეცვლილა და ხელისუფლებამ მისი გადახედვა, უბრალოდ, საზოგადოების წინაშე თავის მოწონების მიზნით განახორციელა. გასულ კვირას კი საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე 19 კანონმდებლის ხმით დაამტკიცა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა როგორც კომისიებში, ისე მოსახლეობასა და არასამთავრობო სექტორთან სრულყოფილად მოხდა.
ბიუჯეტის მიღების პროცესს არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი არ ასახავს მოსახლეობის მოთხოვნებს. სხდომა არ დუტოვებიათ, მაგრამ ბიუჯეტისთვის მხარი არ დაუჭერიათ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებსაც.
„გამოცდილი ადამიანისთვის მოკლე დროშიც მარტივად შესამჩნევია ის სისუსტეები, რაც პროექტის ამ ვარიანტს აქვს. სიმართლე გითხრათ, ახალი ხელისუფლების მიერ საკრებულოდან გამოთხოვილ და შემდეგ უკან დაბრუნებულ ბიუჯეტს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის. ისევ შემცირებულია თანხები ინფრასტრუქტურის, პროგრამა „კორპუსისა“ და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით“, _ აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, მერაბ მეშველიანი.
„კურიოზია, როცა მერია მის მიერვე დაწუნებულ ბიუჯეტს იღებს. არავითარი ცვლილებები ახალ ვარიანტში, რომელიც კომისიების გაფართოებულ სხდომაზე აღმასრულებელმა გვიჩვენა, არ არის. ეს იყო ნაჩქარევი პროცესი და ხელისუფლებამ პროექტი ფორსირებულად წარმოადგინა. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, სრულყოფილად განგვეხილა ბიუჯეტი და ხელისუფლებამ არც ერთი ჩვენი შენიშვნვა არ გაითვალისწინა“, _ განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანიამ.
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი 54 მილიონი ლარით განისაზღვრა. საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით, დოკუმენტი არის დაბალანსებული და გათვლილია მოსახლეობისა და ქალაქის ინტერესებზე. აღსანიშნავია, რომ განსაზღვრულ თანხას რეგიონული განვითარების ფონდიდან დაემატება 8 მილიონი, რაც ჯამში 62 მილიონ ლარს შეადგენს. ქუთაისის ვიცე-მერის, იუზა უგულავას ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდს უკვე გადაეგზავნა დასამტკიცებლად იმ პროექტების სია, რომელიც აღნიშნული თანხების გამოყოფის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს.
რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების შესანახად გათვალისწინებულ ხარჯებს, როგორც გაირკვა, სახელფასო ფონდი მერიაში 250, ხოლო საკრებულოში 54 ათასი ლარით გაიზარდა. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სახელფასო ფონდის ზრდა მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების შტატში გადაყვანამ გამოიწვია, საკრებულოში კი თანხების მატება 5 ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების დანიშვნას მოჰყვა. არსებული მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისლებმა მერიის თანამშრომელთა სასარგებლოდ 3 მილიონ 460 000 ლარი, ხოლო საკრებულოში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის 839 400 ლარი უნდა გაიღონ. დანამატებთან დაკავშირებით კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ კონკრეტული გადაწყვეტლება მიიღო. როგორც ვიცე-მერი იუზა უგულავა განმარტავს, ეს პრაქტიკა ქალაქის ხელისუფლბაში აღარ იარსებებს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტში ახლო მომავალში სერიოზული ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო, რადგან მისი მიღება გარკვეული მიზეზების გამო დაჩქარდა და იგი ნამდვილად არ პასუხობს იმ რეალურ საჭიროებებს, რაც დღეს ქუთაისის წინაშე დგას.
ბიუჯეტის პარალელურად ქალაქში ყურადღების ცენტრში მოექცა რეორგანიზაცია მერიასა და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებში. ეს ის საკითხია, რომელიც ახალმა მერმა მოსვლისთანავე დააანონსა და რასაც უმალვე სამსახურის უფროსების მხრიდან განცხადებების დაწერა მოჰყვა. 9-დან 5-ის თხოვნა წასვლის თაობაზე მერმა დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა. რეორგანიზაციის ფარგლებში რამდენიმე აიპი გამსხვილდა. მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახლაგაზრდობის სამსახური დაიშალა და ნაწილი ადმინისტრაციულ სამსახურს, ნაწილი კი კულტურის აიპს დაექვემდებარა. ცალ-ცალკე იარსებებს ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურები, რომლებიც აქამდე ერთ რგოლს შეადგენდა. ბუნებრივია, სტრუქტურული ცვლილებები ამით არ შემოფარგლულა და იგი სხვა მიმართულებებითაც განხორციელდა, რასაც, რიგ შემთხვევაში, ოპოზიცია გაუმართლებლად მიიჩნევს.
ფართო განხილვის თემად იქცა ხელისუფლების გადაწყვეტილება სპორტულ და კულტურულ დაწესებულებათა აიპებში ფასიანი სწავლების გაუქმების შესახებ. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მან ამის პირობა მოსახლეობას წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისცა.
სპორტულ და კულტურულ დაწესებულებათა აიპებში გადასახადები ყოფილი მერის, შოთა მურღულიას გადაწყვეტილებით დაწესდა. ქალაქის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარის განცხადებით, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოშიც საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობდა, ოღონდ თავმჯდომარის მოადგილის ამპლუაში, მაშინ როცა მერმა გადაწყვეტილება მიიღო, ბიუჯეტს თანხების მობილიზება სჭირდებოდა:
„მაშინ საჭირო იყო შემოსავლები, ახლა ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ხარჯები და შესაძლებელია თანხების სხვაგვარად გადანაწილება“.
„ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილებას მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე დაუჭირა მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კი იმედოვნებენ, რომ ყოველივე უარყოფითად არ აისახება მასწავლებელთა ხელფასებზე.
მოსვლიდან მალევე ახალმა გუნდმა ბრძოლა გამოუცხადა უკანონო მშენებლობებს, რაზედაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები წლების განმავლობაში გამოთქვამდნენ პროტესტს და რომელიც, თურმე, ქუთაისშიც „წარმატებით“ მიმდინარეობს. ერთ-ერთი ხმაურიანი იყო თამარ მეფის ქუჩაზე მშენებარე კორპუსი, რომელიც 5-ის ნაცვლად 7-სართულიანი აღმოჩნდა. აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით დავა შესაბამის სტრუქტურებში ამჟამადაც გრძელდება. ამ მიმართულებით მერიამ საჯარიმო სანქციები და გაფრთხილებები რამდენიმე ობიექტის მიმართ უკვე განახორციელა. თუკი ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება, გამორიცხული არაა, საჯარიმო სანქციები ადგილობრივი ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ წყაროდ იქცეს, რადგანაც კანონდარღვევის შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს.
2017 წელი ქუთაისლებს წყლის სისტემის ფართომასშტაბიანი, მაგრამ გაწელილი და, ჯერ კიდევ, დაუსრულებელი სამუშაოებით დაამახსოვრდება. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაო იმდენად უხარისხო იყო, რომ ერთი და იგივე ქუჩა რამდენჯერმე გადაითხარა, რასაც, ბუნებრივია, ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება, მტვერი და ტალახი სდევდა თან. ასათიანის ქუჩა იმ ობიექტთა სიაში შედის, რომელსაც ქუთაისლებმა საუკუნის მშენებლობა უწოდეს და რომლის დასრულებასაც ჯერ კიდევ არ უჩანს ბოლო.
„გასული წელი ქუთაისისთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მიმდინარეობს წყლის პროექტი და იგი თითქმის დასრულების ფაზაშია. თუმცა არის პრობლემები, მაგრამ როცა რაღაც კეთდება, ბუნებრივია, დისკომფორტს იწვევს. ეს დროებითი დისკომფორტიც მალე მოიხსნება და ზაფხულში ქუთაისს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. პარალელურად დაიწყება კანალიზაციის პროექტი, რომლის მსგავსიც ქუთაისს ნამდვილად არ ახსოვს“, _ აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია.
კანალიზაციის ქსელის პროექტის დაწყება რამდენიმე წლის წინათ დაანონსდა. ამისთვის ქალაქში 300 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. მართალია, პროექტის განხორციელების პერიოდში ქუთაისში ქუჩების ისევ გადათხრა იგეგმება, მაგრამ ადგილობრივებს ყველაზე მეტად ტენდერების ობიექტურად ჩატარება აინტერესებთ, რათა ისე არ მოხდეს, რომ, ტრადიციისამებრ, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება იმ გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიებს ჩაბარდეს, რომლებმაც მოსახლეობას თავიანთი საქმიანობით უკვე დაამახსოვრეს თავი და რომელთა შესრულებული სამუშაოების გამოსასწორებლად, სავარაუდოდ, ახლო მომავალში სოლიდური თანხების გაღება გახდება საჭირო.
საკრებულოს ოპოზიცია, თავმჯდომარისგან განსხვავებით, ნაკლებ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ყურადღებას ამახვილებს სწორედ უხარისხოდ ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თანხების უყაირათოდ ხარჯვასა და გასხვისებულ შენობა-ნაგებობებზე.
„ეკონომიკურად აქვთ უმძიმესი ვითარება და ცდილობენ, თანხები დაზოგონ, მაგრამ ამას აკეთებენ ხალხისა და არა საკუთარი აქტივისტებისთვის, რომელთა დასაქმებითაც არიან დაკავებულნი. თუ რამით იწონებს თავს ყოფილი და ახლანდელი გუნდი, ყველა პროექტი ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხორციელდება, ამათ კი არც გავლენა აქვთ და არც ავტორიტეტი, რომ თუნდაც პასუხი მოსთხოვონ იმ კომპანიებს, რომლებიც უხარისხოდ ასრულებენ სამუშაოებს. ოპტიმისტურს ვერაფერს ვხედავ“, _ აცხადებს საკრებულოს წევრი დავით გოგისვანიძე.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე წუხს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქალაქში უპერსპექტივობის განცდა გაძლიერდა, რაც ყოფილი გუნდის მიერ მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა.
„დამამახსოვრდა ბევრი გაყიდული ობიექტი, მათ შორის, გაიყიდა ბევრი ისეთი შენობა, რომელთა გასხვისებაც მათი ადგილმდებარეობის, ფუნქციისა და სტრატეგიული მნიშვნელობის გამო დაუშვებელი იყო. ჩემთვის მიუღებელი იყო მწერალთა სახლის გაყიდვა. რაც არ უნდა გაკეთდეს იქ, ეს იყო ისტორია და ამით ეს ისტორია დაიკარგა. ზოგადი ფონიც საგანგაშოა. მოსახლეობის რაოდენობა სიციცოხლისუნარიანობის პულსად მიმაჩნია. ფაქტია, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა ქალაქი დუხჭირი ცხოვრების გამო“, _ ამბობს ბესიკ ბრეგაძე.
ჯერ დამწვარი, შემდეგ კი გაყიდული ობიექტებით ქუთაისისთვის 2017 ერთ-ერთი მწვავე წელი იყო. ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით ხშირად საზოგადოების პროტესტი ხვდებოდა წინ. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდისის“ რესტორნის მშენებლობა, რომელიც ამ ქსელისთვის დამახასიათებელი კონსტრუქციით აიგო და სრულიად ამოვარდნილია ცენტრალურ მოედანზე აღმართული შენობების კონტექსტიდან. მწვავე სტატისტიკისთვის სკვერებსა თუ ეზოებში წამოწყებული თუ ჩაშლილი მშენებლობებიც გამოდგება.
დაწვის შემდეგ გაყიდვას უწინასწარმეტყველებენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ თეატრალური საზოგადოების შენობას, რომელიც სრულიად განადგურდა და მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან როხვაძე, იმთავითვე ეჭვობდა, რომ ცეცხლი შემთხვევით არ გაჩენილა, თუმცა, ჯერჯერობით, მისი გაყიდვა დღის წესრიგში არ დამდგარა და არც ისაა ცნობილი, აღდგება თუ არა შენობა, რასაც, ბუნებრივია, თეატრის მოყვარულები ფინანსური რესურსებით ნამდვილად ვერ შეძლებენ.
როცა გასულ წელს აჯამებენ, ქუთაისლებს რაგბის ჩემპიონატი ახსენდებათ და ამ დროს აქცენტებს აკეთებენ არა ამ დიდი სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე, არამედ იმაზე, თუ რა პირობებში შეხვდა ქალაქი წლების წინათ დაანონსებულ მასშტაბურ სპორტულ ფორუმს. აღნიშნული ჩემპიონატი, შექმნილი დისკომფორტის გამო, არც ქალაქში იმ დროს ჩამოსულ სტუმრებს დაავიწყდებათ, რომლებსაც „აია არენამდე“ მისვლა გადათხრილი ქუჩებით უწევდათ. ეს უკანასკნელი უკვე ნამდვილად აღარ უკვირთ უშუალოდ ქუთაისლებს, რადგან ქალაქში ქუჩა, სადაც გადაადგილება უპრობლემოდ შეიძლება, თითზე ჩამოსათვლელია. ყოველივე არა მხოლოდ ადამიანებს უქმნით პრობლემებს, არამედ ავტოტრანსპორტზეც უარყოფითად აისახება, სამაგიეროდ, გაუმართლათ ავტოპროფილაქტიკის თანამშრომლებს, რომელთა შრომითი ანაზღაურება დაზიანებული გზების პარალელურად იზრდება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც გასულ წელს ქალაქში განხორციელდა, სოციალური საცხოვრისის შექმნა გახლდათ. წლის დასრულებამდე რამდენიმე ხნით ადრე ქუთაისში მხცოვრებ თავშესაფრის არმქონე 65-მდე ოჯახს დროებით სარგებლობაში გარკვეული ფართები გადაეცათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ შენობა, რომლის მოწყობაზეც ქუთაისის მერიამ 250 000 ლარი დახარჯა, სტანდარტების დარღვევით გარემონტდა. კერძოდ, კომპანიამ არასწორი კონფიგურაციით გადააკეთა უკვე არსებულ ნაგებობაში ფართები, რის გამოც ბენეფიციარებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეუძლებელი გახდა.
მამუკა ჩუბინიძე თავშესაფრის მესამე სართულზე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი კმაყოფილია, რადგან 10 წლის შემდეგ პირველად არ იხდის ბინის ქირას. იცის, რომ ეს დროებითია, მაგრამ ოჯახისთვის ძალიან დიდი შეღავათია. თუმცა თავშესაფარში მათ დახვდათ გაზქურა, რომელსაც მხოლოდ ბუტაფორიული დანიშნულება აღმოაჩნდა, რადგან მას, უბრალოდ, ვერ იყენებენ. ეს კი ელენერგიაზე გაზრდილი თანხის გადახდის მიზეზი გახდა. მართალია, პირველ ეტაპზე, აღნიშნული ხარჯი ქალაქის მერიამ დაფარა, მაგრამ ახალი წლიდან მოხმარებული ელენერგიის საფასურის გადახდა უშუალოდ ბენეფიციარების პასუხისმგებლობას შეადგენს.
მიუხედავად არსებული პრობლემებისა, კანონიერი თუ უკანონო მშენებლობებისა და ასე შემდეგ, ქუთაისელთა და არა მარტო მათ ყურადღებას იპყრობს წლების წინათ დაანონსებული და როგორც აცხადებენ, ბოლო წლების ყველაზე დიდ დაპირებად და შეუმჩნეველ მშენებლობად ქცეული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ამ კუთხით ტოპათეულში ლიდერობას არ თმობს. პროექტის ავტორთა განცხადებით, სამუშაოები მიმდინარეობს და უნივერსიტეტი 2019 წლისთვის პირველ ნაკადსაც მიიღებს. თუკი აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის მშენებლობა ასეთი ტემპებით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, იგი კიდევ ბევრი წინასაარჩევნო პროცესის პიარკამპანიის თემა და ჟურნალისტებისთვის სიუჟეტებისა თუ სტატიების ინსპირაციის წყარო გახდეს.

ხვიჩა ვაშაყმაძე