ექვსწლიანი სასჯელი „ბალიშის პირის მოპარვისთვის“ უკვე სააპელაციო სასამართლოსგან

ჩვენ უკვე ვწერდით საქმეზე, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოქალაქე მალხაზ რაზმაძეს ბალიშის პირების მოპარვის ბრალდებით ექვსწლიანი სასჯელი გამოუტანა. ცოტა ხნის წინათ სააპელაციო სასამართლომ ქვემდგომის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მსჯავრდადებულს რჩება უზენაეს სასამართლოში კასაციის გზა და შემდგომ უკვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ მსჯავრდადებულ მალხაზ რაზმაძის სახაზინო ადვოკატს, მამუკა ბასილაშვილს ესაუბრება:
_ სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. ეს არის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა 177-ე მუხლის, მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების გამო.
_ მკითხველს კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საქმის არსი…
_ საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია. სამარცხვინო ამბავია, რომ შვიდი ცალი ბალიშის პირის გამო ადამიანი სასაჯელს იხდის! მთელი ექვსი წლით თავისუფლება აქვს აღკვეთილი! ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო ბრალდება, რომ რთული წარსული აქვს, არაერთხელ ნასამართლევია და პოლიციასთან არ ითანამშრომლა, მათივე აგენტი არ გახდა. ამის გამო საქმე შეუკერეს და უდანაშაულო კაცი ციხეში ჩასვეს.
_ რეალურად, ადგილზე რა მოხდა?
_ სინამდვილეში რაც იყო, იმას მოგახსენებთ: მსჯავრდადებულის ძმა თოდუას კლინიკაში სამკურნალოდ იმყოფებოდა. მალხაზმა მიაკითხა და ძმამ სთხოვა, რომ თეთრეული ამოეტანა. საავადმყოფოს თეთრეული არ უნდოდა (სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგს არ უნდა). ფული მისცა და საყიდლად გაუშვა. სწორედ ამ დროს ის პოლიციამ დააკავა.
აქვს ბრალდება, რომ შვიდი ცალი ბალიშის პირი თავის საკიდთან ერთად ჩამოხსნა და თურმე ამას ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ იპარავდა. თან ეს ყველაფერი სახალხოდ, საჯაროდ ბაზრობაზე ხდება. შეუძლებელია, რომ იქ გარშემო ვინმე არ იმყოფებოდეს, რადგან ვაგზლის მოედანი დატვირთული ადგილია და ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება.
ყოველ შემთხვევაში, პოლიცია და სასამართლო გვაჯერებს, რომ ამ ადამიანმა ფარულად მოიპარა და მიითვისა ეს შვიდი ცალი ბალიშის პირი, თავის საკიდთან ერთად.
_ საქმეში მოწმე არის?
_ მოწმე არ არის. მხოლოდ ორი პოლიციელია, რომლებსაც არაერთხელ ჰქონდათ იმის მცდელობა, რომ მალხაზ რაზმაძე ინფორმატორი გაეხადათ, მათთან, ასე ვთქვათ, ეთანამშრომლა. ამ გზით კი ვაგზლის მოედანზე ვიღაცები დაეჭირათ. მალხაზი იქ ხშირად იყო, სამუშაოს ეძებდა, ხან შავ მუშად მუშაობდა და ა. შ. აი, ეს ორი მოწმე მას ხელს ადებს, სხვა აბსოლუტურად არავინაა.
ასევე არც ვიდეოჩანაწერია, არც დაზარალებულის ჩვენება, დნმ-ს ექსპერტიზა, არც დაქტილოსკოპიური, არც არაფერი ჰქონია ხელში გამოძიებას. მიუხედავად ამისა, მოსამართლეებს სწორედ ამ ორი პოლიციელის სჯერათ.
_ ბალიშის პირის მფლობელი რას ამბობს?
_ დაზარალებული აცხადებს, რომ ეს ადამიანი თვალითაც არ უნახავს; პოლიციელები კი ამბობენ, რომ როცა დამნაშავე შეიპყრეს, შემდეგ ამ საკიდებთან ერთად ის მაღაზიის შენობაში, შიგნით შეიყვანეს. მერე დაზარალებულს წარუდგინეს და უთხრეს, რომ აი, ეს პიროვნება თქვენს ბალიშის პირებს იპარავდაო, რაზეც დაზარალებულმა განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი უნახავს.
ყოველ შემთხვევაში, ეს ადამიანი, მალხაზი, სასამართლო სხდომაზე პირველად დაინახა, მან ასე განაცხადა.
_ არც ბალიშის პირის დაკარგვას ადასტურებს?
_ არ ადასტურებს, რომ როდესმე თალით უნახავს ეს ადამიანი, ანუ მალხაზ რაზმაძე, როცა პოლიციელები საპირისპიროს ამბობენ, რომ აიყვანეს და პირადად წარუდგინეს, როგორც ბალიშის პირები, ასევე მისი მომპარავიც.
ვიმეორებ: მათ პირადი ინტერესი ამოძრავებთ, ანუ გაუბრაზდნენ, რადგან მათთან არ ითანამშრომლა, მათი ინფორმტორი არ გახდა. ამ საქმის მთელი არსი სწორედ ეს გახლავთ.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მანკიერი პრაქტიკა კვლავ გრძლდება და ე. წ. დავერბოვკება მიმდინარეობს როგორც ციხეში, ასევე ციხის გარეთ და ფაქტი სახეზეა, ეს ადამიანი სწორედ ამას შეეწირა.
_ რა საქმეზე სთხოვდნენ ინფორმატორობას?
_ ეს თავად მალხაზმაც არ იცის. უბრალოდ, ჩვენთან იმუშავე, შენ ბევრი ინფორმაცია გაქვსო, _ ასე ეუბნებოდნენ, რადგან მალხაზს ნახევარი ვაგზლის მოედანი იცნობდა, ბაზრობა, მიმდებარე ტერიტორია, ხალხი. რაც ციხიდან გამოვიდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მანდ მუშაობდა, ხან ურიკაზე შავ მუშად და ა. შ. იცნობს როგორც გამყიდველებს, ასევე იქ დასაქმებულ სხვა პირებს, მუშებს, მტვირთავებს…
ვაგზლის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი რამ ხდება, წვრილმანი დანაშაული, ალბათ, ამას გულისხმობდნენ, თორემ განა ისეთ რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს, რომ ადამიანი ამ დონეზე გაწირო?
დაკავებაც იქვე მოხდა საჯაროდ ისე, რომ კაციშვილი არ დაისწრეს და დამატებით არაფერი იღონეს. თან გვიმტკიცებენ, რომ თურმე იქ არც ვიდეოკამერები იყო და არც ხალხი დადიოდა. მოსამართლეს ეს ყველაფერი სჯერა. სამწუხაროდ, ასეთი ამბები ქვეყანაში კვლავ ხდება.
_ პროკურატურა რას ამბობს?
_ მათი პოზიციაა, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდა, მტკიცებულებები მოიპოვეს და ორი პოლიციელის ჩვენება სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს ექვსი წელი მიუსაჯო. მერე იხვეწებოდნენ, რომ საპროცესოზე მოაწერე ხელიო. ანუ სხვადასხვა პირობას სთავაზობდნენ: სამი წელი, სამი წელი და ექვსი თვე რეალური და დანარჩენი პირობითი მსჯავრი იქნებაო. ეს რომ არ გამოუვიდათ, მერე უკვე სასამართლოს ძალით გისოსებში აღმოჩნდა.
_ რატომ არ წახვედით ბრალდებულთან ერთად საპროცესო შეთანხმებაზე?
_ რადგან ეს ადამიანი ცამდე მართალია და არ შემიძლია მას ასეთი რჩევა მივცე. როდესაც ხედავ, რომ შენი დაცვის ქვეშ მყოფი ბოლომდე მართალია, ძალიან ძნელია ასეთ გარიგებაზე დაითანხმო. მით უმეტეს, კაცმა მითხრა, რომ სადაც სამი წელია, იქ ექვსი წელიც ვიჯდები, თუ გამასამართლესო.
მაგრამ მას სჯეროდა, რომ რეფორმების, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოსამართლეს მეტი დამოუკიდებლობა ექნებოდა და მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას არ დაეყრდნობოდა. სამწუხაროდ, როგორც ახლად დანიშნულმა, ასევე ძველმა მოსამართლემ ეს ყველაფერი დამტკიცებულად ჩათვალა და განაჩენი ძალაში დატოვა.
_ დღეს თქვენი პოზიცია როგორია?
_ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ერთი ინსტანცია დაგვრჩა. სადღაც ათ დღეში შევეცდები, რომ ეს ყველაფერი დავამუშავო, საკასაციო საჩივარი დავწერო, ჩავაკითხო მალხაზს, გავაცნო და საქმე შეჯამებულად გავასაჩივროთ. მჯერა, რომ იქ მაინც სამი მოსამართლისგან შემდგარი სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს; ჯერ საჩივარს დასაშვებად სცნობს და შემდგომ მალხაზს წარდგენილ ბრალდებაში გაამართლებს.
თუ ეს არ მოხდა, ამ შემთხვევაში ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ.
სხვა არფერს მოვითხოვთ, არც სასჯელის შემცირებას, არც საპროცესოს და მსგავს ნაბიჯებს, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ კვლავ დაუშვას და ჩაყლაპოს ასეთი მორიგი შეთითხნილი საქმე; კიდევ ეპატიოს პოლიციელებს ასეთი შეთითხნილი საქმე; ისევ გვქონდეს პრაქტიკა, როდესაც მხოლოდ სამართალდამცველია მართალი და სხვა ნებისმიერის, თუნდაც საწყალი ადამიანის, სოციალურად დაუცველის სიტყვა ქვეყანაში აბსლუტურად არ ფასობდეს.
ამიტომ ამას არ გავაკეთებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
_ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარს რამე დამატებითი პრობლემები ხომ არ აქვს?
_ პრობლემები არ აქვს, სამაგალითო პატიმარია. რუსთავის დაწესებულებაში გადავიდა და იქ საყოფაცხოვრებო განყოფილებაში იმყოფება, ციხის თანამშრომლებს ეხმარება და სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩვა. შეუზღუდავად აქვს სატელეფონო კავშირის უფლება იქიდან გამომდინარე, რომ მალხაზი წესიერი ადამიანია და ასევე ადმინისტრაციისგან სხვადასხვა შეღავათით სარგებლობს. ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, მისივე პიროვნებიდან გამომდინარეა. როგორც გლდანის დაწესებულების დირექტორი, ასევე კოლონიის დირექტორი ამას ყოველთვის აღნიშნავდნენ.
მაგრამ ადამიანი რომ მართალია სასამართლო ამით არ ხელმძღვანელობს. სასამართლომ საქმეს უნდა ჩახედოს და დაინახოს, რომ მასში მტკიცებულებები არ არის, ხოლო თუ მალხაზს სასჯელის მოხდის გაგრძელება მოუწევს, შემდგომში ეს დადებითი დახასიათება პირობით ვადამდე განთავისუფლებაში წაადგება. ვიმედოვნებ, რომ საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ თუ მივიდა, სანიმუშაო ქცევა მას დადებითად წაადგება, ანუ პირობით ვადამდე გაათავისუფლებენ შემდგომი სასჯელის მოხდისგან.
ამ საქმის ფონზე საზოგადოებამ კვლავ უნდა დაინახოს, რომ ყველაფერი გრძელდება _ აი, ეს სიმახინჯე არ გაჩერებულა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვსპოთ. ეს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში სხვა მალხაზ რაზმაძე არ გვყავდეს.

გელა მამულაშვილი