„რაც უფრო ცუდად არის რიგითი ქართველი, მით უფრო კარგად არიან ივანიშვილი და კალაძე“

„ქრონიკა+“ ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზაზა ბიბილაშვილს:
_ ჩემი აზრით, შექმნილია ჩიხური სიტუაცია. იგივე თქვენი პარტიის მხარდამჭერების შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აქტიურობს სათანადოდ, როგორც უნდა აქტიურობდეს. თუმცა, მართალი გითხრათ, მე პირადად ვეღარც კი ვხედავ, ვინ რა უნდა გააკეთოს, რომ ეს სიტუაცია რეალურად შეიცვალოს. შექმნილ სიტუაციაში ვგულისხმობ იმ საშინელ კრიმინოგენურ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია: დღე არ გადის, ვინმეს ყელი რომ არ გამოჭრან, არ ჩაცხრილონ, არ დაჭრან. თან უკვე სამ-სამს ჭრიან ერთბაშად. ის ბრძენი კაცი კი ისევ ისტერიულად დაათრევს ხეებს, ფასები გარბის, ქვეყანაში ტრიალებს ეკონომიკური სტაგნაცია, მძვინვარებს კორუფცია, უბედურება, საშველი არსაიდან არაა. პირადად თქვენთვის თუ არის დამაკმაყოფილებელი თქვენი პარტიის აქტიურობა და თქვენი აზრით, სად არის გამოსავალი?
_ ქვეყანაში არსებული რეალობის შეფასებას, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. გაცილებით მწვავეც ვიქნებოდი _ არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ვერ გამოასწორებს. ვერ გამოასწორებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის თავად არის ამ ქვეყნის პრობლემა, ის თავად არის მიზეზი ყველა იმ პრობლემისა, რომელიც დღეს ჩვენ წინაშე დგას. ამიხსენით, როგორ უნდა გამოასწოროს კორუფცია კორუმპირებულმა ჩინოვნიკმა? კალაძე კორუფციას ხომ ვერ მოსპობს? კორუფციაა მისი პოლიტიკური არსი.
_ მას შეუძლია, კონკრეტული კორუმპირებული პირი მოიშოროს კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, როგორც იშორებდა შევარდნაძე ახალგაზრდობაში.
_ რა თქმა უნდა, მას შეუძლია, ციხეში ჩაასმევინოს ვიღაც, ვინც აიღო, მაგალითად, 3 ათასი დოლარის ქრთამი, მაგრამ თავად აიღებს მრავალ მილიონს, ან სამმილიონიან სახელმწიფო შესყიდვას ტენდერის გარეშე ჩაატარებს, ან „გაზპრომთან“ დადებს მოღალატურ ხელშეკრულებას.
_ თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც ენმ-მ, მისმა აქტიურმა წევრებმა თუ აქტიურმა მხარდამჭერებმა არ უნდა გამოიდონ თავი იმ 3 ათასი დოლარის ამღები მექრთამის დასაცავად. უცნაური იყო მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მის გასათავისუფლებლად ბრძოლა…
_ აბსოლუტურად გეთანხმები, იმ ადამიანს (ვინმე აბესაძეზეა საუბარი), ნამდვილად არაფერი ეტყობოდა ჯანმრთელობაშერყეულის. როგორც ჩანს, ეს იყო თავიდან ბოლომდე დადგმული სპექტაკლი. თავი მოისაწყლა და მოიმკვდარუნა. ის არის ჩვეულებრივი მექრთამე. სხვა საქმეა, რომ მილიონებისა და მილიარდების ქურდები ათასების ქურდებს ერჩიან, მაგრამ აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდია. ვიმეორებ, ეს ხელისუფლება თავად არის ყველა იმ პრობლემის მიზეზი და სათავე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. როგორ უნდა დაამარცხოს ამ ხელისუფლებამ კრიმინალი, როდესაც თავად დგას კრიმინალზე? დღეს ხუთიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს ორი ნაძირალა, შოთა ისაკაძე და ირაკლი რეხვიაშვილი, „ოცნებისა“ და კალაძის აქტივისტები და, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კალაძის ცოლისძმის ახლო მეგობრები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ უწესიერეს ახალგაზრდას, ჩვენი მოძრაობის აქტიურ წევრს, კავკასიოლოგ ალეკო კვახაძეს. თავიდან მას მოსთხოვეს 600-ლარიანი ონლაინ სესხის აღება და თანხის მათთვის გადაცემა. როდესაც უარი მიიღეს, პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ. ალეკო კვახაძეს სახეზე ეტყობოდა სისხლის კვალი, დასიებული იყო, მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა. თავდასხმისას დახეული ქურთუკი პოლიციაში ნივთმტკიცებად დატოვა, როცა აღმოჩნდა, რომ მას მეორე ქურთუკიც კი არ აქვს! ეს ნაძირალები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ათობით და ასობით მილიონს ჰპარავენ, თავისნაირ, ოღონდ უფრო წვრილმან კრიმინალებს გირაოს სანაცვლოდ უშვებენ გარეთ და თან დაგვცინიან, _ კრიმინალი უნდა შევამციროთო. როგორ უნდა შეამცირონ კრიმინალი, როცა თვითონ არიან კრიმინალები? მსგავსი მაგალითი შემიძლია ათობით და ასობით მოგიყვანოთ…
_ ამის მაგალითია ბასიანში მომხდარი შემთხვევა, როცა სამი პირის დამჭრელი გირაოთი გამოუშვეს და მხოლოდ მეორე ინსტანციაში შეუფარდეს პატიმრობა, ისიც იმიტომ, რომ იძულებული გახდნენ, რადგან მაგრად დადგა ამ ბასიანის პატრონი, ატყდა სკანდალი, ისტერიკა…
_ სანამ იუსტიციის სახლის წინ მკვლელების, კრიმინალური სამყაროს რევანშის ძეგლი დგას, ჩვენს ქვეყანაში კრიმინალი არ შემცირდება და სიტუაცია მხოლოდ უარესობისკენ წავა. და ეს ძეგლი იდგება მანამდე, ვიდრე ამ ქვეყანას მართავს კორუმპირებული ძალა, კურიოზული სახელით „ქართული ოცნება“. რა მომენტშიც ივანიშვილი აღარ იქნება ამ ქვეყნის მმართველი, რა მომენტშიც ხალხი _ კანონმორჩილი, მშრომელი ადამიანები გაიმარჯვებენ, პირველი, რასაც ვიზამთ, იქნება ამ ძეგლის სიმბოლური დემონტაჟი და მისი დადგმა „ოცნების“ პოლიტიკურ საფლავზე. ის, რომ ეს ძეგლი დგას იუსტიციის სახლის წინ, არის შეურაცხყოფა თითოეული კანონმორჩილი ადამიანისა და სიმბოლო იმისა, რომ დღეს ამ ქვეყანას კორუმპირებული მოღალატეები და კრიმინალები მართავენ. რაც შეეხება ჩვენი პარტიის აქტიურობას, ცხადია, ზედმეტია რაიმე კმაყოფილებაზე საუბარი. ჩვენ კმაყოფილები მაშინ კი არ ვიქნებით, „ენდიაის“ ან „აირაის“ კვლევებში 5, 10 ან, თუნდაც, 20%-ით მეტი რომ გვექნება. ჩვენ კმაყოფილები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს დაუბრუნდებათ აწმყოსა და მომავლის რწმენა და იმედი, რაც გამორიცხულია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. კმაყოფილები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის კანონმორჩილი, მშრომელი მოქალაქეები თავს იგრძნობენ დაცულად კრიმინალისგან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აუშვა. კმაყოფილები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ტოტალური კორუფცია, რომელიც ქვეყანაში დაბრუნდა, დასრულდება. შესაბამისად, ბუნებრივია, კმაყოფილები არ ვართ. მაგრამ შემდეგ ისმის კითხვა, _ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს? არ მინდა, თავის მართლებად, ან შემგუებლობად ჩამითვალოთ, ასე ნამდვილად არაა, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ უმძიმეს ომში ვიმყოფებით, მეორე მხარეს რეალურად დგას რუსეთი. მთელი ეს კრიმინალებიც, მექრთამეებიც, ზოგი შეგნებულად და ზოგიც შეუგნებლად (90% მაინც შეუგნებლად) აკეთებენ რუსულ, ანუ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს უზარმაზარი საინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანა. ამ პროპაგანდისტული მანქანის 90% ქართულენოვანია, მაგრამ ეს არის რუსული პროპაგანდა. როდესაც ამას ვამბობდით იგივე ბადრი პატარკაციშვილის დროს, 2009 წელს, ან 2011 წელს, ბევრი იშმუშნებოდა, თვალებს ზემოთ კარკლავდა, ნუ კარგი, რა, ყველგან რუსეთი გელანდებათ, რა დაგემართათ და რატომ არ უშვებთ, რომ ეს შეიძლება რუსეთის გარეშეც ხდებოდესო. რა თქმა უნდა, ვუშვებთ, მაგრამ გამოცდილებამ რა დაგვანახა? რუსეთი ერევა საფრანგეთის, გერმანიის არჩევნებში, კატალონიის, ბრექსიტის რეფერენდუმებში, ამერიკის არჩევნებში. ჩვენ ვართ საქართველო, რომელსაც რუსეთი რეალურად თავის ტერიტორიად მიიჩნევს და აქ არ ჩაერეოდა არჩევნებში? აბა, ბედუკაძე ვინ იყო, რომელიც მერე რუსებმა „ჟურნალისტური საქმიანობისთვის“ დააჯილდოეს? ან ის ცხრა თვის ბავშვი, ბარბარე რაფალიანცი, თავისით ჩახტა ქვევრში და დაიხურა სარქველი? ეს ძალაა დღეს ხელისუფლებაში, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, აი, ამით მოვიდნენ და ამით აგრძელებენ მართვას სინამდვილეში! სულ რამდენიმე დღის წინ მოკლეს გენერალი ქუთათელაძე. ლაპარაკობენ, რომ წილები იყო რეალური მიზეზი. მანამდე მოკლეს ლომარ ლიგურიანი, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე სვანეთში, მაშინაც ამბობდნენ, რომ მიზეზი თითქოს საყოფაცხოვრებო კონფლიქტი იყო. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ფაქტია, ქვეყანაში ვიღაცას შეუძლია, დაიქირავოს მკვლელი, მიაგზავნოს და მოკლას ადამიანი. როგორც მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი, როგორც ახლა მოკლეს გენერალი ქუთათელაძე, როგორც მანამდე მოკლეს მაისურაძე ან ხარძიანი…
_ პრობლემა ისაა, რომ გაადვილებულია მკვლელობა, თორემ მიზეზი ყოველთვის გამოიძებნება, ბოლო-ბოლო, მანანა კობახიძისეულ „იქნებ, დედა შეაგინა“-მდე მივალთ.
_ დიახ, მიზეზს და მოტივს მნიშვნელობა არ აქვს, მკვლელობა არის მკვლელობა!
_ მეტიც, მით უფრო სახიფათოა, როდესაც მკვლელობები უმნიშვნელო მიზეზით ხდება. ერთია, როდესაც მკვლელობები პოლიტიკური მოტივით ხდება, ასე საფრთხის ქვეშ არიან პოლიტიკოსები და მეორეა, როდესაც მკვლელობები ხდება წილებზე, საყოფაცხოვრებო კონფლიქტების შედეგად. ასე ყველას ექნება წილებზე დავა, საყოფაცხოვრებო კონფლიქტები და საფრთხე პირთა გაცილებით ფართო წრეს ემუქრება, მთელი საზოგადოება საფრთხის ქვეშაა.
_ დიახ, ამ მიზეზებს ისე იშველიებენ, გეგონება, ამართლებდეს, ან ხსნიდეს ამ დანაშაულებს. არა, ბატონებო, პირიქითაა, ლომარ ლიგურიანის მკვლელობის შემდეგ მისი ოჯახის წევრებმა პირდაპირ თქვეს, რომ ეს არის ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომის შედეგი. იგივე ხდებოდა 90-იან წლებში. 90-იანი წლების დაბრუნება არის ამ ყველაფრის ბოლო. უბრალოდ, ერთადერთი იმიტომაა ნაკლებსავარაუდო 90-იანი წლების ქაოსამდე მისვლა, რომ დღეს არის მართული ქაოსი და ამ მართული ქაოსით პირადადაა დაინტერესებული ივანიშვილი. ივანიშვილის რეჟიმი დგას პოლიტიკური ძალების ფრაგმენტაციაზე, ვინაიდან გაცილებით მარტივად და იაფად ახერხებს ამ ფრაგმენტების შესყიდვას. რეჟიმი დგას ამ მართულ კრიმინალურ ქაოსზე, სადაც, როგორც ჯუნგლებში, ყველა ყველას წინააღმდეგაა. ამ ყველაფრის თავში თვითონ დგას, განმარტოებული, დაცული, ფულით უზრუნველყოფილი. მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებასა და მშვიდ ძილზე და არა ჩვენი, ჩვეულებრივი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მშვიდ ძილზე. რაც უფრო ცუდად არის თითოეული რიგითი მოქალაქე, მით უფრო უკეთ არის ივანიშვილი და მით უფრო კარგად არიან მის გარშემო არსებული კლანების წევრები.
_ და რა უნდა გაკეთდეს ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად?
_ დამეთანხმეთ, რომ მძიმე და უთანასწორო ბრძოლაში ვართ, ენმ-მ შექმნა უნიკალური პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში, არათუ უბრალოდ დათმო ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით, არამედ ხელისუფლება ორგანიზებულად გადააბარა ამ ქუჩიდან მოსულ, ანტისახელმწიფოებრივ ძალას.
_ დღემდე ხაზს უსვამთ, რომ ეს გადაბარება იყო პოზიტიური, თუმცა უკვე ჩნდება მოსაზრება, რომ ეს იყო სწორედ შეცდომა, რომ ამ ძალისთვის ცოცხალი თავით არ უნდა დაეთმოთ ხელისუფლება. ღირდა კი დემოკრატიისთვის ამხელა მსხვერპლის გაღება და სახელმწიფოს ამ საფრთხეში ჩაგდება?
_ ახლა ამ თემაზე საუბარი ნაგვიანევიცაა და სპეკულაციაცაა, არ გვინდა ამაზე საუბარი. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ენმ-მ არა მხოლოდ მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება, არამედ ორგანიზებულად გადააბარა ამ ანტისახელმწიფოებრივ ძალას და ასწავლა მას, რა ეკეთებინა. ასწავლა ხალხს, რომელსაც სახელმწიფოებრივ შეგნებასთან ახლოს არ ჰქონდა ჩავლილი და მთელი პოლიტიკური კარიერა გატარებული ჰქონდა ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. რეალურად, 2012 წელს მოხდა ანტისახელმწიფოებრივი ძალების, კრიმინალური და კორუმპირებული კლანების რევანში. და ეს რევანში გრძელდება დღემდე. მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ სრულმასშტაბიანი რეპრესიები, დევნა, ჩვენი ყველა ლიდერი ან ციხეშია, ან პოლიტიკურ დევნილობაშია, ათი ათასზე მეტი წევრი არის პროკურატურაში დაკითხული და დღემდეა დევნის საფრთხის ქვეშ. გარდა ამისა, ბოლო არჩევნებში ჩვენ, ფაქტობრივად, უფულოდ გავედით არჩევნებზე. ანუ ის შედეგი, რომელიც დავდეთ და რომელიც, ბუნებრივია, სულაც არ გვაძლევს კმაყოფილების საფუძველს, დადებულია სწორედ ამ პირობებში, როდესაც პარტია არსებობს რეპრესიებსა და ტოტალური უფულობის პირობებში. ჩვენი ამოცანა ამ მოცემულობის შეცვლაა. ჩვენი ამოცანა არ არის თემატური ოპონირება, იმაზე დავა, ამა თუ იმ კანონის ამა თუ იმ მუხლსა თუ ქვემუხლში კონკრეტულად რა იდება. ეს, რა თქმა უნდა, ცალკე აღებული მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ჩვენ მთლიანად მოცემულობა არ შევცვალეთ, ამ ყველაფერს აზრი საერთოდ დაეკარგება. აქედან გამომდინარე, ცხადია, ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, უფრო აქტიურებიც უნდა ვიყოთ, მაგრამ ამოცანებიც რეალისტურად უნდა დავსახოთ…
_ ხოდა, რეალისტურია მიხეილ სააკაშვილის გარეშე ივანიშვილის დამარცხება? იქნებ, პრობლემის თავი და თავიც სწორედ უმიშობაა და ამიტომაც ივანიშვილმა ყველაფერი ქმნა იმისთვის, რომ ის ქვეყნიდან გაედევნა?
_ მიხეილ სააკაშვილის დევნას აქვს ორი მიზეზი: ერთი, რომ ის არის ძალიან დიდი პერსონალური რისკფაქტორი პირადად ივანიშვილისთვის. ივანიშვილმა ამ ქვეყნის პრივატიზება მოახდინა და ამ ქვეყნის ხალხისთვის დაბრუნების საქმეში მისთვის მთავარი საფრთხე, ბუნებრივია, სააკაშვილია. მეორე მიზეზი არის სუფთა იდეოლოგიური, პროპაგანდისტული და ისტორიული, ანუ მიხეილ სააკაშვილს ის ებრძვის იმიტომ, რომ მას სურს იმ ე. წ. ცხრა წლის დემონიზება, მას სურს ხალხს დააჯეროს, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ცხრა წელი სინამდვილეში იყო ყველაზე საშინელი ცხრა წელი. იგი დღეს საქართველოს ისტორიის გადაწერის პროცესშია, ეს რეალურად რუსული საქმეა და ამ რუსულ საქმეს აკეთებს დღეს ივანიშვილი მთელი თავისი რესურსით.
_ ამ რუსულ საქმეში მას, თავის დროზე, ხომ არ ეხმარებოდა ენმ-ც? თავზე ნაცრის ყრით? განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც პარტიიდან წავიდა? ისე, ნაწილი, დღეს დარჩენილებიც ბოდიშობენ გზადაგზა… როდესაც მოწინააღმდეგე ცდილობს დემონიზებას, გაბრალებთ ათას სიბინძურეს და თქვენც ბოდიშობთ, რას იფიქრებს ხალხი? ცხადია, ახლა ისე, „მეშოკებით“ აღარ იყრით თავზე ნაცარს, მაგრამ მუჭით დაყრას მაინც ვერ გადაეჩვიეთ.
_ ახლა საერთოდ აღარ ვიყრით, მაგრამ…
_ პირადად თქვენ არც მაშინ იყრიდით, მაგრამ ეს შველის საქმეს? თქვენი თანაპარტიელები ისევ შეცდომებზე ლაპარაკობენ, რა იყო შეცდომა, სახელმწიფოს შენება?
_ არა, შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და ამ შეცდომების რეალისტური შეფასებაა საჭირო, რომ ისინი აღარ განმეორდეს. ეს ერთია და მეორეა ცხრა თვის ბავშვის მკვლელებთან იხადო რაღაცაზე ბოდიშები. ამ ხალხთან ჩვენ საბოდიშო არაფერი გვაქვს, მათთან ვილაპარაკებთ მხოლოდ კანონის ენით. რაც შეეხება იმ შეცდომებს, რომელიც მოხდა და რომლის უარყოფა მიამიტობა იქნება, მათ, გააზრება უნდა და ჩვენ ეს შეცდომები კარგად გვაქვს გააზრებული…
_ არ შეგიძლიათ ეგ დახურულ კარს მიღმა გაიაზროთ და მოწინააღმდეგეს ფორა არ მისცეთ მაგ აღიარებებით?
_ მაგაზეა საუბარი, როდესაც მეორე მხარეს დგას ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც 2007 წელს შს მინისტრის „დაძინებას“ გეგმავდა, 2009 წელს სატანკო ნაწილში აჯანყებას (და, შესაბამისად, სამოქალაქო სისხლისღვრას) უჭერდა მხარს, რომელიც თბილისის „მკვდარ ქალაქად“ გადაქცევას გეგმავდა…
_ „ჯღანას“ არ უჭერდა რო მხარს?
_ დიახ, რომელიც ოპოზიციაში „ჯღანათი“ გადავიდა, რეკეტიორებს და ქურდულ სამყაროს დაუჭირა მხარი… რა გვაქვს ამ ხალხთან საბოდიშო? ესენი არიან ყველა კანონმორჩილი, მშრომელი ადამიანის პირადი, უშუალო მტრები. დიახ, მტრები და არა მოწინააღმდეგეები. ბუნებრივია, ამ ადამიანებთან ჩვენ კვეთის წერტილი საერთოდ არ გვაქვს. მათი ინტერესები ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ვიმეორებ, რაც უფრო ცუდად არის რიგითი ქართველი, მით უფრო კარგად არიან ივანიშვილი და კალაძე. თუ გლობალურად ეს რეალობა არ შეიცვალა, არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.
_ მაგას გეკითხებით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს რეალობა შეიცვალოს?
_ ისევ ვიმეორებ: მეორე მხარეს არის მონსტრი, ყველაფერზე ხელის მომწერი, ყველაფერზე წამსვლელი კი არა, ყველაფერზე უკვე წასული ბოროტი ძალა. ამის წინააღმდეგ მთავარი რაც გვაქვს, არის ჩვენი სიმართლე, ჩვენი სიტყვა. როდესაც ამ სიმართლეს და ამ სიტყვას გაიზიარებს ადამიანების დიდი ნაწილი, ამ ბოროტებას ერთიანად და ძალიან მალე დავამარცხებთ. მესმის, რომ ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ქვეყნის ამ უბედურებას პირად ტრაგედიად აღიქვამს, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე მორჩეს, მაგრამ თყველაფერს აქვს თავისი ეტაპები და თავისი განვითარების ლოგიკა. შესაძლოა, ჩვენ, ენმ, რაღაცას კარგად ვერ ვაკეთებთ, საკმარისად ვერ ვიბრძვით, მაგრამ ეს ხომ ჩვენი პარტიული ინტერესი არაა, ეს ქვეყნის ინტერესია და თუ ვინმეს არ მოგწონთ, რას როგორ ვაკეთებთ, მაშინ გააკეთეთ თავად და გააკეთეთ უკეთ. მზად ვართ, ნებისმიერს გავყვეთ, ვინც ქვეყნის საქმეს გააკეთებს. ეს სასირცხვო სულაც არაა.
_ როდესაც ვსაუბრობ ლიდერის პრობლემაზე, არავის ჩრდილს არ ვაყენებ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ რანგის ლიდერის გარეშე, როგორიც სააკაშვილია, ბრძოლა უკიდურესად გართულებულია. დაბნეულობის მთავარი მიზეზიც ეს ხომ არაა, მისი საქართველოში არყოფნა?
_ ამაზე ვთანხმდებით, რომ ეს უსერიოზულესი პრობლემაა. მეტიც, ალბათ, მთავარი პრობლემაა. სააკაშვილისა და მთლიანად წინა ხელისუფლების პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს, ამის გარეშე ქვეყნა წინ ვერ წავა.
_ ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ ივანიშვილი არ დაასრულებს მის დევნას? მან ზუსტად იცის, რომ სააკაშვილის დევნის დასრულება და მისი დასასრული ერთია. თვითონ მოაწერს ხელს საკუთარ განაჩენს?
_ გეთანხმებით, ის ამას არ იზამს და ამიტომ იგი უნდა ვამხილოთ. სიმართლე არის ჩვენი მთავარი იარაღი. მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში სამარცხვინო გამოსვლისას, ფაქტობრივად, აღიარა დანაშაულში მისი თანამონაწილეობა. ბრძანა, პირველად გრიფი რომ მოვხსენი დოკუმენტებს, რა მოჰყვა ამას შედეგად, ყველამ დაინახაო, _ რომ ეს მართლმსაჯულება კი არა, ცირკი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა იყო, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ხუთი კაცი მოხსნეს ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან. ამიტომ ამას მეორედ აღარ გავაკეთებო. ანუ გამოდის, რომ მარგველაშვილი არის ამ დანაშაულის, პოლიტიკური დევნის გააზრებული თანამონაწილე.
_ და უახლესი ინსტორიის გამყალბებელიც. ისიც ბრძანა, რომ სააკაშვილის დროს ქუჩაში მკვდრები ეყარა. თქვენი პარტიის ზოგ წევრს და მხარდამჭერს კი იმედი აქვს, რომ ეგ მარგველაშვილი სააკაშვილს შეიწყალებს. ან ეგ რა მიშას შემწყალებელია, ან მიშას მიშობისა რაღა ვთქვი, მაგას რომ თავს შეაწყალებინებს…
_ ქუჩაში დაყრილი მკვდრები, რა თქმა უნდა, ბინძური რუსული პროპაგანდაა. ორ-სამ ტრაგედიას გადააყოლეს ქვეყანა. ის ორი-სამი მართლაც ტრაგედია იყო. 2012 წლის შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაში მართლა სისტემურად მიმდინარეობს ქართველი სპეცრაზმელების დევნა, კოდორი 2007-ის მონაწილეები სათითაოდ არიან ამოხოცილები და ამაში ჩვენი ხელისუფლების უნიათობა, ან არაკომპეტენტურობა კი არაა შუაში, ისინი რუსებთან ერთად უშუალოდ არიან ჩართული ამ პროცესებში. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ თათუხაშვილი, დანელია, უბილავა, ივანაძე სწორედ ხელისუფლებამ მოკლა…
_ მაგ გვარებს, თქვენსა და რამდენიმე თქვენი თანაპარტიელის გარდა, არც არავინ იმეორებს. აგერ, სულ ახალხან. მაჩალიკაშვილი ლოგინში ჩაკლეს და მასზე რეალურად არავინ იღებს ხმას, ეს მაშინ, როცა თქვენი ოპონენტები ათი წელი გაჰკიოდნენ ვაზაგაშვილს.
_ მაგიტომ ვამბობდი სინამდვილეში, რომ ეს ყველაფერი იყო რუსული პროპაგანდა. ხოლო რუსულ პროპაგანდას რა ახასიათებს? ის, რომ რასაც გეუბნებიან, სინამდვილეში, ყველაფერი ზუსტად პირიქითაა!
_ და თქვენ რას უპირისპირებთ? რატომ არ ხმაურობთ?
_ ვხმაურობთ, მაგრამ… აი, მე თქვენ გაძლევთ ინტერვიუს, თქვენი გაზეთი არსებობს, მაგრამ კიდევ რამდენი გაზეთი არსებობს, სადაც შეიძლება სიმართლე ითქვას? რამდენი ტელევიზია არსებობს, სადაც შეიძლება სიმართლე ითქვას? ამას ემატება რუსული არხები, ამას ემატება რადიოები, ინტერნეტსააგენტოები, ანუ უზარმაზარი საინფორმაციო პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს ჩვენ წინააღმდეგ. ადამიანები რომ ხმაურობენ, იმ ხმის მიტანას სხვა ადამიანებამდე სჭირდება მედიასაშუალებები და ეს მედიასაშუალებების 99%-ს რუსეთი და ივანიშვილი პირდაპირ და ირიბად აკონტროლებს.
_ გადაერთეთ სოცქსელებზე.
_ ვერავინ იტყვის, რომ სოცქსელებში არასაკმარისად ვაქტიურობთ, მაგრამ მარტო ეს არ ჰყოფნის.
_ რას ეძახით საკმარის აქტიურობას, მთელ დროსა და ენერგიას რომ შიდაპარტიულ თუ თქვენ განაყოფ „ევროპულ საქართველოსთან“ კინკლაობას ახმართ? ბოდიში და დღემდე კიასავით ვერ გამოიტირეთ ეს „ევსაქო“ და დღემდე მათთან პინგ-პონგს უნდებიან თქვენი წევრებიც და მხარდამჭერებიც.
_ მე პირადად საერთოდ არ ვსაუბრობ ამ თემაზე. არ მიმაჩნია, რომ ეს არის თემა, რომელიც კავშირშია იმ ბრძოლასთან, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ. ჩვენი ბრძოლა არის ივანიშვილის რეჟიმთან, რუსეთის წინააღმდეგ და არა სხვა პარტიების წინააღმდეგ. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს თავის გზაზე. მე მაქვს უფლება, ზოგის მჯეროდეს, ზოგის არ მჯეროდეს, ზოგის მიზნებსა და მოტივაციებში სერიოზული ეჭვი მეპარებოდეს, მაგრამ ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ, ვინაიდან ეს არ არის ჩვენი ბრძოლის მიზანი და მხოლოდ დროსა და რესურსს გვართმევს, გეთანხმებით ამაში.
_ როდესაც ივანიშვილმა ხეების თრევა დაიწყო, საზოგადოებას, ასე თუ ისე, მწვავე რეაქცია ჰქონდა, ახლა თითქოს შევეგუეთ და ცინიკური ღიმილით და ერთი შეკურთხებითღა ვხვდებით, როგორ დაატორღიალებს ხეებს.
_ ვერ დაგეთანხმებით. რასაც ჩვენ შეგუებად აღვიქვამთ, სინამდვილეში, ერთი მხრივ, უკიდურესი გაჭირვების გამოძახილია და, მეორე მხრივ, იმის შედეგი, რომ ყოველდღიურად იმდენი დანაშაული ხდება ქვეყანაში, ერთიმეორეს ფარავს და ადამიანების ემოციურ სიხშირეზე ყველა ერთდროულად ვერ ისახება. წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ან რაიმე დანაშაული მოხდებოდა, ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი მაინცდამაინც ჭკვიანურ ფრაზას არ წარმოთქვამდა, იმაზე მერე სამი-ოთხი თვე კამპანია იყო ხოლმე აგებული. დღეს კი იმდენი რამ ხდება ყოველდღიურად, რომ შეუძლებელია, ადამიანმა ეს ყველაფერი აღიქვას, დაიმახსოვროს და განიცადოს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა. ხელისუფლება თვითონ ფუფუნებაში ცხოვრობს, ხალხი კი მშიერ-მწყურვალი და გაღატაკებულია. ადამიანებს შიათ, პირდაპირი მნიშვნელობით. ცხადია, ისინი ბრაზობენ, როცა ამ სიტუაციაში ივანიშვილს მხოლოდ ის ადარდებს, ხეები მოგლიჯოს და საკუთარ შვილებს ეზო მოუწყო (და „დენდროლიგიური პარკი“ დაარქვას). ცხადია, ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ როდესაც ადამიანს შია, ძალიან ძნელია, რომ მას მოსთხოვო ბუნებაზე, ან საგარეო ურთიერთობებზე ზრუნვა, ეს მოახერხა ივანიშვილმა და ეს არის მისი პოლიტიკის პირდაპირი და უშუალო შედეგი. სწორედ ამაზე, ანუ რიგითი მოქალაქეების სიღატაკესა და უძლურებაზე დგას მისი ხელისუფლება.
_ ოდესღაც ვიღაცის უკანალზე ზრუნავდნენ და ახლა ქალაქს შიგ გულში „პანორამა“ გაარჭო, 1 ლარად ქალაქის გული მიითვისა და მიტინგზე ხუთასი კაცი გამოვიდა…
_ ხოდა, არავის უკანალზე არ ზრუნავდნენ, ეგ ევფემიზმი იყო თავიდან ბოლომდე, გადატანითი მნიშვნელობით საკუთარ უკანალზე ზრუნავდნენ. სინამდვილეში, ეს იყო თავიდან ბოლომდე კრიმინალური სამყაროს, კორუმპირებული ინტერესებისა და პოსტსაბჭოთა ნარჩენების რევანში დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოზემ რომელიცმ სამწუხაროდ, რუსეთის უშუალო ჩართულობით შედგა.
_ რამე თუ შეიძლება შეიცვალოს უახლოეს მომავალში ამ ხელისუფლების საბოლოო შეცვლამდე?
_ რა თქმა უნდა, უარესია მოსალოდნელი, რამე წინაპირობა არსებობს იმისა რომ უკეთესობა იყოს? არანაირი წინაპირობა არაა, რომ უახლოეს მომავალში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს.
_ გამორიცხავთ, რომ მოულოდნელად პროცესები ისევე სტიქიურად განვითარდეს, როგორც მოხდა ირანში? არც ერთი ექსპერტი არ პროგნოზირებდა, რომ ირანში მაგ მასშტაბის საპროტესტო ტალღა იფეთქებდა.
_ ამ ქვეყანაში არეულობა აწყობს მხოლოდ რუსეთს. ენმ არაა დაინტერესებული, რომ რაიმე ფორმის არეულობა მოხდეს საქართველოში. ის, რომ თითქოსდა ენმ-ს არეულობა უნდა, არის თავიდან ბოლომდე რუსული ნარატივი, „ოცნების“ ნარატივი (რაც ერთი და იგივეა). ესაა ბინძური ტყუილი! ზუსტად ენმ-ა ის პარტია, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, შექმნა ყველა ის ინსტიტუტი, რომელზეც დღემდე დგას ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა თავისდაუნებურად. ჩვენი ამოცანა არა არეულობაა, არამედ საარჩევნო გარემოს შეცვლა და ამ კორუმპირებული ძალის მოშორება არჩევნების გზით. სხვათა შორის, ბოლო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა პირველად და ცალსახად თქვეს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არ იყო კონკურენტული. თუ არ არის თავისუფალი და კონკურენტული წაინასაარჩევნო გარემო, იქ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე საუბარი ზედმეტია, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, შეიცვალოს საარჩევნო გარემო _ რომ არ იყოს პოლიტიკური დევნა, ყველა სუბიექტს ჰქონდეს, მეტ-ნაკლებად, თანაბარი პირობები. მოკლედ, რომ არჩევნებს ჰქონდეს აზრი.
_ რევოლუციის გარეშე ეგ წარმოგიდგენიათ?
_ ძალიან დიდი მიამიტობა იქნება რევოლუციისთვის მზადება და, მით უმეტეს, რევოლუციის დაანონსება, ამაზე საუბარი გამოვრიცხოთ.
_ ასეთივე მიამიტობაა, ამ ხელისუფლების ხელში მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნების ლოდინი და ამ არჩევნებით ამ ხელისუფლების გაშვების იმედი. მაგის იმედად ხართ? ესენი რომ არჩევნებით წავლენ, მეც შემატყობინეთ, არ გამომაპაროთ…
_ ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერია. ივანიშვილი ამ ქვეყანას აუცილებლად მოშორდება. რაც უფრო მეტს დააშავებს, მით უფრო მეტად დაზიანდება თვითონ. სამწუხაროდ, მან ავად მოიჭრა უკან დასახევი გზა და ბევრი ადამიანი ჩართო მის დანაშაულებში, რაც, მისი აზრით, გარანტიაა იმისა, რომ ეს ადამიანები მას დაიცავენ. მაგრამ ეს ადამიანები მას არ დაიცავენ. ყველამ კარგად იცის, ვის რა აქვს დაშავებული და ყველა საკუთარი თავის გადარჩენას შეეცდება, როცა ამის დრო მოვა, ძალიან მალე.

რეზო შატაკიშვილი