ჰოლანდია მზადაა სააკაშვილის მისაღებად, თუკი ის უკრაინას დატოვებს

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინული სააპელაციო სასამართლოს სხდომა დღეს გაიმართება და არაა გამორიცხული, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღოს. უკრაინული თემიდის გადაწყვეტილების მოლოდინშია თბილისიც. სწორედ კიევისა და თბილისის სასამართლო უწყებების „მეთვალყურეობის ქვეშ“ შეხვდა მორიგ დაბადების დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი.

ამ ფონზე, ნიდერლანდების სამეფო მზადაა, უკრაინის „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მისაღებად, თუკი ის უკრაინას დატოვებს. ამის შესახებ ინფორამაციას დასავლური მედია ავრცელებს.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
„ტელეგრაფის“ ინფორმაციით კი ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ვიზის გაცემის შესახებ ინფორმაცია.
თავის მხრივ, ზუგდიდელებმა მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მოითხოვეს და გასული წლის ბოლო თვეს, ოთხ დღეში, ქალაქში უამრავი ხელმოწერა შეაგროვეს. მოქალაქეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაბრუნებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა უკეთესი იყო.
„სამ დღეში უკვე 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება უახლოეს დღეებში. ამ ხელმოწერების მიზანი არის, რომ შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ყველა პოლიტიკურ პატიმარზე დევნა, რადგან თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, მაშინ ამ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური დევნილები და პოლიტიკური პატიმრები“, _ განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

„ქრონიკა+“-ს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრება:
_ ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ უკრაინის ბოლოდროინდელ მოვლენებს, მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს?
_ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უაღრესად აქტიური პოლიტიკოსია და, რაც მთავარია, უნიკალური თვისებების მატარებელი ადამიანია. ჩვენ დღემდე რაიმე სახლის სახურავზე აღმოჩენილი პოლიტიკოსი არ გაგვიგია. გარდა ამისა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნიჭი და შემართება ამ ადამიანს არ აკლია. ისიც ცხადია, რომ ნიჭი და სინდისი ერთი საწონით არ აიწონება.
რასაც ვაკვირდებით, ნელ-ნელა ისეთ შეფასებებს იძენს, რაც მთლიანად მისი სამშობლო საქართველოსთვის შემარცხვენელია. ჯერ ერთი, სახეზეა უტიფარი თავდასხმა იმ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელმაც ის შეიკედლა და რომელთან მეგობრობითაც ის ტრაბახობდა.
ასევე, მისთვის საქართველოს მოქალაქეობა ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა. ჯერ უკრაინის მოქალაქედ დამკვიდრდა, შემდგომ ისიც ვერ შეინარჩუნა.
ამავე დროს, მას ნიჭი მხოლოდ თავდასხმის პროცესში გააჩნია, თავდაცვის შესაძლებლობებიც აქვს. მაგრამ უკრაინა ის ქვეყანა არ არის, რომელიც მარტივად აყვება ადამიანს, რომელსაც არც რაიმე სახის მოქალაქეობა გააჩნია.
სააკაშვილის ბრალდებები, რასაკვირველია, უკრაინის მოსახლეობის ნაწილისთვის პოპულარულია, მაგრამ უკრაინა იმდენად მრავალრიცხოვანი ქვეყანაა, რომ ის სტანდარტი, რომლითაც სააკაშვილი თავის მხარდამჭერებით სარგებლობს, ასეთ ქვეყანაში ნამდვილად არასაკმარისია ხელისუფლების ცვლილებისთვის.
ასეა თუ ისე, შეიძლება კიდევ უარესი პერსპექტივა ჰქონდეს. უკვე მერამდენედ დაბარებულია პროკურატურასა თუ სასამართლოში. შედეგად, დიდი ალბათობით, უკვე საქართელოში ექსტრადაციის მსხვერპლი აღმოჩნდება. ამ შესაძლებლობით, უპირველესად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა მძიმედ წარმოჩინდება; იგივე ევროპულ სივრცეში, რომლის სრულყოფილი შვილის სტატუსსაც დავეძებთ.
ევროპელებისთვის გაუგებრობა იქნება, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი, როდესაც საქართველოში პირველი პრეზიდენტი მოკლეს, მეორე პრეზიდენტი (რომელსაც ევროპაში მაღალი ნდობა ჰქონდა) ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ მან თავად თქვა უარი თანამდებობის შენარჩუნებაზე და მესამე პრეზიდენტი, თურმე, ისეთი დამნაშავეა, რომ აგერ, საქართველოში ციხეში უნდა იჯდეს.
დარწმუნებული ვარ, თუ ასეთი ექსტრადაცია მოხდა, ისედაც შფოთით გაჯერებული ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდება. რასაკვირველია, ქართულმა მართლმსაჯულებამ როგორმე თავიდან უნდა აირიდოს სააკაშვილის საქმის საქართველოში გამოძიება. აუცილებლობის შემთხვევაში, უპრიანი იქნება, საზღვარგარეთიდან მოიწვიონ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამართალდამცველები, რომ მთელი ეს პროცესი მხოლოდ შურისძიებას არ დაემსგავსოს. შურისძიება, როგორც ასეთი, არ წაადგება არც ერთ მხარეს, ამ საკითხს სახელმწიფოებრივი კუთხით თუ შევხედავთ.
ბევრი ჩვენი მოქალაქე მზად არის, თავად გაუსწორდეს ყოფილ პრეზიდენტს და მის გუნდს. მაგრამ თუ ჩვენ ევროპისკენ სვლა გვინდა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროპასა და იგივე ამერიკაში ბევრად უფრო პოპულარულია სააკაშვილი, ვიდრე საქართველოში. ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღესაც მის დასაცავად უკრაინის მიმართ საკმაოდ მუქარის შემცველი განცხადებები გაისმის.
არ არის გასაკვირი, როდესაც პირველად მის სახლში სპეცდანიშნულების რაზმი რამდენიმე ათეული მებრძოლით შეიჭრა, პირველი, ვისაც სააკაშვილმა თავისი სახლიდან დაურეკა, უკრაინაში ამერიკის ელჩი გახლდათ.
ასევე სააკაშვილის საკმაოდ დიდი ფორმატის განცხადება გამოქვეყნდა „ნიუ-იორკ თაიმსის“ მთელ გვერდზე. უკრაინის მიმართ ხისტი განცხადებებისა და ბრალდებების მიუხედავად, პრეზიდენტი პოროშენკო მაინც აცხადებს, რომ სააკაშვილმა დატოვოს უკრაინის ტერიტორია.
ამ შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი შეცდომა საჯაროდ უნდა აღიაროს, როდესაც სააკაშვილი მიიპატიჟა და დიდი საქმე ჩააბარა.
ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოსთვის და სააკაშვილისთვის კარგი იქნებოდა, თუ ის თავშესაფარს ლიტვაში მოითხოვდა. დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიტვა მზად არის, სააკაშილს მოქალაქეობა მიანიჭოს. ასევე ჩააბარებენ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ევროპულ სივრცეში აქტიური იყოს.
მაგრამ მისი ქმედებები ნაკლებად პროგნოზირებადია. ალბათ, უნდა დაველოდოთ, რა უფრო უკეთესი იქნება საქართველოსთვის დამატებითი შფოთის თვიდან ასაცილებლად, რათა ქვეყანას ევროატლანტიკურ სივრცეში დამკვიდრების გზაზე ზედმეტი პრობლემები არ შეექმნას. პირიქით, ჩვენს ქვეყანას შემდგომი პროგრესი და წინსვლა ჰქონდეს დასავლური სივრცისკენ, ასევე ქვეყნის შიგნით მეტი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე:
_ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინაში აქტიური მხარდამჭერების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰყავს. უკრაინული საზოგადოების ნაწილი მას, როგორც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ გარანტად აღიქვამს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, სააკაშვილი ვერ შეძლებდა იგივე უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის გადმოლახვას.
ასევე აქცენტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დამნაშვედ არ ცნო. შესაძლებელია, ამ შემთხვევაში სასამართლო სისტემამ, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთმა შტომ, თუნდაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიცია გაითვალისწინა.
მაგრამ, მეორე მხრივ, ბატონ მიხეილს ასევე მოკავშირეები, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები დასჭირდება. მაგალითად, იგივე იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინა“ და სხვები, რადგან ამ შემთხვევაში ის ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი არ არის. დღეს კიევში განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე ეს ჩვენთან 2003 წლის ნოემბერში იყო. „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდს ვგულისხმობ, როდესაც სააკაშვილი, ფაქტობრივად, ერთადერთი გამოკვეთილი სახალხო ლიდერი გახლდათ.
ამიტომ მგონია, რომ უკრაინაში სააკაშვილს მოკავშირეები დასჭირდება. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების შეცვლას, პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ აღნიშნული, მხოლოდ და მხოლოდ, საპრლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გზით უნდა მოხდეს. შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციამ ვადამდელი, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვოს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
_ უკრაინაში დღეს არსებული შიდა ეკონომიკური პრობლემები, კორუფცია, რამდენად კვებავს აღნიშნულ საპროტესტო მუხტს?
_ გარკვეულწილად, ხელს უწყობს. მეორე მხრივ, სამწუხაროა, რომ უკრაინაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. ეს ყველაფერი ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უკავშირდება. თუნდაც ის, რომ დღეს საომარი მოქმედებების ეპიცენტრი ყირიმის ნახევარკუნძულიდან გადანაცვლებულია დონბასის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მიმართულებით. ეს აღმოსავლეთი უკრაინაა, ყველაზე უფრო მძლავრი სამრეწველო რეგიონი. თუ არ ვცდები, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ზე მეტი აღნიშნულ რეგიონზე მოდის. ყველაზე მძლავრი სამრეწველო საწარმოები სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე არის კონცენტრირებული.
რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება გაუარესდა. ამას, ბუნებრივია, ემატება ის კორუფცია, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინაში დღესაც არსებობს.
მოგეხსენებათ, 2014 წლის შემდეგ უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა. უმაღლეს ხელისუფლებაში თითქოს პროდასავლური ძალები მოვიდნენ; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ, მაინცდამაინც, არ ძალუძთ, რომ უკრაინაში ძველი, საბჭოთადროინდელი მმართველობის სტილი შეცვალონ. აქედან გამომდინარე, პრობლემები კვლავ არსებობს.
ამას გარდა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმედგაცრუებულია. ის ადამიანები, რომლებიც იმისთვის იბრძოდნენ, რომ უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერა (რაზეც იანუკოვიჩის ხელისუფლებამ უარი განაცხადა), დღეს იმედგაცრუებულები არიან. სამწუხაროდ, კიევში მმართველობის სტილი იგივე რჩება და ეს ხელისუფლებისადმი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ოპოზიციურად განწყობას იწვევს.
ამ ფონზე, იგივე მიხეილ სააკაშვილისა თუ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერა უკრაინაში იზრდება, რადგან ხელისუფლების რეიტინგი სულ უფრო ეცემა.
_ ასეთი ტიპის გამოწვევები რამდენად მოქმედებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე?
_ გააჩნია, ამას რა კუთხით შევხედავთ. მიხეილ სააკაშვილი, გარკვეულწილად, შემაფერხებელი ფაქტორი იყო უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის იმ დროს, როდესაც ხელისუფლებში გხლდათ და ოდესის გუბერნატორის პოსტი ეკავა. დღეს ოპოზიციაშია და პირიქით, აღნიშნულის მერე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი შედგა საქართველოში და ა. შ.
აქედან გამომდინარე, როგორც ვხედავთ, ბატონი სააკაშვილის ფაქტორი აისახება საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე.
პირადად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, საქართველოსა და უკრაინას, როგორც რუსეთთან მებრძოლ ერებს, ქვეყნებს, ნებისმიერი მმართველობის პირობებში, აუცილებლად ერთად დგომა ჰმართებთ. ამ შემთხვევაში არც სააკაშვილი და არც რაიმე სხვა მსგავსი შემაფერხებელი არ უნდა იყოს.
ჩვენდა სამწუხაროდ კი ასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანას ერთი ინტერესი აქვს, ქვეყნის დეოკუპაცია და ა. შ., სანამ სააკაშვილი თანამდებობიდან (ოდესის გუბერნატორობა) არ გადადგა, მანამდე მჭიდრო სახელისუფლებო, მათ შორის, უმაღლეს დონეზე, ეს ურთიერთობები, რეალურად, არ არსებობდა.
_ თბილისსა და კიევში ეს აუცილებლობა რამდენად ბოლომდე აქვთ გააზრებული?
_ შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ აქვთ გააზრებული. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ხომ ხედავთ, იგივე საქართველოს ხელისუფლება მერყეობდა უკრაინასთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაზე, სანამ სააკაშვილი თანამდებობიდან არ გადადგა. ანუ ეს ყველაფერი ბოლომდე გააზრებული არ ჰქონდათ.
ის, რომ სახელმწიფოთაშორის დონეზე დღეს რაღაც დიალოგი მიმდინარეობს, კი ბატონო, კარგია და ქვეყნებს სჭირდებათ, მაგრამ პროცესი გვიან დაიწყო. ამიტომ ვამბობ, რომ მხარეებს რეალური მდგომარეობა მხოლოდ ნაწილობრივ აქვთ გააზრებული. მთლიანობაში, ეს პრობლემა იყო და არის.
აუცილებელია, რომ პოლიტიკოსები საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ფარგლებში ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ. მოგეხსენებათ, პოლიტიკა ბერძნული სიტყვაა და სახელმწიფო მართვის ხელოვნებას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსმა, უპირველესად, სწორედ სახელმწიფოს მართვაზე, მის როგორც საშინაო, ასევე საგარეო ინტერესებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ჩვენ შემთხვევაში ეს პრობლემა ნამდვილად არსებობდა.

გელა მამულაშვილი