სეთურიზმი _ ხელისუფლება დენთის კასრზე

ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა იცის, რომ სახელმწიფოსა და ხელისუფლებას შორის ისეთივე დიდი სხვაობაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის. ამის მიუხედავად, ძალიან ხშირად, არა მხოლოდ ქართულ სინამდვილეში, ხელისუფალთ ეშლებათ ეს, ერთი შეხვედვით, მარტივი წესი და საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებენ. მათი ფილოსოფია შორს არის კოზიმო დი მედიჩის სიტყვებისგან: ფლორენცია ვარ მე. სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, ასეთი ხელისუფლებების რაობას მხოლოდ ძალაუფლება და მერკანტილიზმი წარმოადგენს.

ამ ყოველივეს მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მარტვივად თუ ავხსნით, ამ, ერთი შეხედვით, ინტელექტუალურ კაზუსს ორი შემადგენელი აქვს: ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილი და ინტელექტის დეფიციტი.
საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლები _ თვით ყველაზე დაბალი „ჩინიანნიც“ კი, ვერ მიჯნავენ ერთმანეთისგან, რომ სახელმწიფო წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს სუვერენიტეტი კონკრეტულ ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებზე; ხელისუფლება კი არის ინსტიტუცია, რომელიც ქმნის და აღასრულებს კანონებს სახელმწიფოს შიგნით, ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას და აკონტროლებს სახელმწიფოში კანონებისა და ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვას. დიახ, ეს არის ამ ორი ტერმინის კლასიკური ახსნა. თუმცა ვისღა ახსოვს აქ ადამიანი, რომელსაც ქართული ხელისუფლებები საკუთარი ძალაუფლებების შენარჩუნებისა და განმტკიცების ინსტრუმენტადაც იყენებენ მეტწილად.
სახელმწიფო იდეალურ მოცემულობაში უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების მუდმივ ინტერესებსა და საერთო ნებას. ხელისუფლება _ მთავრობა რეალურად გამოხატავს იმ კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებს, რომელიც მოცემულ დროს ხელისუფლების სათავეში იმყოფება.
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლებებს, ან უფრო თუ დავკონკრეტდებით, ამ ხელისუფლებების ბელადებსა და მათ მსახურთ, ხშირად ავიწყდებათ, რომ სახელმწიფო უწყვეტი ფენომენია, მთავრობა _ დროებითია. ან, იქნებ, სულაც არ ავიწყდებათ და სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა „დროებით“ მოვლენად მიაჩნიათ, გვჭირს ის, რაც გვჭირს?
ასევე, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ქართული სახელმწიფო ჯერაც შორს არის ჰეგელის „ბუნების ფილოსოფიაში“ (1821 წ.) აღწერილი მოდელისგან, სადაც სახელმწიფო წარმოდგენილია, როგორც ეთიკური იდეალი და ადამიანის თავისუფლების უმაღლესი გამოხატულება.
კიდევ ერთხელ მომიწევს ამ სიტყვვების მოხმობა: რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღევანდელი ქართული საზოგადოება, საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეების უმეტესობა, სრულიად გაუთვიცნობიერებლად, მაგრამ თავისი ქცევით გათვითცნობიერებულად ამახინჯებს გერმანელი სოციოლოგის, მაქს ვიბერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს მახასიათებელ ნიშანს კანონიერი ძალადობის საშუალებებზე მონოპოლია წარმოადგენს. ქართველ ობივატელს, საზოგადოებას, საზოგადოებრივ ჯგუფებს, ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას აქაც ეშლება და სახელმწიფოსთვის განკუთვნილ მონოპოლიას საკუთარი ნებით აჩეჩებს ხელში ხელისუფლებებებს და შედეგებზე არ და ვერ ფიქრობს.
დიახ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ჩვენთან არ ესმით, ან არ სურთ აღიარონ, რომ სახელისუფლებო ძალაუფლების მოთოკვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ხელისუფლება სახელმწიფოში შეუზღუდავი მმართველობის დამყარებას ვერ შეძლებს _ ვერ მოახერხებს.
ფილოსოფოსი ჯონ ლოკი, რომელიც სახელმწიფოს ანგლო-ამერიკული თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა, აცხადებდა: „სადაც კანონი არ არსებობს, იქ აღარც თავისუფლებაა“. ჩემი მხრივ დავძენ: სადაც საკუთარი უფლებების დასაცავად არ იბრძვიან, იქ არც კანონი არსებობს და, შესაბამისად, თავისუფლებაც მოჩვენებითია. ის, რასაც ასეთ პირობებში თავისუფლებას ვარქმევთ, ხელისუფალთა წყალობაა და არა მოქალაქეთა უფლება, იცავდეთ კანონი და იყვნენ თავისუფალნი.
ჩვენ _ საქართველოს მოქალაქეები _ მივეჩვიეთ არა მხოლოდ უკანონობას, არამედ ხელისუფლებების, მმართველი ელიტების ძალადობას კანონზე და შემდგომ კანონის _ სახელმწიფოს სახელით ძალადობას ხალხზე. თითქოს ყველაფერი მარტივია, მთავარია, ხელისუფლებებმა კანონი მოირგონ და მერე კანონის სახელით დაგვჩაგრონ. და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? არა ის ჩინოვნიკი თუ ბელადი, რომლის თავშიც მოიხარშა ეს ძალადობრივი აქტი, არამედ _ სახელმწიფო. არა ის ჩვენი თანამოქალაქენი, რომლებიც ასევე არიან ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი, მაგრამ ანგარებისა და პირადი, მინიმალური კეთილდღეობის გამო უხანგრძლივებენ მას არსებობას, არამედ სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც დღევანდელ ქართულ რეალობაში ამორფული და სრულიად გაუგებარი ცნებაა. სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია იდეოლოგიური ამოცანა და მისწარაფებები, სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია ეროვნული მიზანი, სახელმწიფო, რომელიც ხელისუფლებებისა და მათი წევრებისთვის „მეწველი ძროხაა“.

***
თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მართვისა და ხელისუფლებების არსებობის კლასიკად იქცა სეთურიზმი: აკეთებ იმას, რაც სურს ხელისუფალს, ხელისუფლება მოგცემს იმის მცირედს, რაც შენ გსურს; არ აკეთებ იმას, რაც ხელისუფალს სურს, ხელისუფლება წაგართვემს იმას, რაც გაქვს.
დავეთანხმოთ მაქს ვიბერს თავის მოსაზრებაში, რომ სახელმწიფოს მახასიათებელ ნიშანს კანონიერი ძალადობის საშუალებებზე მონოპოლია წარმოადგენს, მაგრამ აქვე დავთქვათ, რომ ეს კანონიერი ძალადობის მონოპოლია საზოგადოების დაკვეთით ხელისუფლებებმა იმათ სასარგებლოდ უნდა გამოიყენონ, ვისაც ისინი ხელისუფლებაში მოჰყავს და კონტრაქტს უფორმებს, ანიჭებს პრივილეგიებს იმისთვის, რომ სახელმწიფოში სიმშვიდე იყოს, დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები, მოქალაქეებს ჰქონდეთ გრანტირებული თავისუფლება, სამართლიანობის განცდა, სოციალური და სხვა სიკეთეები, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი ფაქტორებია. და ისევ თუმცა!
ქართული სახელმწიფოს არსებობის ბოლო მეოთხედ საუკუნეზე მეტი ცხადჰყოფს მისი მოქალაქეების ინდიფერენტულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. საქართველოს აქ მოცულობით ფორმატში ვახსენებ ყველა შემადგენელი რაობით: ქვეყანა, სახელმწიფო, ტერიტორიები, გეოპოლიტიკური მგომარეობა, სასამართლო, ომი და მშვიდობა, თავდაცვა, დემოგრაფია, ეკონომიკა, სოციალური გარანტიები, ხანდაზმულები, ჭარმაგები, ბავშვები, განათლება, კულტურა, სპორტი, საგარეო მისწრაფებები, საშინაო პრიორიტეტები, რელიგია, ეთნიკური უმცირესობები, მედია, ეროვნული იდეა (რომელიც არ გვაქვს და არც გვქონია!!!), შური, სიყვარული, ბოღმა და მადლიერება _ ეს იმის მიუხედავად, რომ მორალური კატეგორიებია და ა. შ. დიახ, ჩვენ ამ ყველაფრის მიმართ გვაქვს ინდიფერენტული დამოკიდებულება, თუ არ ჩავთვლით ერთდღიან ნიუსებს, ერთდღიან აღშფოთებებსა და შეშფოთებებს, ან სულაც ერთდღიან ეიფორიებს ცალკეული ლოკალური, ან, გნებავთ, გლობალური წარმატებების გამო. დიახ, ჩვენთვის საქართველო არის ტერიტორია, რომელსაც მხოლოდ ჩვენთვის სასურველი სიკეთეები უნდა გამოვძალოთ „სეთურიზმის“ პირობებშიც კი, როდესაც თვალნათლივ ვიცით, თუ არ ვიმლიქვნელეთ, როდესაც ხელისუფლების ხედვის, ანუ ინტერესების არეალში მოვხვდებით, წაგვართმევენ, რაც გვაქვს და თუ ვიმლიქვნელებთ, მივიღებთ იმის მინიმუმს, რაც გვსურს.
დავაკვირდეთ ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას _ ჰეგელის თანახმად, გვაქვს სოციალური არსებობის სამი ფაქტორი: ოჯახი, სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ფუნქცია და დატვირთვა _ საკუთარი ინტერესები. ნორმალურ პირობებში სამივე ფაქტორის არსებობა კანონზომიერია და სამივეს ერთმანეთი სჭირდება. მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ახდენს საკუთარ ინდენტიფიცირებას სახელმწიფოსთან და კანონზე ძალადობის მონოპოლია მის ხელში გადადის, სახელმწიფოსთვის _ ხელისუფლებისთვის სრულიად უსარგებლო და ხელისშემშლელია ოჯახი და სამოქალაქო საზოგადოება.
საქართველოს მოსახლეობა, სახელმწიფოს მოქალაქეები იმდენად შეეგუენ ხელისუფლების იდენტიფიცირებას სახელმწიფოსთან, რომ არა მხოლოდ ხელისუფლების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობაც ხელისუფლებას გადააბარეს და არსებული სეთურიზმის პირობებში „გამოსავალს“, საკუთარი უმოქმედობისა და გულარხეინობის გამართლებას არა პირად ქმედებებში, არამედ იეთიმ გურჯისეულ ფრაზაში პოულობენ: ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია!
ასეთ პირობებში, პოლიტიკური ცვლილებების კლასიკური მაგალითები არა მხოლოდ სხვა ქვეყნების, არამედ საქართველოს უახლეს ისტორიაშიც მრავლად გვაქვს. სამოქალაქო ომი, „ვარდების რევოლუცია“, „ცოცხების ევოლუცია“! ყოველი პოლიტიკური სეთურიზმი საქართველოში მნიშვნელოვანი ეიფორიით და შემდგომი ფიასკოთი სრულდება. ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობა ყოველ შემდგომ ხელისუფლებას სეთურიზმის მოდიფიცირების უფლებას აძლევს და არ მოითხოვს მის ნგრევას.
რა განაპირობებს ქართველი ხალხის, ვგულისხმობ, საქართველოს მოსახლეობის _ სეთურიზმთან შემგუებლობას და რატომ გახდა მისთვის აუცილებელი მხოლოდ პოლიტიკური აქტივობა უკიდურესობების გამოვლინებით და რატომ არ აძლევს უფლებას ხელისუფლებებს, სახელმწიფოს ნაცვლად სწორედ მას ჰქონდეს მონოპოლია კანონიერ ძალადობაზე? ეს კითხვები სიღრმისეულ პასუხს მოითხოვს.
ერთი რამ ცხადია: სეთურიზმს შეგუებული ქართული საზოგადოება იმედებს უკავშირებს ახალ სეთურს _ ბელადს და გამოსავალს არსებული ფორმულიდან, _ თუ არ ემორჩილები, წაგართმევენ ყველაფერს, თუ ემორჩილები, მოგცემენ მცირედს, _ პოლიტიკურ ცვლილებებში ხედავს და არა სხვა ქმედებებში, რაც ხელისუფლებებს აიძულებს, მოსახლეობასთან გაფორმებული კონტრაქტი პირნათლად შეასრულოს და საკუთარ თავს კანონიერ ძალადობაზე მონოპოლიის უფლება არ მისცეს.
ქართველი ხალხი ჯერ ვერ მივიდა იმ დონემდე, რომ თავისი სოციალური ინტერესები დაიცვას. ვერ ახერხებს საკუთარი ინტერესების დასაცავად დარაზმვას. სწორედ ეს გარემოება არის ხელისუფლებების თავნებობისა და არსებული სეთურიზმის ერთ-ერთი მიზეზი. ზოგადად, სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი ფაქტორი თავისუფალი სასამართლოა, რომელიც ქართულ სინამდვილეში ნამდვილად არ არის კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის გარანტორი. ამ პირობებში, როდესაც ხელისუფლებები ხედავენ, რომ ხალხი არც სამართლიანი და თავისუფალი სასამართლოს არსებობისთვის იბრძვის და არც საკუთარი სოციალური გარანტიების დასაცავად, მას უჩნდება უკიდეგანო თავნებობისა, კანონიერი და უკანონო ძალადობის მონოპოლიის განცდა, რომლის რეალიზებას ან ერთბაშად, ან ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენს.
ამიტომაც ქართველი ხალხის უცნაურობა, პერმანენტულად არ დაიცვას საკუთარი ინტერესები და არ იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად, არ დაუპირისპირდეს ხელისუფლების კანონიერ თუ უკანონო ძალადობას, ნებისმიერი მთავრობის, მმართველი უმრავლესობის წისქვილზე ასხამს წყალს.
დღევანდელ ხელისუფლებას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ იმდენად მოახდინა სამართლიანობის განცდის იდეის ნიველირება „სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსვლით და სხვადასხვა სახის სამართლიანობის უგულებელყოფით (სოციალური სამართალისა თუ სისხლის სამართლისა და სხვა სამართლის), რომ ამავე მოთხოვნებით ქუჩაში არავინ გამოვა. რაც შეეხება სოციალურ პროტესტს, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ასეთი რამ საქართველოში მოსალოდნელი არ არის.
სახელმწიფოსთან საკუთარი თავის მაიდენტიფიცირებელ საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს სოციალური, ან სამართლიანობის მოთხოვნებით დარაზმავს.
რატომ ახალისებს ხალხი სეთურიზმს? საქართველოში ადამიანები ფიქრობენ, რომ ის პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ, სხვებსაც აწუხებთ და ეს საერთო გაჭირვებაა. შესაბამისად, „მარტო მე ხომ არ მიჭირს“ არ ხდება მაკონსოლიდირებელი ფაქტორი. არადა, სწორედ ამან უნდა გააერთიანოს თუნდაც სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები, საკუთარი და საერთო ინტერესების დასაცავად. ამიტომაც გულარხეინობს ხელისუფლება, რომ მან დაბეჯითებით იცის, ქართველი ობივატელი, იმის გამო, რომ შია, სწყურია, ვალი აქვს, ვერ ახერხებს ვალდებულებების მომსახურებას _ ქუჩაში არ გამოვა და თავნებობს. ამიტომაც მოძალადე ხელისუფლება სახელმწიფოს სახელით ზრდის გადასახადებს, ხელს უწყობს მონოპოლისტებს თანამოქალაქეების დაბეჩავებაში.
ამ პირობებში, როდესაც ხალხი ეგუება სეთურიზმს და ცხოვრობს შიშით, _ ხმას თუ ამოვიღებ, წამართმევენ იმას, რაც მაქვს _ ცდილობს, მოერგოს ვითარებას, არის ჩუმად, ახალისებს სეთურიზმს, რათა მინიმუმი მაინც წაჰგლიჯოს სისტემას. მაგრამ ამას ძალიან ცოტანი ახერხებენ და ისიც ლოკალურ დროში.

***
საქართველოში გამეფებული სოციალურ-პოლიტიკური წყობა _ სეთურიზმი, სულაც არ არის ხელისუფლების გულარხეინობისა და სიმშვიდის გარანტია. ეს იმის მიუხედავად, რაოდენ კომფორტულადაც არ უნდა გრძნობდეს ხელისუფლება თავს.
საქართველოს განვლილი ისტორიის გათვალისწინებით, ვგულისხმობ სეთურიზმის სხვადასხვა სისტემის ცვლილებებს სხვადასხვა ისტორიულ ეტაპებზე, ცხადია, რომ მოსახლეობა საკუთარი პროტესტის აკუმულირებას ახდენს და თუ კონკრეტულ ვითარებაში ეშინია ან/და ერიდება, დაიცვას პირადი ინტერესები გაზრდილი გადასახადების, გაძვირებული ცხოვრების, სოციალური სიდუხჭირის, უსამართლობის გამო, ეს პროტესტი აუცილებლად ამოხეთქავს შესაფერის სიტუაციაში. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან იმპულსურია და არათუ ქართული სახელმწიფოსთვის, არამედ გლობალური ცვლილებების ფუძემდებელი და მაგალითის მიმცემიც შესაძლოა გახდეს. გაიხსენეთ გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარი; გაიხსენეთ შევარდნაძის ხელისუფლების ბოლო წლები; გაიხსენეთ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი და 2012-იც. საქართველოს მოსახლეობის იმპულსურობის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ცვლილებების სურვილით სეთურიზმის ცალკეული გამოვლინებების დამმხობი ხალხი შემდგომ კვალავ ინდიფერენტიზმის საბანში ეხვევა და სოციალურ-პოლიტიკურ საღათას ძილს მიეცემა ხოლმე.
ისე, დღევანელი სეთურიზმის მმართველებს მიაჩნიათ, რომ 2012 წელს მათ გაიმარჯვეს „ცოცხების ევოლუციაში“. სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების უდიდესი შეცდომა, როდესაც საკუთარი თავი მიაჩნია გამარჯვებულად. არა! მაშინ _ 2012-ში, სააკაშვილის სეთურიზმი დამარცხდა. და ეს ორი სხვადასხვა რამეა. მაშინ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა საჭირო დროს საჭირო ადგილას.

***
დღეს, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ყველაფერია მოსალოდნელი. რეპეტიციები გავლილია, თუნდაც, „ბირჟა მაფიის“ საქმეზე რეაქცია, ნარკოტიკების მოხმარების ლიბერალიზაციის გამო ახალგაზრდების კონსოლიდაცია, ხელისუფლების ცალკეული ჩქმეტები საკმაოდ დამაფიქრებელი უნდა იყოს დღევანდელი სეთურიზმის იდეოლოგებისა და დიდი თუ პატარა ბელადებისთვის.
სეთურიზმი _ ხელისუფლების თვითკმაყოფილი პოზა და არაადეკვატურობა უამრავ საკითხში, რეალურად ის დენთის კასრია, რომელზედაც მთავრობა ზის და ვერ გრძნობს, რომ ფითილს ცეცხლი უკიდია. საკმარისია, ერთი გულუბრყვილო შეცდომაც კი და საზოგადოება აუცილებლად გამოვა ქუჩაში. რა შეიძლება ეს შეცდომა იყოს, ამაზე კონკრეტული საუბარი შეუძლებელია, მით უფრო, იმპულსური საზოგადოების პირობებში. შესაძლოა, ვივარაუდოთ: რუსეთის მიმართ დათმობა; სახელმწიფოს ინტერესების საზიანო ნაბიჯი; ერთი პირის წინააღმდეგ ჩადენილი „უწყინარი“ გადაცდომა ან/და დანაშაული და ა. შ.
არსებული ვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხალხი ისეთ საბაბს თუ მიზეზს ელოდება, რომელსაც პოლიტიკურ კლიშეს ვერავინ მიაკრავს. მიზეზს, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს. ასეთ შემთხვევაში ქუჩაში აპოლიტიკური საზოგადოებაც კი გამოვა. ვიმეორებ, რა იქნება ეს გამაერთიანებელი ფაქტორი _ საბაბი, მიზეზი, ზუსტად ამის თქმა შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს საერთო ეროვნული იდეა არ გააჩნია.
დაბოლოს, დიახ, „სახელმწიფო“ უფრო მეტია, ვიდრე „მთავრობა“ და სულაც არ არის აუცილებელი, თუმცა რა თქმა უნდა, სასურველია, ხალხი ამას ათვითცნობიერებდეს. უბრალოდ, ყოველ ჯერზე, როდესაც ხალხი სეთურიზმს უპირისპირდება და ამარცხებს _ რევოლუციით თუ ევოლუციით, ის სახელმწიფოს ინტერესს იცავს. ამიტომაც ნუ იქნება ხელისუფლება იმდენად გულუბრყვილო, რომ თუნდაც ერთი წამით დაუშვას, _ საბოლოოდ ხალხი მას არასოდეს დაიცავს. ის, რაც სეთურიზმის პირობებში ხდება და მას თანადგომად ან მხარდაჭერად მიაჩნია, უფრო კონფორმიზმი და არსებულის დაკარგვის შიშია.
ბოლოს? ბოლოს ხალხი მიდის იმაზე, რომ დაკარგოს არსებული კომფორტი უფრო ღირსეული კომფორტისთვის, რომელიც მას სახელმწიფომ უნდა შეუქმნას.

გოჩა მირცხულავა