ნარკოპოლიტიკა და დეკრიმინალიზაცია

ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ 2018 წელს ქართულ საზოგადოებაში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი ნარკოპოლიტიკა იქნება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია.

ვნებათაღელვა ამ მიმართულებით გასულ წელს დაიწყო, როცა არასამთავრობო სექტორში გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა ხმამაღლა მოითხოვეს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია. მათ მხარი აუბა საკონსტიტუციო სასამართლომაც და შედეგად მივიღეთ თემა, რომელც ყველა ოჯახში განხილვის საგანი გახდა.
თავიდანვე ძალიან მკაფიოდ უნდა განვმარტოთ, რომ საუბარია მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე და არა ლეგალიზაციაზე. ამ ორი ცნების აღრევით დღეს ძალიან ბევრი სპეკულირებს. არადა, მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება არსებობს. მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის, ანუ ე. წ. პლანის მოწევისთვის ადამიანს ციხეში აღარ ჩასვამენ. ლეგალიზაცია კი ნიშნავს იმას, რომ მარიხუანა და მისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი ლეგალურად იყიდებოდეს მაღაზიაში.
ასევე მკაფიოდ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკები. ამითაც ხშირად სპეკულირებენ ხოლმე. მსუბუქი ნარკოტიკი ესაა მარიხუანა, ანუ იგივე პლანი, რომელსაც ეწევიან ან სხვადასხვა კერძში, მაგალითად, ნამცხვარში, ან რძეში ურევენ და ისე მოიხმარენ. მსუბუქი ნარკოტიკების კატეგორიაში გადის ასევე სპეციალური ჯიშის სოკო, რომელსაც მარიხუანის მსგავსი გამაბრუებელი ეფექტი ახასიათებს. მაგალითად, რაჭაში ასეთ სოკოს, რომელიც იშვიათად გამოერევა ხოლმე ჩვეულებრივ სოკოებში, „მაგიჟობელა სოკოს“ უწოდებენ. სხვათა შორის, ნარკოტიკი ბერძნული სიტყვაა და სწორედ გამაბრუებელს ნიშნავს. რაც შეეხება მძიმე ნარკოტიკებს, მათი ჩამონათვალი ვრცელია და ადამიანის ორგანიზმზე გაცილებით სერიოზულ დამაზიანებელ გავლენას ახდენს.
მთავარი, რისთვისაც ამდენი მსჯელობაა ქვეყანაში, არის იმის გარკვევა, უნდა ჩავსვათ თუ არა ციხეში ნარკოტიკების მომხმარებელი? ანუ ადამიანი, რომელიც მოწევს მარიხუანას, დღემდე პატიმრობით ისჯება. დღეს ყოველი მესამე პატიმარი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იხდის საჯელს!!! ნორმალურია თუ არა ეს? არის თუ არა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ეს მეთოდი ეფექტიანი? შემცირდა თუ არა ასეთი უკიდურესი მეთოდების გამოყენების შედეგად ნარკომანების რაოდენობა საქართველოში? _ არა! მომხმარებლების ციხეში ჩასმამ პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც: ნარკომანთა რაოდენობა მხოლოდ იზრდება და არა პირიქით. ანუ უნდა ვაღიაროთ, რომ ნარკოპოლიტიკა, რომელსაც წლებია, ვატარებთ, უშედეგო და არაფრის მომცემია, ე. ი. ის უნდა შევცვალოთ.
მომხმარებლების ციხეში ჩასმამ არათუ ნარკომანიის პრობლემა ვერ მოაგვარა, ახალი, უფრო საშინელი პრობლემები გააჩინა. ნარკოტიკი გახდა ადამიანების დაკავებისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის მთავარი საშუალება. ძალოვნების მიერ ნარკოტიკების ჩადება და ადამიანების ასეთი ფორმით დაპატიმრება ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურობა გახდა. ამ მეთოდით უკვე წლებია, აკავებენ და აპატიმრებენ ყველას, ვინც ხელისუფლებისთვის მოუხელთებელია. ასე იჭერენ იმათ, რომელთაც ვერანაირ ბრალს ვერ უყენებენ. ნარკოტიკების ჩადებით იშორებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მიუღებელნი არიან პოლიტიკურად, სოციალურად, საზოგადოებრივად და ა. შ. ესაა ტრადიცია, რომელიც გამეფებულია ჩვენს და არა მარტო ჩვენს სამართალდამცველ სისტემაში. ამას გარდა, პატიმრობის სასჯელი მომხმარებლებისთვის მრავალი წელია, კორუფციისა და ფულის კეთების საშუალებაა სამართალდამცველ სისტემაში. ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი გატენილია იმ მუხლებით, რომლებიც მსუბუქი თუ მძიმე ნარკოტიკების, სხვადასხვა რაოდენობაზე სხვადასხვა სასჯელს ითვალისწინებს. ამ რაოდენობებით მანიპულირება უკიდეგანო რესურსს იძლევა ადამიანების ჯიბეების დასაცარიელებლად. რას არ გადაიხდის მშობელი იმისთვის, რომ მისი შვილი ერთი „პაპიროსი პლანის“ მოწევისთვის ციხეში არ მოხვდეს. შედეგად კი მივიღეთ ვითარება, როცა ნარკოინდუსტრიას ახალი, არანაკლებ საშიში, ნარკომანიასთან ვითომ ბრძოლის ინდუსტრია დავუმატეთ და ვითარება ამ საშინელ სენთან დაკავშირებით ერთიასად დავამძიმეთ. ასეთი დრაკონული კანონმდებლობის წყალობით მივიღეთ ჭაობი, რომლიდანაც ამოსვლა კი გვინდა, მაგრამ ისე ღრმად ვართ მასში ჩაფლობილნი, რომ ადგილიდან დაძვრაც კი ძალიან გვიჭირს.
ბუნებრივია, რომ ასეთ ჭაობში მხოლოდ საქართველო არაა. უამრავი ქვეყანა იმყოფება იგივე წუმპეში და ვერ პოულობს ძალებს, თავი დააღწიოს ამ მოჯადოებულ წრეს. ჯერ კიდევ რვა წლის წინათ გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლოს თითქმის ყველა ლიდერს სარეკომენდაციო წერილი დაუგზავნა. ეს წერილი საქართველოს მთავრობამაც მიიღო. მასში საუბარი იყო იმაზე, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არცერთ ქვეყანაში შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა. როგორაც არ გაამკაცრეს ქვეყნებმა ნარკოპოლიტიკა, შედეგი საპირისპირო დადგა. ნარკომანია კი არ დამარცხდა, არამედ კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. გაერო და მისი გენერალური მდივანი რეკომენდაციით მიმართავდა პოლიტიკურ ლიდერებს, გადაეხედათ ნარკოპოლიტიკისთვის და გაეთვალისწინებინათ ის წარმატებული შედეგები, რომელსაც ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომ მიაღწია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზით. „ნათელია, _ წერდა პან გი მუნი, _ რომ მსუბუქი ნარკოტიკის, ანუ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია გაცილებით ეფექტიანი აღმოჩნდა ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანების ციხეში ჩასმა“. ვერ გეტყვით, რა გავლენა მოახდინა გაეროს გენერალური მდივნის რეკომენდაციამ სხვა სახელმწიფოების მთავრობებზე, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, როგორც დავინახეთ, ეს რეკომენდაცია ერთ ყურში შეუშვეს და მეორიდან გამოუშვეს. მეტიც: ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ნაცვლად ახალ-ახალი მძიმე მუხლები დაამატეს სისხლის სამართლის კოდექსს.
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით არც ახალ ხელისუფლებას მოუკლავს თავი. რეკომენდაციების მიმართ წლების განმავლობაში ისინც ყრუნი და ბრმანი იყვნენ. მაგალითისთვის: 2014 წლის 24 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. მასში ღიად და ყოველგვარი შელამაზების გარეშე ეწერა, რომ ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაცია და ნულოვანი ტოლეტანტობის პრიციპი საპროცესო შეთანხმების დროს გამოიყენება თანხის გამოძალვის მიზნით. გაეროს კომიტეტი დასკვნაში მოითხოვდა, რომ სასწრაფოდ დაწყებულიყო რეფორმა, რომელიც შეცვლიდა ამ დანაშაულებრივ საპროცესო შეთანხმებების პრაქტიკას და გააუქმებდა ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკას. კომიტეტი საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებდა, ნარკოტიკების მომხმარებლებთან მიმართებით ადამიანის უფლელბებზე დამყარებული მიდგომა გამოეყენებინა, უზრუნველეყო მათთვის ჯანდაცვა, ფსიქოლოგიური დახმარება და სარეაბილიტაციო სერვისები. თუმცა, როგორც ხედავთ, ამ დასკვნამაც ჩაგვიქროლა და საქართველოში ციხე დღემდე მომხმარებლებითაა სავსე.
იმისთვის, რომ ქვეყანაში ნარკომანიასთან ბრძოლას რეალური შედეგი ჰქონდეს, ამ ქვეყნის საზოგადოებამ გაცილებით მეტი უნდა იცოდეს აღნიშნული პრობლემის შესახებ. დღესდღეობით ადამიანები ჩვენს ქვეყანაში იმდენად მწირ ინფორმაციას ფლობენ ნარკომანიასთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რომ ძალიან ხშირად ყველაფერს ერთ ქვაბში ხარშავენ, რაც თავშივე დიდ გაუგებრობებსა და დაბნეულობას იწვევს. მაგალითისთვის: ჩვენი საზოგადოების აბსულუტურმა უმრავლესობამ არ იცის, რა განსხვავებაა მძიმე და შედარებით მსუბუქ ნარკოტიკს შორის? რომელი ნარკოტიკია მომაკვდინებელი და რომელი ნაკლებ მავნებელი? ანდა საიდან უნდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა ამის შესახებ, როცა მათ ინფორმაციას არავინ აწვდის? ნარკომანია საქართველოში ხომ ოდითგანვე დემონიზებული თემა იყო, რაზეც ღიად საუბარი ყოველთვის იკრძალებოდა და შედეგად მივიღეთ ისეთი მდგომარეობა, როცა მოსახლეობის უმრავლესობა ნარკომანიის ურთულეს პრობლემასთან დაკავშირებით მხოლოდ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებით ხელმძღვანელობს. ხშირად გაიგონებთ გამონათქვამს, რომ ყველა ნარკოტიკი ერთნაირად მავნეა და რომ ნებისმიერი მათგანი მომავალ თაობებს გაქრობით ემუქრება. რა თქმა უნდა, ყველაზე მსუბუქი ნარკოტიკის დიდი რაოდენობით მოხმარებაც აზიანებს ადამიანს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ზედმეტი საერთოდ არაფერი ვარგა. ყველაზე ჯანმრთელი პროდუქტიც კი უზომო რაოდენობით საშიშია ორგანიზმისთვის.
ცოტა მეტი ინფორმაცია და ყველას გაცილებით გაგვიადვილდება დასკვნების გაკეთებაც და ნარკომანიისგან წრმოქმნილ პრობლემებთან გამკლავებაც. არსებობს უამრავი ავტორიტეტული კვლევა, რომელთა მეშვეობითაც მეცნიერთა არაერთმა ჯგუფმა შეისწავლა ყველაზე საშიში ნარკოტიკები. მათ ეს ნარკოტიკები იმის მიხედვით დაახარისხეს, თუ რა ზიანს აყენებს ის მომხმარებელს, გარშემომყოფთ და რა სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი ახასიათებთ. როგორც გაირკვა, პირველ ადგილს მყარად იკავებს და ლიდერობას არავის უთმობს ალკოჰოლი! იგი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის. ვერც ერთი ნარკოტიკი ვერ შეედრება იმ ზიანს, რომელსაც ალკოჰოლი აყენებს მის მომხმარებელსაც და გარშემომყოფებსაც. ალკოჰოლის შემდეგ მოდის ისეთი მძიმე ნარკოტიკული საშუალებები, როგორებიცაა ჰეროინი, კრეგი და კოკაინი.
ამავე კვლევებმა ცხადყო, რომ თამბაქო გაცილებით საშიში და მავნებელი ყოფილა, ვიდრე, მაგალითად, ამფეტამინი, სტეროიდები, ე. წ. კლუბური ნარკოტიკები ელესდე და ექსტაზი. მარიხუანა და სოკოები კი, იმავე თამბაქოსთან შედარებით, საბავშვო გასართობად გამოიყურება.
იმ ქვეყნებში და იმ საზოგადოებებში, სადაც სტერეოტიპებით აზროვნებას ურჩევნიათ, კვლევები ატარონ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან, დიდი ხანია, მარიხუანა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ნარკოტიკადაა აღიარებული, რომელიც დიდად არც სხვებს უქმნის საფრთხეს და არც _ მომხმარებელს. ერთადერთი საფრთხე, რომელსაც მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს, არის ყურადღების მოდუნება მანქანის მართვისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოძრაობისას, გზაზე გადასვლისას და ა. შ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დროა, ვიცოდეთ, რომ ლეგალური ნარკოტიკები, ალკოჰოლი და თამბაქო, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, თან საკმაოდ დიდი რაოდენობით, გაცილებით საშიში და მავნებელია მომხმარებლისთვისაც და გაშემო მყოფებისთვისაც, ვიდრე ის ნარკოტიკები, რომლებსაც არალეგალურს ვუწოდებთ და რომელთა მოხმარებისთვისაც ადამიანებს ციხეში ვალპობთ.
საინტერესოა, ალბათ, იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ჩვენთვის ესოდენ საშიში ნაბიჯი გადადგეს და ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, ზოგმა კი მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციაც კი გამოაცხადა. მათ გამოცდილებას თუ კარგად დავაკვირდებით, მარტივად გავიგებთ, მართალია თუ არა ჩვენი შფოთვები იმასთან დაკავშირებით, რომ დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ნარკომანების რაოდენობა ერთიორად გაიზრდება. ჯერჯერობით მსოფლიო პრაქტიკა საპირისპიროს ამტკიცებს. დეკრიმინალიზაცია ნარკომანიის მასშტაბს ამცირებს. დღესდღეობით ამის უამრავი მაგალითი არსებობს, მათი მხოლოდ დანახვა და ქართულ რეალობასთან ადაპტირებაა საჭირო. თუ დავაკვირდებით, ყველა ქვეყანამ დეკრიმინალიზაციის პროცესში თავისი ინდივიდუალური მიდგომები შეიმუშავა, ანუ რეფორმა საკუთარ საზოგადოებას მოარგო.
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მხრივ ძალიან საინტერესო მაგალითია ჩეხეთი, სადაც 2013 წლიდან მოყოლებული 15 გრამამდე მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია. ასევე დაშვებულია სამედიცინო მიზნებისთვის მისი რეალიზება. მარიხუანის უნებართვოდ მოყვანა ჩეხეთში აკრძალულია, თუმცა ლიცენზიის ქონის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, 5 ბუჩქი მარიხუანა მოიყვანოს.
სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია კვიპროსში; ასეთივე კანონმდებლობა მოქმედებს ხორვატიაში; ასევე მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის მოხმარებაა ნებადართული რუმინეთსა და იტალიაში; ასეთი პრაქტიკა დღეს უკვე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გვხვდება.
მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის მოხმარება თავისთავად უკვე ძალიან საინტერესო ფაქტია, რომელსაც ნამდვილად სჭირდება მეტი ყურადღება და მეტი განათლება. ყველანი ვხედავთ, რომ მარიხუანა, რომლის მოხმარებისთვისაც საქართველოში ადამიანებს ციხეში ვსვამთ, მთელ მსოფლიოში სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება. ანუ მცენარე, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ გვყავს გამოცხადებული, თურმე, უამრავი ძნელად განკურნებადი დაავადების უებარი წამალია. ასეულობით კვლევამ დაადასტურა, რომ ნევროზული და კიდევ უამრავი სხვა დაავადების მკრნალობისას მარიხუანაში შემავალ ნივთიერება კანაბისს ბადალი არ ჰყავს.
იქნებ, შევეცადოთ და გავიხსენოთ, როდის შეგვხვდა ბოლოს აფთიაქში არაყი ან თამბაქო? მარიხუანას კი უკვე მრავალი წელია, ექიმები სამკურნალოდ უნიშნავენ პაციენტებს და ის უამრავ ქვეყანაში რეცეპტით იყიდება აფთიაქში. მარიხუანის სამკურნალო თვისებები ნამდვილად წარმოადგენს იმის წინაპირობას, რომ ამ მცენარესთან დაკავშირებული ბევრი სტერეოტიპი სამუდამოდ დავივიწყოთ.
გერმანიაში ნაკოპოლიტიკა კიდევ უფრო ლიბერალურია, აქ მარიხუანის მოხმარება, გაყიდვა, მოყვანა და ტარება იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ სპეციალური ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვას ფლობ. ესპანელებმა კი ძალიან საინტერესო პრაქტიკას მიაგნეს: მათ მარიხუანის ლეგალიზება მოახდინეს, ოღონდ კანონის მკაცრი მოთხოვნა შემოიღეს, რომ მარიხუანა დაშვებულია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის და ისიც, მხოლოდ და მხოლოდ, სახლში. მისი გაყიდვა აკრძალულია, სამაგიეროდ, ადამიანს შეუძლია, მარიხუანის 6 ძირი მოიყვანოს.
თუ დავაკვირდებით, იქ, სადაც დეკრიმინალიზაცია მოქმედებს და ადამიანებს მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის არ სდევნიან, ნებადართულია ასევე გარკვეული რაოდენობით, 5-6 ძირი მარიხუანის მოყვანაც. ეს დეკრიმინალიზაციის უმნიშვნელოვანესი დეტალია. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფოს ეფექტიანად ებრძოლოს მარიხუანის არალეგალურ რეალიზაციას ქვეყანაში.
საქართველოში ამას ჯერ ვერ ხვდებიან. დიდია ალბათობა იმისა, რომ მომავალში ჩვენთან ისეთი დეკრიმინალიზაცია განხორციელდეს, როდესაც მარიხუანის გარკვეული დოზის ქონა კრიმინალი აღარ იქნება, მაგრამ მისი მოპოვების ყველანაირი საშუალება, ანუ შეძენა და მოყვანა დასჯადი იქნება. იქნებ, ვინმემ აგვიხსნას, რანაირი დეკრიმინალიზაციაა, როცა იმის მოპოვება ან მოყვანა, რაც ნებადართულია, მაინც კრიმინალია? ამიტომაცაა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილების კარგად შესწავლა და ქართულ რეალობაზე მისი მორგება.
ამ მხრივ უნიკალური მაგალითია პორტუგალია, რომელიც 2001 წლისთვის ნარკომანიის გავრცელებისა და ამის გამო სიკვდილიანობით დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი „მოწინავე“ ქვეყანა იყო. 1990-2001 წლებში პორტუგალიაში, მთელი ევროპის მასშტაბით, ყველაზე მეტი ნარკომანი ცხოვრობდა. ზედოზირებით სიკვდილიანობის მხრივაც პორტუგალია პირველ ადგილზე იდგა. პორტუგალია ასევე ლიდერი იყო შიდსით დაავადებულთა რაოდენობის მხრივაც. ათმილიონიან პორტუგალიაში, ყოველწლიურად, აივ ინფექციის 2000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. მოსახლეობის 3.5%, ანუ 350 ათასი ადამიანი, ჰეროინდამოკიდებული იყო. ლისაბონი სამხრეთ ამერიკული კოკაინის, ახლო აღმოსავლური ჰეროინისა და აფრიკული ჰაშიშის მთავარი სატრანზიტო ხაზი იყო. ამ პერიოდში პორტუგალიაში ერთადერთი ნარკოპოლიტიკა არსებობდა _ მკაცრი კანონმდებლობა, მომხმარებლების დაჭერები და ნულოვანი ტოლერანტობა. ანუ საკანონმდებლო ბაზა პორტუგალიაში, დაახლოებით, ისეთივე იყო, როგორიც დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში.
ყველაფერი 2001 წელს შეიცვალა. პორტუგალიელები სტერეოტიპებით აზროვნებას შეეშვნენ და ქვეყნის გადარჩენაზე დაიწყეს ფიქრი. მათ აამოქმედეს ისეთი დეკრიმინალიზაცია, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის პირად მოხმარებას შეეხო.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საუბარია დეკრიმინალიზაციაზე და არა ლეგალიზაციაზე. პორტუგალიაში ჰეროინსა და კოკაინს მაღაზიაში ვერ იყიდით, მხოლოდ მისი პირადი მოხმარების მიზნით ქონა არ იკრძალება. ნარკოპოლიტიკის ასეთმა ლიბერალიზაციამ, სულ რაღაც, 15 წელიწადში სასწაულები მოახდინა და ამაზე პორტუგალიური სტატისტიკა მეტყველებს.
მაგალითისთვის: თუ 2001 წელს პორტუგალიაში ზედოზირებით ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2016-ში ასეთი სულ 6 შემთხვევა დაფიქსირდა; თუ 2001 წელს პორტუგალიაში 1500 ადამიანი დაიღუპა შიდსით, 2016-ში ეს რიცხვი 30-ს არ აღემატებოდა. 15 წელიწადში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა. დეკრიმინალიზაციის შემდეგ 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების მოხმარება წლიდან წლამდე სტაბილურად იკლებს.
თუ პორტუგალიის მაგალითს კარგად დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ასეთი ფანტასტიკური შედეგები მხოლოდ ყველას სახის ნარკოტიკის პირადი მოხმარების მიზნით დაშვებას არ გამოუწვევია. პორტუგალიელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მომხმარებელთა დახმარებაზე და მათთვის რეაბილიტაციის უამრავი საშუალების შეთავაზებაზე. როგრც კი ნარკოდამოკიდებული ჯანდაცვის სისტემის ზრუნვისა და არა პოლიციის მხრიდან დევნის ობიექტი აღმოჩნდა, ყველაფერი გამოსწორების გზით წავიდა.
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით დღეს უკვე თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეკრიმინალიზაციასა და სწორ ნარკოპოლიტიკას შედეგად მოჰყვება:
1. ნარკოტიკების მომხმარებლების კლება;
2. ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობის კლება;
3. ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული კრიმინალის კლება;
4. ადამიანებზე ზეწოლისა და მათი უფლებების დარღვევის კლება.
და ყოველივე ამის ფონზე შევხედოთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უკვე დიდი ხანია, ნარკოტიკული უფსკრულის პირას დგას! პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს ეჯიბრებიან თემით სპეკულაციაში. ერთნი საყოველთაო ლეგალიზაციას ითხოვენ და ყურადღების მისაქცევად პირდაპირ ეთერში მასკარადებს დგამენ იმ იმედით, რომ მარიხუანის ყველა მოყვარული შემდგომ არჩევნებზე მათ მისცემს ხმას.
მეორე ნაწილი ჩვენი პოლიტიკოსებისა მარიხუანის მომხმარებელი ახალგაზრდების მშობლების ემოციებზე თამაშობს და იმ გამეფებული სტერეოტიპით სპეკულირებს, ყველანაირი ნარკოტიკი ერთნაირი რომაა და ყველა მათგანი მომავალ თაობებს განადგურებას რომ უქადის.
ტრადიციულად, სრულ დაბნეულობაშია ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც არც ცოდნა, არც კომპეტენცია და, რაც მთავარია, არც პოლიტიკური ნება ჰყოფნის იმისთვის, რომ რეალური და შედეგზე ორიენტირებული დეკრიმინალიზაცია გაატაროს. რომ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მარიხუანის მომხმარებლის ციხეში ჩასმა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა, ხელისუფლებაში თითსაც არ გაანძრევდნენ ამ მიმართულებით. რაღა შორს წავიდეთ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, „დიდი“ კონსერვატორი ზვიად ძიძიგური დღესაც ისევ იმ ჩვენებას აწვება, რომ მომხმარებლები ციხეში უნდა ლპებოდნენ, სხვაგვარად, თურმე, ჩვენი შვილების თაობა უახლოეს მომავალში კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. როგორც ჩანს, ძიძიგურს კონსერვატორობა ნებისმიერი, მათ შორის, დამღუპველი ტრადიციების შენარჩუნება ჰგონია.
როგორაც არ უნდა ფიქრობდნენ ხელისუფლებაში, როგორც არ უნდა ფიქრობდნენ ოპოზიციაში, რასაც არ უნდა ფიქრობდნენ მემარჯვენეები, მემარცხენეები, კონსერვატორები თუ ლიბერალები, ფაქტი ერთია, _ ქვეყანაში დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია. მომხმარებლების ციხეში ჩასმა უნდა დასრულდეს! ამ საღ აზრს ემხრობა დღეს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. ამ პოზიციას იზიარებს და სწორედ ამ მიმართულებით საზოგადოებაში მსჯელობას უჭერს მხარს საპატრიარქოც. ერისა და ბერის ასეთი ერთსულოვნება კი ნამდვილად აჩენს იმის იმედს, მალე სტერეოტიპები კი არა, საღი, სახელმწიფოებრივი აზროვნება გაიმარჯვებს და ჭაობს, რომელშიც უკვე ამდენი წელია, ჩაფლულნი ვართ, ბოლოს და ბოლოს, თავს დავაღწევთ.

დემნა ვეშაპიძე