შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სუს-ის გენინსპექციების დარღვევები

სახალხო დამცველის სკანდალური ანგარიში

სულ რაღაც ორი თვის წინათ, როდესაც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იყო, „ქრონიკა+“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მას არ დაუმალავს ის ფაქტი, რომ სამართალდამცველი უწყებები მას და მის აპარატს გარკვეული სახის შეზღუდვებს უწესებდნენ იმის გამო, რომ სახალხო დამცველი მათთვის არადამაკმაყოფილებელ ანგარიშებს წერდა. ბატონ უჩას არც ის დაუმალავს, რომ ომბუდსმენის აპარატი ავარიულ შენობაში სწორედ ამ ანგარიშების გამო იმყოფებოდა.

როდესაც ნანუაშვილს მაშინ ეს ანგარიშები მოვთხოვეთ, მან თავაზიანად გაგვიღიმა. ამჯერად კი „ქრონიკა+“ სწორედ ამ სკანდალურ ანგარიშებს გთავაზობთ, რომელიც სამართალდამცველ უწყებებს ეხება. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ახალი სახალხო დამცველის, ანი ნაცვლიშვილის წვლილი, რომელმაც ისინი არ დამალა.
საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სამართალდამცველი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ობიექტური და ეფექტიანი გამოძიების მონიტორინგი იყო. 2014 წლიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციაა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელიც დანაშაულის ობიექტური გამოძიებით და დაუსჯელობის აღმოფხვრით მოემსახურება საზოგადოებაში სამართალდამცველი სისტემების მიმართ ნდობის ამაღლებას.
დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნის საჭიროება დღემდე იმითაა განპირობებული, რომ ამ უწყებების მხრიდან უფლებადარღვევის ფაქტებზე ინდივიდთა საჩივრები კვლავ ფიქსირდება და დამნაშავე პირთა გამოვლენისა და დასჯის მაჩვენებელი თითქმის ნულს უტოლდება.
შესწავლილ საქმეებში იგულისხმება უწყებებიდან მოწოდებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები, იმ პრეტენზიების საფუძველზე, რომლებიც უწყებათა თანამშრომლების მიმართ სხვადასხვა დროს შეიტანეს ცალკეულმა პირებმა, ადვოკატებმა თუ პატიმრებმა და ამ მასალების სრული ანალიზი. მონაცემების გამოთხოვის დროის მონაკვეთი აპარატმა თავად შეარჩია შემთხვევითობის პრინციპით. აპარატმა შეისწავლა უწყებების მიერ მოწოდებული სამსახურებრივი შემოწმების საქმეები:

1. სუს-ის გენინსპექციის მიერ 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე პერიოდში წარმოებული 12 საქმე;
2. სასჯელაღსრულების გენინსპექციის მიერ 2016 წლის აპრილში, მაისსა და ივნისში წარმოებული 108 საქმე;
3. შსს-ს გენინსპექციის მიერ 2016 წლის სექტემბერში, ნოემბერსა და 2017 წლის იანვარში წარმოებული 165 საქმე.
(ხსენებულ კვლევაში შევიდა ასევე შშს-ს გენინსპექციასთან დაკავშირებული ხუთი შემთხვევა, რომელიც მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე იქნა შესწავლილი).
აღსანიშნავია ასევე, რომ პროკურატურის გენინსპექციას 2016 წლის იანვრიდან 1-ლ ივნისამდე საჩივრებით მიმართეს 552 შემთხვევაში. 552-დან მხოლოდ ექვს საქმეზე დაიწყო შემოწმება. თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა პროკურატურიდან მოწოდებული ხუთი დასრულებული საქმე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენინსპექციაში მოქალაქეთა მომართვიანობა უკიდურესად დაბალია. მიმართვის შემთხვევაში კი შეისწავლიან იმ განცხადებებსაც, რომელიც არ შედის მათ უფლებამოსილებაში. შესწავლის შემდეგ მოქალაქეებს ეცნობება შემაჯამებელი პასუხი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის მიერ შემოწმების პროცესში სამხრე კამერები ან სხვა ვიდეოჩანაწერები, როგორც წესი, არ არის შესწავლილი, თუმცა რეაგირება საჩივარზე ხშირ შემთხვევაში სწრაფად ხდება და, ძირითადად, გამოიკითხება ყველა მონაწილე პირი. საკმაოდ სწრაფად რეაგირებს შსს-ს გენინსპექცია უფლებადარღვევის ფაქტებზე, რასაც ხელს უწყობს რეგიონული ოფისების არსებობა.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, არის ის, რომ არ იწყება სამსახურებრივი შემოწმება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და განცხადება იგზავნება პროკურატურაში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენინსპექციაში არის ადამიანური რესურსის დეფიციტი, რის გამოც დიდი დაგვიანებით ხდება რეაგირება, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე. ასევე, ხშირად არ ხდება შესაძლო დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება.
სამწუხაროდ, სტატისტიკა აჩვენებს, რომ, მაგალითად, გენინსპექციას არ ჰყოფნის ადამიანური რესურსი თითოეული განცხადების სიღრმისეულად შესასწავლად.
სუს-ის გენინსპექციას კი მხოლოდ ერთეული მოქალაქეები მიმართავენ.
შესწავლილი განცხადებებიდან აშკარაა, რომ მოქალაქეებს, ხშირ შემთხვევაში, არასწორი ინფორმაცია აქვთ გენინსპექციების საქმიანობის შესახებ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროკურატურის გენინსპექციაში შესული 552 განცხადებიდან 547-ზე მოკვლევის არდაწყება _ უცნობია! ეს კი პროკურატურის მიერ საკუთარი თანამშრომლების საქმიანობის კანონიერებისა და ეთიკის კონტროლის ნაკლოვანებაზე მიანიშნებს, რადგან ყველა განცხადებაში დაფიქსირებული პრეტენზიები უპასუხოდაა დატოვებული, მიუხედავად იმისა, რომ მან მიმართა პროკურატურის გენინსპექციას შესწავლისა და რეაგირებისთვის. რაც შეეხება პროკურატურის მიერ ომბუდსმენისთვის გადაცემულ 5 დასრულებულ საქმეს, ხუთივეს შემოწმებისას პროკურატურის გენინპსექციამ გადაცდომა დაასტურა მხოლოდ ერთ შემთხვევაში და ამ ერთშიც დისციპლინური პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრა.
მიუხედავად იმისა, რომ ხუთივე საქმის ანალიზით ტენდენციების გამოკვეთა შეუძლებელია, თუ როგორ ახორციელებს პროკურატურის გენინპექცია სხვა შემთხვევებშიც შემოწმებას, მაინც გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომელიც ყველა სხვა შემთხვევაშიც შესაძლოა დადგეს:
ერთ-ერთ საქმეში განმცხადებლის საჩივრის საფუძველზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები და გენინსპექციამ მთავარ პროკურორს დასაბუთებული რეკომენდაციით მიმართა, კონკრეტული პროკურორის მიმართ დისციპლინური სანქციის გამოყენების შესახებ. ეს საკითხი განიხილა პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინურ საკითხთა განმხილველმა საკონსულტაციო საბჭომ. საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, პროკურორის მიმართ დისციპლინური სახდელი არ იქნა გამოყენებული. ამავე დროს, საქმის მასალებში არ მოიპოვება დასაბუთება, საბჭოს მიერ დისციპლინური სანქციის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, რაც, ცალკეულ შემთხვევებში, თვითნებური შესაძლოა იყოს.
მოქალაქისთვის გაგზავნილი შემაჯამებელი ტიპის წერილობითი დოკუმენტი ხუთიდან არც ერთ საქმეში არ გვხვდება, რაც პრაქტიკის ხარვეზით არის განპირობებული.
უკვე ვთქვით, რომ სუს-ის გენინსპექციას მოქალაქეები, სხვა ორგანოებთან შედარებით, გაცილებით იშვიათად მიმართავენ. მიმართვიანობის სიმწირე ტენდენციების გამოკვეთის შესაძლებლობასაც არ ქმნის, თუმცა ამ ანალიზზე დაყრდნობით გარკვეული შეფასებები სახალხო დამცველის აპარატმა მაინც მოამზადა.
კერძოდ, 12 საქმის შემოწმების შედეგად გადაცდომა დადასტურდა 1 შემთხვევაში, რომელსაც მოჰყვა პირის დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში გადაცდომა არ დადასტურდა. 12-დან 7 შემთხვევაში საჩივარი ეხებოდა ისეთ საკითხებს, რაც არ განეკუთვნება გენინსპექციის კომპეტენციას. საჩივრებს შორის იყო ისეთიც, როდესაც მოქალაქის მიერ მითითებული პირი არ მუშაობდა სუს-ში. ამ საქმეთა შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სუს-ის გენინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას იწყებს და რიგ მოქმედებებს ახორციელებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც საჩივარი მას არ ეხება, მაგალითად, სამოქალაქო ტიპის დავას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ მოთხოვნილ პერიოდში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები სახალხო დამცველს რამდენიმე თვის დაგვიანებით გააცნო. შესაბამისად, ომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა 7 ინდივიდუალური საქმე, რომელიც სხვადასხვა პერიოდში მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე იყო გამოთხოვილი, ხოლო შემდგომ მოხდა გენინსპექციის მიერ წარმოდგენილი 165 საქმის თავად შსს-ს შენობაში შესწავლა.
ზემოაღნიშნულ 172 შემთხვევიდან (165 ადგილზე შესწავლილი და 7 ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე შესწავლილი საქმეების ჯამი) გადაცდომა დადასტურდა და მას დისციპლინური პასუხისმგებლობა მოჰყვა მხოლოდ 8 შემთხვევაში. ამათგან, ერთ შემთხვევაში გადაცდომა 2 პირის მიმართ დადასტურდა და შესაბამისად, 2 პირს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა. ჯამში, 100-ზე მეტი შემთხვევიდან, სულ, 9 პირს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა.
მეორე მნიშვნელოვანი ხარვეზია ის, რომ საქმისწარმოება წყდება, თუკი მომჩივანი პირი ვერ ახდენს პოლიციელის იდენტიფიცირებას. ეს პრობლემას წარმოადგენს იმ შემთხვევებში, როდესაც
გენინსპექციას თავად შეეძლო საჩივრის ადრესატის იდენტიფიკაცია (მაგ. მაშინ, როდესაც შემთხვევა მეტროს ტერიტორიაზე ხდებოდა). განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი საქმეები, როდესაც საქმეში არსებობს დარღვევის დამადასტურებელი ნეიტრალური
მტკიცებულება, მაგალითად, ვიდეოკამერის ჩანაწერის, ან სასამართლო გადაწყვეტილების სახით, თუმცა საქმისწარმოება წყდება იმის გამო, რომ, გაურკვეველი მიზეზით, „უფლების დარღვევამ დადასტურება ვერ ჰპოვა“.
შსს-თან დაკავშირბეით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გენინსპექციის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების დასაბუთება. საქმეებში არსებული შემაჯამებელი ტიპის დოკუმენტი,
როგორც წესი, მინიმალურ ინფორმაციას შეიცავს. საქმეებში არ გვხვდება მოქალაქეებისთვის ამ ინფორმაციის გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმოდგენილ მასალებში ზოგჯერ გაურკვეველია, თუ რაში გამოიხატა დარღვევა. შვიდი ინდივიდუალური საქმის შესწავლის შედეგად გაცილებით უფრო მძიმე სურათი გამოიკვეთა. ყველა ამ საქმეში, გენინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმება საგანგაშოდ არადამაკმაყოფილებელი ხარისხის იყო. რამდენიმე საქმეში ახსნა-განმარტება არ ჩამოერთვა თავად საჩივრის ავტორებს, რომლებიც სავარაუდო უფლებადარღვევაზე აცხადებდნენ. მოქალაქის განცხადების მიუხედავად, რომელიც შეეხებოდა ნარკოლოგიური
შემოწმების ცენტრში მისი უფლების დარღვევის ფაქტებს, არ მოხდა წერილობითი, ვიდეო ან სხვა ტიპის დოკუმენტაციის მოპოვება; სხვა შემთხვევაში, გამოიკითხა აღნიშნულ ცენტრში მყოფი მხოლოდ ერთი პირი. მოქალაქე აცხადებდა, რომ შსს-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის შენობის ეზოსა და შენობაში, სადაც, სავარაუდოდ, განთავსებულია ვიდეო სათვალთვალო კამერები, მის მიმართ განხორციელდა შეურაცხყოფა. მიუხედავად ამისა, არავითარი ღონისძიება არ განხორციელებულა ვიდეოჩანაწერის მოსაპოვებლად.
შესაბამისად, ამ საქმეებში გენინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმება ვერ ჩაითვლება სრულყოფილად. გარდა ამისა, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გენინსპექცია საქმეს აგზავნის პროკურატურაში და სამსახურებრივი შემოწმება მხოლოდ პროკურატურის მიერ საქმის უკან დაბრუნების შემდეგ იწყება, რაც პროცესს დროში აჭიანურებს და ამცირებს ობიექტური მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას.
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ გენინსპექციის მიერ შედგენილი დასკვნების დასაბუთების ხარისხი არის იმდენად დაბალი, რომ მათი კანონიერების შემოწმება შეუძლებელია და გამოსწორებას საჭიროებს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
გენინსპექციას, სხვა ორგანოებთან შედარებით, ყველაზე მეტი პირი მიმართავს. ცალკეულ პირთა, პატიმართა და ადვოკატთა მიმართვების მაღალი რიცხვიდან გამომდინარე, გენინსპექციას ადამიანური რესურსით გაძლიერება ესაჭიროება, რაც შეხვედრის დროს ამ უწყების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.
შესწავლილი 108 საქმიდან გადაცდომა დადასტურდა 6 შემთხვევაში. ამათგან, 1 შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ადრესატი იყო 2 პირი, შესაბამისად, მთლიანობაში, პასუხისმგებლობა დაეკისრა 7 პირს. ხშირია შემთხვევები, როდესაც გენინსპექციამ მოქმედება განცხადების მიღებიდან ორი კვირის ან მეტი დროის გასვლის შემდგომ განახორციელა. რეგიონული ოფისის არქონის გამო განსაკუთრებით პრობლემურია დასავლეთ საქართველოდან შემოსულ განცხადებებზე რეაგირება, რაც ხშირად ერთი თვის შემდგომ ხდება.
ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე: დადებითად უნდა შეფასდეს ისიც, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფებთან დაკავშირებული საჩივრები მიმართვების საერთო რაოდენობის მცირე ნაწილია.
წარმოდგენილი მასალების შესწავლიდან იკვეთება, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული პირები გენინსპექციას ხშირად მიმართავენ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაც ამ ორგანოს კომპეტენციის სფეროში არ ხვდება.

თამარ როსტიაშვილი