უმძიმესი 2018 წელი

2018 წელი საკმაოდ მძიმე და, შესაძლოა, ხიფათიანიც კი აღმოჩნდეს ქართული სახელმწიფოსთვის. თუ პერსპექტივაში გავიხედავთ, თითქოს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ამ წელს არც ხდება, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა. მაგრამ ეს მხოლოდ სასურველი მოცემულობაა და რეალურ მომავალთან საერთო, თითქმის, არაფერი აქვს.

სწორედ წელს გონიერი ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრი არა მხოლოდ პოლიტიკურ წინათგრძნობასა და ინტუიციაზე დაყრდნობით, არამედ პოლიტიკური ანალიზის საფუძველზე ნამდვილად არ მისცემდა საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას.
ქართული სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად კვლავინდებურად ტერორიზმი, რუსეთი და სოციალური პრობლემატიკა რჩება, რომელთანაც გამკლავება არც თუ ისე ადვილი იქნება.

***
ტერორიზმს რაც შეეხება, აქ თითქოს მინიმალური სიმშვიდის უფლება გვაქვს, რადგან ამ ფრონტზე ნამდვილად არ ვართ მარტო. შესაბამისად, თუ ხელისუფლების ცალკეულმა შტოებმა თავად არ წაახალისეს მოვლენები, ან არ დაუშვეს შეცდომები, როგორც ეს ჩატაევის შემთხვევაში მოხდა, მნიშვნელოვან საფრთხეებსა თუ კატაკლიზმებს ამ მიმართებით არ უნდა ველოდოთ. როდესაც წახალისებასა და შეცდომებზე ვსაუბრობ, კვლავ და კვლავ, მივანიშნებ ჩატაევის გათავისუფლებაზე, გაშვებასა და მერე ქვეყანაში მის უსაფრთხოდ დაბრუნებაზე. რამდენიც არ უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ „მწვანე ზოლზე“ და იმაზე, რომ არ იცის, როგორ მოხვდნენ ტერორისტები თბილისში, ამ ტყუილის უკვე პოლიტიკისგან შორს მდგარ ობივატელსაც კი არ სჯერა. შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება ამბობს, _ მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ შემოაღწია ჩატაევმა საქართველოში და მინიშნებებს „მწვანე ზოლზე“ აკეთებს, ამ ტყუილს თავადაც ვერ იჯერებს. ზოგადად, ტყუილს პოლიტიკაში, ან პიარს, რომელიც მიზნად ისახავს ფაქტების დამახინჯებას, ფუნდამენტური რწმენა სჭირდება. ანუ ჯერ იმან უნდა იწამოს ამ ტყუილის ან პიარსვლის, ვინც „ტექსტს“ ახმოვანებს, რათა ის გარკვეული დროით მაინც დააჯეროს სხვას _ მით უფრო ხალხს, რომლის ინტელექტი, გონებრივი შესაძლებლობები და ანალიზის უნარიც მნიშვნელოვნად დიფერენცირებულია დაღმავლიდან აღმავლისკენ. ამ დროს კი როცა „ტექსტის“ გამხმოვანებელი თავისი გონებრივი შესაძლებლობებითა და პროფესიონალიზმით სადღაც დაღმავალ საფეხურზე დგას, ძნელია მოატყუო, ან დაარწმუნო უფრო მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე „ხალხი“. ასეთ ვითარებაში ყოველთვის უმჯობესია სიმართლესთან ოპერირება. თუმცა საქართველოს ხელისუფლებისა და მისი ცალკეული წარმომადგენლების მოქმედებები და რეჩიტატივი კრიზისული სიტუაციების დროს იმდენად აზიანებს სახელმწიფოს, თავად ხელისუფლებაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ მათი გამოსწორება, ხშირ შემთხვევაში, სამომავლოდაც კი სათუო ხდება. ამიტომ იმ ვითარებაში, როდესაც თუნდაც მარნეულში, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, ერთ ჩაიხანაში ან გვერდიგვერდ მდებარე ჩაიხანებში ჩვენ შეგვიძლია თვანლათლივ ვიხილოთ არაერთი ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, სხვადასხვა რელიგიური თუ პოლიტიკური იდეოლოგიის მსახურნი და ინტერესების გამტარებლები, მოდუნების საშუალება ნამდვილად არ არსებობს. ისე, მარნეულში რადიკალური ისლამის არაერთი წარმომადგენლის ნახვაც არის შესაძლებელი, რომლებიც თავიანთ იდეოლოგიურ სიმპათიებს მანქანებზე გაკრული სტიკერებითაც გამოხატავენ. რაც შეეხება პანკისს, აქ ვითარების ესკალაცია შესაძლოა, ისევ და ისევ, ხელისუფლებამ გამოიწვიოს. თუ პანკისელებს სიმშვიდე სურთ და რეალურად არ უნდათ წარსულში დაბრუნება, მათაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე. ვგულისხმობ იმას, რომ მუდმივად გულუბრყვილო პოზა _ სტუმრებზე, სტუმართმოყვარეობაზე და „არ ვიცით“, „არ გვსმენია“, _ სრული დესტრუქცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ფარული ქმედებაა.
ტერორიზმის პრიზმაში მნიშვნელოვანია აფხაზეთის ფაქტორიც, რომელზეც ქართული სახელმწიფოს გავლენა მინიმალურია. სწორედ ამიტომაც არის საფრთხის შემცველი იგი. აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე გამოჩნდნენ სირიიდან „ემიგრირებული“ პირები. ISIS-თან მათი კავშირების დამტკიცება საკმაოდ რთული იქნება თავად რუსეთისთვისაც კი, თუმცა სპეცსამსახურების მოქმედების კლასიკა და ორმაგი და ზოგჯერ მეტი განზომილებით მოქმედი აგენტურისა თუ დივერსანტების საქმიანობა არახალია. შესაბამისად, დასაშვები და რეალურია, რუსეთმა, სწორედ, აფხაზეთში „გადაამზადოს“ სირიიდან „დევნილების“, ან რეპატრიანტების საფარქვეშ აფხაზეთში ჩასული პირები და შემდგომ საქართველოს ტერიტორიის გავლით მათი „მივლინებები“ დაგეგმოს ევროპისა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აფხაზეთის მიმართულების გაძლიერება საქართველოს მშვიდად მყოფი ხელისუფლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაგრამ იქნება კი? მოკლედ, ტერორიზმისა და ტერორისტული საფრთხეების მინიმალიზება 2018 წელს საქართველოში ნამდვილად შესაძლებელია სწორი სტრატეგიის, საკითხის სიღრმისეულად გაანალიზებისა და მოქმედების პირობებში.

***
10 წელი სრულდება აგვისტოს ომიდან. ვიყოთ რეალისტები _ რუსეთმა მაინც ვერ შეძლო საწადელის მიღწევა და საქართველოს სრული ოკუპაცია. ეს იმის მიუხედავად, ვინმეს სჯერა თუ არა, რომ შეიარაღებული მოქმედებები არა მხოლოდ კრემლის პროვიცირებული, არამედ სწორედ მისი დაწყებული იყო. ვინც სრული დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, ცხადია, ეს უზნეო პოლიტიკური (პოლიტიკაშიც არსებობს ზნეობრივი კატეგორიები) განცხადებაა, რომელსაც კონკრეტული პერსონის დისკრედიტება აქვს მიზნად და სულაც არ დაგიდევთ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ამ ადამიანებისთვის 2008 ივლისის ბოლოდან საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეები, მათი სტატუსის მიუხედავად, სტატისტიკაც კი არ არის. სულ თავისი ნებითა და ხელით რომ შემოეღობა მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ“ ხელისუფლებას რუსეთისთვის ის ტერიტორიები, რომელსაც ახლა ფლობს და განკარგავს, ხომ წარმოგიდგენიათ, რას იტყოდნენ იგივე ადამიანები? _ „მიშამ წინააღმდეგობა ვერ გასწია და ტერიტორიები ჩააბარა“. მაშინ კი საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოსახლეობის დასაცავად მიიღო გადაწყვეტილება. ვინც ამბობს, რომ ჩვენ _ საქართველომ _ ომი გამოვუცხადეთ რუსეთს და თან საქართველოს ტერიტორიაზე, იმის გარდა, რომ ისტორიაში დიდი პროფანია, ხილული მტერი და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პირია.
აგვისტოში, როდესაც პუტინი და საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონის ლიდერები თუ მისი მოსახლეობა გამარჯვებას იზეიმებენ, ეს იქნება მოჩვენებითი ზეიმი. რეალურად, პუტინს კვლავ ახრჩობს იმის ბოღმა, რომ საქართველო ჯერაც არ იმყოფება მისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ და რუსეთის ფაქტობრივი თუ იურიდიული საზღვარი ჯერაც არ გადის სარფში.
მართალია, ძალიან ცუდი და უსინდისო განცხადება იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებისთვის ბრალის დადება იმაში, რომ ის რუსეთს ემსახურება, თუმცა მისი ცალკეული ქმედებები და რეალური უმოქმედება ჰიბრიდულ ომში ცხადჰყოფს, რომ ძალიან ხშირად დგამს რუსეთის სასარგებლო ნაბიჯებს. სწორედ ეს ნაბიჯები და უმოქმედობა აღიქმება რუსეთის მსახურებად და რაც უფრო დროულად გაათვითცნობიერებს ამ ვითარებას საქართველოს ხელისუფლება, მით უკეთესი და სასარგებლო იქნება არა მხოლოდ მისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოსთვის.
იმ პირობებში, როდესაც რუსეთს არ აქვს რეალური გავლენა ქართულ სახელმწიფოზე თავისი ჩექმით, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთს არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კრემლს წლიდან-წლამდე საკუთარ სამსახურს სთავაზობენ, ან ვერ ფლობენ რეალურ ბერკეტებს, ან კიდევ მათი განზრახვა, მეტწილად, მერკანტილურია და კონკრეტულ მიზანს ისახავს _ ფულს. ამჟამად საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში რეალურად ორი ძალა _ „დემოკრატიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე) და „პატრიოტთა ალიანსი“ (დავით თარხან-მოურავი) იდენტიფიცირდება რუსულ ინტერესებთან. თუმცა „პატრიოტთა ალიანსში“ არსებული შიდა კონფიგურაცია და მათი შეთავაზებები რუსეთის ხელისუფლებისთვის, ან პირიქით _ რუსეთის ხელისუფლების ერთი ჯგუფის ინტერესების გაჟღერება ამ პოლიტიკური ძალის მიერ, საკმაოდ ბუნდოვანი და ორაზროვანია. შესაბამისად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დასავლეთში ნაყიდი პოლიტიკოსების გარდა (ასეთები ყველგან მრავლად არიან), იმ სამკუთხედში, რასაც ალიანსის ინტერპრეტაციით საქართველო-რუსეთი-ნატო ჰქვია, არავინ ჩაჯდება. ამიტომ „პატრიოტთა ალიანსის“ ზრახვები რაოდენ კეთილიც არ უნდა იყოს, უპერსპექტივოა და სახელმწიფოსთვის არანაირი სარგებლის მოტანა არ შეუძლია. პოლიტიკა კი შუალედურ შედეგებს არ სწყალობს და ისტორიული ნარჩენი ამ შედეგებს არ გააჩნია. ამ ვითარების გათვალისწინებით, კრემლის გარეგნული სიმშვიდე და საქართველოთი დაუინტერესებლობა კიდევ უფრო დამაფიქრებელი და არც მეტი არც ნაკლები _ საგანგაშოა.
რუსეთში გადასარევად ხვდებიან, რომ ახალი ომის გაჩაღება საქართველოს წინააღმდეგ მათ პოლიტიკურად დაასამარებს, მით უფრო, რომ ამის პირდაპირ მიზეზებს საქართველოს ხელისუფლება არ ქმნის. ხედავენ იმასაც, რომ მათი პოლიტიკური დასაყრდენი ვერ გახდა ვერც ერთი გავლენიანი და წონიანი პოლიტიკური ძალა. შესაბამისად, მიმდინარეობს დუგინის თეორიის რეალიზება: ჩვენ საქართველოში გვაყავს უმთავრესი დასაყრდენი _ ქართველი ხალხი. თუმცა „დასაყრდენი ქართველი ხალხი“ საკმაოდ ამორფული ცნებაა. თუნდაც NDI-ის ბოლო გამოკითხვები ცხადყოფს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ არჩევანს. რაც შეეხება რუსეთის სამხედრო სიძლიერეზე აპელირებას _ ეს უფრო ფაქტის კონსტატაციაა. იმ ფაქტის, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. მაშინ, ჩნდება, ერთი შეხედვით, მარტივი კითხვა, _ როგორ უნდა აქციოს რუსეთმა ქართველი ხალხი მოკავშირედ?
და აქ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პოლიტიკურ სცენაზე გამოდის ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი _ ეკლესია.
ნურავინ წარმოიდგენს, რომ რუსეთს სულაც არ ანაღვლებს საქართველო და საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები. პირიქით, ამ მიმართულების პრაქტიკული რეალიზება, ჯერ კიდევ, მაშინ დაიწყო, როდესაც შიო დასახელდა მოსაყდრედ.
დღეს უკვე არავისთვის უნდა იყოს გაუგებარი, რომ მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნით საქართველოს პატრიარქმა, ერთი მხრივ, აღასრულა რუსეთის მოთხოვნა და ნება, მაგრამ, მეორე მხრივ, ცხადია, რომ მან, გარკვეულწილად, დრო მოიგო. პატრიარქმა შიოს მოსაყდრედ დანიშვნით სინოდშიც და მის გარეთაც მეუფისა და რუსული ინტერესების ლუსტრირება მოახდინა. ახლა უკვე ქართველი ხალხისა და მრევლის გადასაწყვეტია და არა მხოლოდ სინოდის _ გახდება თუ არა მომავალში მოსაყდრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი. რატომ ხალხის და რატომ მრევლის? პატრიარქს კარგად ესმის ერთისა და მეორის ძალაც. კათოლიკოს-პატრიარქს კარგად ახსოვს მისი არჩევის პერიპეტიებიც და ხალხით, დიახ, ხალხით და უფრო ნაკლებად მრევლით, ალყაშემორტყმული სიონი, სადაც 40 წლის წინათ მას ირჩევდნენ პატრიარქად. ილია მეორეს გადაწყვეტილება შიოს მოსაყდრედ დასახელების შესახებ მისი, როგორც პატრიარქის ნებას სცდება. მეტად დელიკატურ მდგომარეობაში მყოფი პატრიარქი სწორედ ქართველ ხალხს სთხოვს თანადგომას ამ, ერთი შეხედვით, ცუგცვანგიდან თავის დასაღწევად. დიახ, ხალხი და, ვიმეორებ, არა სინოდი, გადაწყვეტს, სამომავლოდ იქნება თუ არა „ქართველი ხალხი“ რუსეთის ყველაზე დიდი მოკავშირე და ეყოლება თუ არა რუსეთს საკუთარი ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის გამტარებელი პერსონა საქართველოს პატრიარქად.
თუ დვუშვებთ, რომ როგორც სხვა არაერთი შემთხვევის დროს, ქართული საზოგადოება გულგრილად მოეკიდება საკითხს და სწორად ვერ გაიაზრებს პატრიარქის მიერ საკმაოდ კრიტიკულ ვითარებაში გადადგმულ ნაბიჯს, ჩვენ და სწორედ ჩვენ აღმოვჩნდებით რუსეთის ინტერესების გამტარებლები.
ამ ფონზე ყურადღება მივაპყროთ ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას: რუსეთის პატრიარქმა ილია II-ს დაბადების დღეც მიულოცა და აღსაყდრების 40 წლის იუბილეც, მაგრამ არც ერთ მისალოცში ის სრული ტიტულით არ მოიხსენია, რაც ნამდვილად არ არის შემთხვევითობა და ეს სწორად უნდა გაიაზროს, პირველ ყოვლისა, მრევლმა და სწორად უნდა გაიაზრონ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებმაც.
კირილს ჩვენი პატრიარქის სრული ტიტულით მოხსენიებაში აფხაზეთის ფაქტორი უშლის ხელს. ილია II ასევე არის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. კირილისთვის და რუსეთისთვის ცხუმ-აფხაზეთის ხსენება საქართველოს პატრიარქის კონტექსტში მიუღებელია.
ცხადია, რომ მოსკოვი აფხაზეთის ეკლესიას ირიბად ცნობს, უფრო სწორად, აფხაზეთს საკუთარ ტერიტორიად და გავლენის სფეროდ მიიჩნევს.
ოფიციალურ მოსკოვს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს. კირილი არ წავა კრემლის წინააღმდეგ. ამიტომაც არ მოიხსენია ილია II ცხუმ-აფხაზეთის სულიერ ლიდერად. ეს ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ აფხაზეთი საქართველოა.
„ეფესბეს“ მიერ პატრიარქად აღსაყდრებული კომბინატორის _ კირილის პოზიცია გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, რატომ უყურებს ამას ასე მშვიდად ჩვენი სინოდი?! რატომ არავინ გამოთქვა პროტესტი?!
სინოდში, მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებაშიც უნდა მიხვდნენ, რომ პოლიტიკა, _ დათვი თუ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო, _ უგუნურებაა. გადაშალონ ბიბლია და წაიკითხონ, კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ რაზე წერია.
და მაინც, საფრთხეებს დავუბრუნდეთ: თუ ამ ყველაფერს ვერ გაიაზრებს ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, ჩვენ ეკლესიის სახით მივიღებთ იმ ინსტიტუტს, რომელიც ღიად დაუპირისპირდება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.
მეტიც: სწორედ მეუფე შიო და მისი „სულიერი ძმა“ ლევან ვასაძე იქნებიან ის პერსონები, რომლებიც შეეცდებიან, რუსეთს შესთავაზონ პრეზიდენტობის მისაღები კანდიდატი. გულუბრყვილობაა იმაზე საუბარი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთს არ ეყოლება თავისი კანდიდატი და იმაზე საუბრით თავს ნუ გამოვიდებთ, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩაერევიან. საქართველოში კი არა, აშშ-სა და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ. რა თქმა უნდა, ეს ტანდემი ისეთ პერსონაზე შეეცდება ფსონის დადებას, რომელიც „ქართველი ხალხის ინტერესებისა და ტრადიციების“ დამცველი იქნება.
სავარაუდოდ, თავად ბატონი ვასაძე თუ უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე (თუმცა გამორიცხული არაფერია), დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატურა მასთან და მეუფე შიოსთან იქნება შეთანხმებული. ამ ადამიანს საპატრიარქოს რუსული ფრთა დაუჭერს მხარს.
გამორიცხულია, რომ ეს კანდიდატი იყოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მისი მოსაყდრესთან და ვასაძესთან ახლო ურთიერთობის მიუხედავად. კრემლში კარგად ესმით, რომ მარგველაშვილი არ არის რუსეთუმე. მეტიც: მათ, ამ ეტაპზე, ანუ მომავალი 6 წლის განმავლობაში, სჭირდებათ პერსონა _ მთავარსარდალი, რომელიც არა მხოლოდ მაქსიმალურად ლოიალური იქნება კრემლის მიმართ, არამედ კონკრეტულ სიტუაციაში რუსეთის ინტერესებს რეალურად შეასხამს ფრთებს. ამავდროულად, რუსეთის ხელდასხმული პრეზიდენტი უნდა გახდეს საერთო სახალხო ლიდერი, რომელსაც ეკლესიის _ ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის _ სრული მხარდაჭერა ექნება. კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ ყურადღება რუსულ გავლენებზე საქართველოს საპატრიარქოში. ეპისკოპოსების ნაწილი რუსეთთან ვალშია. გარდა იმისა, რომ მოსკოვიდან ძღვენს იღებენ, რუსებს მათზე კომპრომატებიც აქვთ. ამიტომაც არაფერს ლაპარაკობენ რუსეთის წინააღმდეგ და პირიქით, _ ზოგიერთი მათგანი ღიად ლობირებს ერთმორწმუნე რუსეთის ნეოიპერიალისტურ პოლიტიკას, რაც ერთი ერთში ემთხვევა დუგინისა და ვასაძის იდეოლოგიურ ქადაგებებს.
ამიტომ 2018 წლის რუსული ექსპანსიური პოლიტიკის უმთავრესი საფრთხე სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებია. მთავარი ფიგურანტი კი ამ საფრთხის რეალიზებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა.
შეძლებს კი საქართველოს ხელისუფლება, ქართული პოლიტიკური სპექტრი და საქართველოს ეკლესია ქართველ ხალხთან ერთად ღირსეულად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან? ამას მომავალი გვიჩვენებს.

***
2018 წლის კიდევ ერთი უმთავრესი გამოწვევა ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა. ჯერ კიდევ 2013 წლის ივნისში ანალიტიკოსი და ისტორიკოსი დავით გამცემლიძე წერდა, რომ „ქვეყანა გაჩერდა“. ეს მართლაც ფრთიანი ფრაზა შემდგომ წლებში მკაცრ რეალობად იქცა და თუ ჯერ კიდევ მაშინ ლარისა თუ დოლარის მსყიდველობითუნარიანობა, გარკვეულწილად, წონადი იყო, ახლა ჩვენ სრული ეკონომიკური კოლაფსის წინაშე ვდგავართ. ციფრები? ციფრები და ინდექსები, რაოდენ სახარბიელოც არ უნდა იყოს, რეალობაა ასი ათასობით დამშეული, სიღარიბის ზღვარზე და მიღმა მყოფი, გადახდისუუნარო მოსახლეობა, რომელიც ჯერაც ინერციით იმედოვნებს და ოცნებობს. მაგრამ როდემდე? ისევე როგორც წინა ხელისუფლებებმა, „ოცნებამაც“ მაქსიმალურად შეუწყო ხელი ქვეყანაში საშუალო ფენის არარსებობას. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ საშუალო ფენა, მცირე მეწარმეები განსაზღვრავენ ქვეყანაში სტაბილურობის განცდას. ისინი ქმნიან რეალურ ეკონომიკას და არა ბატონი ივანიშვილის ბიტკოინები ან „პანორამა თბილისი“, ასეულობით მილიონიც რომ იყოს მასში ჩადებული. ქვეყანას, ამ ეტაპზე, გაბანკროტება არ ელოდება და ეს თითქოს, ერთი მხრივ, კარგიც არის, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში გადახდისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება და უკმაყოფილება გაიზრდება.
იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში რეალურად გვაქვს სახეზე არაფორმალური მმართველობა, ბატონი ივანიშვილი ვერა და ვერ იქცა ქართველ დენ სიაოპინად. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მას სახელმწიფო მისი კლასიკური გაგებით არც არასოდეს აინტერესებდა და საქართველო მისთვის მხოლოდ ის ტერიტორია იყო, სადაც საკუთარი ინტერესების რეალიზებას მოახდენდა.
მართალია, ივანიშვილი გაიქცა და და მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თითქოს, აიცილა, მაგრამ იგი ვერა და ვერ ათვითცნობიერებს, რომ საქართველოში სულ სხვა კულტურაა. დიახ, ივანიშვილმა სწორედ პასუხისმგებლობას აარიდა თავი, რაკი დარწმუნდა, რომ ვერც ერთ დაპირებას ვერ შეასრულებდა.
მაგრამ აქ ხომ ყველაფერი ხელის გულზე დევს? აქ ხომ ყველა გადაწყვეტილების მიმღები ჩინოვნიკი ბიძინა ივანიშვილზე აპელირებს კერძო საუბრებში და ეს ხომ ყველასთვის ცნობილია? შესაბამისად, სრულიად ლეგიტიმურია, რომ გაჩნდა კითხვა: „ბიტკოინი ვჭამოთ?“ არადა, ვინ აძლევს ხალხს ბიტკოინს, თორემ არა მგონია, წინააღმდეგი ყოფილიყო.
საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული _ ტრიბუნებზე წარმოსათქმელი ეკონომიკური წარმატებების ფონზე, საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და რაც ყველაზე მთავარია, თავად ხელისუფლება ამას ვერ ათვითცნობიერებს. „იქ“, ზემოთ, ნორმალურად მიაჩნიათ, რომ ვიღაცას უჭირს, ვიღაცას სცივა, ვიღაცას სტკივა, ვიღაცას შია, რადგანაც „ზრდა“ რეალურია, ხალხში ფული ბღუჯა-ბღუჯად არის და რაც მთავარია, მოსკოვი ერთ დღეში არ აშენებულა (ფუი, ისევ მოსკოვი).
და აქაც, მინიმალური რეკომენდაცია ხელისუფლებას: ყველა ზემოთ აღწერილმა სცენარმა და მოლოდინებმა, შესაძლოა, ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ გარკვეული ვადით დატოვოს თანამდებობებზე. სოციალურმა პროტესტმა კი შესაძლოა, ხელისუფლება წალეკოს და დადგეს დრო, როცა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, _ გამარჯვებულებს, რაოდენ მიუღებლებიც არ უნდა იყვნენ ისინი, თუნდაც, უმრავლესობისთვის. აი, დამარცხებულები კი სად აღმოჩნდებიან მაშინ პიჯაკებისა და შეწყალებისთვის, ან პარტიული აქტივის დასაქმებისთვის კი არა, ხალხის დოვლათის მითვისებისთვის, ადამიანების მოშიებისა და მათი სასოწარკვეთილებისთვის, ვგონებ, გასაგებია.
ისე, რამ გამახსენა ამ წამს მაქსიმილიან რობესპირი? არადა, ვინ დაეტოლება მას ქართული სახელმწიფოს დღევანდელი მმართველებიდან?
ეჰ, მძიმეა პოლიტიკოსების ხვედრი, განსაკუთრებით კი ხარბი პოლიტიკოსების.
სხვათა შორის, ალბათ, რაღაც ასოციაციამ ამოატივტივა მაქსიმილიანი ამ წუთას. გაგახსენებთ: რობესპიერი, ფაქტობრივად, საზოგადოებრივი გადარჩენის კომიტეტს მართავდა და რევოლუციის მტრების წინააღმდეგ ტერორი გამოაცხადა. 1794 წლის 27 ივლისს ჩამოაგდეს, ხოლო მომდევნო დღეს კი, თანამებრძოლებთან ერთად, გილიოტინაზე თავი მოკვეთეს. გალაკტიონმაც მიუძღვნა მას სტრიქონები: „არასოდეს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი, როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი“.
რევოლუციას დიდად ნუ მიაქცევთ ყურადღებას – მანდ, თანამედროვე სინამდვილეში, შესაძლოა, „ევოლუციაც“, სტაგნაციაც, გაჩერებული ქვეყანაც, უმოქმედობაც და ა. შ. უამრავი რამ ვიგულისხმოთ, რაც ქვეყანასა და ხალხს აზიანებს.

***
ბოლოსკენ, 2018 წელი, ერთი შეხედვით, მშვიდი უნდა იქნეს. და, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი შეხედვით. ზემოთ გაანალიზებული და ბევრი უთქმელი დეტალისა თუ მოლოდინის გათვალისწინებით, საქართველოს არც სიმშვიდისა და არც გულარხეინობის დრო არ გააჩნია. არასწორად ფიქრობს და მსჯელობს ყველა, ვინც საფრთხეებზე პასუხისმგებლობას მხოლოდ ხელისუფლების მოვალეობად მიიჩნევს. ეს, პირველ რიგში, სწორედ ქართველი ხალხის პასუხისმგებლობაა, რომელმაც უნდა აიძულოს ხელისუფლება, სწორად იმოქმედოს.
და მაინც, მშვიდობა გვქონოდეს…

გოჩა მირცხულავა