კონტრაბანდისტი დავით ღლონტი აჭარის მმართველ ზურაბ პატარაძის სიძეა

სახელმწიფო დონის სკანდალი უკრაინაში _ კონტრაბანდული გზით სიგარეტის შეტანის სქემა _ ჯერ კიდევ დაუსრულებელია და ბოლომდე გამოძიებული არ არის. თუმცა „ქრონიკა+“-ისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

კონტრაბანდისტი დავით ღლონტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის დის, ეკატერინე პატარაძის ქმარია. იმაზე აღარავინ დაობს, რომ ნეპოტიზმი და ოჯახურ-კლანური მმართველობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამარკო ნიშანია, მაგრამ საკითხავი ახლა მაინც კიდევ ერთი რამეა: სად არის კონტრაბანდისტის ცოლი და ზურაბ პატარაძის ვიცეკონსული და _ ეკატერინე პატარაძე ახლა? რა თანამდებობაზე ჰყავთ ისე მოყუჩებული, რომ არავინ არაფერი იცის ჯერ? თუმცა ისიც საკითხავია, გახმაურებული სკანდალის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნამდვილად გამოიწვია თუ არა უკრაინიდან კონტრაბანდის ფაქტზე დაკავებული ქმრის გამო ეკატერინე პატარაძე?
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით და სანდო წყაროს ცნობით, დავით ღლონტი კონტარაბანდისტობას უკრაინაში მისი ცოლის ვიცეკონსულად გამწესების პერიოდიდან ეწეოდა. დავით ღლონტს მისი ცოლის ხარჯზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური პასპორტი მისცა, ხოლო მის ცოლს _ დიპლომატიური ავტომანქანა შესაბამისი ნომრებით; საცხოვრებელი სახლი უკრაინაში სახელმწიფოს ხარჯზე და სხვა არაერთი პრივილეგია დიდი და მსუყე ხელფასით. ის, რომ დავით ღლონტი სიგარეტის კონტრაბანდას დიდი ხანია ეწეოდა, ეს უკვე სანდო წყაროზე დაყრდნობით ვთქვით და ახლა დავიანგარიშოთ, თუ რა მოგება უნდა ენახა მას ბოლო გადაზიდვის ფაქტზე, უკრაინის მესაზღვრეებს რომ მისი მანქანა არ გაეჩხრიკათ და ღლონტს კიდევ ერთი „სდელკა“ წარმატებით დაესრულებინა.
დავით ღლონტმა კონტარბანდული სიგარეტი უჟგოროდის გამშვები პუნქტიდან შეიტანა. სავარაუდოდ, ეს მარშრუტი მას კარგად გატესტილი და, ალბათ, გარკვეულ მესაზღვრე პირებთან დალაგებულიც ჰქონდა, თუმცა იმ დღემ, ფაქტია, აღარ გაუმართლა. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, კონტრაბანდული სიგარეტების საერთო ფასი 540 000 გრივნას შეადგენდა, ხოლო მისი რეალიზებით კონტრაბანდისტი 3 000 000 გრივნამდე სარგებელს მიიღებდა, ვინაიდან სიგარეტი არააქციზური და ყოველმხრივ დაუბეგრავიც იყო. ასეთი „სდელკა“ კი, როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, 1X5 მოგებას ტოვებს.
შეგახსენებთ: კონტრაბანდის ფაქტი 22 დეკემბერს უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე მდებარე ჩოპის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა; დაკავებული დავით ღლონტის მანქანა კი საქართველოს საპატიო კონსულის თანდასწრებით გაიჩხრიკა, ვინაიდან ღლონტის დიპლომატიური პასპორტი და ვიცეკონსულ ეკატერინე პატარაძის ქმარი, ამ სტატუსის მიხედვით, ხელშეუხებლობას ითვალისწინებს.
თუმცა მანამდე უფრო დეტალურად გავიხსენოთ აჭარის მთავრობის მეთაურის, ზურაბ პატარაძის სიძის კონტრაბანდული ცხოვრების „მისია“ უკრაინულ სინამდვილეში: საეჭვო მიკროავტობუსი მესაზღვრეებმა, ჯერ კიდევ, 20 დეკემბერს საღამოს შვიდი საათისთვის შენიშნეს. შავი „მერსედესი“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში შევიდა და მესაზღვრეებს დიპლომატიური პასპორტი აჩვენა. ისე ჩანდა, რომ რაიმე გაუგებრობა არ უნდა მომხდარიყო, რადგან მსგავსი დოკუმენტის მქონე „მნიშვნელოვან ამხანაგებს“ მესაზღვრეები არ ამოწმებენ და მხოლოდ საზღვრის გადაკვეთას აფიქსირებენ. ტვირთის შემოწმებაც არ შეიძლება, თუმცა არის ერთი „მაგრამ“, ანუ როცა ეჭვი ჩნდება, რომ საქმე ეხება კონტრაბანდას, უკვე მისი ტვირთის გასინჯვა იწყება საელჩოს, ან საკონსულოს წარმომადგენლის თანდასწრებით. ყველაფერი კი ოთხფეხა „მესაზღვრის“ _ კეთილი ადამიანების ერთგული მეგობრისა და კონტრაბანდისტების მტრის _ ძაღლის დახმარებით მოხდა. გაწვრთნილმა ძაღლმა აკრძალული ნივთების არსებობა იგრძნო და მიკროავტობუსის გვერდით შეჩერდა. მესაზღვრეები მიხვდნენ, რომ დიპლომატიურ ტვირთში რაღაც ისეთი იმალებოდა, რომლის გადატანა საზღვარზე არ უნდა მომხდარიყო. რადგანაც მძღოლი სატვირთოს კარის გაღებას არ ჩქარობდა და შიგნით ჩაიკეტა, ავტომანქანა სარეზერვო ბოქსში გადაათრიეს, ყარაული დაუყენეს და კონსულის მისვლას დაელოდნენ. მძღოლი მიხვდა, რომ მესაზღვრეებს ვერ გაექცეოდა და ამის მცდელობა არც ჰქონია, ხოლო როცა საქართველოს საპატიო კონსულთან ერთად, შემთხვევის ადგილზე, ადვოკატიც მივიდა, მძღოლმა ავტოფურგონის კარი გააღო და ჰოი, საკვირველებავ! _ მესაზღვრეების თვალწინ სიგარეტით სავსე 21 ჩანთა და 45 ყუთი აღმოჩნდა! და რაც ყველაზე საინტერესოა, მესაზღვრეებს მთავარ კონტრაბანდისტად უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთ-ერთი თანამშრომლის ქმარი შერჩათ ხელთ.
მოკლედ, სკანდალმა დიდხანს თავი ვერ დამალა და ამბავი მალევე გახმაურდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება იმავე დღეს გაავრცელა, რომ ამ ფაქტის გამო ვიცეკონსული ეკატერინე პატარაძე უკან გამოიწვია და დიპლომატიური მისია უკრაინაში შეუჩერა. მართალია, ამას საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, მაგრამ „ბოლო“ გვაკვირვებსო. ეკატერინე პატარაძე დღესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვიცეკონსულად არის რეგისტრირებული და ისევ უკრაინაში.
იხ. დღეის მდგომარეობით ვებგვერდის ფოტოსკრინი.

გიო ნაცაძე