კომპანია „თბილისის“ ხელოვნური გაკოტრების სქემა

ს/ს „საგზაო კომპანია თბილისის“ ხელოვნური გაკოტრების სქემის დეტალები „ქრონიკა+“-მა გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. პუბლიკაციას კომპანიის ყოფილი დირექტორის, გურამ სვანაძის გამოხმაურება და რედაქციაში მისი სტუმრობა მოჰყვა. მან კონკრეტული ჯგუფის ინტერესების ლობირებაში დაგვადანაშაულა, გვითხრა, რომ რამდენიმე სასამართლო პროცესი მოგებულიც აქვს და სააპელაციო სასამართლოში სასამართლო დავა ამჯერადაც მიმდინარეობს.
ბატონ გურამს ინტერვიუ შევთავაზეთ, ასევე ჩვენთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა, მაგრამ მან, სამწუხაროდ, „ქრონიკა+“-ის ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას, რომელიც საჭიროდ მიიჩნევს „ქრონიკა+“-ის პუბლიკაციაზე გამოხმაურებას, სიამოვნებით დავუთმობთ გაზეთის ფურცლებს.

სს „საგზაო კომპანია თბილისის“ გაკოტრების სქემაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მომწოდებელმა და ქვემოიჯარე ორგანიზაციებმა, რომელთაც კომპანია წლების მანძილზე მიზანმიმართულად ვალს არ უხდიდა.
2014-2016 წლების პერიოდში, სასამართლოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე, სს „საგზაო კომპანია თბილისმა“ აღიარა 15 ასეთი ორგანიზაციის 680 000 ლარამდე ვალი, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული დავალიანების გადახდის გადაწყვეტილების მქონე ორგანიზაციების მიმართ _ 320 000 ლარამდე, რამაც, საერთო ჯამში, 1 000 000 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების სქემაში შემოსავლების სამსახურის ჩართულობაც. სს „საგზაო კომპანია თბილისს“ 2014-2015 წლებში შემოსავლების სამსახურის მიმართ დავალიანება არ ჰქონია. 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 354 600 ლარიდან კატასტროფულად გაიზარდა და 1 258 000 ლარს მიაღწია. ამის გამო შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 24 ნოემბრის #011-492 ბრძანების შესაბამისად, ყადაღა დაედო სს „საგზაო კომპანია „თბილისის“ ბალანსზე არსებულ ქონებას, აეკრძალა ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვა (გასხვისება, საიჯარო ხელშეკრულებების დადება, თხოვება, ქირავნობა, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემა), ასევე ბათილად ცნეს ყველა არსებული გარიგება. ფაქტობრივად, სააქციო საზოგადოებამ ფუნქციონირება შეწყვიტა. დაიწყო საზოგადოების ქონების აღწერა, შეფასება და მისი აუქციონზე გასაყიდად გამზადება. ამავდროულად, საგადასახადო დავალიანებებზე ჯარიმების დარიცხვა გრძელდებოდა.
შექმნილ ვითარებაზე შემოსავლების სამსახურს წელიწადნახევრის მანძილზე რეაგირება არ ჰქონია, კომპანია არ აიძულა, დავალიანება გადაეხადა. შემდეგ, როცა ამ უკანასკნელმა 1 000 000 ლარს გადააჭარბა, შესაბამისი აღსრულების ღონისძიებების ჩატარება დაიწყო, რამაც კომპანია სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო.
2016 წლის ბოლოს სს „საგზაო კომპანია თბილისის“ მოვალეთა დავალიანებამ 5 000 000 ლარს გადააჭარბა. სასამართლოსა და აღსრულების ბიუროს მეშვეობით დავალიანების გადახდის მოთხოვნა დაუკმაყოფილებელი დარჩა. მიზეზი: როდესაც კრედიტორს ქონება არ ერიცხება, აღსრულების ბიურო ვერ ახერხებს მოთხოვნის შესრულებას, საქმე ბრუნდება უკან განმარტებით: „…ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია დავალიანების გადახდა“.
ამის გარდა, აღსრულების ბიურო კომპანიას აძლევს წინადადებას: „…კრედიტორი უფლებამოსილია ყოველწლიურად მიმართოს აღსრულების ბიუროს სააღსულებო წარმოების გაგრძელების თაობაზე“, რისთვისაც კომპანიამ 200 ლარი უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტაცია უკან ბრუნდება.
გარდა ზემო აღნიშნულისა, სს „საგზაო კომპანია თბილისმა“ ისარგებლა მესამე პირის (მოვალეთა) მიმართ ყადაღის დადების უფლებით და აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა, დახმარება გაეწია მოვალეთა (მესამე პირის) მიერ დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის საქმეში, მაგრამ 2017 წლის ივლისიდან დღემდე შედეგი არ დამდგარა მაშინ, როდესაც 2017 წლის 14 დეკემბერს კომპანიის 40 000 ლარად შეფასებული ქონება აუქციონზე 4 000 ლარად გაიყიდა, ხოლო 2016 წლის ნოემბერში 1 500 000 ლარად შეფასებული ქონება _ 78 000 ლარად.
შეკითხვა საქართველოს კანონმდებლებსა და კომპეტენტურ უწყებებს: ამ პროცესების შედეგად რა სარგებლობა მიიღეს შემოსავლების სამსახურმა, ან მოვალეებმა?
პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ეს საკითხი, მეტნაკლებად, მოგვარებულია, მაგალითად: ბელარუსში თუ მოვალე ორგანიზაცია შეგნებულად თავს არიდებს ვალის გადახდას და ქონება არ გააჩნია, საზოგადოების ხელმძღვნელობას პირადი პასუხისმგებლობა ეკისრება და კვალიფიცირებულია, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, _ დიდი ოდენობით თანხის მითვისება, თაღლითობა. სს „საგზაო კომპანია თბილისის“ გაკოტრებისა და აუქციონზე მისი ქონების გაყიდვის პროცესებიდან დასახსნელად მიზანშეწონილია, შემოსავლების სამსახურთან და ყველა კრედიტორთან ერთად განხილულ იქნას შემდეგი გარემოებები:
2015 წელს დამოუკიდებელი აუდიტორ-შემფასებლის მიერ სს „საგზაო კომპანია თბილისის“ უძრავ-მოძრავი ქონების შეფასების მიხედვით, მისი საბაზრო ღირებულება 4 000 000 ლარს არ აღემატებოდა, ხოლო ლიკვიდური ღირებულება ბევრად ნაკლებია. მართალია, რომ უძრავ-მოძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები, დაზგა-დანადგარები, სპეცტექნიკა თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებები) მოძველდა და მისი საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული მიზეზის გამო, ამჟამად, კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ბევრად ნაკლებია, ვიდრე შეფასების დროს. ილუსტრაციისთვის: აუქციონზე უკვე გაყიდული 1 500 000-ად შეფასებული ქონება _ 78 000 ლარად, ხოლო 40 000 ლარად შეფასებული _ 4 000 ლარად.
კომპანიის 14 კრედიტორს (ჯამურად, 678 760 ლარი) დაყადაღებული აქვს ორგანიზაციის უძრავ-მოძრავი ქონება და აღსრულების გზით ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ქონების აუქციონზე გაყიდვა. 5 კრედიტორის 320 000 ლარის დავალიანებაზე სასამართლო დავა კრედიტორთა სასარგებლოდ გადაწყდება და უზრუნველყოფის მიზნით კომპანიის ქონება დაყადაღდება. კომპანიის ქონება კრედიტორებმა უფრო ადრე დააყადაღეს, ვიდრე შემოსავლების სამსახურმა, ამიტომ კომპანიის ქონება მათ უფრო ადრე გააქვთ აუქციონზე.
საგადასახადო დავალიანების გამო აუქციონზე ქონების გაყიდვა ხდება დემპინგურ ფასებში (ორი ამგვარი ფაქტი არსებობს). რასაკვირველია, ეს ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო და კრედიტორთა დავალიანებების სრულ დაფარვას, ყადაღა კი ქონების ახალ მფლობელზე გადადის, მაგრამ დავალიანების ამოღება, რიგი მიზეზების გამო, ფაქტობრივად, არ ხდება. კრედიტორებთან და შემოსავლების სამსახურთან კრედიტების გონივრულ დროში განაწილებისა და შეთანხმების გარეშე დავალიანების სრულად და დროულად ამოღება კომპანიიდან, მისი ქონების აუქციონზე გაყიდვის გზით, ხანგრძლივი და არაშედეგიანი პროცესია. ამჟამად კომპანიას ფუნქციონირება შეჩერებული აქვს. კრედიტორებთან და შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების შემთხვევაში, კუთვნილი ქონების იჯარით გაცემა კომპანიისთვის შემოსავლის წყარო ხდება. კრედიტორებთან დავალიანების გადახდის გრაფიკის შემოსავლების სამსახურთან შეთანხმება აუცილებელი პირობაა, რათა ქვეყანაში მსგავსი სქემით გაკოტრებულ სხვა კომპანიებთან ერთად სს „საგზაო კომპანია თბილისმაც“ საბოლოოდ არ დაასრულოს არსებობა.

მარიამ ბალანჩივაძე