რატომ არ შედგა ზვიად გამსახურდიას საუბარი ვლადიმირ პოზნერთან?

ხუთი წლის წინათ რუსულ მედიაში ასეთი ინფორმაცია გავრცელდა:
„ცენზურის გამო ვლადიმირ პოზნერმა შესაძლოა, რუსეთის პირველი არხი დატოვოს. ტელეწამყვანის აღშფოთება თიკა კანდელაკის ინტერვიუდან ფრაგმენტის ამოჭრამ გამოიწვია, სადაც პოზნერი და კანდელაკი სწორედ ცენზურაზე კამათობენ. გადაცემის ავტორისა და წამყვანის განცხადებით, მის გადაცემას ცენზურის თვალსაზრისით ნაკლებად აწუხებდნენ და პირველი არხიდან წასვლა აქამდე ამიტომ არც უფიქრია“.

ვლადიმირ პოზნერი ფრიად სერიოზული ფიგურაა რუსულ ტელესივრცეში საიმისოდ, რომ მის საპროტესტო ჟესტს გულგრილად შეხვდეს ელიტარული მაყურებელი. თავის ერთ-ერთ ინტერვიუში გაზეთი „პუბლიკა“ მსგავსი სარედაქციო კაპრიზების შესახებ ტელეწამყვანს ეკითხებოდა, რაზედაც პოზნერი პასუხობდა:
„არის თუ არა კომპრომისები, რომელებზედაც მე შემიძლია წავიდე I არხთან? რა თქმა უნდა, არის! მე არ შემიძლია ნებისმიერი ადამიანის მოწვევა. I არხს შეუძლია მითხრას: „ჩვენ ამ ადამიანის ხილვა არ გვსურს ჩვენს ეკრანზე“. მე ან დავანებებ თავს მათთან მუშაობას, ან დავთანხმდები“.
ეს იყო 2009 წელს – მას შემდეგ, თითქმის, სამი წლის მანძილზე, როგორც ჩანს, პოზნერი, ცოტად თუ მეტად, თანხმდებოდა კომპრომისულ ურთიერთობებს, მაგრამ ახლა, ეტყობა, ძალიან გადავიდნენ ზღვარს პირველარხელები…
არადა, ხუმრობა ხომ არ არის, ასეთ ცნობილ პიროვნებასთან კონფლიქტში შესვლა!
ასაკოვან მაყურებლებს ჩვენშიაც ეხსომებათ _ თავის დროზე, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში პოზნერი იყო რეიტინგული გადაცემების: „წრის კვადრატურა“, „ადამიანი ნიღბით“, „სიტყვის თავისუფლება“ და სხვათა ავტორი და წამყვანი; უძღვებოდა ტელეხიდებს აშშ-სა და სსრკ-ს შორის.
სხვათა შორის, გაზეთ „პუბლიკისთვის“ მიცემულ ზემოხსენებულ ინტერვიუში (31.03.2009) პოზნერი იხსენებს ამ ტელეხიდებს და დასძენს: „ჩვენ მოვიგონეთ ეს ტელეხიდები, რათა ადამიანებს შეძლებოდათ ერთმანეთის თვალებში ჩაეხედვა, თანაც პოლიტიკოსებს კი არა, ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლო იყო მაშინ… მე ისიც კი მგონია, სასარგებლო იქნებოდა ამის გაკეთება ახლაც და არა იმდენად შეერთებულ შტატებთან, რამდენადაც ბალტიის ქვეყნებთან, უკრაინასთან, საქართველოსთან. მე რამდენჯერმე ნათქვამი მაქვს, რომ კარგი იქნებოდა, 200 რიგითი მოქალაქე დაგვესვა მოსკოვის სტუდიაში, ამდენივე _ თბილისის სტუდიაში და გულახდილად გვესაუბრა, რა ხდება ჩვენს თავს. სამწუხაროდ, ასეთი ინტერესი ჯერ არ არის“.
ახალმა მოვლენებმა გამახსენა ადრინდელი შემთხვევა იმავე პოზნერთან, რომლის თაობაზეც საიტ „ლაგოდეხის“ შემქმნელსა და ამავე ქალაქში დაბადებულსა და აღზრდილ კაზაკების შთამომავალ, ამჟამად უკრაინის მკვიდრ _ პეტრე ზგონიკოვს აქვს მოთხრობილი:
„მე ვიყავი ვლადიმირ პოზნერის ინტერვიუს ინიციატორი ზვიად გამსახურდიასთან. იდეა გაჩნდა სრულიად მოულოდნელად. 1991 წლის აპრილში პოზნერი ჩამოვიდა ხარკოვში ტელემაყურებლებთან შესახვედრად. მე მაშინ ვთანამშრომლობდი ხარკოვის გაზეთ „ATB“-თან („ალტერნატიული ტელევიზია“) _ მთელ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ პირველ კერძო გაზეთთან. გაზეთის პოპულარობას ზრდიდა ფაქტი, რომ ის ბეჭდავდა კერძო სატელევიზიო არხის _ „ტონის-ცენტრის“ ტელეპროგრამებს. ჩვენ გვქონდა გარკვეული სახსრები და შეგვეძლო, ამბიციური პროექტების უფლება მიგვეცა ჩვენი თავისთვის. ერთი ასეთი პროექტი იქნებოდა სწორედ პოზნერის ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთან.
მე დავურეკე პოზნერს სასტუმროში. როდესაც გაიგო, რომ დამოუკიდებელი გაზეთის თანამშრომელი ვიყავი, ინტერვიუზე დამთანხმდა, რომელმაც არაფორმალური ხასიათი მიიღო და როცა ვიგრძენი, რომ ურთიერთსიმპათია გაჩნდა, უეცრად ვკითხე პოზნერს: „ხომ არ ისურვებდით ინტერვიუს აღებას ზვიად გამსახურდიასგან?“ „სიამოვნებით, _ მიპასუხა პოზნერმა, _ ზვიადი ყოველთვის იწვევდა ჩემში მომეტებულ ინტერესს _ ეს არის ნათლად გამოკვეთილი, გამოჩენილი პიროვნება და მე დიდი ხანია, ვოცნებობ მასთან შეხვედრაზე. მე საქართველოც მომწონს; ჩემი შეხედულებით, ის ყოველთვის იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე ლიბერალური რესპუბლიკა“. მცირე ხნის დუმილის შემდეგ კი დასძინა: „მე თუ ოდესმე მომიხდება პოლიტიკური თავშესაფრის ძებნა, ამ თავშესაფარს საქართველოში მოვითხოვ!“ ასე მიპასუხა კაცმა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში და მოვლილი ჰქონდა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა…
მე დავუკავშირდი საქართველოში ჩემს მეგობარს, რომელმაც მაცნობა, რომ პრეზიდენტის პრესცენტრის სამსახურის ცნობით, ზვიად გამსახურდიამ თანხმობა განაცხადა პოზნერთან ინტერვიუზე.
შეხვედრა ზვიად გამსახურდიასთან მაისის პირველი რიცხვებისთვის დაინიშნა. ჩვენმა გაზეთმა შეიძინა ბილეთები ავიარეისზე „მოსკოვი _ თბილისი _ მოსკოვი“ და პოზნერის მიერ დათქმულ დროზე მე და „ATB“-ს რედაქტორი მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დავეშვით,
მაგრამ დათქმულ დროზე ვლადიმირ პოზნერი არ გამოცხადდა აეროპორტში. მან ტელეფონით გვიპასუხა, რომ თბილისში პრინციპული მოსაზრების გამო არ მოგვყვება. აღმოჩნდა, რომ დათქმულ ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე მას გავლენიანმა მოსკოველმა ქართველებმა დაურეკეს და აცნობეს, რომ მათი მეშვეობით გამსახურდია ითხოვდა გაგებას, თუ რა კითხვების დასმას აპირებდა პოზნერი. „ამის შემდეგ, _ გვითხრა პოზნერმა, _ მე განვიხიბლე ზვიად გამსახურდიათი; ისე, როგორც მოიქცა ის, არ იქცევიან ლიბერალური შეხედულებების ადამიანები…“
შემდეგ პეტრე ზგონიკოვი, თავის მხრივ, დასძენს: „როგორც ჩანს, ამ ინციდენტმა ღრმა კვალი დატოვა პოზნერის ცნობიერებაში. ნახევარი წლის შემდეგ რუსეთის ტელევიზიის გადაცემას ვუყურებდი. ტოქშოუს მონაწილეებს, ცნობილ პიროვნებებს, რომელთა შორისაც იყო ვლადიმირ პოზნერი, შეკითხვა მისცეს, რომელ ქვეყანას აირჩევდნენ საცხოვრებლად, რუსეთიდან ემიგრირება რომ დასჭირვებოდათ? როდესაც პოზნერის რიგი დადგა, მან უპასუხა: „ნახევარი წლის წინათ ასეთ ქვეყნად საქართველოს დავასახელებდი, მაგრამ შემდეგ ისტორია შემემთხვა, რომელმაც ამ ქვეყანაზე სრულიად საწინააღმდეგოდ შემაცვლევინა აზრი…“
ახლა კი დროა, ალბათ, ამ პატარა ისტორიას ჩვენი ბოლოსიტყვაობა დავურთოთ:
ვინც ზვიად გამსახურდიას პიროვნებას, მეტ-ნაკლებად, იცნობს, იცის, რომ ინტერვიუ მისთვის იმპერიულ ძალთა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მხილების საუკეთესო საშუალება იყო. სწორედ 1991 წელს მას ინტერვიუები აქვს მიცემული შემდეგი გამოცემებისთვის: „კომსომოლსკაია პრავდა“ (21 თებერვალი), „ოგონიოკი“ (9, თებერვალი), „ნეზავისიმაია გაზეტა“ (7 აპრილი), „ტრუდი“ (27 ივნისი), „არგუმენტი ი ფაქტი“ (#25). შეგიძლიათ, თავად წარმოიდგინოთ, რომელი ერთი ჟურნალისტი მოეთათბირებოდა წინასწარ კითხვების დასმის თაობაზე! ზვიად გამსახურდია არანაირ კითხვას არ უშინდებოდა, რადგან სიმართლე მისი ფარი და მახვილი იყო; რაც უფრო მზაკვრულ კითხვას უსვამდნენ, მით უფრო მწარე სიმართლით პასუხობდა პრეზიდენტი. ამდენად, პოზნერის ტელეაუდიტორია მისთვის პირდაპირ მისწრება იქნებოდა საქართველოს სვე-ბედის მსოფლიოს მასშტაბით სააშკარაოზე გასატანად!
ხოლო ვინ იყვნენ ის „გავლენიანი მოსკოველი ქართველები“, რომლებიც წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს ითხოვდნენ პოზნერისგან?
დავიწყოთ იმით, რომ ზვიად გამსახურდიას საახლობლო წრეში არ ივარაუდებოდნენ „გავლენიანი მოსკოველი ქართველები“, რადგან გავლენიანნი მოსკოვში მაშინ მხოლოდ საბჭოთა კრიმინალური ინტელიგენციის წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ. შესაბამისად, კიდეც რომ ჰქონოდა ასეთი სურვილი, ზვიად გამსახურდია, რომელიც არათუ გარეშეთ, არამედ მასთან ძალად მიტმასნილ და „დაახლოებულ“ პირთაც კი არ ენდობოდა, ბუნებრივია, მათ არ დააბარებდა თავის სათხოვარს!
სინამდვილეში, ეს ის კრემლის ლაქია ქართველები გახლდნენ, რომელთაც შესანიშნავად ჰქონდათ გათვითცნობიერებული, რა რეზონანსი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ინტერვიუს მსოფლიოში და ყოველი ღონე უნდა ეხმარათ მისი ბლოკირებისთვის! ამავე დროს, მეორე მხრივ, მათ კარგად იცოდნენ პოზნერის ჟურნალისტური კრედო და მოქმედებათა ის სპექტრი, თუ როგორ ირეაგირებდა ასეთ პასუხზე პოზნერი.
ხოლო რა მოხდა რეალურად? უშუალოდ 1991 წელს, რიგი მიზეზების გამო, არ მოხერხდა ჭეშმარიტების დადგენა; მაგრამ რადგან იდეის ავტორი ძალიან შეწუხებული იყო მომხდარით, მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, ბოლომდე ჩასძიებოდნენ ამ უსიამოვნო ინციდენტს და საგანგებოდ დააბარეს ამბის გარკვევა თბილისიდან წასულ იმ მცირერიცხოვანი დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელიც 1993 წლის თებერვალში ესტუმრა ზვიად გამსახურდიას გროზნოში. მან მორიდებით დაუსვა კითხვა პრეზიდენტს, თუ რატომ უღალატა თავის პრინციპს და რატომ მოსთხოვა პოზნერს ინტერვიუში დასასმელი კითხვების წინასწარ შეტყობინება. პასუხი იყო ისეთი, როგორსაც ელოდნენ კითხვის დამბარებლებიცა და დამსმელიც _ ზვიად გამსახურდიას საერთოდ არაფერი სმენოდა პოზნერთან ინტერვიუს თაობაზე…

ზურაბ ქართველაძე