დანგრეული სახლი თბილისში და 5 ბავშვი, რომელიც „სახლობანას“ ნაცვლად „სახლიდან გასწრობანას“ თამაშობს…

„ქრონიკა+“ გიამბობთ თბილისში ერთ დანგრეულ სახლში მცხოვრებ ხუთ ბავშვზე, მათ დედასთან და ბებია-ბაბუასთან გატარებულ ერთ დღეზე, მათ ყოფაზე, რომელიც წასაკითხად და აღსაქმელად უმძიმესია.

ხუთი ბავშვიდან უფროსი ანი 11 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი _ 2-ის. ოთხ ძმასა და ერთ დას ამ ოთახში ერთმანეთზე მიყუდებულ ხუთ საწოლზე სძინავს. აქვეა შეშის ღუმელი. ბავშვები ერთად მის სიახლოვეს ვერ თავსდებიან, ამიტომ რიგრიგობით თბებიან.
ღუმლიდან მბჟუტავი ცეცხლის ალი თან ათბობს, თან სადილს ამზადებს, თან ანათებს _ სახლში დენი არ აქვთ და მხოლოდ მეზობლისგან ნაწყალობევი ერთი ნათურა ებრძვის სიბნელეს. ოჯახს არც წყალი აქვს და არც ბუნებრივი აირი _ დედამ რამდენჯერმე მიმართა შესაბამის სამსახურებს, მაგრამ ამაოდ…
უკვე ოთხი წელია, მარტოხელა მრავალშვილიანი დედა, მშობლებთან ერთად, ამ ქოხში ცხოვრობს. სახლი, თითქმის, დანგრეულია. საძინებელი, შესაძლოა, ერთ დღეს ჩამოიშალოს, რადგან კედლები მყარი არ არის. ბავშვების ყოველდღიურ ყოფასაც დანგრევის პირას მყოფ სახლში ცხოვრების კვალი ატყვია _ მათი თამაში არ არის „სახლობანა“, ისინი დანგრეული სახლიდან გაქცევის იმიტაციას აკეთებენ და „გასწრობანას“ თამაშობენ. მათ თამაშში სახლი ინგრევა და ისინი გარბიან, ზოგჯერ კი რომელიმე განგებ ეცემა _ თამაშის დრამატიზებისთვის…
„დედასთან და მამასთან ერთად ვცხოვრობ, 5 ბავშვი მყავს და მე-6-ს ველოდები. ბავშვების მამა აქ არ არის, 4 წლის წინათ დავშორდით, მაგრამ, დაახლოებით, 6 თვის წინ მასთან გავიპარე 1 კვირით, ბავშვებს მამის ნახვა უნდოდათ და უფროსები ჩავიყვანე, რის გამოც მშობლებთან ჩხუბი მქონდა. 1 კვირა ვიყავი და ეს დღეებია, სულ ჩხუბი მაქვს სახლში.
ჩემი შვილებიდან ყველაზე დიდი 11 წლისაა, ყველაზე პატარა _ 2 წლის. 6 თვის ორსული ვარ და ბავშვი არ მომაშორებინეს.
თვიდან თვემდე თავი ძლივს გაგვაქვს. ვცხოვრობთ თემქაზე, ზღვის კიბეებთან, ადრე გამწვანების კანტორას ეძახდნენ აქაურობას, დაახლოებით, 25 წლის წინათ შემოგვასახლეს და ახლაც აქ ვცხოვრობთ. მე 28 წლის ვხდები. მეუღლე ცალკეა თავის სოფელში. იქით იმიტომ არ მივდივართ, რომ სახლში შემოტანის მაგივრად სულ გააქვს, ბავშვებსაც სცემდა. მიუხედავად ამისა, როცა ბავშვებს მამა მოენატრებათ, მასთან ვუშვებ ხოლმე, უნდათ მამასთან და უარს ვერ ვეუბნები…
საახალწლოდ არავინ დაგვპირებია არაფერს, სასადილოდან საჭმელს რომ ვიღებთ და დღის ცენტრიც თუ დაგვეხმარება, ეგაა. დედა 56 წლისაა და მამა _ 65 წლის, მამა პენსიასაც იღებს. პენსიას პლუს სოცდახმარება, სულ ესაა…
კომუნალურებს რაც შეეხება, მხოლოდ შუქი გვაქვს, ისიც მეზობლისგან შემოყვანილი, არც წყალი გვაქვს, არც გაზი და დენი, ზამთარში შეშის ღუმლით ვთბებით, თუ მოვახერხეთ, შეშას ვყიდულობთ, ან შეიძლება დღის ცენტრიდან მოგვიტანონ, თუ არადა, ჩვენით რაღაც გირჩებს შევაგროვებთ ხოლმე და იმით ვთბებით…“ _ ამბობს სოფიკო ჯაშიაშვილი „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში.
ანი ჯაშიაშვილი ამ ბავშვებს შორის ყველაზე უფროსია _ ის 11 წლისაა და, შეიძლება ითქვას, დედის მარჯვენახელია. მისი დღეები ერთმანეთს ჰგავს: ყოველ დილით ადრე ადგომა, საჭმლის მომზადებაში მოხმარება, ძმების მიხედვა… ხშირად საუზმეზეც უარს ამბობს, რათა ძმებს მეტი საკვები დარჩეთ, მაგრამ დედის კატეგორიულობის გამო, საუზმობა მაინც უწევს ხოლმე.
მერე სკოლისკენ მიმავალი გზაა… ბევრი თანატოლისგან განსხვავებით, ანი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რადგან სახლზე ფიქრი არ ასვენებს და გაკვეთილების მოსამზადებლად დროც არ რჩება.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც გონებაგხსნილობით გამოირჩევიან, ცუდ პირობებში ცხოვრება თავიანთ კვალს ამჩნევს. მისი თქმით, სახელმწიფო ამგვარ ბავშვებზე განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თბილისის მასშტაბით, 70 000 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახია, რომელსაც 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი ბავშვი ჰყავს.
ჯაშიაშვილები, ყოველთვიურად, 250 ლარს იღებენ, ანუ თითო ბავშვზე 50 ლარია გათვალისწინებული. მასობრივი უმუშევრობისა და ინფლაციის პერიოდში ამ შემოსავლით არსებობა ძალიან ძნელია, მით უმეტეს, რთულია ბავშვებისა და უფროსების ნატვრის ასრულება _ ოდესღაც დამწვარი სახლის ჩანაცვლება არა ნახევრად დანგრეული ქოხით, არამედ ნორმალური, თუნდაც, პატარა, კოპწია სახლით.

ნინო ტაბაღუა