ბარბარესთვის!

ის ჯერ მხოლოდ 6 წლისაა და არ იცის, როგორ შეიძლება გადაადგილდეს საკუთარი ფეხებით. მას აქვს შანსი, რომ სრულყოფილად გაიაროს, მაგრამ ოპერაცია ჯერ არ დაფინანსებულა.

პაპუნაშვილების ოჯახი მოსახლეობას დახმარებას სთხოვს…

მათ სახლს მწვანე ჭიშკარი აქვს, ნაძალადევის რაიონში ცხოვრობენ და იქ მისასვლელად ქვაფენილის აღმართს უნდა შეუდგეთ. მწვანე ჭიშკრის უკან ეზოა, რომელშიც რამდენიმე ოჯახი ვიწროდ ცხოვრობს. ერთ-ერთი თეთრი კარის წინ, რომელსაც იმდენი და იმხელა ღრიჭო აქვს, რომ თავისუფლად შეიძლება კარს იქით სივრცის დანახვა, ძველი ეტლი დგას. შეიძლება, არც გაიფიქროთ, რომ იგი იმ 6 წლის ბარბარესია, რომელსაც სულ მომღიმარი სახე და დიდი შავი თვალები აქვს, დროდადრო საუბარში ერთვება და ძალიან სწორად აყალიბებს თავის აზრს. იგი ოჯახში თავის ორ უფროს დასთან, უმცროს ძმასა და მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
პაპუნაშვილების ოჯახს რამდენჯერმე ვეწვიე. ბოლო მისვლაზე დაკაკუნებამდე კარის ღრიჭოში გავიხედე, თავისუფლადაა შესაძლებელი ყველაფრის ნახვა, ალბათ, ზამთარში ყინავს კიდეც აქ. ოთახში მხოლოდ ბარბარეს დედას, სოფოს ვხედავ, დივანთან 3 წლის მოუსვენარი ცოტნეც ჩანს, აქვეა უფროსი და მარიამი. უკვე ვაკაკუნებ და ოთახში შევდივარ. ყველას ვესალმები და ცოტა ხანში ფარდით გამოყოფილი პატარა საძინებელი ოთახიდან ხოხვით ბარბარე გამოდის. ამომხედა, გამიცინა და ასე, ხოხვით მივიდა დივანთან. აძვრა და იქვე ჩამოჯდა. მაშინ მივხვდი, რომ მან არ იცის, თუ რას ნიშნავს საკუთარი ფეხებით სიარული, არასდროს ურბენია თანატოლებთან, მეტიც, რეაგულარული ურთიერთობაც კი არ ჰქონია ძმისა და დების გარდა სხვასთან.

ბარბარეს დედა _ 31 წლის სოფიო წიწაკაშვილი:
„ბავშვი დაიბადა დახურული ფორმის სპინაბიფიდით, ანუ ხერხემლის თიაქრით, 4 თვის იყო, როდესაც სრულიად შემთხვევით, ნემსის გაკეთებისას ექთანი მიხვდა, რომ მას მგრძნობელობა არ ჰქონდა. შემდეგ ნევროპათოლოგთან მივიყვანეთ და მან პარაპარეზის დიაგნოზი დაგვისვა. მას მერე, ალბათ, საქართველოში არ არის ექიმი, ვისთვისაც არ მიგვიმართავს. ვინ იცის, რამდენი ათასი გვაქვს დახარჯული ასე, კონსულტაციებსა და წამლებში. სწორედ თანხის საჭიროების გამო, იმისთვის, რომ ნემსი და წამლები მეყიდა ჩემი ბარბარესთვის, სახლი დავაგირავე და ახლა ჩვენ თვითონ მდგმურები ვართ. ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ამ სახლში, სადაც ახლა ასე ვიწროდ ვცხოვრობთ, ეტლით გადაადგილების საშუალება არ არის, ამიტომ ბავშვს ხოხვა უწევს. შარშან სექტემბერში ხოხვის გამო ფეხი გაიკაწრა, როგორც აღმოჩნდა, ინფექცია შეეჭრა და მალევე განგრენა დაემართა. თავიდან მთლიანი ტერფის სიგანეზე ვუსმევდით მალამოებს, დროდადრო ეს ჭრილობა პატარავდებოდა და მომცრო წყლულად რჩებოდა, მაგრამ მეორე დილას ისევ უზარმაზარი ხდებოდა და ხელახლა იწყებოდა ყველაფერი. წელს, ზაფხულში, ალბათ, მაღალი ტემპერატურის გამო, ბავშვს ძალიან ცუდი სუნი აუვიდა ფეხზე, კანი ლპებოდა. სასწრაფოდ იაშვილის კლინიკაში გავაქანეთ, სადაც პირველად რაც გვითხრეს იყო ის, რომ ბავშვს ფეხის ამპუტაცია სჭირდებოდა მუხლს ქვემოთ. ეს რომ გავიგე, მას შემდეგ არაფერი მახსოვს, ისე განვიცადე! მალევე მოიყვანეს ექიმი მალხაზ კარტოზია. მადლობა ღმერთს, რომ ის მოვიდა. მან გვითხრა, ნუ გეშინიათ, ბავშვის ფეხი გადარჩა და არ ინერვიულოთო. მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი! მას მერე ისევ, დროდადრო, ჭრილობიდან ხორცის აჭრა სჭირდება. დიაგნოზიდან, პარაპარეზიდან გამომდინარე, ნერვულ სისტემას გამტარიანობა აქვს დაქვეითებული და არაფერი შველის, აღარ ხორცდება ჭრილობა. ეს მხოლოდ მაშინ აღმოიფხვრება, როცა ბავშვს საჭირო ოპერაციას ჩავუტარებთ.
4 თვის იყო, როდესაც სპინაბიფიდის ოპერაცია საქართველოში გავუკეთეთ. დღეს ფაქტია, რომ ექიმმა სწორად ვერ ჩაატარა იგი, რადგან ზურგზე ისევ აქვს ამობურცული ქისა. პლუს, ბარბარეს ტერფების მიმართულებაც შეეცვალა, მისი მოტეხვა და გასწორებაა საჭირო.
ჩვენ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, 2 წლის წინათ დავაგირავე სახლი, 4 შვილის დედა ვარ, სოციალურად დაუცველი და უმუშევარი. ცოტა ხნის წინ მე თვითონ გავიკეთე საშვილოსნოს ოპერაცია. მცირეწლოვანი ბავშვების გარდა, ნევროზი კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ვერ ვმუშაობ. ოჯახს ჩემი მეუღლე არჩენს, რომელიც დროებით სამუშაოებს ასრულებს ხოლმე, რითაც ქირის ფულს ვიხდით. ყველაფერს ემატება კომუნალური გადასახადები, 4 შვლის კვება. იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველები ვართ და ბარბარეს პირველი ჯგუფის ინვალიდის შესაბამისი სტატუსი აქვს, თვიურად დახმარებას ვიღებთ ჯამში 450 ლარის ოდენობით.
გასულ თვეს კომპანია „მედი ქლაბის“ წარმომადგენელი დამიკავშირდა, რომელმაც დახმარება შემომთავაზა და მითხრა, რომ თურქეთიდან ჩამოსულ ექიმს შეეძლო, ბავშვი უფასოდ გაესინჯა. ის ექიმი ზუსტად გვეტყოდა, შეძლებს თუ არა ბარბარე ფეხზე გავლას.
17 ნოემბერს ბარბარე თურქმა ნეიროქირურგმა, პროფესორმა ბულენტ ბოზიგიტმა გასიჯნა, რომელმაც თქვა, რომ ჩემი შვილი ოპერაციის შემდეგ თვითმფრინავიდან ყავარჯნებით, მაგრამ თავისი ფეხით ჩამოვა და გაივლის. ეს ჩვენთვის სასწაული იყო, არც ერთ ქართველ ექიმს უთქვამს მსგავსი რამ, ყველა ამბობდა, რომ შანსი 50:50-ზეა, ბავშვიც შეგუებული იყო, რომ ეტლში უნდა მჯდარიყო მთელი ცხოვრება.
ამის შემდეგ დასახმარებლად დავუკავშირდი საქველმოქმედო ფონდ „დედის ხელებს“, რომლის დამფუძნებელმაც, ხატია გაბრიჭიძემ, უსასყიდლო დახმარება აღმითქვა, რაც უაღრესად სასიხარულო იყო. ძალიან მინდა ვნახო, ბარბარე როგორ გაივლის!
წელს პირველ კლასში გავუშვით. იმის გამო, რომ მე-10 სკოლაში, სადაც ძალიან ბევრი შშმ ბავშვი სწავლობს, ვერ მოვახერხეთ ბავშვის შეყვანა, ბარბარე სხვა კერძო სკოლაში მივიყვანეთ, რომელიც ასევე ადაპტირებული გახლდათ, მაგრამ თავისივე სურვილით უკან გამოვიყვანე. ყოველდღე ხედავდა, რომ სხვა ბავშვები დასვენებაზე გარეთ გადიოდნენ, დარბოდნენ, თამაშობდნენ, თვითონ კი _ ვერა, ამასთან შეგუება გაუჭირდა, ეტლის ზომის გამოც საკლასო ოთახში თავისუფლად შესვლა და გამოსვლა უჭირდა და მაშინ, როცა ოცნებებით ელოდა სასწავლო წლის დაწყებას, იმედები გაუცრუვდა.
ახლა იმისთვის, რომ ოპერაცია დაფინანსდეს, საჭიროა 14 000 აშშ დოლარი. ფონდი „დედის ხელები“ საკუთარი სახსრებით 5000 დოლარს გვაძლევს, ამას ემატება სატელეფონო ზარები და ანგარიშის ნომრები, თუმცა ეს საკმარისი არ არის და გვინდა, ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანოთ განაცხადი, იქნებ, 30% მაინც დაგვიფინანსონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, მაგრამ ისევ ქართველი ექიმების, ნეიროქირურგების გამო ვერ ვაკეთებთ საბუთს, ფორმა 100-ს, სადაც უნდა დაიწეროს, რომ აქ, ჩვენთან, ბარბარეს ოპერაცია არ უკეთდება და ამისთვის საზღვარგარეთ უნდა წავიდეს. ერთ-ერთი ნეიროქირურგი სამი კვირაა გვატყუებს, გვეუბნება, დღეს დაგიწერთო და მერე აღარ სცალია, ოპერაცია აქვს. მივდივართ და არ გვპასუხობენ, საოპერაციოშიაო, არადა, მხოლოდ მან გამოიჩინა კეთილი ნება, რომ ეს დასკვნა დაწეროს და ისიც არ აკეთებს. თუ ისევ არ დაწერს, უკვე ყველა კლინიკას ჩვენით დავივლით და ვინმეს მაინც დავაწერინებთ“.

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა საზღვარგარეთ მკურნალობის სერვისის/Mediclub Sağlık Türizmi ve Medikal-ის წარმომადგენელს, ნათია სამსიანს, რომლის მოვალეობაშიც ქართველი პაციენტების საზღვარგარეთ გამგზავრება შედის, მან თავად გამოთქვა ბარბარეს დახმარების სურვილი:
„ბარბარეს შესახებ მისი მამიდისგან სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე, ჩვენი ერთ-ერთი პაციენტის ფოტოზე კომენტარი ვნახე, წერდა, რომ მის ძმისშვილსაც სჭირდება დახმარება. მას დავუკავშირდი და ბავშვის ფოტო-ვიდეომასალა გამოვაგზავნინე. შემდეგ შევიტყვე, რომ დედაც ავადაა, მატერიალურადაც რთული პირობები აქვთ, არ გააჩნიათ სამსახური, ცხოვრობენ ქირით. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ ექიმი ბულენტ ბოზიგიტი საქართველოში ჩამოვიდოდა, ბარბარეს დედას დავუკავშირდი, უფასო კონსულტაციაზე მოვიწვიე. სწორედ ამ პროფესორმა მოგვცა იმედი, რომ ბარბარეს ფეხზე დააყენებდა. მის მერე ავფორიაქდით, დავტრიალდით, ვცდილობთ, დავეხმაროთ ამ პატარა ანგელოზს. რთულია ამის გაკეთება, რადგან ბევრისთვის უცხოა ქველმოქმედება. ჯანდაცვის სამინისტროს ერთხელ მივმართეთ, მაგრამ დაფინანსებაზე უარი მოგვივიდა, ახლა დამატებით საბუთებს ვაგროვებთ, რომ შანსები მოგვეცეს. ამ ეტაპზე ბარბარეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა, არის შანსები, რომ განგრენა ისევ წავიდეს ფეხზე. ბავშვი ხოხავს, ფეხზე ვერ დგება, ეტლითაც ვერ გადაადგილდება. თავად არის ძალიან ჭკვიანი, მოაზროვნე, თბილი, კონტაქტური, მოსიყვარულე. ერთადერთი პრობლემაა, რომ წელს ქვემოთ მოწყვეტილია, ჭრილობას ყოველდღე ვამოწმებთ, ის საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს.
თავად ექიმს რაც შეეხება, იგი კლინიკა Gozde Hastaesi-ს მთავარი ორთოპედი, ქირურგია. ამ კლინიკაში ცნობილები არიან იმით, რომ თუ პაციენტს ხელს მოჰკიდებენ, ბოლომდე მიჰყავთ საქმე და ისიც საუკეთესო შედეგით ბრუნდება უკან. გვყოლია ბარბარეზე რთული პაციენეტებიც, 10-15 წელი ფეხზე რომ არ გაუვლიათ, რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირვებია, მაგრამ შედეგი მიიღწევა.
ჯანდაცვის სამინისტრო ქართველი ექიმის ფორმა 100-ს ელოდება. დიდი პრობლემაა, რომ ყველა საბუთი ჩავაბაროთ. ამის საშუალებას ქართველი ექიმები არ გვაძლევენ. ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, უფრო ხალხის იმედი გვაქვს, ვიდრე მთავრობის. საშუალოდ, ერთ პაციენტს 3 თვე მაინც უნდა, რომ სახელმწიფოსგან 40-50%-ით მაინც დაფინანსდეს. ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ხალხის იმედი გვაქვს“.

საქველმოქმედო ფონდ „დედის ხელების“ დამფუძნებელი, ხათუნა გაბრიჭიძე, დაწვრილებით გვიყვება ბავშვისა და მისი მდგომარეობის ისტორიას:
„დაახლოებით 11 ნოემბერი იქნებოდა, როცა პირველი კონტაქტი შედგა ბარბარეს დედასთან. მან მოგვმართა, გვითხრა, რომ ბავშვს დახურული სპინაბიფიდა სჭირს, თუკი ისე მოხდებოდა, რომ ექიმისგან იმედს მიიღებდა შვილის ფეხზე დადგომასთან დაკავშირებით, იგი უნდა გაეგზავნათ თურქეთში. გვკითხა, უნდა ჰქონოდა თუ არა ჩვენი იმედი? რა თქმა უნდა, თანხმობა განვუცხადეთ, 17 ნოემბერს ბავშვი თურქმა ექიმმა გასინჯა, დამაიმედებელი პასუხი გაგვცა და უკვე 22 ნოემბერს მოვილაპარაკეთ, რომ ბარბარეს ბენეფიციარად ავიყვანდით. პერიოდულად ვაწვდით სხვადასხვა წამალს, იქნება ეს ჭრილობის მალამოები თუ ვირუსის წამლები. ზოგადად, ოჯახს ეკონომიურად უჭირს. თავიანთი სახლი ბარბარეს ოპერაციების გამო დაგირავებული აქვთ და ახლა ქირით ცხოვრობენ. არიან სოციალურად დაუცველები. არ გააჩნიათ სველი წერტილი. შშმ ბავშვის მოვლა იმ პირობებში გაუსაძლისია.
სახლში იმდენად ვიწროდ არიან, რომ ბარბარე ეტლით ვერ გადაადგილდება და ამიტომ ხოხავს, რის გამოც შარშან ფეხი გაეკარწრა, გაუღიზიანდა და განგრენა გაუჩნდა, სასწაულებრივად გადაურჩა ამპუტაციას, არის განგრენის შემობრუნების საშიშროება, თუკი ეს ოპერაცია არ ჩატარდა და სისხლის მიმოქცევა არ აღდგა, ოპერაციისთვის კი საჭიროა 14 000 დოლარი. რაღაც სახსრებით 5000 დოლარამდე მოგროვებას ვახერხებთ, მაგრამ 9000 დოლარი გვრჩება. ჯანდაცვიდან ერთი კვირის წინათ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩვენს საბუთებს ელოდებიან, მაგრამ ნეიროქირურგები დასკვნას არ წერენ. ერთ ნეიროქირურგთან გვაქვს ურთიერთობა და 2 კვირა გავიდა, რაც ის „გვაწვალებს“.
გვაქვს ფონდი, სატელეფონო შემოწირულობაც, საბანკო ანგარიშები, სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც შეგიძლიათ გადმორიცხოთ თანხა, შეგიძლიათ ონლაინ დონაციაც გამოიყენოთ. მოკლედ, მთავარია, რაღაც თანხა შევაგროვოთ, რომ ბავშვი გავაგზავნოთ და იმედია, მომავალი წლის ჯანდაცვის ბიუჯეტშიც მოვხვდებით, რომ ერთ დღეს ბარბარე ფეხზე დავაყენოთ“.

ნანი ბიბილაშვილი, სოფოს დედის მეგობარი და მათი მეზობელი:
„ბარბარე განსხვავებული, კეთილი და საყვარელი ბავშვია, ძალიან ეხმარება დედას. როცა ადგება, თავს მოიწესრიგებს, საწოლსაც თავად ასწორებს, საოცრად აკურატულია. მან რომ ფეხზე ვერ გაიაროს, ძალიან დიდი სატკივარი იქნება და ქართველ ხალხს ვთხოვ, დაეხმაროს მას“.

სოფო, ბარბარეს დედა ამბობს, რომ როგორც კი ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადს შეიტანენ, მალევე მოვა ექსპერტი და მათ მდგომარეობას გადაამოწმებს, რის მერეც საბოლოო დაფინანსების პასუხს ელოდებიან. ამბობს, რომ თუნდაც 1000 დოლარი დიდი თანხაა მათთვის და ამ თანხას ისინი ნაწილ-ნაწილ, თითო ლარად აგროვებენ. დიდი გამოხმაურება აქვს ბარბარეს Facebook live ჩართვებს. სოფოს თქმით, ბავშვი ძალიან ნიჭიერია, თავისით ისწავლა ქართულად კითხვა და როცა უფროსი დები რუსულ, ინგლისურ სიტყვებს კითხულობენ, ისიც იმახსოვრებს ხოლმე. დედა ამბობს, რომ ბავშვი გონებრივად, თავის ასაკთან შედარებით, გაცილებით ჭკვიანია.
თავად პატარა ბარბარეს საახალწლოდ რამდენიმე სურვილი აქვს: უნდა, რომ ფეხზე დადგეს, თოვლის ბაბუამ კი წითელკაბიანი თოჯინა და პატარა პლანშეტი მოუტანოს. ამბობს, რომ სკოლაში ყოფნას, როცა ბავშვებთან ერთად სირბილსა და თამაშს ვერ ახერხებს, ურჩევნია, სახლში იყოს და საკუთარი თოჯინებით ითამაშოს. პლანშეტურ კომპიუტერზე „სეკრეტ სანტასაც“ მისწერა, თუმცა ის ჯერ არ გამოჩენილა.
საახალწლო სურვილები ბარბარეს და-ძმასაც აქვს:
მარიამი _ 13 წლის: „მინდა, ბარბიმ ფეხზე გაიაროს, მეტი არაფერი!“
ლიზი _ 9 წლის: „როლიკები“, გოგრგოლაჭებიანი ფეხსაცელი მინდა“.
ცოტნე _ 3 წლის: „სათამაშო თოვლის პაპა მინდა“.
წელს მათ ოჯახს ნაძვის ხე არ ჰქონდა, თუმცა ცოტა ხნის წინათ ნინო ალადაშვილი ესტუმრა და ნაძვის ხე, სათამაშოები, ტკბილეული მოუტანა. დედის თქმით, ბავშვები გაოგნებულები იყვნენ, ვერ წარმოედინათ, რომ ადამიანს ასე შეეძლო გაეხარებინა ისინი.
ოჯახი საახალწლო სასწაულსა და ხალხის დახმარებას ელოდება.

ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ბარბარეს დაეხმაროს, შეუძლია, ჩარიცხოს ნებისმიერი ოდენობის თანხა შემდეგ ანგარიშებზე:
1. საქართველოს ბანკი:
GE51BG0000000668714400
2. თიბისი ბანკი:
GE64თB7015436080100015
3. ლიბერთი ბანკი:
GE86LB0115119616889001
საინდეფიკაციო კოდი:
406179987
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან:
0901-701-225
ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკის აპარატიდან (იურიდიული პირი > საიდენტიფიკაციო კოდი > ანგარიშის ნომერი) და თიბისი ფეიდან (ქველმოქმედების მე-5 გვერდზე).
მიმღები: ააიპ „დედის ხელები“ _ ჩვენი ხელებით შევცვალოთ სამყარო!

ნინო ტაბაღუა