ქართველების ღვაწლი და სვე-ბედი რუსეთის რევოლუციებში

ამერიკელმა სენატორმა მაკკეინმა 2012 წელს რუსეთს მოახლოებული რევოლუციის ქარტეხილები უწინასწარმეტყველა. „ძვირფასო ვლად, არაბული გაზაფხული მალე მოაღწევს შენს ქვეყნამდე“, _ წერდა იგი ვლადიმირ პუტინს „ტვიტერში“.

შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ რაკი ამერიკელი სენატორი აფრთხილებს, ე. ი. რევოლუცია ნამდვილად მოხდება რუსეთში და, როგორც წინა რევოლუციებში დავრწმუნდით, მასში ისევ გაჰყოფენ თავს ჩვენი თავგამეტებული თვისტომნი და თანამემამულენი? გავიხსენოთ ისტორია.
ეს ტვიტი, დაახლოებით, იმ დროს დაიწერა, როცა საფრანგეთიდან რუსულ რევოლუციაში მონაწილეობისთვის სპეციალურად ჩამოვიდა ბორის აკუნინი (ჩხარტიშვილი) და ქმედითად იღვწოდა მიტინგების საკოორდინაციო საბჭოში, ინტელიგენციის წინა რიგებში იდგა ოლეგ ბასილაშვილი, იავლინსკის პრეზიდენტობის ხელისმომწერთა რიგებს სათავეში ედგა მარლენ ხუციევი, „პრავოე დელოში“ დასაქმებული იყო რუსეთის პოლიტიკაში ყველაზე სექსუალურ ქალიშვილად აღიარებული ჩოგბურთელი ანა ჩაკვეტაძე…
ამდენად, ზედმეტი არ იქნება, გავიხსენოთ ზოგიერთი ფაქტი ქართველების მონაწილეობიდან რუსულ რევოლუციურ ბატალიებში და აქვე შევნიშნოთ: ჩვენს გენეტიკურ თვისტომებში ვგულისხმობთ როგორც გარუსებულს (ენითა და ცხოვრების სტილით), ასევე რუსეთუმე (მსოფლმხედველობითა და პოლიტიკური ორიენტაციით) ქართველებს.
თავდაპირველად ის ვთქვათ, რომ, ჯერ კიდევ, რევოლუციებამდე, უძველესი დროიდან რუსეთის სიყვარულით აღვსილი და მისი უკეთესი მომავლისთვის მზრუნველი ქართველები ისეთსავე ან კიდევ უარეს ხვედრს ირგებდნენ, ვიდრე თვით რუსი მამულიშვილები: 1800 წლის 27 ოქტომბერს კაზაკების უფლებებისთვის გულანთებული მებრძოლი ევგრაფ გრუზინოვი ჩერკასკის მაიდანზე მათრახის ცემით ისეთი დაუნდობლობით დასაჯეს, რომ ორ საათში დალია სული; 1801 წლის 11 მარტს შეთქმულების მეთაური _ პავლე პირველის სიცოცხლის გამომსალმებელი _ ვლადიმერ იაშვილი გადაასახლეს და დედაქალაქში ცხოვრება აუკრძალეს; რუსეთისთვის თავშეწირულ გენერალ პეტრე ბაგრატიონს ძვლები ამოუყარეს საფლავიდან, რუსეთის მსოფლიო იმპერიის შემქმნელი სტალინი მავზოლეუმიდან გამოიტანეს და დაწვეს, რუსეთის ატომური ბომბით შემაიარაღებელი ბერია თვითმფრინავში გააქრეს… ხოლო როდესაც დერჟავული აღსასრული დაუდგა, რუსეთმა თვითონ უხმო განტევების ვაცად ქართველს, რადგან „გადემოკრატებულ“ რუსეთს შევარდნაძის სახით სჭირდებოდა ასეთი ვაცი _ აუცილებლად „ნაცმენი“, და სასურველი იყო, ქართველი, რათა ქვეყნის დაშლის შედეგების მომკისას მასზე შეეწმინდა (და აკი შეიწმინდეს კიდეც) ხელი!
მეორე მხრივ, იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთისთვის იღვწოდნენ, ჯერ საკუთარი სამშობლო უნდა მოეძულებინათ და იძულებდნენ:
როდესაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის მსვლელობაში რუსეთი, თურქეთის შიშით, კუდამოძუებული ტოვებდა ჩვენს სამშობლოს, რუსმა გენერალმა მიშლაევსკიმ ქართველებს უკარნახა, ისე გადაეწვათ საქართველო, რომ აქ შემოსულ მტერს ქვეყანა გავერანებული დახვედროდა, როგორც უდაბნო… პასუხად ქართველმა მხატვარმა და საზოგადო მოღვაწე დავით გურამიშვილმა „ისტორიული“ სიტყვა წარმოთქვა: „გავყვეთ რუსის ჯარს… გავწყდეთ ყველანი და… თუ ერთი ქართველიც აღარ გადარჩა, ისტორიაში ხომ მაინც დარჩება სახელი, რომ რუსის იმპერატორსა და ხალხს ჰყოლია ისეთი ერთგული და რაინდი ერი, როგორიც არის ქართველი, რომელმაც თავისი პატარა სამშობლო დიდი რუსული მამულის სამსხვერპლოზე მიიტანა“.
რევაზ გაბაშვილის მოგონება გვამცნობს, რომ რაჟამს საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა გამოცხადებულიყო, 1918 წლის 26 მაისის წინადღით, რუსული მენშევიზმის ლიდერი „ბ-ნი კაკი წერეთელი, 25 მაისის კრებაზედ, გულშეწუხებული ჩავარდა სავარძელში და გაჰკიოდა ისტერიო-„ისტორიულ“ სიტყვებს: „რას შვრებით, თქვენა ღუპავთ რუსეთის დემოკრატიასო!“
კიდევ მეორე ლიდერი, ცნობილი ორატორი, კარლო ჩხეიძე, სათათბიროს ტრიბუნიდან, პროლეტარიატის უფლებების დაცვასთან ერთად, დროდადრო ჩაგრული ხალხის _ პოლონეთისა და ფინეთის შელახულ უფლებებსაც იცავდა. სამშობლოს უფლებები კი არასოდეს გახსენებია. საკუთარი ქართველობაც მხოლოდ იმ შემთხვევაში აგონდებოდა, თუ ეროვნულ ღირსებას შეულახავდნენ. ასე მაგალითად, როცა IV სათათბიროს ერთ-ერთ სხდომაზე უკიდურესმა მემარჯვენე დეპუტატმა, რეაქციონერმა ვლ. პურიშკევიჩმა დამამცირებელი რეპლიკა ესროლა: „რა ენაზე ლაპარაკობს ეს კავკასიელი მაიმუნი?“ განრისხებულმა ჩხეიძემ უპასუხა: „როდესაც თქვენი წინაპრები ტყეებში დაძრწოდნენ, ჩვენები სახარებას თარგმნიდნენ!“ „Когда Ваши предки по лесам бродили, наши – Евангелие переводили!“).
სწორედ, ასევე, პირადი შეურაცხყოფის დროს ახსენებდნენ ხშირად ქართველობას, უკვე საბჭოთა პერიოდში, სხვა მათ მსგავს ქართველებსაც. მაგალითად, როდესაც ბულატ ოკუჯავამ რუსი ულტრამემარჯვენეების თვალში თავი შეირცხვინა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დასახვრეტ პეტიციაზე ხელის მოწერით 1993 წლის ოქტომბერში, მაშინვე გაახსენეს ქართველობა.
როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს, მისმა განმაქიქებლებმა თავიანთი კრიტიკის საფუძველი სწორედ მის ქართულ წარმომავლობაში ჰპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ მან ხეირიანად არ იცოდა ქართული, რადგან ისეთი ეთნიკურად სომეხი დედის გაზრდილი იყო, რომელიც, როგორც კი მისი თანდასწრებით დაიწყებდა ვინმე ქართულ ლაპარაკს, მყისვე აწყვეტინებდა ხოლმე: „მოდით, ვილაპარაკოთ ლენინის ენაზე!“
ასევე დამართნია გია დანელიას: როგორც თვითონ იგონებს, _ მდგარა ულვაშა მეგობრებთან ერთად და მის გვერდით ჩავლილ ერთ დედაბერს მაინცდამაინც მასზე მითითებით დაუყვირია: „მურიანებო („ჩერნომაზიე“), გაეთრიეთ მოსკოვიდან!“
აი, ამ დედაბრებისთანა მოქალაქეების წინ დგანან დღევანდელი ჩვენი ქართველი რევოლუციონერებიც და ის დროა, მოემზადონ პოლიტიკურთან ერთად პერსონალური ქსენოფობიური გამოხტომებისთვის, რადგან, როგორც რევოლუციის მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის გამოჩნდნენ მომიტინგეთა ეროვნული ნიშნით გარჩევის მოყვარულები: ინტერნეტი მაშინ აჭრელებული იყო მსგავსი მოწოდებებით: „დაგვანებეთ რუსებს ჩვენი თავი _ გარეშეთაგან ერთი ებრაელი აკუნინიც საკმარისია (იქვე მოჰყავთ ჩხარტიშვილის ებრაელი დედის _ ბერტა ისააკის ასულ ბრაზინსკაიას გვარი), ხოლო ბასილაშვილი წავიდეს და თავის თბილისში მოაწყოს რევოლუცია! ან კიდევ უფრო სხვაგვარად: „მოდიან ქალები პოლიტიკაში: კაბაევასი, ჩაკვეტაძისა და სხვათა სახით. ესენი კახპებიც კი არ არიან; კახპებისაგან სარგებლობა მაინც არის, ამათგან რა სარგებელია?“
ან, განა, დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც 2006 წელს, ქართველთა მასობრივი გამოძევების პერიოდში, მოსკოვის ფორუმზე ითხოვდნენ ოლეგ ბასილაშვილის ძელზე ჩამოკიდებას, როგორც „პერესტროიკის“ ერთგული მხარდამჭერისას და გაგდებას ტოვსტონოგოვის დრამატული თეატრიდან, ჩხეიძესთან ერთად… ამ უკანასკნელს ფორუმელები თითქმის იგივე სიტყვებით მიმართავდნენ, როგორც ასი წლის წინათ მიმართეს მის მოგვარეს: „მოშორდნენ აქაურობას ჩხეიძეები და სხვა მისთანა შავტრაკა მაიმუნები, რომლებიც ნიჭიერი რუსი მსახიობების ადგილს იკავებენ!“
ბორის აკუნინიც (წარმოშობით გრიგოლ ჩხარტიშვილი), რომელიც სრულიად გულწრფელად აღიარებს, რომ არავითარ განსაკუთრებულ სულიერ კავშირებს არ გრძნობს საქართველოსთან, იძულებული ხდება ხოლმე გაიხსენოს გენეტიკური ფესვები, საქართველოსთან რუსეთის ურთიერთობის ყოველი მორიგი გამწვავების დროს; მაგალითად, „შარშანწინდელმა ანტიქართულმა ისტერიამ, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას დაემართა, შემახსენა, რომ მისთვის მაინც ქართველად ვრჩები“, _ იხსენებს მწერალი. აი, ახლაც, ჯერ არ გაკვირტულა რევოლუციის ნერგი და აკუნინი უკვე რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერის ყურადღების ობიექტად იქცა:
„ჩვენ ყველას გვიყვარს მწერალი ბორის აკუნინი, _ სიყვარულში გამოუტყდა მწერალს პუტინი, _ ის წერს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, საინტერესო რაღაცებს. ამ ნაწარმოებების ეკრანიზაციაც ხდება. ის, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეთნიკურად ქართველია. მე მესმის, რომ მისთვის შესაძლოა, მიუღებელი ყოფილიყო რუსეთის მოქმედებები კავკასიაში არსებული კრიზისისა და მოვლენების დროს, რაც სინამდვილეში შეიარაღებულ ბრძოლას წარმოადგენდა საქართველოსა და რუსეთს შორის, როდესაც რუსეთი იძულებული იყო, დაეცვა სამხრეთელი ოსები და ჩვენი სამშვიდობო ძალები, რომელთაც თავს დაესხნენ და, უბრალოდ, ამოხოცეს“.
ეს სიტყვები მავანთა და მავანთ სერიოზულ გაფრთხილებად უნდა მიიღონ. გაიხსენონ გენეტიკურმა ქართველებმა, რომ რუსეთში არც ერთ რევოლუციას არ მოუტანია დემოკრატიული ცვლილებები, რადგან რუსი ერი ვერ ჰგუობს უროზგო და უმათრახო ხელისუფლებას! სამაგიეროდ, რუსეთის რევოლუცია აუღელვებლად და ნირის შეუცვლელად იწირავს „ნაცმენებს“ _ ამიტომ ის ურჩევნიათ, დაზოგონ თავიანთი ნიჭი და ენერგია _ იქნებ, ოდესმე უპოვონ მათ უკეთესი გამოყენების საშუალება!
მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ პუტინის ქარაგმულ ნათქვამსაც, არ იქნება ურიგო, ვინმემ მიაწვდინოს ხმა ამ მომიტინგე რევოლუციონერებს, რომ მათი, როგორც ეთნიკურ ქართველთა აქტიურობა უარყოფითად მოქმედებს მათი წინაპრების სამშობლოზე და ხელისუფლების მიერ ინდუცირებულ რუსეთის მცხოვრებლებს ნუ გაუღვივებენ ისედაც აალებულ ქსენოფობიურ განწყობილებებს და თავიანთ ქვეყანაში უსასოობითა და უნუგეშობით დაგროვილ ბოღმას ნუ ამოანთხევინებენ კვლავ საქართველოზე!

ზურაბ ქართველაძე