მთავარი მსოფლიო იერუსალიმი გვაფორიაქებს

იერუსალიმი გვაფორიაქებს

738
0
გაზიარება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა. ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად კი იერუსალიმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ პროცესები მხოლოდ ქვების სროლით არ დასრულდება.

იერუსალიმის საკითხზე გამართულ კენჭისყრაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა არ მიუღია, რაც, გარკვეულწლიად, გამოსავლად იქნა მიჩნეული.
იერუსალიმი ის საკითხია, რაზედაც ქართული პოლიტიკური სპექტრი _ უმრავლესობის უმრავლესობა და ოპოზიციის უმრავლესობაც თანხმდება. თუმცა მოვისმინეთ ცალკეული განცხადებები, რომლებშიც აშკარად გაჟღერდა, რომ საქართველოს ღიად უნდა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. აპელირება აშშ-ის მეზობელზე _ კანადაზე გაკეთდა, რომელმაც საკუთარი ხმა აშშ-ის პოზიციის წინააღმდეგ მისცა.
_ მეტი გამბედაობა, _ მოითხოვა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის წინაღმდეგ და ასევე მეტი გამბედაობა მოითხოვა კენჭისყრამდე კარგა ხნით ადრე დეპუტატმა შოთა შალელიშვილმა ისრაელისა და აშშ-ის მხარდასაჭერად.
ზოგადად, იერუსალიმის საკითხი დღევანდელ კონტექსტში მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგში 22 წლის წინათ _ ბილ კლინტონის მმართველობისას გაჩნდა. სწორედ მაშინ აშშ-ის კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ. ანუ იერუსალიმის ისრაელის სახელმწიფოს „ერთიან, განუყოფელ დედაქალაქად“ აღიარების თაობაზე.
22 წლის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტები ყოველწლიურად აწერდნენ ხელს აქტს ამ გადაწყვეტილების ერთი წლით გადავადების შესახებ. ანუ პრეზიდენტები გადაწყვეტილების აღსრულებას ერთი წლით გადაავადებდნენ. დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება 6 თვით გადაავადა, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ აშშ აცხადებს, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის სახელმწიფოს ერთიან, განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს.
ცხადია, რომ ეს, ერთი შეხედვით, „უწყინარი“ გადაწყვეტილება _ ვისი რა საქმეა, საელჩო სად ექნება, _ რეგიონში უმძიმესი დაძაბულობის მიზეზი ხდება. იმის მიუხედავად, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, პიროვნული ამბიციისა და სისუსტის, ან სიძლიერის ჭრილში განვიხილოთ, ნიშანდობლივია მსოფლიო პოლიტიკური ტემპერატურის ანომალიური ზრდა. რამდენად იქნება ტრამპი ამ გადაწყვეტილების გამო მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს შორის გამორჩეული თავისი სიმამაცითა და პოზიტიური ისტორიული გადაწყვეტილების მაპროვოცირებელი, ან სულაც ნეგატიური პროცესების ფუძემდებელი, ამას დრო გვანახებს. მით უფრო, თუ მსოფლიოს რეაქციებსა და ადგილზე განვითარებულ პროცესებს მოცემულ ვითარებაში დავაკვირდებით, პოზიტივის აშკარა დეფიციტი თვალნათელია.
აშშ-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ასეთი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა თვით რონალდ რეიგანმაც ვერ შეძლო, რომელიც ისრაელის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და თანამდგომი იყო. სწორედ მისი პრეზიდენტობისას ამ ქვეყანას აშშ კოლოსალურ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევდა.
რატომ მიიღო დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება? პირველ რიგში, იმიტომ, რომ მან ამის შესახებ, ჯერ კიდევ, წინასაარჩევნო პერიოდში დადო პირობა. სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციაში მიიჩნიეს, რომ სწორედ ახლა იყო ხელსაყრელი დრო და გაითვალისწინეს, რომ რისკები, შესაძლოა, მინიმალური ყოფილიყო.
ამავდროულად, გადაწყვეტილება სულაც არ არის უხიფათო. პირიქით, მან შესაძლოა, მაპროვოცირებელი როლი ითამაშოს და პალესტინელებისა თუ არაბული სამყაროს ქმედით წინააღმდეგობას დაუდოს სათავე.
მით უფრო, რომ, ამ მხრივ, ნიშანდობლივია თურქეთის პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები _ კერძოდ, სამიტი რომელიც ერდოღანმა ამ თემაზე ჩაატარა. აღნიშნულ კონტექსტში არც რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ბოლოდროინდელი შეხმატკბილების გამორცხვა ღირს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსკოვი საკითხზე ამ დრომდე დუმს, მაშინ როდესაც მუდმივად იცავდა პალესტინელების ინტერესებს და რეგიონში ნებისმიერი სტატუს კვოს დარღვევაზე უკიდურესად მკაცრად რეაგირებდა. მოსკოვი ახლა მოვლენების განვითარებას ელოდება და მის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.
საკითხის გააზრებისას აუცილებელია რამდენიმე ისტორიული ფაქტის გახსენებაც:
„ექვსდღიანი ომის“ შედეგად, 1967 წელს, ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმზე კონტროლი დააწესა. ამ დრომდე ტერიტორიას არაბები აკონტროლებდნენ. ისრაელის არმიამ დაიკავა მუსლიმანებისთვის წმიდა ადგილი „ალ აქსას“ მეჩეთიც. ის სწორედ აღმოსავლეთ იერუსალიმშია განთავსებული. „ალ აქსას“ მეჩეთი იმდენად ღირებული და ფასეულია მუსლიმანური სამყაროსთვის, რომ „ექვსდღიანი ომის“ შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ ამ ტერიტორიაზე გარკვეული ავტონომიური მოდელი გაითვალისწინა.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ ომის შემდეგ ისრაელის მთავრობა სწორედ იერუსალიმშია განთავსებული. ქვეყნის დედაქალაქად თელ-ავივის მოხსენიება ფორმალობაა. ისრაელის მოსახლეობა კი სწორედ იერუსალიმს მიიჩნევდა და მიიჩნევს ისრაელის დედაქალაქად.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და ქნესეთი იერუსალიმში საქმიანობენ, ამ ქალაქში არ მდებარეობს არც ერთი ქვეყნის საელჩო.
ახლა იერუსალიმის ფაქტორს სხვა მხრიდან შვხედოთ. სწორედ ამ ქალაქთან ახდენს საკუთარ იდენტიფიცირებას სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი მილიარდობით ადამიანი _ ებრაელები, ქრისტიანები, მუსლიმანები.
ამიტომაც იერუსალიმი ყოველთვის იყო პოლიტიკურ, ემოციურ და რელიგიურ ვნებათაღელვის ეპიცენტრი.
„ექვსდღიან ომამდე“ _ 1967 წლამდე, მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ ქალაქთან დაკავშირებით არაერთი მოდელი განიხილებოდა, მათ შორის, მისი მსოფლიოს დედაქალაქად გამოცხადება და იერუსალიმში გაეროს შტაბ-ბინის განთავსება. იყო საუბარი იმაზე, რომ იერუსალიმი გახდებოდა მსოფლიოს პოლიტიკური ზრუნვის ქალაქი და ა. შ. თუმცა არც ერთ წინადადებას ისრაელის მაშინდელი ხელისუფლება არ დასთანხმხდა.
„ებრაელებისთვის „ერთიანი და განუყოფელი იერუსალიმი“ (რასაც მიაღწიეს კიდეც „ექვსდღიანი ომის“ შედეგად) ეროვნული მსოფლაღქმისა და იდენტობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია; ამიტომ აბსოლუტურად გამორიცხულია, ისრაელი ოდესმე დაეთანხმოს იერუსალიმის ხელახალ გაყოფას აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად, ესე იგი დათმოს სახელმწიფო სუვერენიტეტი აღმოსავლეთ იერუსალიმზე, რომელიც არაბებს მომავალი „პალესტინის სახელმწიფოს „წმიდა დედაქალაქად“ წარმოუდგენიათ“, _ აცხადებს ისტორიკოსი და ანალიტიკოსი დავით გამცემლიძე.
მისი თქმით, ებრაელები, ათასწლეულთა განმავლობაში, ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ ასე: „გაისად შევხვდეთ იერუსალიმში!“ მათი ისტორიული ეროვნული ნარატივი იყო ცრემლნარევი: „თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ!..“ ამდენად, იერუსალიმის სტატუსი, მისი ერთიანობა და განუყოფლობა ყოველთვის იყო და იქნება მთავარი წინაღობა, რაც ხელს უშლის ისრაელ-არაბეთის კონფლიქტის დასრულებას.
ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ 1995 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრ იცხაკ რაბინის მკვლელობის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ პრემიერმა 1990 წელს არაბებთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა და „რომაული პალესტინის“ (ბიბლიური იუდეასა და სამარიას) ტერიტორიაზე ორი (ებრაული და არაბული) სახელმწიფოს დაფუძნების თეორიული შესაძლებლობა დაუშვა.
„მაგრამ რაბინიც კი ვერ გაბედავდა და ვერც ოდესმე რომელიმე ებრაელი პოლიტიკოსი გაბედავს, ეჭვქვეშ დააყენოს იერუსალიმის განუყოფლობა _ ისრაელის აბსოლუტური სუვერენიტეტი ამ გრძნეულ ქალაქზე“, _ აცხადებს დავით გამცემლიძე.
და კვლავ საქართველოსა და პრობლემის არსს დავუბრუნდეთ: იმ პირობებში, როდესაც ჩვენი სახელმწიფო, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ კვირიკაშვილის განცხადების არ იყოს, უამრავი ეგზისტენციური პრობლემისა თუ გამოწვევის წინაშეა, მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ყოვლად დაუშვებელია.
მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ გვერდით არ გვყავს აღნიშნულ საკითხში ჩვენი პოზიციის თანმხვედრი არც ერთი სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფო.
„უნდა გავიგოთ, შევიგნოთ, ბოლოს და ბოლოს: ჩვენ ვართ პატარა, სუსტი ქვეყანა. ამასთან, ერთადერთი სახელმწიფო ვართ მთელ რეგიონში, რომელიც, ჯერ ერთი, არ არის კოლექტიური უსაფრთხოების არც ერთი ორგანიზაციის წევრი და, ამავე დროს, რაც კიდევ უარესია, არც ისეთი სტრატეგიული მოკავშირე გვყავს, როგორიცაა ამერიკა _ ისრაელისთვის, რუსეთი _ სომხეთისთვის, ან თურქეთი _ აზერბაიჯანისთვის. ევროპული ზესახელმწიფოებიც კი ვერ ბედავენ ესოდენ რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას და ჩვენ?“ _ აცხადებს დავით გამცემლიძე.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში რუსეთის მდუმარე პოზიცია, რეალურად, შესაძლოა, განვიხილოთ მის უმთავრეს სურვილად: რაც უფრო დაიძაბება ვითარება მსოფლიოს გეოპოლიტიკურ „მზის წნულში“, ანუ ახლო აღმოსავლეთში, მით უფრო გაუფართოვდება რუსეთს სამანევრო სივრცე და მით უფრო „გაეხსნება ხელ-ფეხი“ თავისი ნამდვილი ინტერესების სფეროში _ პოსტსაბჭოურ სივრცეში, მათ შორის, უკრაინასა და საქართველოში.
სწორედ ამ და სხვა საფრთხეების გათვალისწინებით ერთადერთი, რაც შეგვიძლია ღიად და აშკარად ვთქვათ, არის ის, რომ იერუსალიმი გვაფორიაქებს ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას _ ქრისტიანებსაც, მუსლიმანებსაც და ებრაელებსაც. ამიტომ ჩვენი უდიდესი სურვილია, მშვიდობა იერუსალიმში.

არმაზ მეტრეველი

დატოვეთ კომენტარი