მელია _ კვირიკაშვილის მაშველი რგოლი

რა თვითკმაყოფილებასაც არ უნდა მიეცეს ნიკანორ მელია და სრულიად ოპოზიცია, რომ მეფე _ ამჯერად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი _ გააშიშვლეს და რა დაბეჯითებითაც არ უნდა იმეორონ ეს ფრაზა, ფაქტი ერთია: მელია კვირიკაშვილის მაშველი რგოლი აღმოჩნდა.

ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მომხრეების თავგამოდება მორალურ თუ პოლიტიკურ კონტექსტზე აპელირებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცალკეულ საკითხებში ქართული საზოგადოება არც მორალურად არის მდგრადი და კრიტერიუმებგანსაზღვრული, ხოლო პოლიტიკურად იმდენად უმწიფარია, რომ „ხვალ“ მისთვის გაუაზრებელი და გაუთვითცნობიერებელი პასაჟია.
ნათქვამია, _ რაც ერი, ის ბერიო… და, სწორედ, ეს მოსაზრება ზუსტად მიესადაგება დღევანდელ ჩვენს ყოფასა და არსებობას. როდესაც „ხალხს“, საზოგადოებას ვსაყვედურობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ „ხალხისა“ და საზოგადოების ბელადები ზუსტად ისეთივენი არიან, როგორც თავად ხალხი და, _ პირიქით.
ახლა სხვა პრიზმით შევხედოთ პარლამენტში მომხდარ ფაქტს, ანუ „კეთილების“ თემას: რა მიზანს ისახავდა ოპოზიცია, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობა“ სამთავრობო მოსმენისას? _ მთავრობის მხილებას, გაშიშვლებას, მის გამოჭერას ტყუილებში, „გარდასულ დღეთა მოგონებებს“, მოკლედ, პოლიტიკურ გაბითურებას? და ეს აბსოლუტურად სწორი სტრატეგიაა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არც ერთი სიტყვა თუ წინადადებაც არ უნდა დაგცდეს: ეს კარგი იყო, ეს იყო წარმატებული, აქ შეგეძლოთ უკეთ და ა. შ.
როდესაც ნებისმიერი მსხვერპლი გრძნობს თავდამსხმელის უპირატესობას, თუნდაც, ერთ კომპონენტში, ძალაუნებურად გადადის თავდაცვის პოზიციაში და თავდასხმისთვის ეზადება. ასეთ დროს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოიგერიებს თავდამსხმელს და რომელ უხერხულ ადგილას მიაყენებს საპასუხო დარტყმას. ეს წესი პოლიტიკაზეც ვრცელდება, რადგანაც ინსტინქტებისა და რაციონალიზმის კომპონენტები ადამიანში კი არა, ცხოველებშიც ბუდობს _ „დოზები“ ყველას ინდივიდუალური აქვს, თვით ცალკეულ ადამიანსაც.
ისიც გავიაზროთ, რა ამოცანა ჰქონდა მთავრობას და, კონკრეტულად, ბატონ კვირიკაშვილს? საკონდიტრო ენაზე თუ ვიტყვით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „პუბლიკისთვის“ რაფაელოს შეთავაზება. გახსოვთ ფრაზა სარეკლამო რგოლიდან? „რაფაელო… _ არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად“…
ანუ ბატონი კვირიკაშვილი, ისევე როგორც „ნაციონალებთან“, სხვა ფრაქციებთან მოსმენებისასაც აპირებდა ესაუბრა იმ ირეალურ სამყაროზე, რომელშიც გაზულუქებული სახელმწიფო და საჯარო მოხელეები ცხოვრობენ და დასტურად მოეყვანა სხვადასხვა ციფრი, რომლებიც, მეტწილად, აცდენილია საქსტატის მონაცემებს. შესაბამისად, სტრატეგია იყო მარტივი: ოპოზიცია „ქაქანებს“, ჩვენ კი ვიტყვით, _ რა საამური და ტკბილია ცხოვრება და თუ თქვენ პირში გემო არ გაქვთ და ვერც თქვენი რეცეპტორები აღიქვამენ ქოქოსის გემოს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მივირთმევთ რაფაელოს…
ამ სტრატეგიის ამოცნობა ძნელი არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციისთვის, რომელმაც, მერამდენედ, სრულებით ვერ გაითვალისწინა: საკუთარი მდგომარეობა (უმცირესობაში ყოფნა), ობივატელის განწყობები და ყველაზე მთავარი _ ვერც კი დაინახა კვირიკაშვილის თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი; ან დაინახა და გადაწყვიტა, ეს მახვილი მას ჩაეჭედებინა პრემიერისთვის ბეჭებშუა. და აქაც შეცდომა დაუშვა, რადგანაც ვერ გაითვალისწინა ორი რამ: ერთი _ მახვილი მართლა დამოკლესი კი არა, ბიძინასია და მას უპყრია ხელთ; მეორე _ ბიძინა ივანიშვილი მელიას ან რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას კვირიკაშვილს არც შეაჭმევინებდა და არც მოაკვლევინებდა.
რა შეცდომები დაუშვა კონკრეტულად ნიკანორ მელიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი სტრატეგიის არჩევისას, თვალნათელია, რადგან დღეს, ამომრჩევლისთვის, თუნდაც „ოცნების“ მომხრესთვის კვლავაც გაურკვეველი რჩება, „რას გვიშავებს“ ხელისუფლება? ინდივიდუალურ დონეზე ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ მან ვერ მიუსწრო რიგს, სადაც “რაფაელოს” არიგებდნენ. იმ ერთი ცნობილი ლეგენდისა არ იყოს, ღმერთი რომ მიწებს არიგებდა და ქართველები ქეიფიობდნენ, შეზარხოშებულები თუ მეორე დღეს გამოფხიზლებულნი რომ ეახლნენ, არსთა გამრიგე იძულებული გახდა, დარდიმანდი ქართველებისთვის სამოთხე _ საქართველო ეჩუქებინა. დიახ, პოლიტიკოსები ვერ ხვდებიან და ვერ იაზრებენ საკუთარი თანამოქალაქეების ფსიქოტიპს და ამიტომაც არიან აცდენილნი მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს. ამიტომაც ამ ლეგენდის კოდის გათვალისწინებითაც არიან ჩვენი თანამოქალაქეები მეოცნებეები (პარტიულ სიმპათიებს არ ვგულისხმობ) და ფუქსავატები.
ახლა ისევ ფაქტს დავუბრუნდეთ: კვირიკაშვილმა პარლამენტში მთავრობა ისე მიიყვანა, რომ ბატონ ივანიშვილთან გასაუბრებაც კი ვერ მოასწრო „უცნობის“ ბრალდებებზე და სხვა კორუფციულ თუ ბიზნესგარიგებებზე, რომლის შესახებაც არაერთი მასალა გამოაქვეყნა „ქრონიკა+“-მა და რის შესახებაც საზოგადოებაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ. მისთვის აბსოლუტურად გასაგები იყო ის ფორმალობა, რომელიც მას უნდა დაეცვა პრემიერ-მინისტრის რანგში. თუმცა ისიც გასაგები გახდა, რომ თუ ვერ შეძლებდა ივანიშვილის დარწმუნებას ცალკეულ საკითხებზე, რამდენიმე თვეში მოუწევდა თანამდებობის დატოვება და ივანიშვილის შეპირება, რომ სამომავლოდ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდებოდა, მართლაც რომ სანუკვარ ოცნებად ექცეოდა. სხვა თუ არაფერი, ბატონმა კვირიკაშვილმა კარგად იცის, რა ხვედრიც ერგო მის წინამორბედს.
სწორედ ამ პიროვნული ტრაგიზმით მივიდა პრემიერ-მინისტრი პარლამენტში.
საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრა, სადაც კამათის ხაზმა ივანიშვილის დაპირებების „გაპრავებებზე“ გაიარა, მისთვის ყველაზე რთული იყო. პიროვნულ განზომილებაში მას უხდებოდა იმ პერსონის დაცვა, რომელსაც „ხვალ“ შეეძლო, სახლში გაეგზავნა და მისი ტრაგედიის უმთავრეს შემოქმედად ქცეულიყო. გიგა ბოკერიამ მოახერხა წითელი ხაზის გასწვრივ წარემართა დებატები. თან ისე, რომ მისი მიმიკები თვალნათლივ მეტყველებდა ოპონენტების სისუსტეს, ტყუილებს _ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მთავრობასა და თავად კვირიკაშვილს შეუვალი არგუმენტები და ფაქტები ჰქონდათ კონკრეტულ საკითხებზე. მან მოახერხა, ცალკეულ სიტყვებზე და ფრაზებზე წამოეკიდებინა პრემიერი და ხშირ შემთხვევაში არც კი მისცა იმის საშუალება, რომ „მიღწევების“ თვალნათელი დემონსტრირება მოეხდინა. მართალია, სხვა მასშტაბებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამ კამათმა ჩერჩილისა და ჩემბერლენის ცნობილი კამათის ასოციაცია დატოვა, როდესაც პრემიერი ჩემბერლენი ღიად იცავდა ბრიტანელი არისტოკრატიისა და მდიდრების ინტერესებს გერმანიასთან თანამშრომლობის აუცილებლობის დასაბუთებით, ხოლო ჩერჩილი არად დაგიდევდათ არისტოკრატიისა და მდიდრების ინტერესებს და ერთსა და იმავეს იმეორებდა დაბეჯითებით, _ ბრიტანეთი, ინგლისი და მოსახლეობა. საიდან ეს ასოციაცია? ბატონმა ბოკერიამ დებატებისას ერთი მნიშვნელოვანი აზრი განავითარა, _ ჩვენ არასოდეს გვიწოდებია თქვენთვის აგენტები, მაგრამ ვამბობთ, რომ თქვენი უმოქმედობა, ან ცალკეული მოქმედება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს აზრი ერთი ერთში ემთხვევა ჩერჩილის მიერ ჩემბერლენისთვის ნათქვამ ფრაზას: თქვენ არ ხართ აგენტები! თუმცა თქვენი მოქმედებითა და უმოქმედობით აზიანებთ ინგლისის ინტერესებს.
უმცირესობიდან ემოციურად დატვირთული და მორალურად ისედაც დათრგუნვილი კვირიკაშვილი მოსისხლე მტრების ბუნაგში მოხვდა და სწორედ აქ უმტყუნა ნერვებმა.
დიახ, რაოდენ აღტკინებულნიც არ უნდა იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ფაქტი ერთია _ ეს არ იყო პოლიტიკური მასტერკლასი, რომელიც შეეძლო ოპოზიციას მთავრობისთვის ჩაეტარებინა. ეს იქცა სანახაობად, რომელმაც „ოცნებაში“ სკამშერყეული კვირიკაშვილის პოზიციები გაამყარა. ამიტომ ვამბობ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ჯერაც არ იციან, რას ნიშნავს „ხვალ“… პოლიტიკური დებატების სტრატეგიის ცოდნაზე ხომ საუბარი არც ღირს.
გააზრებული აქვს ბატონ ნიკა მელიას და მის მომხრეებს, რა სამსახური გაუწიეს ბატონ კვირიკაშვილს? დარწმუნებული ვარ, არა! ახლა, პრემიერს რომ არავინ გაუშვებს სახლში და მას აუცილებლად დაასახელებენ საპრეზიდენტო კანდიდატად, ხომ ცხადია?
ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილების სარჩულად მისი მომხრეებისა და ოცნებელებისთვის გახდება არა სხვა მიზეზი, არამედ „მელიას კეთილები…“, ანუ დაიწყება იმაზე საუბარი, რომ კვირიკაშვილი გაუშვეს იმიტომ, რომ მელიას აგინა. ანუ აგინა „ნაციონალებს“, მტრებს, მარგინალებს… შესაბამისად, ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ივანიშვილი არასგზით მიიღებს. ეს მისი გუნდის ფორსირებულ რღვევას გამოიწვევს.
პოლიტიკოსისთვის სტილი უმთავრესია. ერთ ფაქტს გავახსენებ, თუნდაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს: მიშა სახურავზე და ბოთლი ხელში. ეს ბოთლი ვიღაცისთვის საქილიკო, ვიღაცისთვის გაუგებარი ატრიბუტია, მაგრამ ის განასახიერებდა იმ მომენტში მიშას სტილსა და ფორმას. მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებში აჩენდა განცდას, რომ მიშა მშვიდად არის. ეს პოლიტიკური მასტერკლასია. სხვათა შორის, რამდენიც არ უნდა მიბაძოს ბატონმა მელიამ სააკაშვილს, იგი საერთოდ სხვა განზომილებაა. მოკლედ, ამ შემთხვევაში, _ ვინც არ არის კახაბერი…
ჰო, სტილი და ფორმა, შესაძლოა, არა მხოლოდ ატრიბუტით გამოხატოს, არამედ ქცევითაც. შესაბამისად, მელიას სტილი და ფორმა კონკრეტულ ვითარებაში და არა მხოლოდ, ნამდვილად არ ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნებში, რასაც გამარჯვება და წარმატება ჰქვია. არ ჯდება მიზანში, რომელმაც ამ პარტიას მომხრეების რაოდენობა უნდა გაუზარდოს.
კვლავ ფაქტს დავუბრუნდეთ… მმართველმა გუნდმა თავის შეფასებებით კვირიკაშვილის საქციელი გაამართლა. თუ ვინმეს უნდა ცალკეული სამეცნიერო შრომისთვის მაგალითი პოლიტიკური დესტრუქციისთვის, სწორედ ამ ფაქტის გარშემო შეუძლია დისერტაციის დაცვაც კი. ეს გამართლება ნებისმიერ ცივილიზებულ პოლიტიკურ გარემოში პოლიტიკური ძალის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.
დიახ, მიუხედავად იმ უგვანობისა, რაც ბატონმა კვირიკაშვილმა ჩაიდინა, მან თავის გუნდში პოზიციები გაიმყარა. თუმცა ეს გუნდი, თუნდაც პარლამენტში პრემიერისა და მთავრობის მისვლის დღეს ფიქრობდა, რომ პრემიერი უკვე წარსულია და მთავრობის დამტკიცება მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო.
ახლა კი მელიამ შეუნარჩუნა პრემიერობიდან პრეზიდენტობის კანდიდატად გახდომის შანსი.
ამჯერად თავი დავანებოთ პერსონალურად კვირიკაშვილს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე ვილაპარაკოთ, რომელიც ხვალ-ზეგ უნდა გახდეს პრეზიდენტი. თუ ფაქტებს გავაანალიზებთ, მის პოლიტიკურ გუნდში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ადეკვატურ პოლიტიკურ შეფასებას მისცემდა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის არაეთიკურ საქციელს. პირიქით, საუბარი დაიწყეს ღირსებაზე, მორალურ კატეგორიებსა და ა. შ.
ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ რაც უფრო მაღალია თანამდებობა, თმენის მეტი ვალდებულება აქვს პერსონას; ამ ადამიანებს ისიც ავიწყდებათ, რომ თუ სად მოხდა ფაქტი _ პარლამენტში და არა სტადიონზე, დახურულ სივრცეში ან ტყეში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მთავრობა თავის სამოქმედო გეგმას წარადგენდა. შესაბამისად, ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრს გააზრებული უნდა ჰქონოდა, რომ ოპოზიცია მას იქ ფიანდაზებს არ დაუგებდა და იქნებოდა მწვავე და პროვოკაციული კითხვები, უხერხული კითხვებიც და ემოციების წინა პლანზე წამოწევა აბსოლუტურად მიუღებელი იყო.
პრემიერ-მინისტრი იმ ზომამდე გამოვიდა წყობიდან, რომ ერთი და იგივე „ბილწი ფრაზა“ რამდენჯერმე გაიმეორა.
და აი, აქ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი რამ _ პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რაც ნამდვილად სწორი საქციელი იყო და თავი დავანებოთ იმაზე მსჯელობას, თუ რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი, რადგან, ფაქტობრივად, ეს ნაბიჯი არ გადადგმულა. რა გააკეთა „ოცნების“ გუნდმა? იმის ნაცვლად, რომ ამ ნარატივით გაეგრძელებინათ საუბარი _ პრემიერმა ბოდიში მოიხადა, თემა ამოწურულია _ და დასმულიყო წერტილი, დაიწყეს განვრცობა ღირსებასა და ადამიანურ სისუსტეებზე აპელირებით, რომელიც ბრალდებებში გადაიზარდა: თურმე, ვისაც შეაგინეს, ის ყოფილა მტყუანი. შესაბამისად, ეს პოზიცია გახდა ძალადობისა და ანალოგიური ქმედებების წახალისების მაპროვოცირებელი ფაქტორი.
ისე, სწორედ ამ „გამპრავებლებმა“ _ კრებსითმა ბრუტუსებმა, წამის მეასედებში წინა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ზურგი შეაქციეს და მაშინ „ქართულ ოცნებაში“ არ აღმოჩნდა არც ერთი პოლიტიკური პირი, რომელიც „კარგ ბიჭს“ გაამართლებდა. შესაბამისად, აქსიომატურია, რომ მიუხედავად იმისა, როგორ იცავენ დღეს კვირიკაშვილის ქმედებას მისი თანაგუნდელები, ეს თანაგუნდელები იქნებიან ისინი, რომლებიც პირველნი გასწირავენ მას, თუ ბიძინამ იგი მოიძულა.
პრინციპში, ამ წუთას სწორედ მელიას „თანადგომით“, მისი სტილისა და ფორმის, „ნაციონალური მოძრაობის“ არასწორი სტრატეგიის გამო კვირიკაშვილი რჩება ქართული პოლიტიკის ზედა ეშელონებში.
მოკლედ რომ ვთქვა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს თავად ბატონი მელიასთვის, იგი კვირიკაშვილის მაშველ რგოლად იქცა.
ჰო, პარადოქსებით აღსავსეა ქართული პოლიტიკა _ მეფე შიშველია, ამოცანაც ეს იყო, თითქოს, მაგრამ მან გვირგვინიც შეისწორა, სკიპტრაც მყარად უპყრია ხელთ და გვეუბნებიან, რომ სიშიშვლე სირცხვილი არ არის _ კარგია!

კოკა წერეთელი