დეცენტრალიზაციის მოლოდინი ათი წლით გაიწელა – რას აპირებბს ხელისუფლება

ჩვენი დღევანდელი თემა მელიას კეთილებს არა, მაგრამ პრემიერის მიერ შეფასებულ თვითმმართველობის კეთილებსა და კარგებს ეხება.

„უახლოეს მომავალში წარვდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ მეტ დეცენტრალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას“, _ ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 _ 2020“ აცნობდა.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ხაზია და აქვე განმარტა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი 10 წელს გასტანს.
„ჩვენ, საპარლამენტო კოლეგებთან ერთად, უახლოეს მომავალში წარვდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ კიდევ უფრო მეტ დეცენტრალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას. ასევე, ჩვენ გვინდა, ფინანსების განაწილების დროს რეგიონებს გაცილებით მეტი დაფინანსება ჰქონდეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო კვალიფიციური ადამიანური რესურსი იქნას მოზიდული და ადგილზე კიდევ უფრო მოცულობითი პროექტები განახორციელონ. საჭიროებები, რომელიც რეგიონებში არსებობს, ყველაზე კარგად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იციან. თითქოს ეს ბანალური ჭეშმარიტება საკმაოდ რთულია განსახორციელებლად. გვექნება 10-წლიანი სტრატეგია, თუ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ გავზარდოთ მშპ-ში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, რათა ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების მიმართულებით აბსოლუტურად ევროპულ დონეზე ავიდეთ“, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
სტრატეგია სამ მიმართულებას მოიცავს: ფისკალურ დეცენტრალიზაციას, მუნიციპალიტეტებისთვის გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირებასა და კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას ადგილობრივ დონეზე.
ასევე პრემიერი 2018 წელს საყოველთაო ჩართულობის წლად აცხადებს. ამის შესახებ მან მთავრობის მომდევნო წლების სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა.
კვირიკაშვილის ინფორმაციითვე, დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და შეიქმნება პლატფორმა _ საბჭო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ და რომელსაც მთავრობა ყოველკვარტლურ ანგარიშს წარუდგენს.
გარდა ამისა, პრემიერმა თქვა, რომ შეიქმნა პორტალი, რომელზეც მოქალაქეებს ინიციატივების ატვირთვა შეეძლებათ და 10 000 ხელმოწერის შეკრების შემთხვევაში, მთავრობას ამ ინიციატივის განხილვის ვალდებულება ექნება.
პრემიერმა მოუწოდა პარლამენტსა და მასში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს, შევიდნენ საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის პროცესში.

კობახიძე და თვითმმართველობა

„დღეს არის ის დრო, როცა შესაძლებელია მყარი პოლიტიკური ნების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში რეფორმის სწორად ჩამოყალიბება და დაგეგმვა“, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„თვითმმართველობის რეფორმა, დეცენტრალიზაცია არის პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის. იმისთვის, რომ რეფორმა განხორციელდეს, საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური ნება და საკითხის სწორი გააზრება. საქართველოში მუდმივად იყო პრობლემა ამ მიმართულებით. ხან პოლიტიკური ნება არ იყო, ხან იყო ნება, მაგრამ საკითხებს სწორად არ იაზრებდნენ. დღეს ვფიქრობთ, არის ის დრო, როცა შესაძლებელია, მყარი პოლიტიკური ნების საფუძველზე სწორად ჩამოყალიბება და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში რეფორმის დაგეგმვა“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული სტანდარტების მისაღწევად ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.
ირაკლი კობახიძის თქმით, დეცენტრალიზაციასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მეტი უფლებამოსილება და რესურსი მეტ რისკსაც ნიშნავს და იმისთვის, რომ რისკები მაქსიმალურად განეიტრალდეს, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვაა საჭირო.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა. მისი შეფასებით, ამისთვის კონკრეტული ინსტრუმენტების შემუშავებაა საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების როლზეც.

ბლეფი

ე. ი. პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ან ურცხვად იტყუებიან, ან საერთოდ არ იციან, რა ხდება იმ სახელმწიფოში, რომელსაც მართავენ. დეცენტრალიზაცია, რომლითაც პრემიერი კვირიკაშვილი და კობახიძე აპელირებდნენ, ა. წ. ზაფხულში თელავსა და 7 თვითმმართველ ქალაქში დასაფლავდა და ნაცვლად ადგილობრივი ხელისუფლების დაყოფისა და გაძლიერებისა, დეცენტრალიზაცია დეკონცენტრაციით შეიცვალა. რეალურად, რასაც კვირიკაშვილი, კობახიძე და ძმანი მისნი დეცენტრალიზაციას ეძახიან, მას დეკონცენტრაცია ჰქვია.
პრემიერის მიერ მოწოდება მოქალაქეთა ჩართულობაზე ღიმილისა და ანეკდოტის თემას ჰგავდა. რატომ? თუ მოქალაქეთა ჩართულობა უნდოდათ, მოქალაქეებს მეტი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ საკრებულოში და უფრო პატარ-პატარა ტერიტორიულ ორგანოებად უნდა იყოს დაყოფილი, რათა მოქალაქეებს ხელი მიუწვდებოდეთ დეპუტატთან, რწმუნებულთან და თვითმმართველობის ნებისმიერ დანაყოფთან.
პრემიერის მიერ მონათლული დეცენტრალიზაციის ათწლიანი ეტაპი ერთ დიდ უტოპიად და ტრიბუნისთვის გაკეთებულ განცხადებად მიიჩნევა, რადგან დეცენტრალიზაციის პროცესი 2014 წელს სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო და 2017 წელს საკუთარი ხელითვე მოკვეთა თავი ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემს და ასე მარტივად გააერთიანა. ამ დროს დეცენტრალიზაციის ცნება თავისი არსით საჯარო ხელისუფლების გადაცემას ნიშნავს ცენტრიდან პერიფერიებზე. უზრუნველყოფს ქმედების არჩევის თავისუფლებას, გადაწყვეტილებების მიღების ავტონომიურობას საკუთარი პასუხისმგებლობით. დეცენტრალიზაციით ხდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის სწორედ იმ საკითხების გადაცემა, რომლებიც წარმატებით გადაწყდება მათ მიერვე დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები იზოლირებულია სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობის საკითხებისგან. დეცენტრალიზაცია არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ადგილობრივი თვითმმართველობა მოწყვეტილია სახელმწიფო ორგანიზმს და ეწინააღმდეგება მას.
თუმცა რა მივიღეთ? მოქალაქეებს, რომლებიც გამოვიდნენ ქუჩაში და ცენტრალურ ხელისუფლებას მოსთხოვეს, შეეწყვიტა თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება, ხელისუფლებამ არ მოუსმინა. მოქალაქეებს, რომლებმაც პეტიცია გაამზადეს სხვადასხვა ქალაქიდან, ცალკე პრემიერს მიმართეს და ცალკე _ პარლამენტს, არავინ მოუსმინა და უარესი, _ ყოვლად სამარცხვინოდ, თვითმმართველი ქალაქებისა და თემის საკრებულოს დეპუტატები ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჩარეკეს, თითი დაუქნიეს და იქიდან წამოსულებს მეორე დღეს ჩაატარებინეს საკრებულოს სხდომები და მოუწოდეს, გაეუქმებინათ საკუთარი ნებითვე თვითმმართველობები, ხოლო სხდომაზე მისული მოქალაქეების ხმაურსა და მოთხოვნას კი თავჩაღუნულებმა ხმაც არ გასცეს, ისე აუწიეს ხელი საკუთარი მანდატის გარდაცვალების რეზოლუციას. რეალურად, ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი არ გადასცა ადგილობრივ ხელისუფლებას დელეგირებული უფლებები, არამედ ის უფრო მეტად დაიქვემდებარა და ყურის აწევით ესაუბრა. ასე რომ, დეცენტრალიზაცია არ ნიშნავს ხელისუფლების დეკონცენტრაციას. დეცენტრალიზაციის პროცესისთვის დამახასიათებელია მისი მიმდინარეობა „ზევიდან“, ანუ ცენტრალური სახელმწიფო ხელისუფლებიდან და განხორციელება სახელმწიფოს მხარდაჭერით, იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც სწორედ სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს. დეცენტრალიზაციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ინდივიდუალური თვითშემოქმედებისა და დამოუკიდებელი ინიციატივის უზრუნველყოფა და წახალისება, ხოლო მისი მიზანია არა ხელისუფლების შებოჭვა და სახელმწიფოებრივი ძალაუფლების შესუსტება, არამედ სოციალური ფორმების სიჯანსაღე და სიმყარე, სტაბილურობის უზრუნველყოფა.
ასე რომ, პრემიერის ზღაპარი, „მინდა, კარგი ბიჭი ვიყო“, ვერ შედგა, რადგან ის იმ ტრიბუნაზე ასვლამდე დაერია თვითმმართველი ქალაქების კეთილებსა და კარგებს, ჩართულობის გაზრდა და პეტიცია კი მხოლოდ ზღაპარია _ ზღაპარი პრემიერის სავარძლის სიყვარულისა.
ხელისუფლებას რომ არ გაეერთიანებინა ეს მუნიციპალიტეტები, უბრალოდ, ვერ შეძლებდა 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში მოგებას, რადგან თვითმმართველ ქალაქებს ყველაზე ჭრელი და მრავალპარტიული საკრებულოები ექნებოდათ, ეს კი ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა.

პრობლემა 2 _ როგორ დავაპუროთ ჩვენები?!

ჯერ კიდევ პარლამენტში მყოფმა ლილუაშვილმა თქვა: „ფრაქციის მოადგილეების თანამდებობების გაჩენით მუნიციპალიტეტებში პარტიულ განვითარებას შეეწყობა ხელი“. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების _ გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ დანელიასა და დავით სონღულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილეს.
მომხსენებელმა და საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა განმარტა, _ პირველი მოსმენის შემდგომ თანაავტორები შეთანხმდნენ, რომ ფრაქციის მოადგილეების თანამდებობების გაჩენით ადგილებზე, მუნიციპალიტეტებში ხელი შეეწყობა პარტიულ განვითარებას, რაც პარტიებს, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, საშუალებას მისცემს, უფრო სოლიდურად იყოს წარმოდგენილი და მათ განვითარების უფრო მეტი შანსი ექნებათ.
პირველი მოსმენისას შემოთავაზებული ინიციატივით ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების რაოდენობის ზედა ზღვარი ოთხით იყო განსაზღვრული და ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე გათვალისწინებული იყო ერთი მოადგილე.
საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე მთლიანად შეიცვალა კონფიგურაცია და ინიციატივა შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: ყველა ფრაქციას, რომელიც შეიქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოში, უნდა ჰქონდეს უფლება, ჰყავდეს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციაში ცხრა წევრზე მეტის არსებობის შემთხვევაში, დაინიშნოს მეორე მოადგილე. გამონაკლისი იქნება ქალაქ თბილისის საკრებულო, სადაც ფრაქციის თავმჯდომარეს, ყოველ ცხრა წევრზე, შეუძლია, ჰყავდეს ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს სამისა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით მხარი დაუჭირა.

რა ხდება სინამდვილეში?

რადგან კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი დავით სონღულაშვილია, მაგალითისთვის მისსავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადავხედოთ.
რამდენი ფრაქცია შეიძლება შექმნას საკრებულოში ხელისუფლებამ?
რა თქმა უნდა, ბევრი…
აქვე ჩნდება კითხვა, _ როგორ, მას ხომ კოალიციური ფორმით არ უყრია კენჭი?
რეალურად, საკრებულოში „ოცნება“ ქმნის ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ _ „მრეწველებს“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ _ კონსერვატორებს და ასევე ფრაქციას დამოუკიდებელი დეპუტატებისგან, ანუ მათგან, რომლებიც პარტიულ სიაში წერია, მაგრამ პარტიის წევრი არ არის. ასე რომ, თუ ფრაქციას, მინიმუმ, 3 წევრი უნდა ჰყავდეს და „ოცნებას“ შეუძლია შექმნას 4 ფრაქცია, ე. ი. 12 დეპუტატი გადანაწილებული ჰყავს, ამას ემატება თავმჯდომარე და მოადგილე, რომელიც ასევე ხელისუფლებისაა და ჯამში ვიღებთ რა სურათს? ჩვენ ვასაქმებთ 12 დეპუტატიდან 8 დეპუტატს ხელფასით, რომელთა რაოდენობა, საშუალოდ, 1200-1000 ლარია, ხოლო დარჩენილ დეპუტატებს კი ვაძლევთ წარმომადგენლობით ხარჯს _ 400 ლარს, ჯამში კი გამოგვდის, რომ ჩვენი ბიუჯეტის სერიოზულ ნაწილს ვაძლევთ დეპუტატებს, რომელთაც, უბრალოდ, იმის განმარტებაც არ იციან, რას ნიშნავს ფრაქცია. ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების განვითარებას შევუწყოთ ხელი, რეალურად, ხელს ვუწყობთ „ქართული ოცნების“ წევრთა დაკმაყოფილებას, რადგან საკრებულოებში ამ 4 ფრაქციის გარდა რჩება, ძირითადად, სამი პარტია, რომელთაც შეუძლიათ ფრაქცების შექმნა, _ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“, მაგრამ რომ შევქმნათ ისინი, მთავარი პრობლემა ადამიანური რესურსია. ხშირ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, დარჩენილი პარტიები 3 ადამიანს ვერ აგროვებენ და არ შეუძლიათ საერთო პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ხალხთან ერთად ფრაქციების შექმნა.

კვლევები ფაქტების წინააღმდეგ

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის ანგარიშიდან ირკვევა: შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო/ჯამური შედეგი მხოლოდ 21%-ია. მუნიციპალიტეტების უმეტესობა ვერ სცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან მაჩვენებელს; მუნიციპალიტეტების მხოლოდ 10-12% აქვეყნებდა (ისიც არასრულად) ინფორმაციას ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ;
ანალიზის შედეგებით, ასევე, ირკვევა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების 40%-ზე მეტი საერთოდ არ აქვეყნებდა ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე მიმდინარე ტენდერების შესახებ, 50%-ზე მეტი კი არ აქვეყნებდა წლიურ ანგარიშებს;
კვლევის ავტორთა თქმით, თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (ონლაინ ნებართვები, SMS შეტყობინება, ონლაინ გამოკითხვა), ხოლო მუნიციპალური ვებგვერდების ტექნიკური მახასიათებლების ხარისხი საშუალოზე დაბალია (34%);
მნიშვნელოვანი პრობლემებია ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხითაც. ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთწლიან პერიოდში დასახლების საერთო კრება არ ჩატარებულა მუნიციპალიტეტების 85%-ზე მეტში, ხოლო სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომები და საჯარო განხილვები არ ჩატარებულა 60%-ზე მეტში. ამასთან, მონაწილეობის საბიუჯეტო პროგრამები მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
რაც შეეხება საკრებულოებს, წარმომადგენლობით ორგანოთა 70%-ზე მეტი არ ახდენს დაგეგმილი სხდომების შესახებ მოქალაქეთა წინასწარ ინფორმირებას, არ აქვეყნებს სხდომის ოქმებს; 60%-ზე მეტ მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის პრაქტიკა.
ანგარიშის თანახმად, თითქმის არ ქვეყნდება მუნიციპალური იურიდიული პირების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს.
შეფასება ონლაინ პლატფორმის _ WWW.LSGINDEX.ORG _ გამოყენებით განხორციელდა.
ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან: საჯარო ინფორმაციის პრაქტიკული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. აღნიშნული ბლოკები შეფასების 100 კრიტერიუმს აერთიანებს.
2017 წელს მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება განხორციელდა 15 მაისიდან 15 ივლისის პერიოდში. შეფასდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა აჟარის, ახალგორის, ერედვის, თიღვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებისა. შემფასებლის სტატუსით პროცესში მონაწილეობა მიიღო 10 რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21-მა წარმომადგენელმა.
შეფასების შედეგების მიხედვით, 2017 წლის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი გამოვლინდა. 100%-იან შეფასების სკალაზე მას 50%-იანი შედეგი აქვს. რუსთავის შემდეგ გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდნენ: თელავის (44%), ოზურგეთის (44%), ჩხოროწყუსა (42%) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები (40%).
საკრებულოების შეფასების საშუალო მაჩვენებელი შეფასების 100%-იან სკალაზე 24%-ია, რაც 5%-ით აღემატება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების შეფასების საშუალო მაჩვენებელს. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, საუკეთესო შედეგი ოზურგეთის საკრებულომ აჩვენა _ 57%, შემდეგ მოდის რუსთავის (51%), თელავის (50%), ლაგოდეხისა (43%) და ჩხოროწყუს (40%) საკრებულოები.

საიასა და „სამართლიანი არჩევნების“ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით შეფასება კი შემდეგია:
ხელისუფლების ძირითადი არგუმენტი ცვლილებების განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია იყო, რაც, თავის მხრივ, სათუოა. თუმცა, ასეც რომ იყოს, მხოლოდ თანხის დაზოგვა არ არის საკმარისი არგუმენტი ცვლილებების მხარდასაჭერად, თუ მიღებული შედეგი ღირს გაწეულ ხარჯად. რაც უფრო ახლოა ხალხთან სახელმწიფო, მით მეტ დემოკრატიასთან გვაქვს საქმე. ეს არ ეხება მხოლოდ იმ საკითხს, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემა ადგილზევე ადგილობრივი მოხელეების მიერ უნდა მოგვარდეს, რადგან მათ ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე უკეთ იციან საკუთარი საჭიროებები და მათი მოგვარების გზები; არამედ საუბარია ძირეულ დემოკრატიულ სიკეთეებზე, მოსახლეობის წვდომის გაუმჯობესებასა და თვთმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისებაზე. მოქალაქეთა დიდი ნაწილი გაუცხოებულია მმართველობითი და პოლიტიკური პროცესებისგან. თვითმმართველი ერთეულების გამსხვილებით ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. შეფერხდება ადგილზე ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა და ადგილობრივი ელიტის, ახალი პოლიტიკური სახეების ჩამოყალიბების პროცესი. როგორც წესი, მმართველობაში, პოლიტიკურ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა არ ხორციელდება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისა და სამინისტროების დონეზე, რადგან შეუძლებელიცაა და არაპრაქტიკულიც. ეს ხორციელდება სწორედ ქვედა დონეზე მოსახლეობასთან ახლოს მყოფი თვითმმართველობის არსებობით. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცვლილებების განხორციელებამდე ხელისუფლებას უნდა წარმოედგინა დეტალური მონაცემებით გამყარებული სიღრმისეული კვლევა განხორციელებული რეფორმის მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო ხედვების შესახებ. ეს დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემდა, ხელისუფლების ზეპირი განცხადებების მიღმა, შეეფასებინათ 2014 წლის რეფორმის კონკრეტული შედეგები, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური მიმართულებით, რადგან ზემოთ მოყვანილი მონაცემები, ხელისუფლების მტკიცების საპირისპიროდ, ადასტურებს, რომ რეფორმა სიცოცხლისუნარიანი იყო და კარგი სამომავლო პერსპექტივა ჰქონდა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ცვლილებების გააზრებულად, არანაჩქარევად, კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღება. მომავალში გარდაუვალი იქნება ამ საკითხებთან დაბრუნება და მსჯელობის განახლება, რადგან თვითმმართველობის ადგილობრივ მოსახლეობასთან მაქსიმალურად ოპტიმალურად დაახლოება არის დემოკრატიული განვითარების საფუძველი. მით უფრო, რომ გადასაწყვეტია, რამდენდონიანი იქნება თვითმმართველობა და როგორ მოხდება მისი ორგანიზება. თუმცა, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტების გაერთიანება მნიშვნელოვანად შეაფერხებს თვითმმართველობის განვითარების პროცესს ქვეყანაში, რაც ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციის გზაზე.

სასურველია, ხელისუფლებამ ნებისმიერი ცვლილების დაგეგმვისა და განხორციელების დროს გაითვალისწინოს შემდეგი ძირითადი საკითხები:
• წარმოადგინოს თვითმმართველობის სფეროს განვითარების გრძელვადიანი ხედვა, მუციპალიტეტების განვითარების მომავალი მიმართულებებისა და დაგეგმილი ნაბიჯების მითითებით;
• თვითმმართველობის მომავალი რეფორმა დაფუძნებული უნდა იყოს მოქალაქეთა ჩართულობის, ადგილობრივი ხელისუფლების მოქალაქეებთან დაახლოების, სერვისების ხელმისაწვდომობის, ეფექტიანი დეცენტრალიზაციის პრინციპებზე;
• წარმართოს რეფორმის პროცესი გამჭვირვალედ და ინკლუზიურ გარემოში;
• რეფორმის პროცესში ჰქონდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, დაგეგმოს რეფორმა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გააზრების შედეგად. უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა რეფორმის მომზადების, მსჯელობის ეტაპზე, ნაცვლად უკვე მზა ცვლილებების მხარდასაჭერად წარდგენისა;
• წაახალისოს და მხარი დაუჭიროს თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას, რათა ამაღლდეს სამოქალაქო ცნობიერების დონე;
• მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ზომის ქალაქების ურბანულ ცენტრებად ჩამოყალიბებას, რაც შექმნის ადამიანის განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა სივრცეს და მოსახლეობის ერთ ადგილას კონცენტრაციას შეუშლის ხელს;
• განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სოფლის განსავითარებლად რეალური მხარდაჭერისთვის, რაც, მათ შორის, გულისხმობს სოფლის ინტერესებს მორგებული თვითმმართველობის შექმნას, ადმინისტრაციული და მმართველობის ცენტრის ქალაქებიდან და რაიონული ცენტრებიდან ადგილზე _ სოფლებში გადატანას, ადგილობრივ თვითმმართველობაზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდას;
• სრულად განახორციელოს ფისკალური დეცენტრალიზაცია, მხარი დაუჭიროს მუნიციპალურ ბიუჯეტსა და ადგილზე ეკონომიკურ აქტივობებს.

P. S. სამწუხაროდ, პრემიერის საპარლამენტო მიმართვა ზღაპრის ტოლფასს ჰგავდა, რადგან
ჩვენს სახელმწიფოში:
არ უსმენენ მოქალაქეებს!
არ არსებობს თვითმმართველობა!
საკრებულოში ხალხს მხოლოდ მექანიკურად ხელის აწევაში უხდიან ფულს!
ებრძვიან მრავალპარტიულობას!
არ უყვართ ჩართულობა!
პირადპირ არა, მაგრამ ირიბად კი გვაგინებენ ყოველდღე კეთილებს!
და რაც მთავარია, პრემიერსა და საკრებულოს თავჯდომარეს მარადიულობის სჯერათ არა ცათა სასუფეველში, არამედ ხელისუფლებაში!

მაკა მოსიაშვილი