გიჟი ქორწილში შევიდა, ჩემს სახლს აქ სჯობიაო

ის ანდაზა ხომ გაგიგიათ, გიჟი ქორწილში შევიდა და უი, ჩემს სახლს აქ სჯობიაო… აი, ასეა იმათი საქმე, მე რომ უნდა მოვყვე ახლა.

გამოირჩევიან ნათლად გამოხატული ინდივიდუალურობით, ნიჭიერებითა და პატივმოყვარეობით, აქვთ დახვეწილი გემოვნება, ხშირად იმსახურებენ აღტაცებას და სარგებლობენ ნდობით. მათი მატერიალური მდგომარეობა წარმატებულია. იმისდა მიუხედავად, რომ დროგამოშვებით ჭორაობა უყვართ, ისინი უბოროტონი და ტაქტიანები არიან. თითქმის არასოდეს გამოდიან მწყობრიდან და კარგავენ წონასწორობას. საქმეში შესანიშნავ თვისებებს ავლენენ, ზოგჯერ პედანტურებიც არიან, აქვთ მიდრეკილება მელანქოლიისადმი. ფლობენ შესანიშნავ მონაცემებს აზარტულ თამაშებში გამართლების კუთხით, თუმცა ისინი ამით იშვიათად საქმდებიან.
სხვა დანარჩენისგან ქუდბედიანობითა და იღბლიანობით განსხვავდებიან. აქვთ თანდაყოლილი სიფრთხილე, კარგი ფინანსური ალღო და კომფორტის დიდი სიყვარული ახასიათებთ. კატა-კურდღელი, ისევე როგორც ჩვეულებრივი კატა, ყოველთვის ეცემა თათებზე. იგი იღბლიანი, ნიჭიერი და პატივმოყვარეა, რასაც ოსტატურად იყენებს საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. თუმცა კატების უმრავლესობა განსაკუთრებული სიღრმითა და სულიერებით იშვიათად გამოირჩევა. ის მატერიალისტია, რომელსაც მარტივად და ლამაზად ცხოვრება უყვარს. შესაბამისად, ამისკენ იგი მთელი არსებით მიისწრაფის. კატას უყვარს საზოგადოება და ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა, თუმცა თუკი სხვაზე ჭორაობის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, იგი ამას ძალზე დახვეწილად და ფრთხილად აკეთებს ისე, რომ ამით საკუთარი თავი და რეპუტაცია არასოდეს დააზარალოს.
მათში ღრმადაა გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ კატა-კურდღელი რაღაც დოზით სნობიც კია. თუმცა კომფორტისა და ფუფუნების სიყვარული ამად უღირს, ამიტომ განათლება და ერუდიცია, რომელსაც კატა-კურდღელი დიდ ყურადღებას აქცევს, სწორედ რომ მაღალ საზოგადოებაში თავის გამოსაჩენად და ადგილის დასამკვიდრებლად სჭირდება.
რაც ყველაზე მეტად ეზიზღება კატა-კურდღელს, ეს სკანდალი და ხმაურიანი გარჩევებია, ამიტომ ასეთი სიტუაციები მის ცხოვრებაში ძალზე იშვიათია. საჭიროების შემთხვევაში მას სენტიმენტალურობისა და თანაგრძნობის გამოჩენაც ეხერხება სხვების მიმართ, მაგრამ პირველ პლანზე იგი მაინც საკუთარ პრიორიტეტებს აყენებს.
მიუხედავად გარეგნულად ჯანსაღი იერისა, კატა-კურდღის წელიწადს დაბადებულები ძალზე რთულად იტანენ ნებისმიერი სახის მორალურ, ან სოციალურ გასაჭირს. ამგვარ სიტუაციაში ჩავარდნილი ბევრი კატა ხშირად ნერვული აშლილობის, ან ფსიქოზის მსხვერპლიც კი ხდება. თუმცა თანდაყოლილი სიფრთხილისა და წინდახედულების გამო, ასეთ გამოუვალ და რადიკალურ მდგომარეობაში იშვიათად ვარდებიან.
ასე რომ, ეს ჩვენი კატა-კურდღელი, ვისზეც დღეს ვიმუსაიფებთ, არც მეტი _ არც ნაკლები, პოლიტიკური პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოა“, რომელიც 1999 წლის აპრილში დაიბადა და მას მერე მრეწველობის რა მოგახსენოთ, მაგრამ უმრეწველოდ დარჩენილი ქვეყნის სადაავებთან კი ხშირად იყო ახლოს.

„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“

პარტია დააარსეს ბიზნესმენებმა ბნელი და უკუნი 90-იანების ბოლოს, როგორც იმ დროისთვის არსებული მმართველი ძალის მოწინააღმდეგე. პარტიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გაჩერებული წარმოების აღდგენა. პარტიის დამაარსებლების აზრით, სწორედ წარმოების აღდგენით დაიძლეოდა უმუშევრობა და ქვეყნის ბიუჯეტი გაიზრდებოდა. ამისთვის კი მათ საჭიროდ მიაჩნდათ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა და ადგილობრივი ბიზნესის წახალისება.
მოძრაობის პირველმა ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ 4 წლის ვადით აირჩია გოგი თოფაძე, თავმჯდომარის მოადგილედ _ ზურაბ ტყემალაძე. გიორგი(გოგი) თოფაძე პარტიის თავმჯდომარე 2005 წლამდე იყო. 2005 წლიდან იგი პარტიის ლიდერი გახდა, თავმჯდომარის თანამდებობა კი ზურაბ ტყემალაძემ დაიკავა.
პირველად პარტიამ 1999 წლის 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და 7%-იანი ბარიერი გადალახა. პროპორციული სიით პარლამენტში 14 დეპუტატი გავიდა. „მრეწველების“ გარდა პარლამენტში ორი სახელისუფლებო ძალა იყო წარმოდგენილი: ედუარდ შევარდნაძის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და აჭარის რეგიონის ლიდერ ასლან აბაშიძის პარტია „აღორძინება“. ამრიგად, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმოადგენდა ერთადერთ ოპოზიციურ ძალას მაშინდელ პარლამენტში.
წარმატებული აღმოჩნდა 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. „მრეწველებმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რაიონის საკრებულოში, 512 დეპუტატი გაიყვანა.
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ კვლავ მიიღო მონაწილეობა. ბლოკმა მოახერხა საარჩევნო ბარიერის გადალახვა და საკანონმდებლო ორგანოში 23 დეპუტატით შევიდა: 15 პარტიული სიით და 8 მაჟორიტარული წესით. ბლოკმა, საერთო ჯამში, ამომრჩეველთა ხმების 7.56% მიიღო.
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ სხვადასხვა რაიონის საკრებულოებში 28 მანდატი აიღო.
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მონაწილეობა მიიღო, თუმცა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. პარტიის არსებობის ისტორიაში 2008 წლის არჩევნებში „მრეწველებმა“ ყველაზე ცოტა ხმების ოდენობა მიიღეს, სულ: 16 440 ხმა _ 0.93%.
2010 წლის 30 მაისს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობდა. მან მთელი ქვეყნის მასშტაბით 71304 ხმა მოაგროვა, რამაც, ჯამურად, 4,19% შეადგინა. სულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, პარტიამ 42 დეპუტატი გაიყვანა სხვადასხვა რაიონის საკრებულოში.
2012 წლის 11 აპრილს გამოცხადდა, რომ „მრეწველთა“ პარტია შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებას“. ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნების“ 200 კანდიდატისგან შემდგარ საარჩევნო სიაში 19 „მრეწველი“ იყო წარმოდგენილი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შედეგად, „მგს“ საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტში 5 დეპუტატით შევიდა.
2016 წელს პარლამენტში „მრეწველებმა“ მხოლოდ ერთი დეპუტატი შეიყვანეს, თუმცა აქაც ხელისუფლებამ უპარტიო დეპუტატები გადაულოცა და „მრეწველებს“ დღემდე კვლავ აქვთ ფრაქცია.
ფინალში კი მიივიღეთ, რომ კატა-კურდღლის წელიწადს დაბადებულმა „მრეწველებმა“, მართალია, მრეწველობა ვერ გადაარჩინეს, მაგრამ საკუთარი ტყავი კარგად გადაარჩინეს. ყველა დროში მოგებულები დარჩნენ და ბიუჯეტიდანაც კარგად სარგებლობენ დაბადებიდან დღემდე.

თელაველი კატა-კურდღლები

ამ გახსენებაზე ისევ ჩემს მშობლიურ თელავს დავუბრუნდები და თელაველ კატა-კურდღლებზე მოგიყვებით:
2010 წელს დემოკრატიის ფასადი რომ არ დარღვეულიყო, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაშინდელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „მრეწველებს“ 2 ადგილი „გაუპრავა“ და გაყალბებული ოქმების წყალობით საკრებულოში ორი წევრი შევიდა: არჩილ თხლაშიძე და არაბული. როგორც მაშინდელი „ნაციონალი“ ექსპერტები კულუარულად ამბობდნენ, მესამე მხოლოდ იმიტომ არ შეაყვანინეს, რომ ფრაქციის შექმნისთვის სრული ჯგუფი არ ჰყოლოდათ და ამიტომ მესამე თავად მიუმატეს. როგორც ახლა, ზურაბ ტყემალაძე მაშინაც მშვენიერ ურთიერთობებს ამყარებდა იმდროინდელი „პირსისხლიანი რეჟიმის“ წარმომადგენლებთან და აი, ასე, 2010 წლის საკრებულოში, იყო ხელისუფლებაც და იყო ფსევდოოპოზიციაც „მრეწველების“ სახით. რა თქმა უნდა, 2012 წლამდე „მრეწველების“ ხმა არავის გაუგია საკრებულოს სხდომაზე, მეტიც: ძირითადად, არც კი დადიოდნენ სხდომებზე. არც მაშინდელი ბიუჯეტი გაუპროსტესტებიათ და არც მაშინდელი რეაბილიტირებული თელავი, თუმცა მას მერე, რაც ბატონი ბიძინა და „მრეწველები“ დაძმობილდნენ, სურათი შეიცვალა, „მრეწველებს“ უცებ დაეშალათ ფრაქცია საკრებულოში, მაგრამ 2012 წელს, როცა კოალიციის სახელით ხელისუფლებაში მოვიდნენ, უკვე ახალი ფრაქცია შექმნეს და ფრაქციის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თხლაშიძე აირჩიეს. და უცებ ამ მარიფათიანმა „მრეწველმა“ მთელი საკრებულო გადააკეთა და 90% ქოცი გახდა.
2014 წელს „მრეწველებმა“ თელავში უკეთესი ფხა გამოიჩინეს და ახლა უკვე ქალაქ თელავის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარე „მრეწველი“ გახდა. რა თქმა უნდა, ვინ იქნებოდა? _ ისევ არჩილ თხლაშიძე, თელავის თემში კი კომისიის თავმჯდოამრედ „მრეწველი“ ვასილ არაბული დაინიშნა. ანუ ესეც მეორე მოწვევის საკრებულო და თელავში „მრეწველები“ კვლავ კატის ბრჭყალებით ინარჩუნებენ სავარძელს.
არც მეტი _ არც ნაკლები და 2017 წელს პარლამენტში რომ 1 „მრეწველი“ დარჩა, აი, მაშინ უკვე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი „მრეწველი“ კვალავ შემოდის და კატის ერთი კარგი ილეთით თავმჯდოამრე ისევ თხლაშიძე ხდება, 1 თვეში ფრაქციას არეგისტრირებენ და ფრაქციაში სამი წევრია: კვლავ თხლაშიძე, ვასილ არაბული და ტიტე დარაჯანაშვილი. ტიტე ფრაქციის თავმჯდომარედ სახელდება, მოადგილედ _ ვასილ არაბული და მესამე წევრად თავად საკრებულოს თავმჯდომარე. ე. ი. უკვე მესამე მოწვევაა, „მრეწველები“ ასე უცვლელად და მყარად დგანან და ინარჩუნებენ პოზიციებს, ჩვენ კი ბიუჯეტიდან სამივეს უნდა მივცეთ ხელფასი, აბა, კატის თუ კურდღლის წელიწადს დაბადებულებს უჯამაგიროდ ხომ არ დავტოვებთ და კომფორტს ხომ არ მოვუშლით?..
ჰოდა, როგორც ძველად ჩვენში ამბობდნენ, _ გიჟი ქორწილში შევიდა, ჩემს სახლს აქ სჯობიაო, ასე არიან „მრეწველები“ აქ ჩევნთან, თელავში და მგონი, არც სხვა მუნიციპალიტეტებში ჩამორჩებიან.
რაც მთავარია, საკრებულოს ისტორიას არ ახსოვს არც თხლაშიძის, არც არაბულისა და არც დარაჯანიშვილის არც ერთი ინიციატივა. სამაგიეროდ, ახსოვთ, რომ მუდამ ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობენ და მყარად და უარგუმენტოდ აუწიეს ხელი თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაუქმების სტატუსს, ჩვენ კი რახანია, ვარკვევთ, რა ვალი გვაქვს ასეთი მათი, რომ ასე მშვიდად ვარჩენთ და პასუხს არც ვთხოვთ?!!

P. S. მრეწველობამ საქართველო რამდენად გადაარჩინა, თელაველებისთვის უცნობია, მაგრამ 2010 წლის „ნაცების“ გადაწყვეტილება, რომ „მრეწველები“ დემოკრატიის ფასადის ოპოზიცია უნდა ყოფილიყო, ეს უტყუარია. ასე რომ, „ნაციონალების“ ჩრდილოვანმა ნაწილმა რომ გადაარჩინა „მრეწველები“, თავის დროზე, თელავში, ეს კი ფაქტია.

მაკა მოსიაშვილი