ცოტნე ყალიჩავა, ანუ მშფოთავი, ყავა და ველოსიპედი

თუ ოდესმე თბილისში ველოსიპედით მოძრავი ყავის სერვისი შეგინიშნავთ, იცოდეთ, რომ ეს იმ ქართველი ახალგაზრდის ბიზნესი გახლავთ, რომელიც საკუთარ თავს მშფოთავს უწოდებს, წარმოშობით ფოთიდანაა და ყველა დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

ცოტნე ყალიჩავა 20 წლის სტუდენტია, რომელიც ერთ დღესაც შესანიშნავმა ბიზნესიდეამ „შეაწუხა“ და საქმეც წამოიწყო. დღეს ის „ბაისიქლ ქოფის“, ანუ „ყავა ველოსიპედზე“ დამფუძნებელი და ერთადერთი თანამშრომელია. ყავის განსაკუთრებული სიყვარული და საქმის სპეციფიკა კი იმდენად მიმზიდველს ხდის მობილური კოფეინის დაგემოვნებას, რომ შეუძლებელია, მისთვის გულგრილად ჩავლა.
ჩვენი სტატიის გმირი ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მისი ძირითადი საქმიანობა კი უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრებით და კომპანია „ფიქში“ მუშაობით შემოიფარგლება, თუმცა „ბაისიქლ ქოფის“ დამფუძნებელი თავისი ველოსიპედის ამუშავებას ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად შეუდგება და სამ ბორბალზე შემდგარი ყავაც სეირნობისას აუცილებლად შემოგხვდებათ, მანამდე კი გაეცანით ინტერვიუს 20 წლის „იდეების გენერატორთან“, რომელიც გაჩერებას არ გეგმავს!

_ რატომ დაინტერესდი საკუთარი ბიზნესის შექმნით? რატომ ყავა და როგორ დაგებადა ეს იდეა?
_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ყავა არის ჩემი ცხოვრების მეგზური. სწორედ ყავის სიყვარულმა შთამაგონა ისეთი რამ, რაც ძალიან ახლოს იქნებოდა ყავასთან და, ამავდროულად, განსხვავებულ ინტერპრეტაციასთან. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცოდნა პრაქტიკის გარეშე არასაკმარისია, ამიტომ ვცდილობდი შემექმნა თეორიული იდეების პრაქტიკული სახე. სწორედ აქ დაიბადა იდეა „ყავა ველოსიპედზე“. ორი რამ _ ყავა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ველოსიპედი _ გავაერთიანე და მივიღე „ბაისიქლ ქოფის“ დღევანდელი სახე.
_ მომიყევი, როდის და რა ეტაპზე დაიწყო ეს ყველაფერი? როგორ მოახერხე ამ საქმის წამოწყება?
_ 2016 წლის გაზაფხულზე გავიარე ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა, უშუალოდ პროექტის მიმდინარეობისას ფორმირდა ეს იდეა და უკვე 19 წლის ასაკში საყვარელი პროდუქტი საყვარელ საქმიანობად დავარეგისტრირე. ამ ყოველივეს წამოწყებამდე არაერთი ეტაპი გავიარე.
_ რა სირთულეები შეგხვდა გზად?
_ უამრავი სირთულე შემხვედრია, მაგრამ როცა ამ სირთულეს გადალახავ, ხვდები, რომ უფრო რთული წინ გელოდება და წარსული ოდნავ მარტივად გეჩვენება. ჩემთვის სირთულე იყო, ალბათ, ის უშუალო რისკები, რომელიც ბიზნეპროცესს თან ახლავს.
_ რას გრძნობ მაშინ, როდესაც შენთან მოსული მომხმარებელი შენი სერვისით და ყავით კმაყოფილია?
_ უსაზღვრო ბედნიერებას და კმაყოფილებას. ვგრძნობ, რომ ეს შრომა ამაო არ ყოფილა და სწორედ ამისთვის ღირდა გზის გამოვლა.
_ რა განსაკუთრებულობას სთავაზობ მომხმარებელს და დასაქმებული თუ გყავს ვინმე?
_ ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მეტად განსაკუთრებულ პროდუქტს ვთავაზობ მომხმარებელს. ზოგი ფიქრობს, რომ ყავა უბრალო სითხეა, ჩემთვის კი ყავა არის ფასეულობა და საჭიროება, რაც მომხარებელს უბიძგებს შეიძინოს და კმაყოფილი იყოს მიღებული შედეგით. მომხმარებლის თვალწინ ვხარშავ ყავას, რაც მას საშუალებას აძლევს, ცქერით და სურვილის გამძაფრებით მიიღოს სიამოვნება. დასაქმებული არავინ მყავს.
_ ვინ გგულშემატკივრობს ამ საქმეში ყველაზე მეტად?
_ უამრავი გულშემატკივარი მყავს ამ საქმეში, მაგრამ განსაკუთრებულად ჩემი და _ თეკლე მგულშემატკივრობს.
_ ზოგადად, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?
_ ყველაფერს, რაც მაინტერესებს და მიყვარს, სიამოვნებით ვაკეთებ. ყველაზე დიდ სიამოვნებას ყავის ხარშვით და კონკრეტულ საკითხებზე დებატებით ვიღებ.
_ ვისთვის, ან რისთვის არ გენანება რაიმე?
_ რთული კითხვაა, ალბათ, ორმხრივად _ მათთვის, ვისაც არაფერი დაენანება ჩემთვის. მეტის გაცემა უკეთესია, ვიდრე მიღება.
_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის (საქმეში)?
_ როგორც საქმიანობაში, ასევე ცხოვრებაში, ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ნდობა და რწმენა. რწმენა საკუთარი თავისა, რომ მიუხედავად ნებისმიერი სიტუაციისა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში?
_ ულწრფელობა, უბრალოება, ერთგულება და სანდოობა.
_ გაქვს გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?
_ შანსი მქონდა, ველოსიპედით და ყავით თბილისი შემომევლო, მაგრამ არ გამოვიყენე, ამას აუცილებლად გამოვასწორებ.
_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
_ როდესაც ვინმე ფიქრობს, რომ ყველაფერი დასრულებულია და პრობლემური სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს.
_ რისთვის არ გენანება დრო?
_ არ მენანება, დრო დავუთმო იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ მოტივაცია, გამხნევება, თანაგრძნობა, რჩევების მიცემა.
და ასევე, დილას ყავის დალევისთვისთვის არ მენანება დრო, მიუხედავად იმისა, მაგვიანდება თუ არა სადმე.
_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?
_ ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ეს ცნება ჩემთვის უცნობია. ზოგადად, ფილმებს ვუყურებ, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ვატარებ დროს.
_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?
_ სამომავლო მიზნებისკენ ნაბიჯის გადადგმის შანსს, ახალ ენერგიას, მოტივაციას, ახალ იმედებს და, რა თქმა უნდა, შანსს, დავტკბე დღევანდელი დღით.
_ რაზე ოცნებობ?
_ შეუჩერებლად მოგზაურობაზე.
_ თუ გყავს ფილმის, ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ?
_ სიმართლე გითხრათ, არ ვეძებ საკუთარ თავს წიგნებში, ან ფილმებში, ვფიქრობ, ცხოვრების გზა _ ეს უკვე ერთი უზარმაზარი წიგნია, მე კიდევ ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი და მწერალიც ვარ.
_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის?
_ ასეთი მაგალითი არ მყავს. როდესაც გყავს მისაბაძი პიროვნება, ეს უკვე მოქმედების საზღვრებში გაქცევს და შეიძლება, სხვა მხრივ უკეთ განვითარების პოტენციალი შეგიზღუდოს.
_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?
_ ახალგაზრდების დაინტერესებისა და სურვილის არქონას. არ უნდათ საკუთარი საქმიანობის ქონა, არ სურთ შექმნან რაიმე ღირებული, როგორც საკუთარი თავისთვის ასევე საზოგადოებისთვის. ამის მოსაგვარებლად კი უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც ბიძგს მისცემს ახალ თაობას. დანარჩენი ყველამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს.
_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?
_ ჩემთვის დასვენება ნიშნავს სიმღერების მოსმენას, მეგობრებთან ურთიერთობას და სახლში მარტო ყოფნას.
_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?
_ ყველაზე მეტად ჩემი ქალაქი და ის ხალხი მენატრება, რომელიც იქ მელოდება.
_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?
_ ცხოვრების ის ნაწილი, რაც სიამოვნებას მანიჭებს.
_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?
_ თავისუფლება _ ეს ყველას შინაგანი მოთხოვნილებაა, მე კი ამ მოთხოვნილებას აუცილებალდ სასურველი შედეგის სახით ვიღებ.
_ რა არის თავისუფლება შენთვის?
_ არ შეგიძლია თქვა, თავისუფლება ეს არის ვაკეთო ის, რაც მინდა და ვინმეს ამით ძლიერ ავნო, თავისუფლება ჩემთვის ეს არის შეზღუდულ საზღვრებში მოქმედების სრული შესაძლებლობა. თავისუფება ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი თუ საკანონმდებლო ტერმინის განმარტებით. ეს არის ინდივიდუალური, განსაკუთრებული და ხელშეუხებელი. იყო თავისუფალი, ნიშნავს ფლობდე საკუთარ თავს, აკეთებდე სწორ არჩევანს და მუდმივად მოქმედებდე.
_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?
_ იმ ეტაპზე, როცა ძალიან სწრაფად ხდება საჭირო პრაქტიკის, ცოდნის, გამოცდილების მიღება, რომელიც აუცილებელია მომავლისთვის.
საუკეთესო დროა ცვლილებებისა და წინსვლისთვის.
_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?
_ ვფიქრობ, ადამიანის შეცნობა საკამოდ რთულია, მაგრამ მგონია, რომ საკუთარი თავი საკუთარ თავშივე ვიპოვე.
_ როგორ გგონია, ადამიანებს თავიანთი მისია აქვთ?
_ თუ წარმოვიდგენთ უზარმაზარ ბაზარს, სადაც ადამიანები იგივე კომპანიები არიან, მაშინ უდავოა ის ფაქტი, რომ ყოველ მათგანს საკუთარი მისია აქვს. ვფიქრობ, ანალოგიურად ხდება რეალობაშიც, ყველას აქვს საკუთარი მისია, რომელიც შეიძლება მისიის სახით სულაც არ იყოს ფორმულირებული.
ჩემი მისია არის საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზება, ხოლო სტრატეგია, ეს არის ტაქტიკური სვლების ერთობლიობა, რომელიც ეფუძნება მისიას.
_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?
_ როდესაც ჩემ მიერ შექმნილ წიგნს, საკუთარ ცხოვრებას საფუძვლიანად გადავხედავ, ვიფიქრობ, რომ ეს ამაო არ ყოფილა, წაკითხვადაც ღირს და საწერადაც ღირდა.
_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?
_ მასშტაბურ ცვლილებას სწორედ ლოკალური წამოწყებები იწვევს, სწორედ ამიტომ მხოლოდ ჩემს თავში შევიტანდი კორექტირებებს, მაგრამ არა იდეალურ ვარიანტამდე, მაშინ ხომ „მუღამი“ არ ექნებოდა სირთულეების გადალახვას.
_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის?
_ ინტერესი, ნდობა, მართვა. ამ სამ სიტყვაზე აგებულია მთელი ჩემი ცხოვრება.
_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?
_ რა თქმა უნდა, დღევანდელი საქართველო საშუალებას გაძლევს, წარმატებული ახალგაზრდა იყო.
_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?
_ საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, ჩემი ღირებულებები და ფასეულობები მაქვს.
ერთ-ერთი ეს არის, რადაც უნდა დამიჯდეს, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა
და მეორე, _ ანდაზად ჩამოყალიბებული პრინციპი: „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“.
_ ვინ არის ცოტნე ყალიჩავა?
_ ჩოფფეე მან და მშფოთავი მესამე სპიკერი.
_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?
_ სწავლა-განათლების მიღება უცხოეთში, ბიზნესის გაფართოება და განვითარება.
_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?
_ ან იქნებ გეკითხათ, ვისზე (ეს ხუმრობით)? იმაზე, თუ რა იქნება მიზნის მისაღწევად გადადგმული შემდეგი ნაბიჯი.
_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?
_ საკუთარი თავის.
_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?
_ ყველაზე დიდი სიმშვიდე ჩემთვის ადამიანებს მოაქვთ, ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი ესმით და უსიტყვოდ მიგებენ. ამავდროულად, ყველაზე დიდი სიმშვიდე დუმილსა და სიჩუმეშია.
_ შანსი რომ გქონდეს, რომელ ქვეყანასა და ეპოქაში დაიბადებოდი?
_ საქართველოში 1997 წელს.
_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.
_ „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“.
_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ აკეთეთ ის, რაც გიყვართ!
გჯეროდეთ შესაძლებლობების!
გწამდეთ საკუთარი თავის!
დაიწყეთ პრობლემით და არა შედეგით!

ნინო ტაბაღუა