ოზურგეთის მერის „ტექნიკური შეცდომა“ და საპროტესტო ტალღა სოციალურ ქსელში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად ნატალია ხომერიკი 12 დეკემბერს დანიშნა.
თუმცა 13 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო „გურია ნიუსის“ საშუალებით ცნობილი გახდა, რომ დანიშვნიდან მეორე დღეს _ 13 დეკემბერს, ახალი ბრძანება დაიწერა და ხომერიკი სამსახურის უფროსობიდან განყოფილების უფროსად გადანიშნეს, თანაც ისე, რომ მისთვის არავის არაფერი უთქვამს:
_ ჩემი დანიშვნის შესახებ მედიიდან გავიგე. ასევე მედიიდან გავიგე, რომ დანიშვნის მეორე დღეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, დამაქვეითეს. რატომ? რისთვის? რა მიზეზით? ჩემთვის უცნობია“, _ ამბობს ნატალია ხომერიკი „ქრონიკა+“-თან საუბრისას.
ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე კი აცხადებს, რომ ხომერიკი სამსახურის უფროსად არ დაუნიშნავს:
„სამსახურის უფროსად ის არ დამინიშნავს, შეიძლება რაღაც ტექნიკური გაუგებრობა იყო სამსახურის დასათაურებასთან დაკავშირებით, მაგრამ არავის არც ჩემგან, არც სხვისგან ნატოს არ გაუგია, რომ მას ვნიშნავდი სამსახურის უფროსად. ამ ეტაპზე მას განვიხილავთ კულტურის განყოფილების უფროსად“, _ ამბობს ოზურგეთის ახალარჩეული მერი გაზეთ „გურიის მოამბესთან“.
კონსტანტინე შარაშენიძემ, როგორც ჩანს, სულაც არ იცის, რა ხდება მის ირგვლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იტყოდა, რომ ხომერიკი სამსახურის უფროსად არ დაუნიშნავს.
ბრძანებაში, რომელიც უკვე გავრცელდა, გარკვევით წერია, რომ ნატალია ხომერიკი სამსახურის უფროსად ინიშნება.
ხელმოწერილი ბრძანებით ისიც ნათლად იკითხება, რომ ძალაშია ხელმოწერისთანავე. თუმცა ოზურგეთის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლაშა თავაძე, საპირისპიროს ამტკიცებდა ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე და აღნიშნავდა, რომ ბრძანება ძალაში შესული არ იყო.
ინდივიდუალური ბრძანება რომ ძალაში ხელმოწერისთანავე შედის, პირველკურსელმა სტუდენტმაც კი იცის, მაგრამ, როგორც ჩანს, ოზურგეთის მერიაში იურისპრუდენცია სხვანაირად ესმით. მეტიც, აქ ისე შორს მიდიან, რომ საკრებულოს დეპუტატებს, რომლებიც ხომერიკის საკითხის გარკვევას ითხოვენ, მიუთითებენ, რომ ჟურნალისტს, რომელმაც ეს ბრძანება გაასაჯაროა, მისი ავთენტურობის დადგენა მოსთხოვოს.
არადა, შარაშენიძეს რომ კანონი აქვს დარღვეული, სულაც არ საჭიროებს ავთენტურობის დადგენას.
ოზურგეთში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაერთიანდა და ქალაქი და მუნიციპალიტეტი შეერთდა, ახლა მობილობის წესი მოქმედებს. ამ წესის გამო კი ახალარჩეულ მერს, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და რომელსაც, როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცების დასაქმების ვალდებულებები აქვს აღებული, ყველაფრის მისი სურვილით გაკეთება არ შეუძლია.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად: საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია, მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას _ დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
ამდენად, მობილობის წესით საჯარო მოხელის ტოლფას, ან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანისას აუცილებელ პირობას წარმოადგენს მოხელის თანხმობა.
როგორც გავარკვიეთ, ამ შემთხვევაში ნატალია ხომერიკის თანხმობა დაქვეითებაზე არ ყოფილა, შესაბამისად, ფაქტია, რომ ოზურგეთის მერმა კანონი დაარღვია, რომელიც მას, როგორც ჩანს, დიდად არ ანაღვლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმას მაინც არ იტყოდა, „ტექნიკური შეცდომა“ გამეპარაო.
„ხელს რაზე აწერს, არ უნდა იცოდეს? სანამ პირში რაიმეს ჩაიდებ, ხომ ნახულობ, თუ არა? რა უბედურებაა ეს?! აქ თქვენ ნინიას ბაღი ხომ არ გგონიათ?!“ _ ამ და სხვა ტიპის კომენტარებს სოციალურ ქსელში ბევრს ნახავთ.
შარაშენიძის ამ გადაწყვეტილებამ ოზურგეთელები იმდენად აღაშფოთა, რომ ფეისბუქში კამპანიაც კი წამოიწყეს _ მეტინატალიახომერიკიოზურგეთს!
რამდენიმე ათეულმა ადამიანმა კი ხომერიკის ფოტო პროფილის სურათად დააყენა.
ნატალია ხომერიკი დიდი ხანია, ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს. იგი გასული ოთხი წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მას კარგად იცნობენ მომღერლები, მსახიობები, მხატვრები. როგორც ოზურგეთში ამბობენ, მისი სამსახურის უფროსობის დროს არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას გაეხსნა გზა და ოზურგეთის სოფლებშიც გაცოცხლდა წლების განმავლობაში მივიწყებული კულტურული კერები.
მის მიერ მოწყობილი არაერთი ივენთი დღემდე განხილვის თემაა. მისი სამსახურის უფროსობის დროს,
დიზაინერისა და სიმღერის ნიჭით გამორჩეული ქალბატონი ოზურგეთში და არა მარტო ოზურგეთში, როგორც აღმოჩნდა, ყველას უყვარს, რასაც ფეისბუქიც მოწმობს:
_ ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. ასეთ მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდი. ვხედავ, რომ ტყუილად არ მიცხოვრია და ამისთვის ნამდვილად ღირდა ყველაფერი. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, მადლობა მედიას, რომელიც გვერდით დამიდგა, _ ამბობს ხომერიკი, რომელსაც იმედი აქვს, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს.
_ იმედი მაქვს, გონს მოეგებიან და სასამართლომდე მისვლა არ მომიწევს. თუ ასე არ მოხდა, ბოლომდე ვიბრძოლებ, რადგან ჩემს უკან სიმართლე დგას. სიმართლე, სადაც ვერ ვგებულობ, რას ნიშნავს „ტექნიკური შეცდომა“, _ ამბობს ნატალია ხომერიკი.
ოზურგეთში ეს თემა იმდენად აქტუალურია, რომ საქმეში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც ჩაერია. არჩილ თალაკვაძე, რომელიც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატია იმედოვნებს, რომ ოზურგეთის მერი ნატალია ხომერიკს შეხვდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. თალაკვაძე ამბობს, რომ ამ თემაზე შარაშენიძეს უკვე ესაუბრა,
თუმცა როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, შარაშენიძესა და ხომერიკს შორის შეხვედრა უკვე შედგა და მერმა მას ზუსტად ის უთხრა, რაც ჟურნალისტებს: „გაიპარა ტექნიკური შეცდომა“:
_ როდესაც შევხდით, მითხრა, რომ ტექნიკური შეცდომა იყო და რომ მე არა სამსახურის, არამედ განყოფილების უფროსად დამნიშნა. შარაშენიძემ ვერ ამიხსნა, რაა ტექნიკური შეცდომა _ სამსახურის მთლიანი დასახელება? „ტექნიკური შეცდომებით“ ქალაქის მართვა არ შეიძლება და კიდევ ერთხელ ვამბობ, იმედი მაქვს, გონს მოეგებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევხდებით სასამართლოში! _ ამბობს ხომერიკი, რომელსაც იმედი აქვს, რომ ეს შარაშენიძის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა და მის მიმართ პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება:
_ მინდა, ასე იყო, მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია. მე არასდროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში. მე ვხელმძღვანელობდი კულტურას და ვაკეთებდი ჩემს საქმეს. ვფიქრობ, რომ კარგად. და თუ არ ვაკეთებდი კარგად, მაშინ უნდა გამოვიდნენ და ეს დაასაბუთონ. ჩემთვის პოლიტიკა პროფესიონალიზმი და ადამიანობაა, რისი დაკარგვაც წარმოუდგენლად მიმაჩნია. არასდროს ვყოფილვარ თანამდებობის მაძიებელი და არც არასდროს გავხდები. უბრალოდ, უსამართლობას არ შევეგუები. იმ უსამართლობას, რომელსაც ახლა შევეჯახე და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, _ ამბობს ხომერიკი.

მარიამ ბალანჩივაძე