ლევან ხაბეიშვილი: „ფაციფუცა ნარმანია დიდი მადის მქონე „იტალიელმა“ მაფიოზმა შეცვალა“

დედაქალაქის ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას საკრებულოში დიდი ხმაური მოჰყვა. ოპოზიციისთვის სხვადასხვა მიმართულებით თანხის გადანაწილების პრინციპი მიუღებელია. ამ თემაზე „ქრონიკა+“-თან საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილი საუბრობს:

_ ფაციფუცა ნარმანია დიდი მადის მქონე „იტალიელმა“ მაფიოზმა შეცვალა. ნარმანიას დაწუნება, ჯერ კიდევ, „გზაში“ იყო, რომ დაიწყო და ცდილობდა თბილისელების კეთილგანწყობის მოპოვებას. რეალობაში კი მხოლოდ კოსმეტიკური წმენდა მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ მთავარი პრობლემა ნარმანია იყო, კახიმ დანარჩენი ჩინოვნიკები თანამდებობაზე დატოვა.
ჩვენი პირველი კვლევა საახალწლო განათებას დავუთმეთ და, ჰოი საოცრებავ: აღმოჩნდა, რომ საახალწლო განათებაში, მინიმუმ, 2,5-ჯერ მეტს ვხარჯავთ, ვიდრე აქამდე გადაგვიხდია და, ჯამში, ამ თანხამ 3 მილიონი ლარი შეადგინა. როცა კიდევ უფრო ჩავხედავთ საბუთებს, აღმოვაჩენთ, რომ ხელშეკრულება ტენდერის გარეშეა გაფორმებული, რაც ასევე კითხვებს ბადებს.
როგორ შეიძლება, ახალი წელი გადაუდებელ აუცილებლობად ჩაითვალოს და ამ მიზეზით ტენდერი არ ჩაატარო? ახალი წელი რომ ყოველთვის 31 დეკემბერს დგება, ჯერ კიდევ ვერ აუღეს ალღო ამას „ოცნების“ ლიდერებმა.
ამ 3-მილიონიან ხელშეკრულებაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გააფორმეს, იტალიურია და მისი საბანკო ანგარიშები გაგიკვირდებათ და მილანშია. ეს ფაქტები, მინიმუმ, ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს და საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამ ყველაფერში კალაძის ხელი ურევია.
როგორ შეარჩიეს მსოფლიოს მილიონობით კომპანიას შორის, მაინცდამაინც, მილანური კომპანია და რატომ პირდაპირი მიყიდვის წესით და რატომ 2.5-ჯერ მეტი თანხა?
საზოგადოება სულელი არ არის და კარგად ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი კორუფციასთან და ახალ მერთან არის კავშირში. არგუმენტი, რომ ამ კომპანიამ ლონდონი გაანათა, სასაცილოა. რატომ ლონდონის გამნათებელი და რატომ არა პრაღის, პარიზის, ბუდაპეშტის, ბერლინის, ბრიუსელის, ან ნებისმიერი სხვა ქალაქის გამნათებელი?!
ასევე საინტერესოა, რომ ნარმანიამ გააფორმა ხელშეკრულება და კალაძემ, _ მე რა შუაში ვარო? კალთები ისე აეწვა, ლამის, დოჩი ალიშბაიას დააბრალა მილანთან კონტაქტები. ნარმანია რომ დიდი ხვითო ვინმეა, ყველამ ვნახეთ, მაგრამ მილანში პირადი კონტაქტები დააბრალო, ცოტა არ იყოს, უხერხულია. დიდი ალბათობით, რუკაზეც კი გაუჭირდება ამ ქალაქის მოძებნა.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ თუ კარგი განათება გვაქვს, კალაძემ, ჩემი დამსახურებააო და თუ კორუფციას და მილანს ვახსენებთ, მე არა, _ ნარმანიაო. ფაქტი ჯიუტია, „დაემთხვა“ მილანი და 3 მილიონი.
მერს ამბიცია ჰქონია, რომ ლონდონს ჰგავდეს თბილისი. მეც მინდა! მხოლოდ არა მარტო განათებით, არამედ ცხოვრების დონით! როგორც ლონდონში ცხოვრობენ წარმატებული სტუდენტები, ისე იყოს აქაც; იქაური პენსიონერებივით ბედნიერები იყვნენ ჩვენები და მათსავით ცხოვრების დონე გვქონდეს.
აი, ეს ამბიცია უნდა ჰქონდეს და არა მხოლოდ განათების, საიდანაც დამატებით ხეირს ნახულობს, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებებით.
ახალი წლის ხარჯს, ამჯერად, კალაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით 2 მილიონ 700 ათასი ლარი ემატება და ესეც ტენდერის გარეშე უნდა დაიხარჯოს! თბილისელებს ვეკითხები: ნორმალურია, საახალწლო რეკლამაში 566 000 ლარს რომ გადავიხდით?! თან მხოლოდ რეკლამაში! ჯამში, 5 700 000 ლარი მხოლოდ განათება და რეკლამა?! გაგონილა?!
ამ დროს, კალაძის დავალებით, ყველაზე გაჭირვებული ადამიანების გამოსაკვებად ტენდერი გამოაცხადეს და უმაღლეს ფასად 1 ლარი და 18 თეთრი მიუთითა. კალაძე ფიქრობს, რომ ეს თანხა არის მაქსიმუმი! გესმით, თბილისელებო? მილიონერი კალაძე გეუბნებათ, რომ 1 ლარი და 18 მაქსიმუმია და იმყოფინეთო.
საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ზოგ რაიონში 1 ლარი და 17, ზოგში 1 ლარი და 16 და გლდანში, საერთოდაც, 1 ლარი და 13 თეთრი დაფიქსირდა! განათება ლონდონისო და კვება ჭიანჭველისო!
ამ 1 ლარს და 13-ს გამოაკელით გადასახადები, მომსახურე პერსონალი, კომუნალურები, იჯარა ანუ ქირა, სადაც უნდა კვებონ და გამოვა, რომ 60-70 თეთრი რჩება რეალურ კვებაზე! 70 თეთრი, ჰკითხეთ კალაძეს, რაში ეყოფა?!
მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ არანორმალურად ცუდად დაიწყო! არაფერს ითვალისწინებს და არაფერი ეყურება. ასეთმა ნარმანიამ რა საქმე გააკეთა და როგორ დაასრულა, ვნახეთ ყველამ.
ხელფასებს, პრემიასა და დანამატებს გადავხედავ და ოპტიმიზაციას გავაკეთებო, კახიმ და, რეალურად, რას აკეთებს? გამოსცა ბრძანება და დამატებით დანიშნა შტატგარეშეებად მრჩევლები, მდივნები და ჯამში 1 მილიონის ხარჯი დაუმატა ბიუჯეტს! ანაზღაურებას არ იკითხავთ ამ ახალი თანამშრომლების? იწყება 1500-დან და 7000-ლარამდე ადის! თბილისელებმა კისერიც იტეხეთო. კარგი პიარი მყავს და თქვენ ვერაფერს გაიგებთო!
გამოდგა და მთავრობის სხდომაზე 19 კომისია გააუქმა, ხარჯებს ვზოგავ და ეფექტიან მუშაობაზე გადავდივარო. გაუხარდა ხალხს და უმალ ტაში შემოჰკრეს სოციალურ ქსელებში. რეალობაში, ეს 19 კომისია იყო უხელფასო და უფუნქციო! ანუ დამატებით ამ კომისიებისთვის 1 ლარი არ იხარჯებოდა და დამატებით არანაირი უფლება მათ არ გააჩნდათ!
ისედაც დასაქმებული თანამშრომლებით დაკომპლექტებული კომისიები იყო და კალაძემ თბილისელებს რეფორმად შეატენა! ამას არ დასჯერდა მერი და გამოგვიცხადა, _ მე არ მცალია და ჩემ მაგივრად ვიღაც ხალხი შეგხვდებათო. არასდროს, არც ერთი ქალაქის მერს არ უკადრებია მისი ამომრჩევლისთვის, რომ მე არ მცალია და ჩემ ნაცვლად სხვები შეგხვდებიანო!
ახალი ბიუჯეტი შემოიტანა და კადრების შემცირება კი არა, 15 მილიონი შტატგარეშეებისთვის დაამატა!
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების შესახებ კალაძეს საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის განხილვის დროს ვკითხე და ამის პასუხად მისგან მუქარა და შეურაცხყოფა მოვისმინე. თურმე, ნაძვის ხეზე დამკიდებენ, ბნელი ვარ, მარგინალი და ა. შ. კახის აშკარად ეგონა, სარკესთან იდგა და ამიტომაც მისცა თავს ამის უფლება…

გიორგი მეფარიძე