უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქართულ საკრებულოებში

ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ საქართველოში მწვანე საზღვრით, ანუ ტყე-ტყე, ვისაც უნდა და როცა უნდა, მაშინ შემოვა, რაოდენ მნიშვნელოვანი ძებნილი ტერორისტიც არ უნდა იყოს იგი. კაციშვილი არაა მისი შემჩერებელი და მომკითხავი.
რამდენიმე დღის წინათ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გავიგეთ: როგორც გაირკვა, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ნინოწმინდის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით მოხვედრილი 8 დეპუტატი სომხეთის მოქალაქეა.

ყველა მათგანი რეგისტრირებულია სომხეთის რესპუბლიკის ამომრჩეველთა სიაში. თან არ გეგონოთ, რომ ეს დეპუტატები საკრებულოს რიგითი წევრები არიან. გარდა იმისა, რომ სწორედ ისინი აკომპლექტებენ ნინოწმინდის საკრებულოს უმრავლესობას, ერთ-ერთი მათგანი, ბატონი სუმბატ კიურეღიანი, საკრებულოს თავმჯდომარედაც კი აირჩიეს. უცხო ქვეყნის მოქალაქე დანარჩენი შვიდი კი კომისიის ხელმძღვანელებისა და თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციებს ასრულებს.
შეგახსენებთ: უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება, არჩეული იყოს ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოში.
როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველია. მიუხედავად ამისა, ამ კონკრეტულ ადამიანებზე ეს რეგულაციები, რატომღაც, არ გავრცელდა. ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ მათ არათუ მოქალაქეობა არ ჩამოართვა, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი სამართავად გადასცა.
ვინმეს ინფორმაციის ნამდვილობაში ეჭვი რომ არ შეეპაროს, გეტყვით, _ ნინოწმინდის საკრებულოს „ქართული ოცნების“ სიით გასული დეპუტატების, ბატონების: სუმბატ კიურეღიანის, ვაგინაკ არზუმანიანის, არარატ ნანაიანის, მკრტიჩ ნანაიანის, გრიგოლ შამილიანის, ანდრანიკ მკრტიჩიანის, სედა დარბინიანისა და ვაღინაკ ღაზარიანის სომხეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები მედიაშიც გამოქვეყნდა და სპეცსამსახურებსაც მიეწოდა.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა აღნიშნული ინფორმაცია დიდი ენთუზიაზმით ნამდვილად არ მიიღეს. რაღაც არ დაინტერესდნენ იმ ფაქტით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საკრებულოს დეპუტატებად აღმოჩნდნენ არჩეულნი და საერთოდ ამ საკრებულოს მმართველებად დაინიშნენ. როგორც ჩანს, არც ის ადარდებთ, თუ რა პოლიტიკას გაატარებენ სომხეთის მოქალაქეები ნინოწმინდაში და, ზოგადად, სამცხე-ჯავახეთში. ყოველ შემთხვევაში, სუს-ისგან და მისი ხელმძღვანელობისგან ჯერ ერთი სიტყვაც არ გაგვიგია, როგორ აფასებენ მომხდარს. ჩანს, ჯერ არ სცალიათ, _ სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი, ან საერთოდ არ მიიჩნევენ საჭიროდ ამ საკითხის გამოძიებას.
საინტერესოა, რომ საერთოდ არ რეაგირებს ამ უკიდურესად საგანგაშო ფაქტზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არადა, სწორედ ცესკო მოატყუეს ამ ადამიანებმა, პირველ რიგში, როცა თავიანთი უცხო ქვეყნის მოქალაქეობა დამალეს და როგორც საქართველოს მოქალაქეები, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ჩაეწერნენ.
მაგრამ ხომ გაირკვა სიმართლე, ხომ გაცხადდა სერიოზული დანაშაულის შესახებ?! რატომ არ რეაგირებს არავინ?! ე. ი. „ქართული ოცნების“ წევრობა და დეპუტატობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონის უზენაესობა? „კარგად“ ყოფილა მაშინ ჩვენი საქმე. პირველსავე დღეს, როგორც კი შესაბამისმა სამსახურებმა ამ უკანონობის შესახებ შეიტყვეს, უნდა დაწყებულიყო მოკვლევა, ხოლო ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, ნინოწმინდის საკრებულოს რვა დეპუტატს, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარეს, უნდა შეუჩერდეს საკრებულოს წევრობა და თაღლითობის მუხლით აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.
ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდებოდა, ჩევნ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ერთ, მმართველ პოლიტიკურ პარტიაზეა მორგებული, რომელიც ძალიან ხშირად სჩადის სისულელეებს და მერე აღარ იცის, როგორ გამოასწოროს ეს სისულელე. სავარაუდოდ, ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა. არაა გამორიცხული, რომ უცხო ქვეყნის ამ რვა მოქალაქემ ისევე დაუმალა თავიანთი სხვა ქვეყნის მოქალაქეობა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, როგორც ცესკოს. კი ბატონო, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ პრობლემა იმ პოლიტიკური ნების არარსებობაა, რომლითაც ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. „ქართულმა ოცნებამ“, პრაქტიკულად, საკუთარი უმრავლესობა უნდა დაშალოს ნინოწმინდაში და გამორიცხული არაა, ასეთი სერიოზული სკანდალის შემდეგ, განმეორებითი არჩევნები გახდეს საჭირო. ბუნებრივია, ეს სერიოზული თავის სატკივარი იქნება ხელისუფლებისთვის, რაც მათ ისედაც შელახულ იმიჯს კიდევ ერთხელ ამოსვრის ტალახში. ამიტომაც ხელისუფლება ხმას არ იღებს. ეს ხომ ივანიშვილის გუნდის უსაყვარლესი პოზაა, ბუჩქებში თავის ჩაყოფა და თავის მოკატუნება, თითქოს არაფერი ესმის და არაფერი ხდება.
თუმცა გამოსავალს საპარლამენტო უმრავლესობა მაინც ეძებს, და, როგორც ჩანს მიაგნეს კიდეც, ოღონდ ყველაზე ცუდ გამოსავალს, რომელიც კი შეიძლებოდა წარმოგვედგინა.
სალომე ზურაბიშვილი ხომ გახსოვთ? აი, დამოუკიდებელ დეპუტატს რომ უწოდებენ და, სინამდვილეში, მთლიანად „ქართული ოცნების“ დეპუტატი რომაა. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო კომისიაში წარმოადგინა ცვლილების პროექტი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს, საქართველოს მოქალაქეობა აღარ ჩამოერთმევა. რამდენიმე დღის წინათ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა განგვიცხადეს, რომ ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას ყველა სხვა დანარჩენ ცვლილებაზე ადრე აამოქმედებენ. და მერე რა, რომ ამ ინიციატივაში ქვეყნისთვის ჩადებული უზარმაზარი ნაღმები იმალება?! მერე რა, რომ ორმაგი მოქალაქეობის დაკანონების შემდეგ შვიდასი ათასზე მეტი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქე, უახლოეს მომავალში, თავისი ისტორიული სამშობლოს, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეც გახდება?! ნინოწმინდის საკრებულოში არჩეული სომხეთის მოქალაქეების პრობლემაც მოგვარდება. მათ არათუ შეუჩერებენ საკრებულოს წევრობას, ამ ცვლილებით იმას გააკეთებენ, რომ სულ ცოტა ხანში ეს საკრებულო მთლიანად სომხეთის მოქალაქეებით იქნება დაკომპლექტებული.
თავი რომ დავანებოთ ჩვენს მეზობელ და მეგობარ უცხო ქვეყნებს, ქალბატონ სალომესა და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებს აშკარად აღარ ახსოვთ, რა მექანიზმებს იყენებდა და იყენებს რუსეთი თავისი ინტერესების გასამართლებლად ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არეულობის შეტანა სურდა. თუ არ ახსოვთ, შევახსენებ, რომ ყველა პრობლემა რუსეთის მოქალაქეობის დარიგებით იწყება და შემდეგ ამ მოქალაქეების, ვითომდა, უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით გრძელდება და, საბოლოოდ, ამ მოქალაქეების დასაცავად სხვისი ტერიტორიების ოკუპაციით სრულდება. ეს სცენარი ქართველებმაც ბევრჯერ ვნახეთ და სხვებმაც, მაგრამ, რატომღაც, მხოლოდ ქართველები ვერ ვსწავლობთ ჭკუას წარსულის გამოცდილებაზე.
რა თქმა უნდა, ორმაგი მოქალაქეობა დიდი შვება იქნება საქართველოს იმ მოქალაქეობა დაკარგული ქართველებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა იმიტომ მიიღეს, რომ თავიანთი ოჯახები გამოეკვებათ და უცხო ქვეყანაში მუშაობის უფლება მიეღოთ. კიდევ უამრავი კატეგორიაა ადამიანებისა, რომლებსაც სამშობლომ უნდა დაუბრუნოს მოქალაქეობა. სწორედ ამისთვის არსებობს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, მიანიჭოს ამა თუ იმ ადამიანს ორმაგი მოქალაქეობა. ასეთ დროს სახელმწიფო მაქსიმალურადაა დაზღვეული, რომ ვერც უცხო ქვეყნის მოქალაქეები გახდებიან მასობრივად საქართველოს მოქალაქეები და ვერც საქართველოს მოქალაქეები გახდებიან მასობრივად ორმაგი მოქალაქეობის მფლობელები.
მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის ორმაგი მოქალაქეობის შერჩევით მინიჭება არასაკმარისია და უნდათ, ეს პროცესი, პრაქტიკულად, უკონტროლო გახადონ. რატომ?.. იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან, რა პრობლემები შეიძლება მოუტანოს ასეთმა გაუაზრებელმა ქმედებებმა ქვეყანას, ან არ სცალიათ ამ ყველაფერზე დასაფიქრებლად, ან როგორ უნდა ეცალოთ, როცა ახალი წელია კარს მომდგარი და მთელი „ოცნება“ იმაზე ფიქრობს, როგორ გადააქციონ ახალი წელი პარტიულ ღონისძიებად.
ის, რაც მეოცნებეებმა თავისუფლების მოედანზე გააკეთეს, მაგას, ალბათ, მსოფლიო მასშტაბით არ აქვს ანალოგი. პარტიის საარჩევნო სლოგანი დააწერო ქვეყნის მთავარ მოედანზე ანთებულ ნაძვის ხეს, ამას ძალიან დიდი უტიფრობა და თავხედობა სჭირდება. ეს უნიკალური თვისებები „ქართულ ოცნებაში“, როგორც ჩანს, ბევრს აღმოაჩნდა. საღად მოაზროვნე ადამიანების მცირე რაოდენობა რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ასეთი რამის გაკეთების შერცხვებოდათ მაინც.
თბილისის ახალ მერს, რომელსაც დედაქალაქის მერია აშკარად სამოდელო სახლი ჰგონია, ვერ გაურკვევია, რომ ახალი წელი და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არაა, ხოლო მათი დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის. კალაძეს აშკარად ეტყობა გაკვირვება, როცა ეუბნებიან, რომ პარტიის საარჩევნო სლოგანით მოსახლეობისთვის ახალი წლის მილოცვა არ შეიძლება. ის ვერ ხვდება, რატომ არ შეიძლება და გაღმა შეედავეს პრინციპით კითხულობს, _ ნუთუ, არ გინდათ, რომ თბილისი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ იყოსო? გარდა ამისა, ნაძვის ხე, რომელზედაც „ოცნების“ ეს საარჩევნო სლოგანი მიაწებეს, წლების განმავლობაში თეთრად იყო განათებული, წელს კი ძალიან საეჭვოდ „ოცნების“ ფერში, ცისფრად განათდა. მოკლედ, ხელისუფლება მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს.
დავუშვათ და „ქართულ ოცნებაში“ არ სცალიათ იმის გასააზრებლად, ქვეყნის ერთი მესამედი მალე უცხო ქვეყნის მოქალაქე რომ გახდება და სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებას ჩვენს ქვეყანაში ორმაგი მოქალაქის უფლებით რომ დაიწყებს. საინტერესოა, პრეზიდენტი რატომ არ იღებს ამაზე ხმას და რატომ არ აპროტესტებს, თუნდაც, იმას, რომ მისი კიდევ ერთი უფლება იზღუდება?! შეიძლება ვივარაუდოდ, რომ არც მარგველაშვილს სცალია ასეთი თემებისთვის. რა დროს ქვეყანაა, როცა ნარმანიაა წარსადგენი და დასანიშნი სემეკის წევრად.
არა, ნარმანიას ბედნიერებისთვის და ცხოვრების კეთილმოწყობისთვის რომაა დაბადებული ბიძინა ივანიშვილი, გავიგეთ, მაგრამ რატომ გადაწყვიტა მარგველაშვილმა ამ საქმეში ივანიშვილის დახმარება, ჯერ კიდევ, გაუგებარია. ჯერ კიდევ იმიტომ, რომ პრეზიდენტის ხელმეორე ტრანსფორმაციას, ამჯერად, ბიძინა ივანიშვილის გულის ჯიბისკენ ბევრი ვერ იჯერებს. ნუთუ, მარგველაშვილი ისევ ივანიშვილის ნავში ჩახტა? ან, იქნებ, არც არასდროს ამომხტარა ამ ნავიდან და ეს კონფრონტაცია მხოლოდ მასკარადი იყო? მარგველაშვილის ბოლო დროინდელ საქციელებს თუ გავაანალიზებთ და დავაკვირდებით, რა მიიღო ამით ივანიშვილმა, შეიძლება, ბევრი რამის დაჯერება გაცილებით იოლი აღმოჩნდეს.
თითქმის ოთხი წელია, მარგველაშვილი და ივანიშვილი კონფრონტაციაში არიან. ბატონმა ბიძინამ მისი ხათრით არჩეული პრეზიდენტი, ძირითადად, იმის გამო აითვალწუნა, რომ ეს უკანასკნელი თავის სიტყვას გადავიდა და სააკაშვილის აშენებულ რეზიდენციაზე უარი არ თქვა. ორი წლის განმავლობაში ივანიშვილის მთავარი პრეტენზია სწორედ ეს იყო. გაცილებით მრავალფეროვანი გახლდათ დაპირისპირების მიზეზები მარგველაშვილსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. თუმცა თუ დავაკვირდებით, იოლად აღმოვაჩენთ, რომ ამ დაპისპირების გამო მთავრობა არც ერთხელ გამხდარა იძულებული, თავისი პოზიცია შეეცვალა, ან ის კანონი არ მიეღო, რისი მიღებაც უნდოდა. სამაგიეროდ, მარგველაშვილის „ოცნებისკენ“ შემობრუნებას ფასდაუდებელი პოზიტივები მოყვა ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პრეზიდენტმა ხელისუფლებას გაუკეთა, ერთპარტიული კონსტიტუციის გამართლება იყო. იმის ფონზე, როცა მარგველაშვილი, მთელი წლის განმავლობაში, მთელ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად გაიძახოდა, ერთპარტიული კონსტიტუცია ცუდია და კონსენსუსის გარეშე მისი მიღება არ შეიძლებაო, ვეტოც კი დაადო კონსტიტუციურ პროექტს, საბოლოო ჯამში, ყველაფერი წყალში გადაყარა, როცა ადგა და ასეთ ყველასთვის მიუღებელ კონსტიტუციას ხელი მოაწერა. პრეზიდენტის ამ საქციელით „ქართულმა ოცნებამ“ ერთდროულად ორი დიდი კურდღელი დაიჭირა: ერთი ის, რომ პრეზიდენტის ხელმოწერამ დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა მოხსნა „ვენეციის კომისიას“, რომელსაც, თუ აკვირდებით, ამის შემდეგ აღარც გახსენებია საქართველო და მისი კონსტიტუცია. არცაა გასაკვირი _ ევროკავშირისა და, მათ შორის, „ვენეციის კომისიის“ წევრების თვალში, საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლების მთავარი ოპონენტი პრეზიდენტი მარგველაშვილი იყო და არა რომელიმე ოპოზიციური პარტია. საქართველოში ჩამოსულ ბუკიკიოს, პირველ რიგში, მარგველაშვილი ხვდებოდა და თავის უარყოფით დამოკიდებულებას აცნობდა მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩადიოდნენ სტრასბურგსა თუ ვენეციაში და ჩაჰქონდათ იქ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილ უკანონობაზე. ერთი სიტყვით, პრეზიდენტის ფაქტორი სერიოზული მოტივატორი იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, ებრძოლა დემოკრატიული კონსტიტუციისთვის.
მაგრამ როგორც კი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელსაც სახელად „დრაკონული კანონები“ უფრო შეეფერებოდა, ვიდრე კონსტიტუცია, ევროკავშირისა და „ვენეციის კომისიის“ ინტერესი, გაეგრძელებინა ბრძოლა, მაშინვე განელდა. ბუნებრივია, თუ ხელისუფლების მთავარი ოპონენტი, პრეზიდენტი, ხელისუფლებას კონსტიტუციას „უპრავებს“, „ვენეციის კომისიას“ ვინ რაღას ეკითხება? ქვეყნის შიდა საკითხებში ხომ არ ჩაერეოდა და ოპოზიციური პარტიების რიგში ხომ არ ჩადგებოდა ევროკავშირის ეს სტრუქტურა? ამიტომაც შეგვეშვნენ, _ თავში ქვა გიხლიათ და მუცელში სამართებელიო.
მეორე დიდი კურდღელი, რომელიც „ოცნებამ“ მარგველაშვილის ხელმოწერით დაიჭირა, საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო გაერთიანებული მთელი ოპოზიციის დეზორიენტაცია იყო. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დემოკრატიული კონსტიტუციისთვის მებრძოლი გმირის მანტია მოისხა და დროშა ააფრიალა, მთელი ოპოზიცია მის გარშემო ბუნებრივად დაირაზმა. მისმა ყველასთვის მოულოდნელმა და აუხსნელმა ხელმოწერამ კი ეს ერთობა ასევე ბუნებრივად დაშალა.
იბადება კითხვა: მარგველაშვილს რომ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებული პრეზიდენტის როლი არ შეესრულებინა და „ოცნების“ ერთგული პრეზიდენტი ყოფილიყო, მის მიერ გამართლებულ კონსტიტუციას ასეთი დიდი კურდღლების დაჭერა ხომ არ მოჰყვებოდა?! რა თქმა უნდა, _ არა!
კონსტიტუციაზე ხელმოწერა გამონაკლისი შემთხვევა რომ ყოფილიყო, კიდევ იფიქრებდა კაცი, რომ შეცდომა ვის არ მოსვლიაო, მაგრამ ეს ხელმოწერა ჯერ გამშრალიც არ იყო, რომ მარგველაშვილმა მეორე უმნიშვნელოვანესი პრობლემა მოუგვარა „ქართულ ოცნებას“ _ მან ხელისუფლებას ერთ-ერთი ყველაზე ჭუჭყიანი არჩევნები გაუთეთრა. მიუხედავად ამდენი გაყალბებული ოქმისა, მიუხედავად ამდენი გაყალბების ამსახველი ვიდეომტკიცებულებისა, მიუხედავად ამდენი გაყალბების ცოცხალი მოწმისა, რომლებიც ითხოვდნენ, პროკურატურამ ჩვენება ჩამოგვართვას გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებითო, მიუხედავად ამდენი სასამართლო პროცესისა, მარგველაშვილი მაინც გამოვიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სამართლიანი და ობიექტური არჩევნები ჩაატარაო. როგორ ფიქრობთ, ბოლო ოთხი წელიწადი მარგველაშვილს ოპოზიციურად განწყობილი პრეზიდენტის როლი რომ არ შეესრულებინა, მის მიერ გამართლებულ არჩევნებს ან საქართველოს მოსახლეობის, ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის რამე მნიშვნელობა ექნებოდა?! რა თქმა უნდა, _ არა!
და თუ მაინც ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა მარგველაშვილის, სულ მცირე, ისევ „გაქოცებაში“, პრეზიდენტის მიერ ნარმანიას სემეკის წევრად წარდგენამ, იმედია, ყველა ეს ეჭვი გაფანტა.
რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ გამოთქმული მოსაზრება მხოლოდ ანალიზი და მსჯელობაა. მართალია, სახელისუფლებო კულუარებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი მსჯელობა, მაგრამ მაინც მხოლოდ მსჯელობა და ანალიზი. დასკვნები თავად გააკეთეთ.
სანამ ჩვენ დასკვნებს ვაკეთებთ, ამასობაში „ქართულმა ოცნებამ“ ნგრევა დაიწყო. ამბობენ, ეს მილიარდებით შეკოწიწებული 86-დეპუტატიანი ფრაქცია სამ ნაწილად ძმაკაცობამ დაშალაო. ყოველ შემთხვევაში, ზედაპირულად და, ერთი შეხედვით, ყველაფერი სწორედ ასე ჩანს, თუმცა რეალური პოლიტიკა, ძალიან ხშირად, შორსაა იმისგან, რაც ზედაპირზე ჩანს. რა და რატომ მოხდა სინამდვილეში, ამაზე ჩვენ კიდევ ბევრს ვისაუბრეთ, მანამდე კი ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ქართული ტარადიციის მიხედვით, ყველა ხელისუფლების დასასრული შიდა დაპირისპირებით იწყება. ის, რაც დღეს ხელისუფლებაში ხდება, სწორედ ამ ტრადიციის ღირსეული გაგრძელებაა.

დემნა ვეშაპიძე