„უკვე საერთო ეროვნული კონსენსუსია, რომ მომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს!“

„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია გამართა და ხელისუფლებას საკუთარი მოთხოვნები შეახსენა. ორგანიზაცია მადლობას უხდის არტისტების გაერთიანება „ტალღას“ „ნარკოპოლიტიკის მსხვერპლთა დასაცავად სამოქალაქო პროტესტისა და საერთო ბრძოლაში თანამონაწილეობისთვის, აქციის თანაორგანიზებისთვის. „მადლობა ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, თქვენი პროტესტი უმნიშვნელოვანესია. რეპრესიისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში პრინციპულობით, უკომპრომისობით, გამძლეობითა და ერთად დგომით ცვლილებები გარდაუვალია“, _ აღნიშნულია განცხადებაში.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“:
„ჩვენ ვითვლით წამებს!
1. მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან, მიმდინარე წლის ბოლომდე, დაჩქარებულ რეჟიმში, გადაწყდეს დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის დამტკიცების საკითხი. მოვითხოვთ წლის ბოლომდე ინიცირებული კანონპროექტის პრინციპების დამტკიცებას და კენჭისყრაზე გატანას;
2. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, დაიწყოს პოლიციის რეფორმა და რეპრესიაზე ორიენტირებული სისტემის ყველა რგოლი ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული გახდეს. ჩვენ, საზოგადოებას, რეალურ დანაშაულთან მებრძოლი და უსაფრთხოების დამცველი პოლიცია გვჭირდება და არა ადამიანების დევნა, ჩაგვრა, წამება და მკვლელობა. პოლიციის ჰუმანიზაციისა და სისტემური რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი აუცილებელი ცვლილება სწორედ ინიცირებული დეკრიმინალიზაციის კანონპროექტია;
3. მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისგან, 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე, სასწრაფო რეჟიმში ნარკოდანაშაულში მსჯავრდადებული პირების მასობრივი შეწყალება უზრუნველყოს. საპატიმრო დაწესებულებებში დღემდე თვალით უხილავ ოდენობებზე მსჯავრდადებული პირები რჩებიან, ყოველი მესამე პატიმარი ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს“.
მოძრაობის იურისტი გიორგი მახარაძე ამბობს, რომ აქციაზე გახმოვანებული მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა ალტერნატიული პროტესტის ფორმებზე გადავა, კერძოდ დაუმორჩილებლობის აქტებზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პროტესტი იქნება კონსტიტუციის ფარგლებში.

„ქრონიკა+“ სწორედ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტს, გიორგი მახარაძეს ესაუბრება:
_ ჩვენი პირველი, მთავარი მოთხოვნა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვების დაწყება და უკვე ახალ წლამდე, პირველ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაა;
მეორე მოთხოვნა პოლიციის სისტემის რეფორმაა, ყოველ შემთხვევაში, ამის დაანონსება და აქტიურად მუშაობის დაწყება ე. წ. ჩადებებისა და სხვა მსგავსი პრაქტიკების წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადადგმა; ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებაა.
და მესამე: ჩვენ მოწოდებით მივმართეთ ქვეყნის პრეზიდენტს, რომ აქტიურად გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება შეწყალებებთან დაკავშირებით და გაათავისუფლოს რაც შეიძლება მეტი პატიმარი, რომელიც მცირე, მოლეკულური ოდენობით ფლობისთვის და მოხმარებისთვის სასჯელს იხდის. ეს სამი მთავარი მოთხოვნაა, რაც აქციაზე გაჟღერდა.
რაც შეეხება უკვე ალტერნატიული პროტესტის ფორმებს, ამაზე უკვე პოსტ ფაქტუმ მოგვიწევს საუბარი. ამ ყველაფერს წინასწარ ვერ გაგიმხელთ. თუმცა, რასაკვირველია, ყველაფერი კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში იქნება.
_ ამ მოთხოვნებზე რეაგირება როგორია? წინადადებების განხილვები რა ეტაპზეა?
_ გვპირდებიან, რომ ამ კვირიდანვე დაიწყებენ კომიტეტებში განხილვებს და ახალ წლამდე პირველ პლენარულ სხდომაზე გატანაც მოესწრებაო. დიდი იმედი გვაქვს, რადგან ყველაფერი უკვე ძალიან დავაგვიანეთ.
_ რატომ გვიანდება?
_ რა თქმა უნდა, რთულად წარმოსადგენია, ასეთი კარგი მექანიზმების, რებრენდინგის შემდეგ, პრობლემის ისევ სახელმწიფოს აქტივში დატოვება, ხომ „გადასარევია“ მათთვის ეს ბერკეტი? ალბათ, ამიტომაც გვიანდება ამ აუცილებელი რეფორმის ჩატარება, რომლის განხორციელებაზეც (დეკრიმინალიზაცია) ყველა თანახმაა.
_ ამ საკითხთან დაკავშირებით რატომ არის თქვენთვის გაუგებარი პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო განცხადება?
_ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ეს კანონპროექტი პარლამენტში ივნისში დარეგისტრირდა, ანუ უკვე ექვსი თვეა გასული;
მეორე, ამ კანონპროექტის შემუშავებაში ბატონი კობახიძის გუნდის წევრები უშუალოდ მონაწილეობდნენ. ინიციატორები სწორედ მისივე გუნდის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არიან;
მესამე ისაა, რომ ამ კანონპროექტზე, ლამის, ყველა კითხვა უკვე ამოწურულია. რა გითხრათ, ასეთი დოკუმეტი არის „რია“, რომელიც აფასებს ეფექტიანობას და სხვადასხვა სცენარს განიხილავს, თუ კონკრეტული კანონპროექტის მიღების შემდეგ რა შეიძლება მოხდეს. ესეც კი გაკეთებულია და აქ კითხვები უკვე აღარ არსებობს.
ამ ფონზე, აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მას კიდევ რაღაც ინფორმაცია აკლია. რეალურად, ყველანაირი ინფორმაცია წარმოდგენილია, ყველა არგუმენტი განხილულია, რომელიც სამეცნიერი დასკვნებით გამყარებულია. პროფესიონალების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, კონკრეტულად, ამ სფეროზე მომუშავე ორგანიზაციები წარმოდგენილ რეფორმას ძალიან პოზიტიურად აფასებენ.
როცა პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ განცხადებას აკეთებს, ცხადია, ეს გაუგებრობას იწვევს.
_ რას უკავშირებთ მის აღნიშნულ პოზიციას?
_ არც კი ვიცი, რა გითხრათ, ეს, ალბათ, თავად კობახიძეს უნდა ჰკითხოთ. თუ კიდევ რაიმე კონკრეტული აინტერესებს, ჩვენ მზად ვართ, ინფორმაცია ნებისმიერ დროს მივაწოდოთ. თუმცა ეს ინფორმაცია და არგუმენტები უკვე დიდი ხნის წინ არის მიწოდებული. სხვა კითხვები, უბრალოდ, არ არსებობს.
_ როგორც განაცხადეთ, უმრავლესობა მსჯელობებს აწარმოებს კულუარულად, საზოგადოება კი განხილვებს გამოთიშულია, კულუარულად ვისთან განიხილავენ?
_ ჩვენ ვიცოდით, რომ 28 ნოემბერს პირველი კომიტეტის სხდომა უნდა ჩატარებულიყო. 27 ნოემბერს ღამით ვიგებთ, რომ ეს კომიტეტი გადაიდო და მას მერე, პრაქტიკულად, აღარ ვიცოდით, რა ხდებოდა, მიმდინარეობდა თუ არა განხილვა. მერე ასეთი ინფორმაცია იყო, რომ საკითხზე პოზიციები თანხმდებოდა. ამას სამოქალაქო სექტორი, მასში ჩართული ორგანიზაციები მთლიანად გამოთიშული იყვნენ და აღნიშნული განცხადების საფუძველი სწორედ ეს გახდა.
_ „თეთრი ხმაურის“ აქციამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, გარკვეული ნეგატივიც შეინიშნებოდა. ამაზე თქვენი დამოკიდებულება როგორია?
_ დარწმუნებული ვარ, ვინც ამ კანონპროექტს წაიკითხავს, აღმოაჩენს, რომ მასში ძალიან ბევრი საინტერესო რეგულაციაა, რომელიც ადრეული პრევენციის დაწყებას გულისხმობს, სკოლებში რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ზიანის შესახებ მოსწავლეებს ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც, სამწუხაროდ, აქამდე ქვეყანაში არ ხორციელდება.
ასევე სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება უფრო ფართოდ უნდა გატარდეს, დამოკიდებული პირებისთვის სოციალური და სამედიცინო საჭიროებები გაძლიერდება და ა. შ.
ამ კანონპროექტის მთავარი იდეაა, ახალი მომხმარებელი ნაკლები იყოს და ვინც მომხმარებელია, ის უაზროდ ციხეში კი არ ჩავსვათ, არამედ შესაბამისი სერვისი მივაწოდოთ, რაც ცხადია, გასაღებასა და გამსაღებლებზე არ ვრცელდება.
მოვისმინე და წავიკითხე, რომ, თითქოს, ვიღაც ლეგალიზაციას ითხოვს, რაც სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. მგონი, ინფორმაციის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე ამ ადამიანების მხრიდან. როდესაც ასეთ სკეპტიკურად განწყობილებს ვესაუბრები, რაღაც ეტაპზე ისინიც მეთანხმებიან, რომ ეს სწორი გზაა, რითაც მივდივართ და სწორედ კანონპროექტს ვგულისხმობ. ყველა თანხმდება, უკვე საერთო ეროვნული კონსენსუსია, რომ მომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამაზე არავინ გვეწინააღმდეგება, გიგა ბუკიაც კი ამის წინააღმდეგი არ არის.
ხაზს ვუსვამ, ეს კანონპროექტი სწორედ ამაზეა, რომ ახალი მომხმარებელი გაცილებით ნაკლები იყოს, ხოლო ვინც მოიხმარს, მას შესაბამისი სერვისი მიეწოდოს. რა თქმა უნდა, სკეპტიკოსები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ ჯანსაღი ოპონირებისა და ინფორმაციის მიწოდების რეჟიმში დარწმუნებული ვარ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა პირიქით, _ მხარს დაუჭერს ამ კანონს.
_ თქვენი მონაცემებით, პარლამენტში ბოლო განწყობები როგორია და რამდენად მოსალოდნელია ახალ წლამდე კანონპროექტის მიღება?
_ როგორც თავიდან აღვნიშნე, პარლამენტიდან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ამ კვირაში, ორშაბათიდან, უკვე საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, კონკრეტულ დღეს აქ უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. და როგორც გვითხრეს, ეცდებიან, რომ პირველი მოსმენა ახალ წლამდე მოასწრონ, რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ბოლო აქციის გარშემო საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიას სპეციალური განცხადებით ეხმაურება:
„მოგესალმებით, თანამებრძოლებო! პირველ რიგში, გვსურს, გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში წარმოშობილ ცხარე დისკუსიას აქციის გარშემო. ცხადია, ერთგული მხარდამჭერების განაწყენება არ წარმოადგენდა მოძრაობის მიზანს და გულწრფელად ვწუხვართ, რომ სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგეთა ნაწილის სცენაზე ხილვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა და, მათ შორის, „ქვიარ თემის“ აქტივისტებმა ჰომოფობიის მხარდაჭერად და პირად შეურაცხყოფად მიიღეს. ბოდიშს ვუხდით ყველა განაწყენებულ მხარდამჭერს შექმნილი არასასურველი ვითარებისთვის და ყველას, ვისაც გაუაზრებლად გული ვატკინეთ.
შეგახსენებთ, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა ყოველთვის იყო და იქნება სოლიდარული სამოქალაქო უფლებების მოძრაობების მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, სტუდენტების, მუშების, გარემოსდამცველ მოძრაობებსა და ცხადია, „ქვიარ თემს“. ვიბრძვით ჩაგვრის წინააღმდეგ სოციალური თანასწორობის იდეისთვის. ჩვენი მთავარი ლოზუნგი: „ჩვენ არავის დავტოვებთ მარტო“, არ არის მხოლოდ ლოზუნგი, რადგან „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის სავიზიტო ბარათი სწორედ ინკლუზიურობაა. პრობლემა, რომლის გარშემოც გავერთიანდით, ყველასთვის საერთოა. „ქვიარ თემთან“ კი არა მხოლოდ სოლიდარულია მოძრაობა, არამედ ისინი ჩვენი ბრძოლის ავანგარდში დგანან და ჩვენთვის რთულიც კია აღნიშნულ თემზე განყენებულად საუბარი. „ქვიარ თემის“ მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ხელი არ შეუშლია მოძრაობისთვის, ღია მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა მათთვის. „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა ყოველთვის ცდილობდა სისტემის მიერ ჩაგრული ჯგუფების ძალისხმევის გაერთიანებას უსამართლობასთან და ძალადობასთან ბრძოლაში. მიზანიც საერთო გვაქვს _ საზოგადოებრივი კეთილდღეობა.
გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ აქციაზე („ხმაური გამარჯვებისთვის! _ ხალხი ითხოვს დეკრიმინალიზაციას“) მყოფ თითოეულ ადამიანს, რომელიც წლებია, ჩვენთან ერთად დაუღალავად იბრძვით ახალი, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, გარდაუვალი სოციალური ცვლილებებისთვის. განსაკუთრებული მადლობა აქციის საორგანიზაციო სამუშაოებში მონაწილე ჯგუფებს, რომელთაც არ დაიშურეს დრო და ენერგია მანიფესტაციის ფორმისა და შინაარსის სრულყოფისთვის. მადლობა მუსიკოსთა კოლაბორაცია „ტალღას“, რომელშიც ადგილობრივი ჰიპ-ჰოპ სცენის ოცამდე მუსიკოსი გაერთიანდა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ჩვენთან ერთად საკუთარი სათქმელი გადმოსცა.
დეკემბრის აქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მოსახლეობა, როგორც არასდროს, ერთიანი და პრინციპულია საკუთარ გადაწყვეტილებაში და არ აპირებს დათმოს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი ბრძოლისა და შეთანხმების გამოძახილია. ბოლო პერიოდის მძიმე და ტრაგიკული მოვლენების ფონზე, შევძელით დაგვეძლია ზოგადი ნიჰილიზმი და ათი ათასამდე განსხვავებული ასაკის, სოციალური ფენისა და ინტერესების მქონე ადამიანი გავერთიანდით ძალადობრივ ნარკოპოლიტიკაზე გამარჯვებისთვის, უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანების თავისუფლებისთვის, ჩვენი და მომავალი თაობების უკეთესი მომავლისთვის, ადამიანთა ჯანმრთელობასა და განათლებაზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული კანონპროექტის მხარდასაჭერად. პირველად, მოქმედი პოლიციური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე, უამრავი ყოფილი პატიმარი, მსჯავრდადებულთა ოჯახის წევრი და ახლობელი იმყოფებოდა. ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც რეგიონებიდან ჩვენი ბრძოლის გასაძლიერებლად ჩამოვიდნენ. განსაკუთრებული მადლობა მათ გაღებული დროისა და ძალისხმევისთვის. გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, მომავალშიც შევინარჩუნოთ მტკიცე ერთიანობა. მადლობა ადამიანებს, რომლებმაც თბილისის პარალელურად მხარდამჭერი აქციები სხვა ქალაქებშიც გამართეს.
აქციით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შევახსენეთ, რომ ჩვენ ვითვლით წამებს, რადგან აღარ დარჩა დრო მსჯელობისთვის, ყველაფერი ნათქვამია, ყველა კონტრარგუმენტი გაბათილებულია, ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას.
ჩვენ ძალისხმევას უშედეგოდ არასდროს ჩაუვლია. კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფს გამოგვეხმაურნენ საკანონმდებლო ორგანოდან და მივიღეთ დაპირება, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მომდევნო კვირას დაიწყება საკომიტეტო მოსმენები, ხოლო ახალ წლამდე კანონპროექტი გავა პლენარულ სხდომაზე. დაპირების მიუხედავად, არ ვაპირებთ პასიურ მდგომარეობაში გადასვლას და თქვენთან ერთად განვაგრძობთ მოთხოვნებისთვის უკომპრომისო ბრძოლას.
მოთხოვნებისთვის იბრძვიან პატიმრებიც. აქციაზეც გავაჟღერეთ და შეგახსენებთ: დეკემბრის სამოქალაქო პროტესტს ათობით პატიმარი სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში შიმშილობით შეუერთდა. უკვე მეხუთე დღეა, ისინი კვლავ განაგრძობენ შიმშილობას და გადაწყვეტილი აქვთ, არ შეწყვიტონ პროტესტი, ვიდრე პარლამენტი კანონპროექტის განხილვას არ დაიწყებს. ეს დღეებია, პერიოდულად გვიკავშირდებიან სხვა მსჯავრდადებულთა ოჯახის წევრები და ადვოკატებიც, რომლებიც გვატყობინებენ, რომ შიმშილობას სხვა პატიმრებიც უერთდებიან. აქვე გაცნობებთ, რომ მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობას სახალხო დამცველის აპარატი უწევს მონიტორინგს და ჩვენთან მუდმივ კონტაქტში არიან.
დასასრულს კი გვახსოვდეს: ომი ჯერ არ მოგვიგია, მიზანთან ახლოს ვართ და თითოეული ადამიანის მხარდაჭერა საერთო იდეისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს ომი კი ყველას ომია! წინ, ერთად, გამარჯვებისთვის! ჩვენ ვითვლით წამებს“.

შეგახსენებთ: საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა, დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განმარტებით, პირებს მარიხუანის მოხმარებისთვის დაკისრებული ნასამართლობა მოეხსნებათ, ასევე მართვისა და საქმიანობის წარმოების უფლება დაუბრუნდებათ.

გელა მამულაშვილი