“ოცნების” ძალისხმევა სასურველი ჩვენებები მისაღებად: ვინ ვის რას სთხოვდა საკნებში სტუმრობისას?

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები პროკურატურიდან და არა მარტო პროკურატურიდან ციხე-ციხე რომ დადიან სასურველი ჩვენების მისაღებად გარკვულ პირებზე, ეს უკვე ცხადია და არაერთხელ დადასტურებული. მართალია, ბოლო სკანდალი ოლეგ მელნიკოვის ჩვენებას მიხეილ სააკაშვილისა და დათა ახალაიას წინააღმდეგ უკავშირდება, თუმცა უფრო ადრე პირველი ასეთი ძალადობრივი გარიგების მცდელობა „ოცნების“ გავლენიან პირებს ვანო მერაბიშვილზე ჰქონდათ. დღეს აღიარებულად და დადასტურებულად არის ცნობილი, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა.

შეგახსენებთ:
ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მოსამართლეთა სექციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ევროპელი მოსამართლეები საბოლოოდ ადასტურებენ, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა. ასევე შეგახსენებთ, რომ ევროსასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ, თავდაპირველად, ქართული გამოძიების მიზანი გონივრულ ეჭვზე დაფუძნებული ბრალდებების გამოძიება იყო, თუმცა მოგვიანებით მთავარი გახდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის მოპოვება. სასამართლომ თქვა, რომ 2013 წლის 25 სექტემბრიდან მოყოლებული დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი, რადგან წინასწარი პატიმრობა ვანო მერაბიშვილის მიმართ უკვე აღარ იყო გამყარებული საკმარისი საფუძვლებით და 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადასტურა. თუმცა მიუხედავად ამისა, ვანო მერაბიშვილი დღევანდელ ხელისუფლებას დღეს ისევ ციხეში ჰყავს ჩაკეტილი.
ყოფილი ხელისუფლების დაპატიმრებულ მაღალჩინოსნებზე სასურველი ჩვენების გამოძალვისთვის არსებული ფაქტები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და ევროპარლამენტარებში არაერთი სკანდალური განცხადების გაკეთების საფუძველიც არის. თუმცა ფაქტია, _ ეს დღევანდელ ხელისუფლებას ნაკლებად აღელვებს. ალბათ, მათაც დაიჯერეს, რომ ხელისუფლებაში და სამთავრობო სკამებზე სიკვდილის ბოლო წუთებამდე ისხდებიან… დაიჯერეს და დაიჯერონ, კი ბატონო, თუმცა მანამდე კიდევ ერთხლ გადავხედოთ სხვა გახმაურებულ საქმეებს, რომლებიც პატიმრებიდან სასურველი ჩვენების გამოძალვებს 2012 წლიდან დღემდე უკავშირდება.

ბაჩო ახალაია ყოფილი თავდაცვის მინისტრი და დღეს მსჯავრდადებულია. მისი განცხადებით, ციხეში მას შინაგან საქმეთა მინისტრობისას პირადად ესტუმრა ირაკლი ღარიბაშვილი და როგორც ახალაიამ განაცხადა, მან „ქართული ოცნებისგან“ არაერთი შეთავაზება მიიღო, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. „ამ ხელისუფლების მხრიდან იყო უსინდისო შემოთავაზებები. ყველა უსინდისო შინაარსის შემოთავაზებაზე ჩემგან იყო ღირსეული პასუხი. ასე დამთავრდა ეს ისტორია. დეტალებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ციხეში იყვნენ შემოსული. ღარიბაშვილისგან შემოთავაზებები მიმიღია, როცა ის შს მინისტრი იყო, დაცვის უფროს ჩუბინიძისგან“, _ ამბობს დღეს ბაჩო ახალაია. მოგვიანებით, სახელმწიფო დაცვის პირველმა პირმა, ანზორ ჩუბინიძემ, ახალაიასთან ციხეში შესვლის ფაქტი დაადასტურა. თუმცა ამ უკანონო გარიგებაზე გამოძიება დღემდე არ დაწყებულა.
შეგახსენებთ: თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, 13 წარდგენილი ბრალიდან 12-ში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და ის დღეს სასჯელს იხდის ე. წ. კანონიერი ქურდების ციხეში ცემის ბრალდებით.

ირაკლი ფირცხალავა _ კრიმინალური პოლიციის დიდუბის რაიონის სამმართველოს ყოფილი უფროსი და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი. ფირცხალავა დღეს სასჯელს იხდის „კორტების სპეცოპერაციისას“ გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით. მართალია, ირაკლი ფირცხალავასთან დაკავებისას საკანში არავინ შესულა რაიმე ჩვენების გამოსაძალად, თუმცა მის გარშემო ასეთი არაერთი გარემოება შეიქმნა. დაახლოებით სამი წლის წინათ, როდესაც საქალაქო სასამართლო „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე დაკავებულ ფირცხალავა-ცააძის საქმეს იხილავდა, ერთ-ერთი დაკავებულის და, ირინა ცააძე, იხსენებს, რომ სწორედ იმ პერიოდში მასთან მივიდა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი და მას პირდაპირ განუცხადა, _ შენმა ძმამ, გიორგი ცააძემ, ხელი დაადოს ირაკლი ფირცხალავას ვაზაგაშვილის მკვლელობაში და გიორგის გაგითავისუფლებთო. რა თქმა უნდა, საქმის გამოძიება არც ამ უკანონო გარიგების შესახებ დაწყებულა. თუმცა კიდევ ერთი ფაქტი, რაც სრულ უკანონობასთან პარალელებს ავლებს, ეს 11 სპეცრაზმელის ვაზაგაშვილის საქმიდან „მოტეხვაა“. არადა, ზურაბ ვაზაგაშვილსა და მის თანმხლებ პირებს სხეულიდან სწორედ რომ სპეცრაზმელების ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხვედრილი ტყვიები ამოუღეს. დღევანდელმა პროკურატურამ 11-ივე სპეცრაზმელს დააწერინა ისეთი სახის ჩვენება, თითქოს ისინი ვაზაგაშვილის ავტომანქანის მხოლოდ საბურავების მიმართულებით ისროდნენ…

გია სოსანაშვილი _ ასევე ყოფილი პოლიციელი. ის დღეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის არის ბრალდებული და სწორედ ამ ბრალდებით მეორე წელია, იხდის მსჯავრს.
გია სოსანაშვილის წერილი ციხიდან სასურველი ჩვენების გამოძალვას უკავშირდება. ის ყვება, რომ 15 საათი რკინის მილზე ჰყავდათ დაბმული და მისგან იური ვაზაგაშვილის მკვლელობის აღიარებას შემკვეთის მიმართულებით ითხოვდნენ, ხოლო დამკვეთად _ ირაკლი ფირცხალავას დასახელებას. სანაცვლოდ სოსანაშვილს 20-წლიანი სასჯელის ნაცვლად მინიმალურს ჰპირდებოდნენ. სასურველი ჩვენების გამომძალველად გია სოსანაშვილმა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, მამუკა ვასაძე დაასახლა.
ასევე სასურველი ჩვენების მიცემისთვის დღეს გარეთ დასეირნობს სანდრო გირგვლიანის საქმეში სკანდალურად ცნობილი ოლეგ მელნიკოვი. თუმცა მასზე „ქრონიკა+“ ცალკე ექსკლუზიურ მასალას აქვეყნებს და თქვენს ყურადღებას ახლა აქ მელნიკოვზე აღარ გავამახვილებ.
„ქრონიკა+“-ს მთავარ პროკურატურაში 2012 წლიდან დღემდე მიღებული სასურველი ჩვენებების, შეიძლება ითქვას, ვრცელი სია აქვს. ამის ნათელი მაგალითია იმ ადამიანების ქუჩაში თავისუფლად, ბრალდების გარეშე სუნთქვა და სიარული. მაგალითად, ვანო მერაბიშვილის პირველი მოადგილე, შალვა ჯანაშვილი, რომელიც 2001 წლის 26 მაისის მთავარ დამრბევად სახელდებოდა; გოგა გრიგალაშვილი და გიორგი გეგეჭკორი საპატრულო დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე, ორივე 7 ნოემბრის „იმედის“ დამრბევები არიან. საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომლები, რომლებიც გმირთა მოედანზე ვეტერანებს არბევდნენ, დღეს თანამდებობებზე დაწინაურებულები არიან. ასეთი უამრავი ფაქტია, თუმცა ზემოთქმული რა მოსატანია, როცა მთავარი „მეცოცხე“ და პატიმრების მწამებელი ლადო ბედუკაძე ამ ხელისუფლების სიმბოლოა. ბედუკაძე თავად სცემდა და აწამებდა პატიმრებს, ხოლო ამ ყველაფერს კი სხვადასხვა გარიგებისთვის ვიდეოკამერაზე თავადვე იწერდა.

გიო ნაცაძე