ხათუნა ლაგაზიძე: „ეს იყო უიმედობის წელი“

მიილია 2017 წელი, რომელიც გარკვეულ კვალს დატოვებს არა მხოლოდ ქვეყნის ისტორიაში, არამედ თითოეული მოქალაქის მეხსიერებაში. როგორი იყო 2017 წელი საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის?
ამ თემაზე „ქრონიკა+“ ესაუბრება ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში _ ხათუნა ლაგაძიზეს.

_ ყველაზე ზოგადი შეფასებით, ეს იყო უიმედობის წელი. ჩვენ კვლავ არ ვიცით, როგორ ქვეყანას ვაშენებთ, საით მივდივართ, სად არის ჩვენი ადგილი რეგიონში; დავთმეთ პოზიციები ჩვენს უახლოეს მეზობლებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში; ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ უფრო გაამყარა ქართული პოლიტიკური სპექტრის სავალალო დიაგნოზი: რომ დევალვირებული და ხერხემალში გადატეხილი პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს ქვეყანაში რეალური ცვლილებების არანაირი რესურსი არ გააჩნია; და ვიხილეთ, ვერ ვიტყვი, რომ მთლად წარუმატებელი _ შეურყეველის შერყევის მცდელობა: „ციანიდის საქმე“ და ლუსტრაციის პროცესის ნიშნები საქართველოს ეკლესიის შიგნით.
თუმცა გადაიდგა მომავალზე ორიენტირებული და გრძელვადიანი შედეგების მომტანი მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან.
_ საუბარი მაინც კონსტუტუციით დავიწყოთ. იმის გარდა, რომ მელანშეუმშრალ კონსტიტუციაში უკვე ცვლილებები შედის, რამდენად არის ეს დოკუმენტი ისტორიული თავისი შინაარსითა და კონცეპტუალური მიდგომებით?
_ კონცეპტუალურისა რა გითხრათ, მაგრამ ბოლო 25 წლის ქართული რეალობისთვის სრულიად ტრივიალური რამ კი ვიხილეთ: ამ ხელისუფლებამაც კონსტიტუციური ცვლილებები ისევე მოირგო საკუთარ ტყავზე, როგორც ყველა წინამორბედმა, თუმცა კონსტიტუციისთვისაც, საკუთარი თავისთვისაც და საზოგადოებისთვისაც გაცილებით უფრო შეურაცხმყოფელი ფორმით, როცა იძულებული გახდნენ, „ვენეციის კომისიის“ ზეწოლით, 2 თვეში შეეცვალათ საკუთარივე მიღებული ცვლილებები. რეალურად კი ამ ცვლილებების შინაარსმა სააშკარაოზე გამოიტანა ხელისუფლების შიში და გაუცხოება, ერთი მხრივ, დასავლეთის, მეორე მხრივ, კი საკუთარი საზოგადოების მიმართ, რადგან კონსტიტუციის ჭრა-კერვას ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით მმართველი ძალა მაშინ მიმართავს, როცა დარწმუნებულია, რომ ის ამას ამომრჩევლის მხარდაჭერის გზით ვერ შეძლებს. ამიტომ ეს არის საკუთარ საზოგადოებასთან სულ უფრო დაშორებული ხელისუფლების კონსტიტუცია.
_ საქართველოს კონსტიტუციას ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია თუ არა ვუწოდოთ ხელისუფლების კონსტიტუცია? მინდოდა მეთქვა, უმრავლესობის, მაგრამ, ჯერ ერთი, საპარლამენტო უმრავლესობა მოსახლეობის უმრავლესობას არ აურჩევია და მეორეც, საერთო სახალხო განხილვების გროტესკულობას თუ გავიხსენებთ, მით უფრო ზედმეტია უმრავლესობაზე საუბარი…
_ ერთადერთი, რის საშუალებასაც ეს კონსტიტუცია იძლევა, არის ის, რომ 2020 წელს, რაც შეიძლება ბევრმა პარტიამ გადალახოს 3%-იანი ბარიერი და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობით კვლავ მოსვლის საშუალება შეუზღუდოს. თუმცა სხვა კუთხით შევხედოთ: 3%-იანი ბარიერი თავად „ოცნებისთვისაც“ სამარქაფო ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი და მეტადრე, აშშ, არ ისურვებს, რომ საქართველოში დაირღვეს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნის 2-ციკლიანი ტრადიცია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ამერიკისთვის საამოდ სახილავი არ იქნება „მეოცნებეთა“ მესამე ვადით დარჩენა საქართველოს ხელისუფლებაში, სწორედ 3%-იანი ბარიერი „ოცნებას“ საკმაოდ მრავალფეროვანი კომბინაციის საშუალებას აძლევს: დაშალოს დღევანდელი „ოცნება“ მარტივ მამრავლებად, ანუ პარტიებად, შეიამხანაგოს იმ დროისთვის პოლიტიკურ სივრცეში დარჩენილი, მისთვის კომფორტული, ერთი-ორი, სულის ღაფვის რეჟიმში მყოფი პარტია და უკვე პარლამენტში შექმნას კოალიცია მთავრობის ფორმირებისთვის ისე, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვალოს, ანუ ფორმით იყოს კოალიციური, ხოლო შინაარსით კვლავ „საოცნებო“ პარლამენტი და მთავრობა. ასე რომ, 3%-იანი ბარიერის სათავისოდ გამოყენების შანსი, ამ გადასახედიდან, ხელისუფლებას უფრო აქვს, ვიდრე, ლამის, მარილზე გასულ ოპოზიციას. ოღონდ ეს დაშვებაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი კატეგორიულად მოითხოვს, საქართველოში დამკვიდრებული ხელისუფლებათა ცვლის ტრადიციის დაცვას.
არ გამოვრიცხოთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ დაანონსებული დაშლა, სწორედ, ამ პროცესის დასაწყისი იყოს.
_ როგორც უშიშროების საკითხების ექსპერტს აუცილებლად უნდა გკითხოთ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ოპერაციის შესახებ: რამდენად იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია და ქვეყნის წინაშე მდგარ რა საფრთხეებზე დაგაფიქრათ?
_ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ისინი შეიძლება დამარცხდნენ ერთ კონკრეტულ არეალში, მაგრამ ახლა ფრონტს გაშლიან სხვა ქვეყნებში და, განსაკუთრებით, ევროკავშირში. ამიტომ „ისლამური სახელმწიფოს“ მარცხის შემდეგ ევროპა ე. წ. შინნაზარდი ტერორისტების დაბრუნების მოლოდინშია. საქართველო, აქედან გამომდინარე, ორმაგ რისკებს უნდა ითვლიდეს: ერთი მხრივ, ჩვენც გვმართებს გაძლიერებული კონტროლი საქართველოდან „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლების შესაძლო დაბრუნებაზე და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა დავეზღვიოთ, რომ საქართველო არ გამოიყენონ ტერორისტებმა, როგორც სატრანზიტო ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნებში შეღწევისთვის.
ჩვენ გვაქვს შესაბამისი ვალდებულებები აღებული ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებშიც, რაც, სხვათა შორის, ინფორმაციის გაცვლასა და საზღვრების დაცულობას ითვალისწინებს. თუ აჰმედ ჩატაევის წინააღმდეგ ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას გავაანალიზებთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველომ ვერც ერთი შეძლო და ვერც _ მეორე. როგორც არსებული ინფორმაციებიდან ჩანს, თურქეთის ან აშშ-ის სპეცსამსახურებმა ჩვენზე ადრე გაიგეს ჩატაევის ადგილსამყოფელის შესახებ და მისი დაკავების, ან განეიტრალების ვალდებულება დაგვაკისრეს.
რა შეიძლება ამას მოჰყვეს: თუ ეს ერთეულ ფაქტად დარჩება, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ თუ ტერორისტების შემოღწევა საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ დაფიქსირდა, ეს, რა თქმა უნდა, ტერორიზმის საფრთხესაც გაზრდის და რუსეთსაც გაუხსნის ხელ-ფეხს, კვლავ მოსთხოვოს საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა, როგორც არაერთხელ, მათ შორის, პანკისის ცნობილი ოპერაციის დროს, იმ მოტივით, რომ საქართველო ვერ უზრუნველყოფს თავისი საზღვრების დაცულობას, მათ შორის, რუსეთის საზღვრის გასწვრივ.
_ ხელისუფლება უშიშროების საბჭოს აუქმებს. ამ კონტექსტის გათვალისწინებით ნამდვილად საინტერესოა, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვინ უნდა იმუშაოს და რამდენად გონივრულია ეს ნაბიჯი?
_ ფაქტობრივად, ქვეყანა უსაფრთხოების სისტემის ერთიანი, მაკოორდინებელი ცენტრის გარეშე დარჩა, რაც აბსოლუტური ნონსენსია. სხვადასხვა ქვეყანაში ამ ფუნქციას ასრულებს ეროვნული უშიშროების საბჭო და ასე იყო საქართველოში ბოლო პერიოდამდე, შემდეგ ამის დასაბალანსებლად შექმნეს კრიზისების მართვის საბჭო, მაგრამ ახლა ესეც გააუქმეს. უმნიშვნელოვანესი ფუნქციები აქვს ეროვნული უშიშროების საბჭოს, მით უფრო, ჩვენნაირი ქვეყნისთვის. ამ ფუნქციებში შედის: თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით შესაბამისი სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება; ანალიტიკური ფუნქცია _ საგარეო და საშინაო საფრთხეების შეფასება; ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციებისა და სტრატეგიების შემუშავება. ვეკითხები ხელისუფლებას: ვინ, რომელმა უწყებამ უნდა შეასრულოს ეს ფუნქციები? ფაქტობრივად, ასეთი უწყება აღარ არსებობს, ეროვნული უშიშროების საბჭო სულ უქმდება, თავდაცვის საბჭო დარჩა, მაგრამ ის მხოლოდ საომარი მდგომარეობისას იკრიბება და საფრთხის პროგნოზირება მის ფუნქციებში არ შედის. რაც შეეხება კრიზისების მართვის საბჭოს, რომელიც ისედაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და საერთოდ არ შეესაბამებოდა ამ ფუნქციურ დანიშნულებას, უქმდება. არ არსებობს პრეცედენტი რომელიმე ქვეყანაში, სადაც საგანგებო სიტუციების მართვის დეპარატამენტი, რომელიც, ძირითადად, სამაშველო ფუნქციებით შემოიფარგლება, წერდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და სტრატეგიას. მაინტერესებს: მაშ, ვინ, რომელმა სტრუქტურამ უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია?
საპარლამენტო ტიპის ქვეყნებში ასეთი რგოლი იქმნება, ძირითადად, პრემიერ-მინისტრთან. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მაკოორდინებელი რგოლის არსებობა საქართველოში არის ქვეყნის უსაფრთხოების პირველი რიგის ამოცანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაკვალიფიციურ და კაპიტულანტურ მიდგომებს, არსებულ გამოწვევებთან მიმართებით, თავიდან ვერ ავიცილებთ.
_ ახლა კი არჩევნების თემას შევეხოთ. რამდენად იყო მოსალოდნელი მმართველი პარტიის ტოტალური გამარჯვება არჩევნებში და, რეალურად, შეესაბამება თუ არა ეს შედეგი მოსახლეობაში არსებულ განწყობებს?
_ საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი დეპრესიის კლასიკურ ნიშნებს ამჟღავნებს: აღარაფრის შეცვლის სურვილი აღარ აქვს და ამიტომაც საჩუქარია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. საზოგადოების ნიჰილიზმი არა მარტო ხელისუფლების, არამედ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის მიმართ, სწრაფად მზარდია, ამიტომაც ჩვენ ვერ ვისაუბრებთ საზოგადოების წარმატებაზე, ან წარუმატებლობაზე ამ არჩევნებში. უფრო ზუსტი იქნება თუ ვისაუბრებთ, კოორდინატორთა კარგად ორგანიზებული ჯგუფების შერკინებაზე საარჩევნო პროცესში და განსაკუთრებით, არჩევნების დღეს: არჩევნები მოიგო ხელისფლებამ არა ამომრჩევლის მხარდაჭერის გამო, არამედ დიდი ფინანსური რესურსების გამოყენებით, კოორდინატორთა არმადის მობილიზების წყალობით.
თუმცა ამ არჩევნებმა ორი ძალზე საინტერესო შედეგი დასვა, რომელიც შორსმიმავალი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა: პირველი, ეს გახლავთ ალეკო ელისაშვილის მეორე ადგილი თბილისში, რაც პირდაპირ მიანიშნებს, თუ რამდენად დიდია მოთხოვნა ახალ ლიდერებზე საზოგადოებაში და მეორე _ ოზურგეთის მაგალითი, სადაც ტრადიციულმა ქართულმა პრინციპმა იმუშავა: ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს შეიძლება საინტერესო უვერტიურა გამოდგეს 2020 წლის არჩევნებისთვის, როცა „ოცნების“ კანდიდატის წინააღმდეგ გაერთიანდა თავად „ოცნების“ ნაწილი და ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრი. „ოცნებაში“ დღეს მიმდინარე ძვრების ფონზე, ანალოგიური სცენარები 2020 წელს შეიძლება ბევრ მაჟორიტარულ ოლქში გამოდგეს შედეგის მომტანი, თუ, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის ოპოზიცია ოდნავ მაინც რესურსიანი იქნება და ქვეყანაში არსებულ ფინანსურ ჯგუფებს მათი დაფინანსების სურვილი „მოეძალება“.
_ აქვე ვიკითხავ, რამდენად სასარგებლოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მმართველობისა და თვითმმართველობის სისტემების სრული მონოპილიზაცია მმართველი პარტიის მიერ?
_ თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ მმართველ პარტიას, ფაქტობრივად, მონოპოლიზებული აქვს, ადგილობრივთან ერთად, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებაც, უფრო სრულ სურათს მივიღებთ. მაგრამ რა ქნას ხელისუფლებამ, თუ ოპოზიციას უკეთესი შედეგისთვის ბრძოლისა და რეალური ცვლილებების რესურსი არ გააჩნია, _ თავისი ნებით გადგეს გვერდზე და ოპოზიციას გადაულოცოს მართვის სადავეები?! თავის მართლების საშუალებად არ გამოდგება ის, რომ ხელისუფლება აქტიურად ახერხებს ოპოზიციის მოსყიდვასაც, დაშლასაც და განეიტრალებასაც _ ყველაფერი ეს ოპოზიციის უსუსურობის, მხოლოდ, თანმდევი შედეგებია.
_ ერთ უხეშ მეტაფორულ გამოთქმას გამოვიყენებ, _ არ გეჩვენებათ, რომ ოპოზიცია კუბოზე „ვენოკის“ ფუნქციას ასრულებს? ხოლო ქვეყნის უამრავი პრობლემა სწორედ იმით არის განპირობებული, რომ საპარლამენტო და, მით უფრო, არასაპარლამენტო ოპოზიცია ძალიან სუსტია, არაშემოქმედებითია, არაკრეატიულია, ბრძოლისუუნაროა და, ერთგვარად, პროცესების მამუხრუჭებელ ფენომენად იქცა?
_ შეუძლებელია, არ დაგეთანხმოთ: საქართველოს არსებული პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა საკუთარი რესურსი ამოწურა სწორედ იმიტომ, რომ არ და ვერ ისურვა განახლება _ დღეს სცენას შემორჩენილი პოლიტიკური ლიდერების უმეტესობა პოლიტიკას ხალხის ხარჯზე ფულის კეთების საუკეთესო საშუალებად აღიქვამს, ამიტომაც ცოცხალი თავით არ უთმობს პოზიციებს სხვებს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, როგორ რყვნის დღევანდელი სისტემა „პოლიტიკოსებს“: როგორც მოგეხსენებათ, ე. წ. კვალიფიციური სუბიექტები, ანუ პარტიები, რომლებიც არჩევნებში ხმათა 3%-ს აკრეფენ, სახელმწიფოსგან დაფინანსებას იღებენ, მათ შორის, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე არჩევნების დღეს. ანუ პარტია „იმანო“ მხოლოდ არჩევნების დღეს, საშუალოდ, ბიუჯეტიდან იღებს, 3621 უბანი გავამრავლოთ 80 ლარზე, ე. ი., თითქმის, 290 000 ლარს. ეს კიდევ არაფერი: პარტია „იმანო“ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და ერთი კაცის სალაფავად არის ქცეული. შესაბამისად, სად ჰყავს 3600 დამკვირვებელი, რომ უბნებზე გაანაწილოს?! სამაგიეროდ, დამკვირვებლები სჭირდება სხვა პარტიას, უფრო ძლიერს _ ოპოზიციურს ან სახელისუფლებოს. და ამ ერთკაციანი პარტია „იმანოს“ პოლიტიკური „ლიდერი“ ყიდის საკუთარი დამკვირვებლების ადგილებს მსურველ პარტიაზე, ანუ საკუთარი კვოტით სხვა პარტიის ხალხს სვამს უბნებზე და დამატებით, საშუალოდ, ერთ იმდენ თანხას გამოჰკრავს ხელს. ეს მხოლოდ ერთი ნიმუშია „პოლიტიკურ ლიდერთა“ ბიზნესვნებების. ხელისუფლება კი, თავის მხრივ, ასეთი მყვირალა „ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების“ ქმედებებს ახალისებს, რადგან მათი კანონგარეშე მოქმედებების გამო ყურებით ჰყავს დაჭერილი ისინი.
აი, ასეთ ქარვასლად აქვთ ქცეული პოლიტიკური ველი დღეს „პოლიტიკურ ლიდერთა“ დიდ ნაწილს. ამ ნაწილს განახლების არც სურვილი აქვს და არც _ რესურსი.
სწორედ ამიტომ მთელი აქცენტი შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებებზე გადავიდა და მე მეჩვენება, რომ ტრადიციულ წრეზე წავედით, როცა ახალი პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების წიაღში ისახება, შემდეგ ოპოზიციურ ფლანგზე გადადის და შემდეგ თავის მშობელ პარტიას ანაცვლებს ხელისუფლებაში.
_ რადგან ოპოზიციურ „ფლანგზე“ ვიმყოფებით, აუცილებლად უნდა დავსვა კითხვა მიხეილ სააკაშვილზე _ უკრაინელ პოლიტიკოსზე, რომელიც, თავს თუ არ მოვიტყუებთ, რეალურად, საქართველოში დასაბრუნებლად იბრძვის. რამდენად ელოდით მის ასე გააქტიურებას და იმ პროცესებს, რომელიც მის გარშემო ვითარდება? არის თუ არა შესაძლებელი მისი პოლიტიკური მომავლის წინასწარმეტყველება?
_ მე ასე დავსვამდი საკითხს, _ საქართველოსაც და მსოფლიოსაც ჰყავს და კიდევ ეყოლება არაერთი ამბივალენტური ლიდერი: მაგალითად, სტალინმა, რომელიც თავისი სისასტიკისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების, ფაქტობრივი, დაპყრობის გამო მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელი ფიგურაა, მე-20 საუკუნის მსოფლიოს ისტორია შეცვალა; შევარდნაძემ, რომლის მიმართაც ქართველთა უდიდეს ნაწილს დღემდე ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, ასევე, მე-20 საუკუნის მსოფლიო ისტორია დაწერა; დაახლოებით იგივეს ცდილობს ახლა სააკაშვილი, _ შეცვალოს ევროპის ისტორია, რადგან ყველასთვის გასაგებია, რომ ტექტონიკური ძვრები, რომელიც უკრაინაში სავარაუდო მესამე რევოლუციას შეიძლება მოჰყვეს, დიდად გასცდება თავად უკრაინის ფარგლებს და ჩაითრევს არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთს, არამედ მთლიანად ევროკავშირს, აშშ-ს, საქართველოსა და კიდევ არავინ იცის, სადამდე მისწვდება „მესამე“ უკრაინული რევოლუციის ბიძგები. და სააკაშვილი, ამ მცდელობაში, დიდი ალბათობით, მარტო არ უნდა იყოს.
ამასთან, სააკაშვილის უკრაინულ წარმატება-წარუმატებლობაზე გავლენას ნაკლებად ახდენს ის ფაქტორი, რომ სააკაშვილის მიუღებლობა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში, ჯერ კიდევ, ძალიან მაღალია. და ამ მიუღებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა ნაწილის დაუნდობელი, რევანშისტული აღტკინება _ „იმას სიკვდილი, ამას ჩამოხრჩობა“, რაც, ბუნებრივია, სააკაშვილის მიმართ მოლოდინს კი არა, შიშს უფრო აღვივებს საზოგადოებაში.
თუმცა დავუბრუნდეთ ისევ უკრაინის პოლიტიკოს სააკაშვილს: ერთია სურვილი და მეორეა შესაძლებლობა _ ნამდვილად ძნელია მისი პოლიტიკური მომავლის წინასწარმეტყველება იმ დროს, როდესაც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე ძალზე დაძაბულ ფაზაში შევდივართ _ 2018 წლის 18 მარტს პუტინის მორიგი არჩევნები ჩაინიშნა რუსეთის პრეზიდენტის ტახტზე და არავინ იცის, ვინ და რა დასჭირდება პუტინს მორიგ საკბილოდ „ტრიუმფალური“ გამარჯვებისთვის. სააკაშვილის გამარჯვება უკრაინაში პუტინის მიერ ორმაგად შეიძლება იყოს აღქმული, როგორც პირადი მარცხი და როგორც საბაბი უკრაინის საბოლოო დაშლისთვის. ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილს ძალზე ცოტა პარტნიორი ჰყავს უკრაინის პოლიტიკურ სპექტრში. ასე რომ, ჯერჯერობით, ძალიან ბუნდოვანია პერსპექტივა _ იქცევა თუ არა რეალობად სააკაშვილის სურვილი, კვალი დაამჩნიოს 21-ე საუკუნის ევროპის ისტორიას და ისიც, თუ როგორი იქნება ეს კვალი.
_ 2017 წელზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის ვიზიტს. პენსმა მნიშვნელოვანი გზავნილები გაახმოვანა თბილისში. რეალურად, ისიც კი დაგვიბარა, იშრომეთ, იბრძოლეთ და ჩვენ თქვენ გვერდით ვართო. ამის მიუხედავად, თუ შემდგომ პროცესებს დავაკვირდებით, პენსმა დაგვიბარა, _ „წერეთელმა დაგვიბარას“ შინაარსის მატარებელი გახდა, ამ დრომდე რომ ვარკვევთ, ნეტავ, რა დაგვიბარაო? ამით იმის თქმა მინდა, რომ, რეალურად, საქართველო საერთაშორისო პოლიტიკურ რუკაზე არც ჩანს. თუ ჩანს და ვერ ვამჩნევთ?
_ ყველაზე ცუდი, რაც ჩვენ დაგვემართა, არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ამბიცია და მსოფლიო და რეგიონულ პოლიტიკაში „ვალოდია ჯინჭარაძეებად“ ვიქეცით. ამბიციის გარეშე კი ვერც ადამიანი და ვერც ერი თუ სახელმწიფო ვერ ვითარდება. 2012 წლის შემდეგ ჩვენ ავირჩიეთ პოლიტიკა, რომ ნაკლებად მოვხვდეთ თვალში მტერს, რათა ნაკლები პრობლემა შევიქმნათ, მაგრამ ამ პოლიტიკის შედეგად მოყვარესაც ნაკლებად მოვხვდით თვალში და დღეს ჩვენი დასავლეთთან ურთიერთობა, ძირითადად, მათ მიერ გამოვლენილ იმპულსებზე გამოძახილია. ჩვენი ხელისუფლების აქტიურობა დასავლურ ფლანგზე, რეალურად, განპირობებულია იმით, რომ გვეშინია, არ დავისაჯოთ ზედმეტი პასიურობისთვის როგორც დასავლელი პარტნიორების, ასევე _ ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ასე რომ, ჩვენ უარი ვთქვით პროაქტიურ საგარეო პოლიტიკაზე და დინებას მივყვებით ყველა ჩვენს დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობაში. ერთადერთი მიმართულება, სადაც ამ ხელისუფლების წარმატებები თვალსაჩინოა, ეს არის ჩინეთთან ინტენსიური ურთიერთობები ეკონომიკური კავშირების მაქსიმალური გაღრმავების კუთხით. აქვე უნდა აღინიშნოს ჩვენს სტრატეგიულ მეზობელ-პარტნიორებთან: აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობებში საქართველოს მიერ პოზიციების აშკარა დათმობა და უმცროსი პარტნიორის როლში თავის ჩაყენება, რაც კიდევ უფრო გააუარესებს საქართველოს პოზიციებს რეგიონში.
_ გასული წლის საერთაშორისო მიღწევად ნამდვილად უნდა ჩაითვალოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენგენის ზონის ქვეყნებთან. თუმცა აქაც კრიტიკული ვიქნები და ვიტყვი, რომ ეს ქართველი ხალხისთვის გადადგმული ნაბიჯია და არა ხელისუფლების დამსახურება. ამ ფაქტის თქვენეული შეფასება როგორია?
_ ეს არის თვალსაჩინო ნიმუში იმისა, რამდენს ნიშნავს პოლიტიკის განგრძობითობა და მემკვიდრეობითობა, ანუ როცა დასახული მიზნის მიღწევას ერთად ემსახურება ყველა მომდევნო ხელისუფლება და საზოგადოება. ამავე რიგში ჩავაყენებდი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. ორივე ეს მიღწევა საქართველოს პოლიტიკოსთა რამდენიმე თაობისა და საზოგადოების ერთობლივი შრომისა და ბრძოლის შედეგია.
_ არ შეიძლება არ შევეხოთ გარე ფაქტორებსაც. რა იყო სასარგებლო და რა დამაფიქრებელი ჩვენთვის 2017 წელს იმ გეოპოლიტიკურ გარემოში, სადაც ჩვენი სახელმწიფო მდებარეობს და რა გავლენას იქონიებს ცალკეული ფაქტორები ჩვენს ქვეყანაზე?
_ მოკლედ შევეხები მნიშვნელოვან მოვლენებს:
ამერიკის ყველაზე ეგზოტიკური პრეზიდენტი და შემცირებული ინტერესი საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ, იმავდროულად, გაზრდილი სამხედრო დახმარება;
ჩვენს ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში: თურქეთსა და აზერბაიჯანში მკვეთრი ავტორიტარული ტენდენციები და მათი გამკაცრებული ტონი საქართველოსთან ურთიერთობაში _ აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის გახმაურებული საქმეები;
თურქეთ-რუსეთის მზარდი პარტნიორობა _ თურქეთ-რუსეთის პრეზიდენტების, ლამის, ყოველთვიური შეხვედრები; თურქეთ-რუსეთ-ირანის კაოლიცია სირიის საკითხში და არა მხოლოდ; როგორც რუსეთი აცხადებს, მთავარი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება; ქურთების მიერ ჩატარებული რეფერენდუმი და დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს ფორმირების მცდელობა;
ვერაფრით გამორჩეული მაკრონი და გერმანიის სათავეში კვლავ დარჩენილი მერკელი; პოლიტიკურად სრულად კასტრირებული ევროპის ფონზე მაჩო ლიდერები ჩვენს უშუალო სამეზობლოში: ერდოღანი და მეოთხე ვადით კენჭნაყარი პუტინი;
ტრამპის ბოლო „მაჩოური“ ნაბიჯი _ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება, რომელსაც ევროკავშირისთვის უკვე ტრადიციულად ქცეული ქალური ვიშვიში, ისლამური სამყაროს აგრესიული აზვირთება და პალესტინელების ამბოხის ნიშნები მოჰყვა. თუმცა ამ საკითხზე ერთიანობა არც ევროკავშირშია, სადაც უნგრეთი და ჩეხეთი ერთობლივ ანტიამერიკულ რეზოლუციას ბლოკავენ და ამერიკას მხარდაჭერას უცხადებენ და რეალურად, არც არაბულ სახელმწიფოთა შორის, რომელთათვისაც, მიუხედავად ერთიანი ოფიციალური, საჯარო პოზიციისა, დღეს ირანი უფრო დიდი გამოწვევა და პრობლემაა და საერთო ინტერესის საგანი ისრაელთან, ვიდრე თავად ისრაელი. ყოველ შემთხვევაში, ისრაელის მოლოდინი ასეთია. თუმცა გამორჩეულად უნდა აღინიშნოს ერდოღანის ინიციატივით, ტრამპის საპასუხოდ, თურქეთში სასწრაფო წესით შეკრებილი 57 ისლამური სახელმწიფოს მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად ცნობა. ამ აქტით ერდოღანმა, ფაქტობრივად, აისრულა თავისი უდიდესი ოცნება _ გახდეს ისლამური სამყაროს ლიდერი. გასაგებია, რომ ისლამური სამყარო არ არის ჰომოგენური და მასში არსებული წინააღმდეგობები ერდოღანის ამ ოცნებას ფრთებს მალე შეუკვეცს, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ეს ერდოღანის, მნიშვნელოვან გამარჯვებად უნდა ვაღიაროთ.
და ამ ფონზე ჩვენ – „ვალოდია ჯინჭარაძის“ უფერული, გადღაბნილი როლით, მოკრძალებულად მიმჯდარი გათბობის წყაროს: აზერბაიჯანის უკანა ეზოში! რა გითხრათ, რით გაგახაროთ…
_ შეუძლებელია ერთ ინტერვიუში ყველა მოვლენას შევეხოთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ვერაფრით გამოვტოვებ თემას, რომელიც, ზოგადად, სამართალსა
და სამართლიანობას ეხება. ჩვენ გასულ წელს ვნახეთ პოლიციის მაქსიმალური დისკრედიტება თავად ამ უწყების მხრიდან, ე. წ. ჩადებები შსს-ს უდიდეს დამღად შეიძლება მივიჩნიოთ (ნამდვილად არ ვეხები ახალი მინისტრის საქმიანობას). ისევე როგორც ცალკეული ძალადობები სუს-ის მხრიდან, მხედველობაში მაქვს მოარული ხმები მოსმენებზე, გავლენა საარჩევნო პროცესსა და ა. შ. რამდენად სამართლიანი იყო სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მიმართ 2017 წელს?
_ სამართლიანი იყო იმდენად, რამდენადაც მოქალაქეები ვითხოვდით და 2018-შიც სამართლიანი იქნება იმდენად, რამდენადაც ჩვენ მოვთხოვთ. რადგან საქართველოში, ტრადიციულად, ხელისუფლებების სამართლიანობას განაპირობებს არა კანონის მოთხოვნები, არამედ საზოგადოების მოთხოვნა, ანუ ჩვენ ვიღებთ ხელისუფლების მხრიდან სწორედ იმდენ თავისუფლებასა და სამართალს, რამდენსაც ვითხოვთ და ვიმსახურებთ. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ შენ იმდენად ხმაურიანი ხარ, რომ ანგარიში უნდა გაგიწიოს, გიწევს, თუ არადა, გაიგნორებს და თავისას აგრძელებს.
_ დაბოლოს, როგორ ფიქრობთ რა შესძინა ქართულ საზოგადოებას 2017 წელმა პოზიტიური და რა არის ის უმთავრესი გამოწვევა, რომლის გამკლავებაც მას 2018 წელს მოუწევს?
_ ისევ და ისევ, უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან; ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან.
რაც შეეხება გამოწვევებს, შიდაპოლიტიკურ ფლანგზე აუცილებლად უნდა აღინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც უდავო ფავორიტია ხელისუფლება და დღეს კვირიკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესები ძალზე ამცირებს მის შანსებს _ ან თავად ის, ან მისი გუნდის წევრი გახდეს „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი.
დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო მოვლენას: ქვეყანაში არსებული მსხვილი ბიზნესჯგუფების შერკინებას გავლენების გაზრდის, ან შენარჩუნებისთვის. მათ შორის, ბრძოლას პრეზიდენტის პოსტისთვის და თუ პრეზიდენტად ხელისუფლების შიგნით არსებული რომელიმე მსხვილი ბიზნესჯგუფის წარმომადგენელი ვიხილეთ, არ არის გამორიცხული, რომ ამ ბიზნესჯგუფს პირდაპირი წესით არჩეული, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტის საფარქვეშ, კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდეს.
ვერც შევარდნაძისა და ვერც სააკაშვილის დროს ჩვენ ამას ვერ ვიხილავდით, რადგან ასეთი მსხვილი კაპიტალის მფლობელი ინტერესთა ბიზნესჯგუფები ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო. დღეს კი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ამ ჯგუფებს შორის ბალანსის დადგენაა, რათა ვინმეს ამბიციებმა ზედმეტად არ იძალოს, რასაც ემსახურებოდა კიდეც ახლახან განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები.
საგარეო ფლანგზე: მაქსიმალურად უნდა დავიცვათ საზღვრები ტერორისტების შემოღწევისგან; კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ თურქეთსა და აზერბაიჯანთან უმცროსი პარტნიორის როლში ყოფნა და განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ერდოღანის მზარდი ამბიციების მიმართ; ისევე, როგორც რუსეთთან ურთიერთობაში _ მით უფრო, 2018 წლის მარტამდე, სანამ პუტინი მეოთხე ვადით მოევლინება რუსეთს პრეზიდენტად.
და რაც მთავარია, საქართველოში გამარჯვების რესურსი ექნება მხოლოდ იმ ძალას, რომელიც ხალხს განადგურებულ რწმენასა და ამბიციას დაუბრუნებს, რომ წარმატება ქართველისთვის ბუნებრივი და ორგანულია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები და დასახავს საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებულ გზას წარმატებისკენ!

კოკა წერეთელი