მთავარი მსოფლიო უკრაინაში ახლა წვიმა და თქეშია, ცისარტყელა ჯერ არ ჩანს…

უკრაინაში ახლა წვიმა და თქეშია, ცისარტყელა ჯერ არ ჩანს…

985
0
გაზიარება

ისე არ ამოდის ცისარტყელა ცაზე, თუ მას წინ წვიმა, თქეში და ჭექა-ქუხილი არ უძღვება. ჩემს ბავშვობაში ბებია ამბობდა, რომ ცისარტყელა ყველაზე ლამაზი დიდი ჭექა-ქუხილის შემდეგ არის. და მიუხედავად იმისა, რომ წვიმა ზოგს მოსწონს და ზოგს _ არა, წვიმა ამინდია და ცვლის მოსავლის მიღების შესაძლებლობას, გვალვაში მოსული წვიმა წამალია ხვავისა და ბარაქისთვის, სამაგიეროდ, კახეთში არ უყვართ გაზაფხულის წვიმები, ამბობენ, ნაყოფს ყვავილშივე სპობს და ალპობსო. ასე რომ, წვიმა მოვლენაა _ მოვლენა, რომელიც მთლიანად ცვლის შემდეგ წელიწადს და რაოდენ სასარგებლოც უნდა იყოს, ან არ იყოს წვიმა, მას მაინც მოსდევს ცისარტყელა _ ლამაზი და მშვიდობის სიყვარულის გარანტი მსოფლიოსთვის.
უკრაინაში ახლა წვიმა და თქეშია, ჯერ ადრეა მათთვის ცისარტყელა… მაგრამ საქართველოში უკლებლივ, ვისაც ეკითხებოდა და არ ეკითხებოდა, ყველა გახდა ექსპერტი და ყველა ერთხმად განიხილავს მიშას.

არამკითხე მოამბეო, მიტყეპეს და მიაგდესო

მიშა! უცნაურადაც შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და უცნაურადაც გავიდა.
როცა ის პრეზიდენტი გახდა მაშინ ბნელი და უკუნი, 90-იანების გაგრძელება იყო. მახსოვს, ახალ წელს შუქი 3 საათით მოდიოდა და მერე კი სინათლე უკვალოდ ქრებოდა. 2004 წლიდან ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობდი, ყველაფერი ყირაზე დადგა, ჯერ შუქი მოვიდა, მერე _ გაზი, მერე მილიცია პოლიციამ შეცვალა და მხოლოდ სახელი კი არა, სისტემა გამოიცვალა. რა გააკეთა?! გააკეთა ის, რომ „თუმნიანის“ ინსტიტუტი შეცვალა ჯარიმით, 3000-დოლარიანი სამსახური _ შსს-ში გასაუბრებითა და გამოცდით ჩაანაცვლა. ჰო, ყველა ის ძველი გაუშვა, რომელმაც ფულის მოჭრა იცოდა და არ იცოდა კადრის გაზრდა. მოვიდა და მოიყვანა მოტივირებული თაობა. რა უნდოდა?! ალბათ, უნდოდა, რომ ქვეყანას სახელმწიფო რქმეოდა და სახელმწიფოს კი ინსტიტუტები ჰქონოდა.
როცა ვამბობთ, რა გააკეთა ცუდი, ალბათ, ბევრი შეცდომა ჰქონდა, და შეცდომები იქ არის, სადაც მუშა პროცესი მიდის, თორემ როცა ჩამყაყება იყო, არც შეცდომებს უშვებდა ვინმე და არც არაფერი ვითარდებოდა. მოვიდა ვარდებით და როცა წავიდა, „ვენოკზე“ მოედავენ.
იმ 9 წლიდან მხოლოდ სამი წელი ვიყავი მიშას სისტემის მეგზური ქუჩაში, დანარჩენი ექვსი კი მასთან ერთად გავიარე საკანში.
გავბრაზებულვარ?! კიი, ბევრჯერ… მაგრამ აღიარება შემძლებია, სად ვიყავი მე შეცდმოის მსხვერპლი და სად იყო იგი…
წავიდა და რა წაიღო თან?
წაიღო ოცნება აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე,
წაიღო მშვიდობა და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი!
წავიდა და დატოვა იდეალები არა ქვეყნის გაბრწყინების, განათლებული თაობის გაზრდის, არამედ დატოვა ჩანასახამდე ძირს დასული ქურდული მენტალიტეტი, რომელმაც ისევ დაიწყო ზრდა და ფეხის მოკიდება ქუჩაში,
წავიდა და დარჩა ბედკრულ ქვეყანას მოგონებები მიშაზე და მაინც, ამდენი წლის მერეც, მიშას ჩრდილიდან ვერ გამოვედით ქართველები.
და დღეს ვისაც ეკითხება, ან არ ეკითხება, ყველა მიშას განიხილავს, განიკითხავს…
ციხე

შალვა ნუცუბიძე სტალინის ბრძანებით პირველად რომ დაიჭირეს, ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის, პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევა დაწერა ციხეში და მსოფლიომ მისი ნაშრომით გაიგო, რომ ეს ორი დიდი ფილოსოფოსი ერთი ქართველი უფლისწული მურვანოსი იყო.
მალევე ნუცუბიძე ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე წელიწადში შალვა კვლავ დააკავეს და ციხეში მხოლოდ „ვეფხისტყაოსანი“, საწერი ფურცელი და მელანი მოითხოვა. მალე სტალინს ციხის საკნიდან რუსულად ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ გაუგზავნა მეცნიერმა.
სტალინმა ნუცუბიძესთან აუდიენცია გადაწყვიტა, ჯერ „ვეფხისტყაოსანზე“ იმსჯელა პატიმართან, ხოლო დამშვიდობებისას ჰკითხა, _ ახლა გაგათავისუფლებთ და მესამედ რომ დაგიჭირო, რას იზამ, შალვა?
მეცნიერმა მშვიდად უპასუხა:
_ პირველად რომ დამიჭირე, მსოფლიოს გავაგებინე, ვინ იყო პეტრე იბერი, მეორედ ვეფხისტყაოსანი ვთარგმნე და მესამედ თუ კიდევ მომიწევს ტუსაღად ყოფნა, მაშინ ახალ შრომას დავწერ და ყველას გავაგებინებ, რომ რუსეთის იმპერატორი პეტრე პირველი ქართველი უფლისწული გახლდათ.
შალვა გაათავისუფლეს, თუმცა მას მერე აღარ დაუჭერიათ.

P. S. ეს ამბავი მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ციხე საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას არ გაძლევს.

იყო ლიდერი, ეს არის ხასიათი და არა სტატუსი

მიშას აქვს რამდენიმე პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტის ნიჭი, _ მისი მოქნილობა პრობლემების ერთდროულად გადაწყვეტის საქმეში უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ლიდერს არ სჭირდება, ორიენტაცია აიღოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ პრობლემაზე, მას უნდა შეეძლოს გადაერთოს ერთი მიმართულებიდან მეორეზე, ერთდროულად გადაწყვიტოს მის წინაშე მდგარი რამდენიმე ამოცანა.
ლიდერი მუდამ მზად უნდა იყოს ახალი იდეების განსახილველად და მათ განსახორციელებლად, ახალი პროცესების წარსამართავად.
მიშას ყოველთვის შეეძლო გაურკვეველ მდგომარეობაში სიმტკიცის გამოვლენა, ეს მისი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. გაურკვეველი სიტუაციების დროს არ იბნევა, შეუძლია, ამ დროს, სახურავზეც ავიდეს, გამოსავალი კი იქიდან იპოვოს.
სწორედ ამით აღემატება იგი სხვა ლიდერებს, რომელთაც არ ძალუძთ ასეთ შემთხვევებში სიმტკიცის გამოვლენა.
ხელმძღვანელისთვის რთულია წარმატების მიღწევა, თუ იგი არ გამოირჩევა გამძლეობით, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობებით. ამ შესაძლებლობების მარაგის შევსება წარმატებულად მოქმედი ლიდერის უზარმაზარი ენერგიის ხარჯზე ხდება. ასეთი ხელმძღვანელი საქმეს აგრძელებს მაშინაც კი, როცა სხვები დაღლილობისგან ეცემიან. მიშა არ იღლება.
მიშას შეეძლო, სხვა ადამიანებზე ფსონის სწორად დადების უნარი გამოეჩინა, თუმცა ეს მიშას შეცდომებადაც ჩაითვლება. ხშირად არასწორად დადებული ფსონი მას ბუმერანგივით მოუბრუნდა.
წარმატებულად მოქმედი ხელმძღვანელი სიამოვნებით გასცემს ცოდნას, იძლევა რჩევებს, ეხმარება სხვებს განვითარებაში ისე, რომ არ ენანება და არ ზოგავს ამისთვის დროს.
საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს. რა თქმა უნდა, მისგან კულტი არ უნდა შექმნა, მაგრამ საკუთარ პიროვნებას პატივი რომ უნდა სცე, ეს არ არის სადავო საკითხი.
პიროვნული „მეს“ პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის ხასიათის მთავარი ბაზისია. მართლაც, თუ საკუთარ თავს არ სცემ პატივს, მით უფრო ვერ დააფასებ სხვების ღირსებებს და ვერც მათგან მოითხოვ იმავეს.
მიიღეთ მიშა ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში.
ყოველთვის მზად იყავით, პასუხი მოსთხოვოთ მას საკუთარ საქციელზე.
უნდა შეგეძლოთ მასთან საკუთარი თავის დაცვა, ასევე, საკუთარი პრინციპებისა და პოზიციის, მაგრამ არ შეგეშალოთ.
არასოდეს მოიტყუოთ თავი. შეიძლება, იმ წუთში ეს ტყუილი სასიამოვნოც კი იყოს, მაგრამ მომავალში აუცილებლად გამოიღებს უარყოფით ნაყოფს.
არ უნდა გძულდეს შენი ქვეყნის პრეზიდენტი!

მაკა მოსიაშვილი

დატოვეთ კომენტარი