„ჰუმანას“ მთავარი ოფისი გერმანიიდან ქართველი ორსული ქალის გაგდების ფაქტს რეაგირებას აძლევს!

„ქრონიკა+“-ში გასული პუბლიკაციის შემდეგ, სადაც საქართველოში „ჰუმანას“ წარმომადგენლობის ყოფილი პიარმენეჯერი აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენს გაზეთთან კომპანიის მხრიდან მასზე განხორციელებულ დისკრიმინაციაზე ყვებოდა, „ჰუმანას“ მთავარმა ოფისმა გერმანიიდან წერილი გამოგზავნა (უფრო სწორად, პასუხი ჩვენი რესპონდენტის წერილზე), სადაც მთავარი ოფისი აღნიშნავდა, რომ მსგავს დისკრიმინაციას ორსული ქალის მიმართ ისინი აუცილებლად განიხილავდნენ, ჩაერეოდნენ და კონფერენციასაც მოაწყობდნენ.

დეტალებზე „ქრონიკა+“-თან ჩვენი რესპონდენტი საუბრობს.
ევე ჩოხელი _ საქართველოში „ჰუმანას“ წარმომადგენლობის ყოფილი პიარმენეჯერი აღმოსავლეთ საქართველოში, ექიმი-მეანგინეკოლოგი:
_ ჩემი განთავისუფლების ბრძანება 15 ნოემბერს ჩამბარდა. მეორე დღესვე ადვოკატთან ერთად ფოსტით გავაგზავნე განცხადება ახსნაგანმარტების მოთხოვნით, თუ რის საფუძველზე მომხსნეს სამსახურიდან. საქმე ის გახლავთ, რომ ჩემი განთავისუფლების ბრძანება დაწერილია 8 ნოემბერს, მაშინ როდესაც 10 ნოემბერს ოფისში ვიყავი ასული და, საერთოდაც, 5 ოქტომბრამდე ბიულეტენი მქონდა გახსნილი. სწორედ ბიულეტენის დახურვის ფურცელი ჰქონდათ მათ ოფისში. აქედან გამომდინარე, ბრძანება, რომელიც 8 ნოემბერს დაიწერა, გულისხმობდა იმას, რომ მე 1-ლ ოქტომბერს არ გამოვცხადდი სამსახურში, რომ ეს უხეში დისციპლინური დარღვევაა და ამის საფუძველზე მათ სამსახურიდან გამიშვეს. ამ დროს როგორ გამოვცხადდებოდი, როდესაც 1-ლი ოქტომბერი, რეალურად, ბიულეტენის პერიოდი მქონდა. კიდევ ერთი დეტალი: როდესაც ბრძანება იწერება განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ჯერ თანამშრომელს გადმორეკვით კითხულობენ, იქნებ, საერთოდაც, ცოცხალი აღარ არის; თუ უმიზეზოდ არ გამოცხადდა, შენიშვნა მოდის, რატომ არ დადიხარ სამსახურში; მერე მოდის საყვედური და ბოლოს არის განთავისუფლება. მე, კიდევ, ამ პერიოდის განმავლობაში არავინ შემხმიანებია. აი, ასე! ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ბიულეტენზე მყოფი ორსული ქალი პირდაპირ გამიშვეს სამსახურიდან.
_ კი მაგრამ, თუ 10 ნოემბერს ოფისში იყავით ასული, 15-ში ფოსტით რატომ გამოგიგზავნეს, ხელში რატომ არ მოგცეს თქვენი განთავისუფლების ბრძანება?
_ 10 ნოემბერს ოფისში იმისთვის გამოვცხადდი, რომ განცხადება დამეწერა უხელფასო შვებულების შესახებ 5 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით. ჩემს განცხადებაზე გენერალურმა დირექტორმა, მანანა შენგელიამ, ხელი არ მომიწერა. მითხრა, რომ ჩემს შვებულების განცხადებას პატივცემულ თენგიზ ჯიქიას გადასცემდა, რომელსაც ჩემი საქმე პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და ის გადაწყვეტდა, დაეკმაყოფილებინა თუ არა. აქვე დავძენ: მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი გახლავთ მანანა შენგელია, ჩემი განთავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა მისმა ქმარმა, თემურ კონიაშვილმა და ის იქ მოხსენიებულია, როგორც გენერალური დირექტორი და არა მფლობელი. კონიაშვილის შემდეგ ხელს აწერდნენ უკვე თავად შენგელია, აღმასრულებელი დირექტორი დავით ჩიტაძე და თენგიზ ჯიქია. სწორედ ეს ოთხი ადამიანი გახლავთ ხელმომწერები და პასუხისმგებლები ჩემს განთავისუფლებაზე.
_ რა პასუხი მიიღეთ მათგან, ადვოკატთან ერთად რომ გამოითხოვეთ განთავისუფლების ბრძანება?
_ პასუხად მათ არ გადაუხვიეს თავიანთ პირვანდელ პოზიციას და მითხრეს, რომ 1-ლ ოქტომბერს სამსახურში ჩემი გამოუცხადებლობა მკაცრი დისციპლინური დარღვევაა და სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი გახდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ როდესაც ჩემი მეუღლე კომპანიის ახალ თანამშრომელთან, ე. წ. მენეჯერ თენგიზ ჯიქიასთან ჩემს საუბარს დაესწრო, ჯიქიამ საკუთარ თავზე აიღო იმის პასუხისმგებლობა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი აბორტის გამო, შემეძლო, სექტემბერსა და ოქტომბერში სამსახურში არ მევლო და ხელფასი ჩვეულებრივად დამერიცხებოდა. ამ პერიოდში კი ის დაალაგებდა ჩემთან დაკავშირებულ თემებს, ბოლოს კი ხელმძღვანელობის პოზიციას მომახსენებდა.
_ ვერ დაალაგა, თუ რა მოხდა?
_ არა, უბრალოდ, თენგიზ ჯიქიამ თავისი პირობა არ შეასრულა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჯერ ბრძანების ჩაბარების, შემდეგ კი გამოთხოვის შემდეგ, ადვოკატთან ერთად, კიდევ 10 დღე ველოდებოდით პასუხს, რათა სასამართლოსთვის დამატებითი საბუთები წარგვედგინა. კერძოდ, კონკრეტულად რა იყო ჩემი მხრიდან უხეში დისციპლინური დარღვევის მიზეზი. „ჰუმანას“ წარმომადგენლობას საქართველოში ჩვენთვის არანაირი საბუთი აღარ გამოუგზავნია, ამიტომ ჩვენ სასამართლოში შევიტანეთ განცხადება და პროცესი დავიწყეთ. ცნობისთვის: სასამართლომდე „ჰუმანას“ გერმანიის ცენტრალურ ოფისს ჰერფორდში მეილი გადავუგზავნე სიტუაციის ამსახველი ყველა მასალით, რაც ხდება მათ ოფისში საქართველოში, თუ როგორ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები მათ რეგიონულ წარმომადგენლობაში, რა მიზერულ ხელფასზე გვამუშავებენ და ა. შ. ასევე, ის პრაქტიკა, რომ შვიდ წელიწადში ერთხელ კარგ თანამშრომლებს ისინი ქუჩაში ყრიდნენ მიზეზის აუხსნელად, რაც წინა გუნდს გაუკეთეს. ეს სიტუაციაც დეტალურად ავუხსენი.
_ რა გიპასუხეს „ჰუმანას“ ცენტრალური ოფისიდან?
_ გერმანიიდან გამოგზავნილ პასუხში ეწერა: მიუხედავად იმისა, რომ ისინი კომპანიის შიდა დაპირისპირებაში არ ერევიან, თუ მართლა კოდექსი დაირღვა და მსგავსი დისკრიმინაცია დაფიქსირდა ორსული ქალის მიმართ, ისინი აუცილებლად განიხილავდნენ ამ საკითხს, ჩაერეოდნენ და კონფერენციასაც მოაწყობდნენ. რაც მთავარია, ჩემს საკითხს ჰედოფისი ხელმძღვანელობასთან აუცილებლად გაივლიდა.
_ როგორც ვიცი, ამ პერიოდში დამატებითი მასალაც ჩაგივარდათ ხელში.
_ სოციალურ ქსელში დამიმეგობრა ჩემს ადგილას აყვანილმა გოგონამ. მანამდე მას ჩემთან მესენჯერში მოწერილი უამრავი შეტყობინება ჰქონდა, მაგრამ რადგან მეგობრებში არ მყავდა, ეს შეტყობინებები წაუკითხავი იყო. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩემ მიერ „ფეისბუქზე“ გაკეთებული კომენტარი. კომპანიის კონფერენციის სურათზე გულის ფორმა სრულიად არასტანდარტულად იყო გამოსახული და ჩემი აზრი დავწერე, რომ ძლიერი გუნდის გაყრამ გემოვნებაზეც იმოქმედა-მეთქი. ეს იყო ჩემი აზრი! უშუალოდ კომპანიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ქვეტექსტადაც კი არავინ მოიაზრებოდა, ამ გოგონამ კი ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელი მესიჯების გამოგზავნა დაიწყო. ამ დროს მას საერთოდ არ ვიცნობდი. ის ცინიკურად მოიხსენიებდა ჩემს წარმომავლობას სოფლიდან, დასცინოდა ქალაქის გარეუბანში ჩემი ცხოვრების სტილს და საბოლოო აზრით, ისეთი ჩამორჩენილი ვიყავი, რომ ჩემნაირებს გარდა გამრავლებისა და შვილების გაჩენისა სხვა არაფერი ესაქმებოდათ. მიმოწერის ყველა სქრინი შენახული მაქვს.
_ აუცილებელი იყო მათი შენახვა, რა ეწერა ისეთი?
_ ოთხი შვილის დედას, ორსულ ქალს, რომლისთვისაც წლების განმავლობაში თავისი და კომპანიის იმიჯი პირველადია, ქურდს და მრუშს რომ გეძახიან, ეს უნდა მომეთმინა?! ეს მიმოწერა და ყველა მასალა კომპანიის დამფუძნებელ თემურ კონიაშვილს გადავუგზავნე. ამ დროს იგი ბაქოში იმყოფებოდა და როდესაც წაიკითხა, შემპირდა, რომ აუცილებლად ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ცნობისთვის: პასუხი მისგან დღემდე არ მომსვლია და არც არავინ დამკავშირებია. სწორედ ამ დისკრიმინაციამ მიმიყვანა იმ ნაბიჯამდე, რომ ჩემი უფლებები მე თავადვე უნდა დავიცვა. აქვე დავძენ, რომ მე გერმანელებს სათავო ოფისში ასევე გადავუგზავნე ფაილი, სადაც უკვე ეს ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული, რაც მათ ბრენდსაც ეხება. ბრენდის უკან გუნდი დგას, რომელიც ამ ბრენდს საქართველოში ამუშავებს და ვუთხარი, რომ მე ვალი მოვიხადე ოფისთან, რომ საქმის კურსში ჩავაყენე. მადლობა გადავუხადე გულისხმიერებისთვის. თუ რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს, არავინ იცის… იყვნენ საქმის კურსში. რაც შეეხება ჩემს მომდევნო ნაბიჯებს, ვაპირებ, საქმეში ჩავრთო სახალხო დამცველის აპარატი, პროფკავშირები და აბსოლუტურად ყველა ის უწყება, რომელსაც ადამიანის უფლების დაცვა შეეხება სამუშაო პირობებში.

ევე ჩოხელთან ხსენებული ინტერვიუ მისივე თხოვნით ორ ნაწილად გავყავით. მეორე ნაწილში იგი იმ კორუფციულ სქემებზე ილაპარაკებს, რომლის გამოქვეყნებაზეც ჩვენ ფაქტობრივი მასალა მოვთხოვეთ. ასე რომ, ყველაზე საინტერესო „ქრონიკა+“-ის შემდეგ ნომერში.

თამარ როსტიაშვილი